Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს უსაფრთხოება 11 სექტემბრის ტრაგედიამდე და მის შემდეგ


პოლიტიკოსებისა და დიპლომატიური კორპუსის გარდა, საქართველოში 11 სექტემბრის ტრაგედიის წლისთავი ამერიკის შეერთებული შტატების სპეცდანიშნულების მე-10 დივიზიის

წარმომადგენლებმა და მათმა ქართველმა შეგირდებმა ერთობლივად აღნიშნეს კრწანისის სასწავლო ცენტრის პოლიგონზე, რომელსაც ორი კვირის წინ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში დაღუპულთა ხსოვნის პოლიგონი უწოდა. საქართველოს ლიდერისგან ასეთი მოულოდნელი ჟესტი არც პირველია და, იმედია, არც უკანასკნელი. ბევრად უფრო ადრე შევარდნაძემ, რომელმაც კარგად განჭვრიტა გლობალური ანტიტერორისტული მოძრაობის მოსალოდნელი სიკეთე, სხვებზე ადრე გამოაცხადა მზადყოფნა, უსასყიდლოდ დაეთმო საქართველოს მთელი სამხედრო ინფრასტრუქტურა მოკავშირეთა ავიაციისთვის. მაგრამ, როგორც ჩანს, ანტიტერორისტულ მორევში საქართველომ საკმაოდ სახიფათოდ შეცურა, საიდანაც მას უკანდასახევი გზა თითქმის აღარ რჩება.

დღეს ბევრს კამათობენ იმაზე, შეეძლო თუ არა საქართველოს ხელისუფლებას, არ დაეშვა შეიარაღებული ჩეჩენი მებრძოლების მასობრივი შემოსვლა პანკისის ხეობაში, თუ ეს იყო გარკვეული წრეების შეგნებული ნაბიჯი, რათა უცხო ძალის გამოყენებით საქართველოს შიგნით კიდევ ერთხელ მომხდარიყო სიტუაციის დესტაბილიზაცია? თუ გავიხსენებთ შარშანდელ აგვისტო-სექტემბერში ცნობილი ჩეჩენი საველე მეთაურის რუსლან გელაევისა და მისი 400-კაციანი რაზმის მოულოდნელ გამოჩენას კოდორის ხეობაში, საკითხის ასე დასმა სავსებით ლოგიკური ჩანს. მით უფრო, რომ სწორედ ამ ოპერაციის შემდეგ დადგა საქართველო კოდორის ხეობის დაკარგვის რეალური საფრთხის ქვეშ.

საქართველოს ხელისუფლება კი მანამდე განაგრძობდა "სირაქლემის პოზაში" ყოფნას, სანამ დიპლომატიური არხებით ვაშინგტონიდან არ მიიღო საკმაოდ მკაფიო სიგნალი, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერდა: "ელოდეთ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის გამოჩენას." მაგრამ ხსნა ისევ ვაშინგტონიდან მოვიდა. 11 სექტემბრის საზარელი ტერორისტული აქტის შემდეგ მსოფლიო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას სათავეში ამერიკის შეერთებული შტატები ჩაუდგა. მსოფლიოს ზესახელმწიფოსთვის კი ამ ბრძოლაში მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ნებისმიერი ქვეყნის თანადგომა, მათ შორის, ტერორიზმის ვირუსით დაუძლურებული ისეთი ქვეყნისა, როგორიც საქართველო გახლავთ.

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] "მე სავსებით გულახდილად ვისაუბრე ბატონ სახელმწიფოს მდივანთან იმის თაობაზე, რომ საქართველოში სერიოზული პრობლემებია, მათ შორის, დაკავშირებული ტერორისტული ჯგოფების არსებობასთან. ამავე დროს, აქ მიმდინარეობს სერიოზული ბრძოლა და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ამერიკელი კოლეგები მეთოდოლოგიურ და სხვა პირდაპირ დახმარებას გაგვიწევენ იმისათვის, რომ თავიანთი გამოცდილება გაგვიზიარონ."

საქართველოს პრეზიდენტი ერთ-ერთი პირველი ლიდერი იყო, ვინც ამერიკას და მის მოკავშირეებს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და ანტიტერორისტულ ბრძოლაში საკუთარი ინფრასტრუქტურის გამოყენება შესთავაზა. ეს შემოთავაზება ვაშინგტონმა მხოლოდ ცნობად მიიღო, სამაგიეროდ კი საქართველოს ხელისუფლებას ანტიტერორისტული ქვედანაყოფების გაწვრთნას დაჰპირდა და 64 მილიონი დოლარიც გამონახა "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამის დასაფინანსებლად.

ასე გადაიქცა ტერორისტების ყოფნა ერთგვარ მაშველ რგოლად და საქართველოს ხელისუფლებაც, რომელიც აქამდე უარყოფდა საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის შეიარაღებული მოქალაქეების ყოფნას, ჯერ არნახულ ციფრამდე აიყვანა მათი სავარაუდო რიცხოვნება, მოგვიანებით კი ფართომასშტაბიანი ანტიკრიმინალური და ანტიტერორისტული ოპერაციაც წამოიწყო საშიში სტუმრების განსადევნად.

ეს ყველაფერი რაღაცით აზარტულ თამაშსაც კი დაემსგავსა. მაგრამ 11 სექტემბრის წლისთავზე საქართველოს ხელისუფლება უკვე იწყებს ფიქრს იმაზე, რომ მას ადრე თუ გვიან მოუწევს საზღაურის გადახდა ამ დახმარების სანაცვლოდ. თუნდაც იმით, რომ გადასცეს სამხედრო აეროდრომები მოკავშირეთა ავიაციას. მაგრამ რა იქნება მაშინ, თუკი ქართული აეროდრომები ამერიკას ერაყის დასაბომბავად დასჭირდება? დარჩება თუ არა ძალაში საქართველოს ხელისუფლების ეს პირობა? თუმცა ეს ჯერჯერობით რიტორიკულ შეკითხვებად რჩება და საქართველოს ხელისუფლება მათზე პასუხის გაცემას ჯერჯერობით არ ჩქარობს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG