Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


წამყვანი: დავით კაკაბაძე, პრაღა 452-ე გამოშვება


დავით კაკაბაძე:
გამარჯობათ, ძვირფასო რადიომსმენელებო! გთავაზობთ ყოველკვირეულ რადიოჟურნალ “მეათე სტუდიას”. მის 452-ე გამოშვებაში ვიმსჯელებთ საქართველოში ლუსტრაციის კანონის ბედზე და გესაუბრებით ლუსტრაციის პროცესზე აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებში; შევეცდებით ვუპასუხოთ შეკითხვას: ხომ არ გადაიზარდა რუსეთში ვლადიმირ პუტინის პოპულარობა პიროვნების კულტში?; მოგითხრობთ ქართული საზოგადოების ახალ პერსონაჟებზე; ბოლოს კი შემოგთავაზებთ მასალას საჭადრაკო კომპოზიციის ქართველი დიდოსტატის მორიგ წარმატებაზე მსოფლიო ჩემპიონატში. “მეათე სტუდიას” დღეს დავით კაკაბაძე უძღვება.

[მუსიკა]

ლუსტრაციის კანონის მიღება საქართველოში კვლავ ეჭვის ქვეშ დგას

დავით კაკაბაძე:
10 წელიწადზე მეტია, რაც საქართველოში დროდადრო იმართება საზოგადოებრივი დებატები ლუსტრაციის კანონის მიღება-არმიღების თემაზე. როგორც მომხრეებს, ისე მოწინააღმდეგეებს საკმაოდ სერიოზული არგუმენტები აქვთ საკუთარი პოზიციის გასამყარებლად, რაც, საბოლოო ანგარიშით, საკითხის დაუდგენელი ვადით გადადებას იწვევს ხოლმე. თუმცა, გასულმა კვირამ ლუსტრაციის კანონის სამომავალო ბედში გარკვეული სინათლე შეიტანა: როგორც ირკვევა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქართველოს პარლამენტი ლუსტრაციის კანონს მიიღებს, ამ ეტაპზე მისი ამოქმედება, უბრალოდ, შეუძლებელი გახდება. თუ რატომ, ამ საკითხზე თამარ ჩიქოვანი გესაუბრებათ.

თამარ ჩიქოვანი:
სამწუხაროდ, საქართველოში ლუსტრაციის საკითხი არა და არ აღმოჩნდა საზოგადოების ყურადღების ცენტრში და კვლავაც ინარჩუნებს პოლიტიკურ ბრძოლაში თავისებური ხელკეტის ფუნქციას, რომელსაც პოლიტიკოსები პერიოდულად თავიანთი ოპონენტების წინააღმდეგ საკმაოდ ოსტატურად იყენებენ. ამის საილუსტრაციოდ საკმარისია იმ შემთხვევების გახსენება, როცა ესა თუ ის პოლიტიკური ლიდერი თავის მოწინააღმდეგეს კაგებეს აგენტს უწოდებდა ან იმ დოკუმენტების გამოქვეყნება, რომელიც თითქოს კონკრეტული პირის უშიშროების სამსახურებთან კავშირს ადასტურებდა, რეალურად კი კონკრეტული არასასურველი პირის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად. საბოლოოდ, იმდენი კარგად ცნობილი ადამიანის მიმართ გამოითქვა საჯაროდ ბრალდება, წარსულში კაგებესთან კავშირის შესახებ, რომ ამან საზოგადოების განწყობაზეც იმოქმედა: საზოგადოებას უკვე დიდად აღარ ანაღვლებს, ვინ იყო და ვინ არ იყო კაგებეს აგენტი.

ლუსტრაციის კანონის მიღების მომხრეები თავიანთი მოსაზრების დასასაბუთებლად აცხადებენ, რომ ნორმალური ქვეყნის მშენებლობისთვის ყოვლად დაუშვებელია სახელმწიფო სტრუქტურებში მათი დასაქმება, ვინც წარსულში საბჭოთა კავშირის უშიშროების კომიტეტთან თანამშრომლობდა, რადგან არავითარი გარანტია არ არსებობს, რომ აუცილებლობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის სპეცსამსახური კვლავ არ შეეცდება შანტაჟის გამოყენებით თავისი ყოფილი აგენტისა თუ ინფორმატორის გამოყენებას. ამიტომ, ლუსტრაციის კანონის მიღების მომხრეთა აზრით, მან, ვინც თავის დროზე კაგებესთან თანამშრომლობდა, კანონით დადგენილ ვადებში სპეციალურ კომისიაში უნდა განაცხადოს თავისი კავშირების შესახებ. გარდა ამისა, სახელმწიფო თანამდებობაზე დანიშვნამდე, სპეციალურმა კომისიამ უნდა შეამოწმოს, ჰქონდა თუ არა კანდიდატს კავშირი უშიშროების კომიტეტთან.

ლუსტრაციის კანონის მიღების მოწინააღმდეგეები – მათ შორის საქართველოს პრეზიდენტიცაა – საკუთარ უარყოფით დამოკიდებულებას საზოგადოებაში დამატებითი განხეთქილების შექმნის საშიშროებით ხსნიან. პრეზიდენტ შევარდნაძის აზრით, ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს კონკრეტული დამსმენების ვინაობის გამხელა მათთვის, ვისი მშობლებიც, მაგალითად, 1937 წლის რეპრესიებს ემსხვერპლნენ.

გასულ კვირაში ლუსტრაციის კანონის საკითხის წინ წამოწევა ისევ და ისევ კონკრეტული პირის კაგებესთან კავშირში ბრალდებამ გამოიწვია. როგორც გახსოვთ, ორი თვის წინათ პარლამენტარმა გურამ შარაძემ დეპუტატის მანდატი დატოვა მანამ, სანამ პარლამენტის საგამოძიებო ჯგუფი არ გაარკვევდა კაგებეს აგენტობის შესახებ მისი მისამართით გამოთქმული ბრალდების სამართლიანობას. მიხეილ ოსაძის ხელმძღვანელობით მომუშავე კომისიამ მის ხელთ არსებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით დაადგინა, რომ გურამ შარაძეს საიდუმლო სამსახურებთან კავშირი არ ჰქონია. ამავე დროს, მიხეილ ოსაძე აცხადებს:

[მიხეილ ოსაძის ხმა] “მასალები, რაც არის აუცილებელი ლუსტრაციისთვის ანუ თუ მომავალში ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, უპირველეს ყოვლისა, თუ ჩვენ გვინდა ეს კანონი გავატაროთ ცხოვრებაში, უნდა დავიბრუნოთ ის არქივი, რომელიც დღეს არის რუსეთში. საკითხი, რომელიც ეხება ამა თუ იმ პიროვნების უშიშროების სამსახურთან თანამშრომლობას, ამის შემოწმება ძალიან ადვილია, მაგრამ ერთ რამეს მინდა ხაზი გავუსვა – მასალები, რომლებიც ამჟამად არის უშიშროების სამინისტროში, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ამა თუ იმ პიროვნებას ჩვენ დავუმტკიცოთ, რომ თანამშრომლობდა უშიშროებასთან. ანუ, თუ ჩვენ ვაპირებთ ლუსტრაციის კანონის მიღებას, უპირველესად სახელმწიფომ უნდა მიაღწიოს იმ არქივის დაბრუნებას.”

პარლამენტის სხდომაზე გაკეთებულ ამ განცხადებებს მოჰყვა დეპუტატთა კითხვა, თუ რატომ არ მიმართავს საქართველოს ხელისუფლება რუსეთს არქივების დაბრუნების თხოვნით. პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ვარაუდს გამოთქვამს, რომ ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში რუსეთი არქივის მხოლოდ იმ ნაწილს გადმოსცემს საქართველოს, რომლის გახმაურებითაც თავადაა დაინტერესებული, “პერსპექტიულ” ინფორმაციას კი სათავისოდ გამოიყენებს.

სხვათა შორის, წელს, ივლისში, იტალიის პარლამენტში შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც შეისწავლის იმ პირთა საქმეებს, ვინც ცივი ომის პერიოდში კაგებესთან თანამშრომლობდა. ასოშეიტედ პრესის ცნობით, კაგებეს ინფორმატორთა სია, რომელშიც 261 ადამიანია დასახელებული – მათ შორის ცნობილი ბიზნებმენები, აკადემიკოსები, დიპლომატები, ჟურნალისტები და სენატორებიც კი, – ამ სამი წლის წინათ გამოქვეყნდა და დიდი სკანდალი გამოიწვია იტალიაში. დოკუმენტის ავტორია კაგებეს არქივის ყოფილი უფროსი ვასილი მიტროხინი. რამდენად შეესაბამება სიმართლეს სიაში ჩამოთვლილი პირების კავშირი კაგებესთან, დაადგენს კომისია, რომელშიც 20 დეპუტატი და 20 სენატორი გაერთიანდა.

თამარ ჩიქოვანი, რადიო “თავისუფლებისთვის”, თბილისი.

[მუსიკა]

ლუსტრაციის პროცესი აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებში

დავით კაკაბაძე:
ყოფილი საბჭოთა კავშირის უშიშროების სამსახურებისთვის მომუშავე აგენტებისა თუ ინფორმატორების პრობლემა მხოლოდ იტალიას როდი აწუხებს. კაგებეს თანამშრომელთა ქსელი დასავლეთის უმეტესი სახელმწიფოების მმართველ სტრუქტურებს სწვდებოდა. ყოფილი საბჭოთა აგენტების გამომზეურება არ არის არც სპეციფიკურად ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების პრობლემაც, მათ შორის არც სპეციფიკურად საქართველოსი. ეს თემა განსაკუთრებით აქტუალურია აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებში, რომლებიც უფრო სწრაფად მიემართებიან კომუნისტური წარსულიდან დასავლეთის მიმართულებით. მათ გამოცდილებაზე ბიძინა რამიშვილმა მოამზადა სიუჟეტი.

ბიძინა რამიშვილი:
ტერმინი ”ლუსტრაცია” ლათინური წარმომავლობის სიტყვაა და განათებას, გაშუქებას ნიშნავს. თანამედროვე პოლიტიკურ ლექსიკონში იგი ჩეხურის გზით დამკვიდრდა იმ პროცესის აღსანიშნავად, რომლის მიზანია გაარკვიოს, იყო თუ არა ესა თუ ის სახელმწიფო მოხელე თუ მაღალი თანამდებობის პირი საიდუმლო პოლიციასთან კავშირში კომუნიზმის პერიოდში.

ჩეხეთი ტყუილად არ მიხსენებია. ლუსტრაციის კანონი ჯერ კიდევ 1991 წელს მიიღეს მაშინდელი ჩეხოსლოვაკიის ხელისუფლებამ. მოგვიანებით ჩეხეთის გამოცდილება არაერთმა ქვეყანამ გაიზიარა. ლუსტრაციის კანონი ხუთწლიანი ვადით იქნა მიღებული და შემდგომ გაგრძელებული. ამ კანონთან ერთად 1996 წლიდან ამოქმედდა კანონი, რომელიც ჩეხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, ან ყოფილ მოქალაქეებს უფლებას აძლევს გაეცნონ ჩეხოსლოვაკიის საიდუმლო პოლიციის მიერ მათზე შედგენილ საქმეებს. თუმცა, ამაზე ქვემოთ. ჯერ მოვუსმინოთ ცნობილ ჟურნალისტსა და ადამიანის უფლებათა დამცველს, ეფიმ ფიშტეინს:

[ეფიმ ფიშტეინის ხმა] ”ჩეხეთის რესპუბლიკა პირველი იყო, რომელმაც მიიღო კანონი ლუტრაციის შესახებ. ეს მოხდა 1991 წელს. კანონი ყოველთვის იწვევდა დავას მის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. მას მხარს უჭერდნენ მემარჯვენე კონსერვატული პარტიები. მისი მიღების წინააღმდეგი იყვნენ, რა თქმა უნდა, კომუნისტები, აგრეთვე ცენტრისული ორიენტაციის ლიბერალები პრეზიდენტ ვაცლავ ჰაველის მეთაურობით. ამ კანონის მიღებიდან მოყოლებული და შემდეგაც, როცა იგი გაგრძელებულ იქნა, პრეზიდენტი ჰაველი ცდილობდა ვეტო დაედო მისთვის, მაგრამ პარლამენტი კვალიფიცირებული უმრავლესობით ახერხებდა კანონის მიღებას. ასე იყო კანონის მიღებისას, ასე იყო ხუთი წლის გასვლის შემდეგ, როცა კანონმა ძალა დაკარგა და მისი მოქმედების ვადა გაგრძელებულ იქნა. ასე მოხდა ახლახან, როცა კანონი მეორედ იქნა გაგრძელებული 2000 წელს სოციალ-დემოკრატიული მთავრობის დროს. პარლამენტში მას მემარჯვენე პარტიებმა და სოციალ-დემოკრატების ნაწილმა დაუჭირა მხარი”.

როგორც ზემოთ ვახსენე, ლუსტრაციის მეორე კანონის ძალით, ჩეხეთში, ისევე როგორც მოგვიანებით აღმოსავლეთი ევროპის რიგ ქვეყნებში, ყოველ მოქალაქეს უფლება მიეცა, ჩაეხედა საკუთარ ”საქმეში”, რომელიც მასზე იყო შედგენილი საიდუმლო პოლიციის მიერ. ამან ლუსტრაციის პროცესს ერთობ დელიკატური ელემენტი შეჰმატა და კიდევ უფრო დაძაბული გახადა იგი. კიდევ უფრო გამოიკვეთა ლუსტრაციის მოწინააღმდეგეთა არგუმენტები. მათი აზრით, ”საქმეების” გაცნობას მოჰყვებოდა მრავალი ტრაგედია, მრავალი ადამიანის ცხოვრება დაიმსხვრეოდა, გამორიცხული არ იყო თვითმკვლელობები. მთლიანობაში საზოგადოება შეიძლებოდა გახლეჩილიყო. ერისადმი თავის პირველ საახალწლო მიმართვაში პრეზიდენტმა ვაცლავ ჰაველმა –ანტიკომუნისტმა და ადამიანის უფლებების დამცველმა – განაცხადა, რომ სისტემასთან თანამშრომლობის საკითხს ძალზე დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, ვინაიდან, ფაქტობრივად, გარკვეული თვალსაზრისით სისტემასთან მეტ-ნაკლებად თანამშრომლობდა ყველა, ვინც კი მისი ნაწილი იყო. აქ ცხოვრება უკვე სისტემასთან თანამშრომლობას ნიშნავდაო, თქვა მაშინ ჰაველმა.

ლუსტრაციასთან დაკავშირებულია კიდევ ერთი, მეტად პრაგმატული ხასიათის პრობლემა. შეუძლებელია ძველიდან ახალზე გადასვლა ძველის სრული უარყოფით. ამ თემაზე ვესაუბრე ჩვენი რადიოს თანამშრომელს, ამერიკელ ჟურნალისტსა და პოლიტიკურ მიმომხილველს, ჯოლიონ ნეგელეს, რომელიც თითქმის 30 წელი ცხოვრობს და მუშაობს პრაღაში.

[ჯოლიონ ნეგელეს ხმა] ”თავისთავად ლუსტრაცია ძალზე რთულ პრობლემად იქცა რეგიონში, ვინაიდან შეუძლებელია ერთი სისტემიდან მეორეში გადახტე და თან არ წაიყოლო მცოდნე ადამიანები. ამ პრობლემას ყველგან ვხვდებით. ამიტომაც ხშირად საკითხვავია, შეიძლება თუ არა მიღებული კანონების, მაგალითად, ლუსტრაციის კანონის მკაცრად გამოყენება ისე, რომ უარი არ თქვა მოსამართლეებზე, პარლამენტის წევრებზე, სახელმწიფოს მეთაურებზე. ნახეთ, რა მოხდა უნგრეთში. წელს იქ დიდი სკანდალი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ, როგორც აღმოჩნდა, პრემიერ-მინისტრი თავის დროზე კომუნისტურ საიდუმლო პოლიციასთან თანამშრომლობდა. იგი გადაურჩა ამ პოლიტიკურ სკანდალს და ალბათ სწორედ იმიტომ, რომ ყველას ესმის, რომ არავიანაა მთლად სუფთა”.

ლუსტრაცია პოლიტიკურ იარაღად გამოიყენება არაერთ ქვეყანაში. კონფლიქტის თუ რა პოტენციალს შეიცავს ეს თემა, ამას საქართველოს მაგალითიც ნათელყოფს. ქვეყანას ჯერ არ მოეპოვება ლუსტრაციის შესახებ კანონი, მაგრამ ამ კანონით დღესვე ემუქრებიან ერთმანეთს სხვადასხვა პოლიტიკური წრეები. ჯერ არარსებული კანონი, უფრო სწორად, მის მიმართ დამოკიდებულება, უკვე დღესვე თამაშობს გარკვეული საზომის ფუნქციას ”უკეთესისა” თუ ”უარესის” გამოვლენის საქმეში. ლუსტრაცია მძლავრ პოლიტიკურ ბერკეტად შეიძლება იქცეს და ეს ჩეხეთის მაგალითმაც ცხადყო.

ისევ ჯოლიონ ნეგელეს მოვუსმინოთ: [ჯოლიონ ნეგელეს ხმა] ”სანამ მიღებულ იქნებოდა კანონები, რომლებიც შესაძლებელს გახდიდა კომუნიზმის დროინდელ დოსიეებში ჩახედვას, რამდენჯერმე გაჟონა ინფორმაციამ ამ ”საქმეების” შესახებ. უპირველეს ყოვლისა ეს იყო ინფორმატორების სიების გამოქვეყნება. ეს მეკობრული წესით ხელში ჩაგდებული სიები იყო. მათში იყო შეცდომებიც. სიები გამოქვეყნდა უშუალოდ არჩევნების წინ, 1992 წელს. ძნელია იმის თქმა, რამდენად დიდი გავლენა იქონია ამ ფაქტმა არჩევნების შედეგებზე, მაგრამ მან პოლიტიკური ბომბის როლი შეასრულა. ძალიან საინტერესოა, რომ გერმანელებმა თავიდან აიცილეს ამ სახის პრობლემა – მათ გაანადგურეს აგენტების ძირითადი სიები. საქმეები შეინარჩუნეს, მაგრამ სიები გაანადგურეს. ამით თავიდან აიცილეს ადამიანებისთვის დაღის დასმა. იარლიყებზე უარი თქვეს, შეინარჩუნეს მხოლოდ შინაარსი. ჩეხეთში პირიქით მოხდა. ვიღაცის ნებართვით სიები გამოაქვეყნეს ოღონდ ”საქმეებში” ჩახედვის უფლება კიდევ ხუთი წლისგანმავლობაში არ იყო შესაძლებელი. ახლა დოსიეების შინაარსი ფართოდაა ხელმისაწვდომი”.

დამოკიდებულია თუ არა ლუტრაციის პროცესის წარმატება ამა თუ იმ საზოგადოების თავისებურებებზე? ამ კითხვით მივმართე ეფიმ ფიშტეინს.

[ეფიმ ფიშტეინის ხმა] ”მე ვიტყოდი, ყოველი ქვეყანა საკუთარ ისტორიულ გამოცდილებას უნდა ემყარებოდეს. ჩეხეთის რესპუბლიკის მაგალითი საინტერესოა, მაგრამ უბრალოდ მისი გადაღება არ შეიძლება. მაგალითად, მეზობელ პოლონეთსა და უნგრეთში ლუსტრაციის კანონს დიდი წინააღმდეგობა შეხვდა, მაგრამ ნელ-ნელა ნათელი გახდა, რომ კომუნისტური წარსულის დაძლევისთვის რაღაც ზომების მიღება აუცილებელია. პოლონეთში ლუსტრაციის კანონი შედარებით გვიან, სამი წლის წინათ იქნა მიღებული იეჟი ბუზეკის მემარჯვენე მთავრობის დროს. საქართველოსთვის კი მით უმეტეს უნდა იყოს ორიენტისი საკუთარი წარსული, ვინაიდან იქ სხვა ვითარებაა. კომუნიზმი საქართველოში 40 წელი კი არ გრძელდებოდა, როგორც აღმოსავლეთ ევროპაში, არამედ – 70. შესაბამისად, იქ რეჟიმი უფრო ფესვგადგმული იყო. მე არ ვურჩევდი ქართველებს ევროპელთა გამოცდილების ბრმად გადაღებას. მაგრამ გამოცდილების გათვალისწინება – მათ შორის, დოსიეების გაცნობის საქმეში – საჭიროა”.

მწარე სიმართლისთვის თვალის გასწორება მეტად მძიმეა. ამავე დროს სიმართლე, რაც უნდა მწარე იყოს იგი, სიმწიფეს უწყობს ხელს. ისევ ჯოლიან ნეგელეს ნათქვამი მინდა გავიხსენო. ჩემთან საუბარში მან თქვა, რომ პირველად მაშინ იგრძნო თავი ჭეშმარიტად მოწიფულ ადამიანად, როცა ჩეხოსლოვაკიის საიდუმლო პოლიციის მიერ მასზე შედგენილ დოსიეს გაეცნო. როცა დაინახა, ვინ რატომ და როგორ იქცეოდა მის გარშემო მრავალი წლის მანძილზე. საქართველოს საზოგადოებამაც, სხვა ქვეყნების მსგავსად, უნდა გააცნობიეროს, რამდენად მზად არის იგი სიმწიფისთვის.

დავით კაკაბაძე:
ბიძინა რამიშვილი გესაუბრათ აღმოსავლეთ ევროპაში ლუსტრაციის პრობლემის შესახებ.

[მუსიკა]

ვლადიმირ პუტინი და პიროვნების კულტი

დავით კაკაბაძე:
მესამე დღეა, შინ თუ უცხოეთში ყველას პირზე აკერია ვლადიმირ პუტინის სახელი: მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოს მისამართით გახმაურებული გაფრთხილება გამოთქვა, ”პუტინის განცხადებაზე” გამოხმაურებას ბოლო არ უჩანს. თუმცა, ევრაზიის კონტინენტებზე გადაშლილი უზარმაზარი ქვეყნის ლიდერი უყურადღებობას არც მანამდე უჩიოდა. დღეს კი, პრეზიდენტობის პირველი ვადის შუა გზაზე მყოფი მოღვაწე თანამემამულეებს შორის იმდენად დიდ აღტაცებას იწვევს, რომ იბადება შეკითხვა: ხომ არ გადაიზარდა ვლადიმირ პუტინის პოპულარობა პიროვნების კულტში? ეს რომ რიტორიკული შეკითხვა არ არის, დასტურდება კურიოზების ერთგვარი ნუსხით, რომელიც რადიო ”თავისუფლების” თანამშრომელმა ჯერემი ბრანსტენმა შეადგინა. მის მიერ მოპოვებულ ინფორმაციას მარიამ ჭიაურელი გაგაცნობთ.

მარიამ ჭიაურელი:
საბჭოთა კავშირში დამკვიდრებული ტრადიციით, სიმართლე ამ შემთხვევაშიც გაზეთმა ”პრავდამ” გამოამზეურა: მან შარშან შეატყობინა მკითხველებს, რომ ”ქალაქ იაროსლავლში ექიმებს ახალი კატეგორიის პაციენტები გაუჩნდათ”. ესენი არიან ქალები, რომლებსაც, როგორც გაზეთში ვკითხულობთ, ”სიგიჟემდე უყვართ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი”. ”პრავდამ” არც კონკრეტული ფაქტის მოყვანა დაიზარა: სიყვარულით გაგიჟებული იაროსლავლელი ქალებიდან ერთ-ერთის, ვინმე ლიუდმილას მდგომარეობა, თურმე იმდენად მძიმე იყო, რომ ის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოუთავსებიათ. ”მისი დასიებული სახე უფორმო ნიღაბს გავდა, სიცოცხლე მხოლოდ თვალებს ეტყობოდაო”, წერდა ”პრავდის” კორესპონდენტი. ჩვენ კი უნდა ვივარაუდოთ, რომ ლუდმილას თვალებს მხოლოდ ვლადიმირ პუტინის დანახვა სიამოვნებს – ისევე, როგორც პოპ-ანსამბლში ”ვიმღეროთ ერთად” მოღვაწე გოგონებს: მათი სიმღერა რუსეთის პრეზიდენტის შესახებ ნამდვილ ჰიტად იქცა...

[მუსიკა]

ჰიტის, უფრო სწორად ბესტსელერის, შექმნაზე ოცნებობს მწერალი ალექსანდრ ოლბიკიც, რომლის ქმნილებებში ვლადიმირ პუტინი რუს ჯეიმს ბონდად წარმოგვიდგება. ოლბიკის მიერ რეალობისა და ფანტაზიის გაბედული შეჯერების ნაყოფია, მაგალითად, სცენა, რომელშიც პუტინი ხელჩართულ ბრძოლაში უპირისპირდება შამილ ბასაევს.

გულდაწყვეტილი არც ის დარჩება, ვინც მწვავე ემოციებს, თრილერებსა და პოპმუსიკას თავს არიდებს: რომ აღარაფერი ითქვას კანფეტებსა და ნაყინზე, რომელთაც პუტინის სახელი ამშვენებს, ჩელიაბინსკში დღე-დღეზე გამოიყვანენ პომიდორის ახალ, სუსხგამძლე ჯიშს, რომლის სახელწოდება ბოტანიკოს ნიკოლაი ეგოროვს უკვე შერჩეული აქვს – ”ვოვა პუტინის პომიდორი”.

ახლა რას უნდა მოველოდეთ: პუტინის გამოსახულებით შემკობილი უზარმაზარი ბილბორდების გამოჩენას? პუტინის გვარის ქალაქების სახელწოდებად უკვდავყოფას?
ალბათ, არა, თუ ვლადიმირ პუტინის ბოლოდროინდელ განცხადებებს ვენდობით. საქართველოს შესახებ განცხადებას არ ვგულისხმობ. მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ მიზანშეწონილად მიაჩნია, შეიზღუდოს ტენდენცია, რომელიც ლამის ყველაფრისთვის ”პუტინის” დარქმევაში გამოიხატება. პრეზიდენტის მითითებას უმალ მოჰყვა გამოხმაურება: ხელისუფლებმა ციმბირის ერთ-ერთ დასახლებაში ბარ ”პუტინის” მფლობელებს ამ სახელწოდების გამოცვლა დაავალეს. ისე, კაცმა რომ თქვას, რუსეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის იმიჯი (ვლადიმირ პუტინი, როგორც ცნობილია, თავს არიდებს მის სამშობლოში მეტად პოპულარულ სპირტიან სასმელებს) არც შეეფერება თავშეყრის ბარისმაგვარ ადგილებს, რაც ზემოხსენებული პოპ-ჯგუფის წევრებს აღტაცებას ჰგვრის: ”პუტინისთანა კაცი, რომელიც არ მაწყენინებს, პუტინისთანა კაცი, რომელიც არ მიმატოვებს, პუტინისთანა კაცი, რომელსაც ძალა აქვს, პუტინისთანა კაცი, რომელიც არა სვამს” – აი, ასეთ მამაკაცზე ოცნებობენ ახალგაზრდა მომღერლები!

[მუსიკა]

შეკითხვაზე, რა განაპირობებს რუსეთში ამჟამინდელი პრეზიდენტის განუზომელ პოპულარობას, ლონდონელი პოლიტოლოგი პიტერ დანკენი ასეთ პასუხს იძლევა: [პიტერ დანკენის ხმა] ”ელცინთან კონტრასტი უკვე დიდი უპირატესობაა. მეორე მხრივ, პუტინი, მრავალი თვალსაზრისით, ჩვეულებრივია. ის სხვებს ჰგავს, თან არც პატრიოტული წარსული აკლია: მსახურობდა კაგებეში, გარდა ამისა მსახურობდა სობჩაკთან, სანკტ-პეტერბურგის მერის მოადგილედ – ასე რომ, რეფორმისტის იმიჯსაც ითავსებს. პუტინს თვითმფრინავის მართვა შეუძლია და, მართალია, ძიუდოში ამას წინათ იაპონელ სტუდენტთან დამარცხება იწვნია, ფიზიკურად ძლიერად ითვლება. და, რაც მთავარია, პუტინი კორუფციაში არ არის გასვრილი, რასაც ბოლო დროს, სამწუხაროდ, ბევრ რუს პოლიტიკოსზე ვერ იტყვი.”

პიტერ დანკენს არ უხსენებია ე.წ. ”ანტიტერორისტული ოპერაცია” ჩეჩნეთში, რომელიც ბევრ მიმომხილველს მიაჩნია რუსეთში ვლადიმირ პუტინის პოპულარობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად. სამაგიეროდ, დანკენის განმარტებიდან ჩანს, რომ კაგებეს აგენტობა პუტინს ”პატრიოტულ წარსულად” ეთვლება. მაშ, შეიძლება ჩაითვალოს, რომ კრემლის ამჟამინდელმა მმართველმა საბჭოთა ეპოქაში თავზარდამცემი უწყების რეაბილიტაცია მოახდინა?

[პიტერ დანკენის ხმა] ”სიტყვა ”რეაბილიტაცია” ნიშნავს, რომ კაგებე ერთ დროს დისკრედიტებული იყო და ის მართლაც იყო დისკრედიტებული მოკლე დროით 1991 წლის აგვისტოს პუტჩის დროს, რომლის სათავეში მაშინდელი კაგებეს წარმომადგენელი ვლადიმირ კრიუჩკოვი იდგა. პუტჩი ჩაიშალა, რითაც გამოჩნდა, რომ კაგებე არც ისეთი ძლევამოსილი ყოფილა, და 1991 წელს მისი სტრუქტურა შეიცვალა. მაგრამ საბჭოთა კავშირში გაზრდილ ადამიანებს თავი დაამახსოვრა თრილერებმა ჯაშუშებზე, მაგალითად შტირლიცზე, და კაგებეს არასოდეს დაუკარგავს უშიშროებაზე მზრუნველი უწყების იმიჯი. საბჭოთა პერიოდში ხალხის დიდმა ნაწილმა არაფერი იცოდა დისიდენტების დევნის შესახებ”.

ასე რომ, ვლადიმირ პუტინს, როგორც ჩანს, ლუსტრაცია არ ემუქრება. თანამემამულეები აღტაცებული არიან ახალგაზრდა და გაბედული პრეზიდენტით, კაგებეს ყოფილი აგენტით.

[მუსიკა]

ქართული საზოგადოების ახალი პერსონაჟები

დავით კაკაბაძე:
10 წელიწადზე მეტია, საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ითვლება. რამდენად შეიცვალა ამ პერიოდში საქართველოს საზოგადოება, გაჩნდნენ თუ არა მასში ახალი სინამდვილისთვის დამახასიათებელი სოციალური პერსონაჟები? “მეათე სტუდიაში” ჩვენ გვისაუბრია ქართული საბჭოთა საზოგადოების საყოველთაოდ ცნობილ ტიპაჟებზე, რომლებიც თანდათან (თუ უკვე მთლიანად არა) ისტორიის კუთვნილება ხდებიან: ე.წ. “ძველი ბიჭები”, ძველი საბჭოთა ნომენკლატურის წარმომადგენლები, კომკავშირელები... ტიპური პერსონაჟების თვალსაზრისით არანაკლებ საინტერესო უნდა იყოს პოსტსაბჭოთა ქართული საზოგადოებაც. ამ თემაზე დავით პაიჭაძე სოციალურ ფსიქოლოგ გაგა ნიჟარაძეს ესაუბრა.

დავით პაიჭაძე:
კომუნიზმის მარცხი, საბაზრო ურთიერთობების შემოჭრა, პოლიტიკის გასაჯაროება, სამოქალაქო თუ სამეწარმეო აქტივობის ახალი ფორმები – შემატა თუ არა ამ ყველაფერმა ახალი ადამიანი ქართულ საზოგადოებას? სერიოზული დისკუსია ამ თემაზე ჩვენში არ გამართულა. დაახლოებით 6-7 წლის წინათ საქართველოში პირველად იხმარეს ტერმინი “ახალი ქართველები”, ცნობილი რუსული “ახალი რუსების” ანალოგიით, მაგრამ “ახალი ქართველის” ცნება ვერ დამკვიდრდა. მიზეზი, ფსიქოლოგ გაგა ნიჟარაძის დაკვირვებით, ისაა, რომ [გაგა ნიჟარაძის ხმა] “დამოუკიდებლობის წლებმა ნაკლები სოციალური ცვლილებები მოახდინა საქართველოში, ვიდრე რუსეთში. რუსეთში მართლა გაჩნდა ბევრი ახალი სოციალური ტიპი. ყველაზე რელიეფური სწორედ ეს ე.წ. ახალი რუსები არიან, რომლებიც, ჩემი აზრით, ძველი ქართველების გავლენას განიცდიან: ანუ ქართველი კომბინატორი და ნახევრად კრიმინალური ელემენტების ბევრი თვისება იმემკვიდრეს ამ ახალმა რუსებმა და თან მიიღეს რუსეთის მასშტაბები.”

რახან ქართულ საზოგადოებაში დიდი ძვრები არ მომხდარა, გაგა ნიჟარაძის აზრით, არ მომხდარა დიდი ცვლილებებიც: ძველი ნომენკლატურა განახლდა, კრიმინალურმა სამყარომ გავლენა შეინარჩუნა და პრინციპულად არ შეცვლილა ჩრდილოვანი ეკონომიკის მოქმედების წესი (მიუხედავად ამისა, საბჭოთა ჩრდილოვანი ეკონომიკის ბევრ მაგნატს ახლა ძალიან უჭირს). აშკარად გამოხატული ახალი ტიპები კი არიან დევნილები და წვრილი ვაჭრები. [გაგა ნიჟარაძის ხმა] “ხშირად ეს ორი კატეგორია ერთმანეთს გადაფარავს, მაგრამ მათი გარჩევა, რა თქმა უნდა, შეიძლება. ისინი გარკვეულ, სერიოზულ, როლს ასრულებენ, საერთოდ, საქართველოს ცხოვრებაში. ერთადერთი ისაა, რომ არც ერთი ეს კატეგორია არ არის პრესტიჟული: ლტოლვილები, გასაგებია: ისინი ყოველთვის მარგინალურ ჯგუფს ქმნიან. რაც შეეხება ვაჭრობას, ჩვენთან იყო და დარჩა ასე: ვაჭრობა ცუდია, თუ ვაჭარი ხარ, მატყუარა უნდა იყო. ამიტომ ნებისმიერი, შეიძლება უპატიოსნესი, ადამიანიც კი, ეკონომიკისა და კომერციის სფეროში რომ მიდის, იძულებულია, მოატყუოს მომხმარებელი, სახელმწიფო და, საბოლოო ჯამში, საკუთარი თავი. თუ შეგიმჩნევიათ, ბაზრობაზე გამყიდველი, პირველ რიგში, იმას გეუბნებათ, რომ, სინამდვილეში, გამყიდველი და ვაჭარი არ არის, არის პედაგოგი, ინჟინერი და ა.შ., რაც ძალიან სამწუხაროა; კომერცია არის სოციალური ცხოვრების ნორმალური და აუცილებელი კომპონენტი და რაც მეტი პრესტიჟი ექნება მას, მით მეტი წესიერი, ჭკვიანი და ნორმალური ადამიანი მივა ამ სფეროში.”

თუ ქართული საბჭოთა საზოგადოების ტიპური პერსონაჟების შესახებ წერა ირონიითაც შეიძლება, თანამედროვე საქართველოს დამახასიათებელ სოციალურ ტიპაჟებთან მიმართებით ირონია სრულიად უადგილოა. დევნილთა გასაჭირზე საზოგადოება არ გაიცინებს, ხოლო ვაჭრობის არაპრესტიჟულობის განცდა საზოგადოებაში ძველებურად ინტენსიური აღარ არის. ადამიანური საქმიანობის ეს სფერო საზოგადოებას სჭირდება და, განსხვავებით კომკავშირლებისა თუ ძველი ბიჭებისგან, წვრილი ვაჭრები ირონიის საგანი ვერ გახდებიან.

კიდევ საიდან შეიძლება ქართულ საზოგადოებას ახალი სოციალური პერსონაჟები შეემატონ? რა ფენიდან შეიძლება გამოჩნდეს დინამიკური ჯგუფი, რომელიც საზოგადოებას ახალ ინიციატივებს შესთავაზებს? გაგა ნიჟარაძე ამბობს, რომ ზუსტი პროგნოზი აქ შეუძლებელია [გაგა ნიჟარაძის ხმა]: “ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა – ეს იქნებიან ახალგაზრდები. შეიძლება ასეთი როლი შეასრულონ იმ ახალგაზრდებმა, რომელთაც საზღვარგარეთ ისწავლეს და დაბრუნდნენ საქართველოში. მე მათი იმედი მაქვს. მათგან შეიძლება ჩამოყალიბდეს ახალი იურისპრუდენციის ელიტა. ამ მხრივ ჩვენთან ყოველთვის დაბალი დონე იყო და ახლაც ასეა, მაგრამ თუ ინტელექტუალური დონე აიწევა, მათგან შეიძლება რამე გამოვიდეს”.

დავით პაიჭაძე, რადიო “თავისუფლებისთვის”, თბილისი.

[მუსიკა]

საჭადრაკო კომპოზიციის ქართველი დიდოსტატის მორიგი წარმატება მსოფლიო ჩემპიონატში

დავით კაკაბაძე:
სლოვენიის ქალაქ პორტოროჟში დამთავრდა მსოფლიოს მეორე ჩემპიონატი საჭადრაკო კომპოზიციის შედგენაში. მასში კომპოზიციის 7 განყოფილების ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. საერთაშორისო დიდოსტატმა დავით გურგენიძემ, რომელიც, ამავე დროს, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტიც გახლავთ, ყველაზე პრესტიჟულ განყოფილებაში – ეტიუდების შედგენაში – ზედიზედ მეორედ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული 1998-2000 წლებში გამოქვეყნებული ნაწარმოებების მიხედვით. პირველად მან 1997 წელს დაიმსახურა უმაღლესი წოდება ხორვატიის ქალაქ პულაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატში. დავით გურგენიძისა და საქართველოს კიდევ ერთი წარმომადგენლის წარმატების შესახებ გიორგი კაკაბაძე მოგითხრობთ.

გიორგი კაკაბაძე:
პორტოროჟის მსოფლიო პირველობაზე მონაწილეები 6-6 კომპოზიციით წარდგნენ. კომპეტენტურმა ჟიურიმ, რომელიც სამი წევრისგან შედგებოდა, თითოეულ განყოფილებაში ოთხი საუკეთესო ნაწარმოები შეარჩია, შეაფასა და შეაჯამა კიდეც. ეტიუდების განყოფილებაში დავით გურგენიძემ 55 მეტოქე ჩამოიტოვა. მეორე და მესამე ადგილები, შესაბამისად, დაიკავეს მოსკოვის წარმოამდგენლებმა, გამოცდილმა საერთაშორისო ოსტატმა ნიკოლაი კრალინმა და ახალგაზრდა ეტიუდისტმა ანდრეი ვისოკოსოვმა. ჩემთან საუბარში მსოფლიო ჩემპიონმა აღნიშნა:

[დავით გურგენიძის ხმა] “ქართული საეტიუდო სკოლა საყოველთაოდ არის ცნობილი. თავის დროზე გია ნადარეიშვილის უდიდესი ძალისხმევის შედეგად ჩამოყალიბდა ეს სკოლა. შემდეგ იოსებ კრიხელმა, ველიმირ კალანდაძემ, ვაჟა ნეიძემ და სხვა ცნობილმა შემოქმედებმა შორს გაიტანეს ქართული ეტიუდის სახელი. მე მათთან მომიწია სწავლამ და მოღვაწეობამაც და ამიტომ ძალიან ვცდილობდი, რაც შეიძლება ღირსეულად გამოვსულიყავი ამ ჩემპიონატში”.

პორტოროჟის მსოფლიო ჩემპიონატში კიდევ ერთმა ქართველმა მონაწილემ, ახალგაზრდა ბათუმელმა პრობლემისტმა, ფერად კაკაბაძემ მრავალსვლიანი ამოცანების განყოფილებაში მე-6 ადგილი დაიკავა.

ნიჭიერი ბათუმელი პრობლემისტის ამოცანები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საჭადრაკო ჟურნალებში იბეჭდება, სპეციალისტები მას კარგ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

რაც შეეხება დავით გურგენიძის ბიოგრაფიის ძირითად მომენტებს: მისი პირველი ეტიუდი 1970 წელს დაიბეჭდა გაზეთ “ლელოში”. მან 7-ჯერ მიიღო მონაწილეობა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში, სადაც ოქროსა და ვერცხლის ორ-ორი და ბრინჯაოს სამი მედალი მოიპოვა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 1997 წლამდე მსოფლიო ჩემპიონატი საჭადრაკო კომპოზიციაში არ ტარდებოდა. არაოფიციალურ ჩემპიონს კი ავლენდა საჭადრაკო კომპოზიციის “ოქროს წიგნი” – “ფიდეს ალბომი”, რომელშიც მსოფლიოს რჩეული კომპოზიციები იბეჭდებოდა. დაახლოებით 70-იანი წლების მეორე ნახევრიდან დავით გურგენიძემ ოთხჯერ მიაღწია საუკეთესო შედეგს “ფიდეს ალბომის” შედეგების მიხედვით.

საინტერესოა, რომ სანამ ეტიუდების შედგენას დაიწყებდა, დავით გურგენიძე აქტიურად თამაშობდა ჭადრაკს და სწორედ ამით აიხსნება ინტერესი, რომელსაც იგი პრაქტიკულ თამაშსა და შედგენას შორის არსებული ურთიერთკავშირისადმი ავლენს.

[დავით გურგენიძის ხმა] “სულ ახლახან გამოვიდა წიგნი, რომელმაც დიდი წარმატება ჰპოვა თვითონ პორტოროჟში. წიგნი, სახელწოდებით “ეტიუდი და თეორიული ენდშპილი,” ეხება ეტიუდების საშუალებით თეორიული ენდშპილების სწავლების საკითხებს. და აქ განხილულია ბევრი თეორიული პოზიცია, რომელიც პრაქტიკულ პარტიებში დიდოსტატებსაც კი გამოადგებათ.”

მსოფლიო ჩემპიონთან საუბარში ეტიუდების შემოწმების აქტუალურ პრობლემატიკას შევეხე. ცნობილია, რომ საკმაოდ ხშირად ამა თუ იმ პრემირებულ ნაწარმოებში, შემდგომი შემოწმების შედეგად, გამოუსწორებელი წუნი უპოვიათ და, ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში ნაწარმოებს არსებობაც შეუწყვეტია.

[დავით გურგენიძის ხმა] “დღეს, ამ მხრივ, მდგომარეობა შედარებით იოლია. კომპიუტერული პროგრამები განსაზღვრულ ეტიუდებს ამოწმებენ, თუმცა ყველას შემოწმება მათ, რა თქმა უნდა, არ შეუძლიათ. 5-ფიგურიანებს თითქმის ყველას ამოწმებენ იოლად. დანარჩენი კი დამოკიდებულია ძალთა თანაფარდობაზე. ამიტომ ეტიუდის შემოწმება დღესაც რჩება საკმაოდ რთულ პრობლემად.”

რაც შეეხება დავით გურგენიძის მომავალ გეგმებს: მესამე მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებენ 2001-2003 წლებში გამოქვეყნებული ეტიუდები. მსოფლიო ჩემპიონს ეტიუდების ნაწილი დაბეჭდილი აქვს, დანარჩენი ნაწარმოებები კი შემოწმების სტადიაშია, [დავით გურგენიძის ხმა] “იმიტომ, რომ თუ ეტიუდში აღმოჩნდა შეცდომა, ის, რაგინდ ლამაზიც უნდა იყოს, ღებულობს ნულოვან შეფასებას, ამიტომ მთავარი პრობლემა არის შემოწმება და მე მინდა, რომ ამ ნაწარმოებების შემოწმება და დაბეჭდვა 2003 წელს მოვახერხო.”

დავით გურგენიძე არ მალავს, რომ იგი შეეცდება, მესამედ მოიპოვოს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული.

გიორგი კაკაბაძე, რადიო “თავისუფლებისთვის”, თბილისი.

[მუსიკა]

დავით კაკაბაძე:
”მეათე სტუდია” პრაღაში მოამზადეს მარიამ ჭიაურელმა, ბიძინა რამიშვილმა და დავით კაკაბაძემ. თბილისის სტუდიაში ხმის ოპერატორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე. რადიოჟურნალს დავით კაკაბაძე უძღვებოდა. მომავალ შეხვედრამდე.

[მუსიკა]
XS
SM
MD
LG