Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავისუფალი პლასტიკური ცეკვის დამფუძნებელი: აისედორა დუნკანი


დღეს გავიხსენებთ ხელოვანს, რომელსაც თავისი მოღვაწეობის

სფეროში სრულიად ახალი სტილის დამკვიდრებასთან ერთად სახელი გაუთქვა პროვოკაციულმა გამოსვლებმა: ეს ხელოვანია ამერიკელი მოცეკვავე აისედორა დუნკანი, რომელიც სცენაზე ნახევრად შიშველი გამოდიოდა და ნამდვილ შოკს ახდენდა მაყურებლების, პირველ რიგში თანამემამულეების დიდ ნაწილზე. უჩვეულო იყო მისი ცეკვის სტილიც: დუნკანმა უარყო კლასიკური ცეკვის დაკანონებული ნორმები, პირობითი ჟესტები და პოზები, რათა დაემკვიდრებინა ნორმები, რომელთაც - მისი წარმოდგენით – ანტიკური ბერძნული ცეკვა ეფუძნებოდა.

14 სექტემბერს აისედორა დუნკანის გარდაცვალებიდან 75 წელი შესრულდა.

აისედორა დუნკანი 22 წლის იყო, როცა 1899 წელს ევროპაში ჩამოვიდა ერთი მიზნით: გამხდარიყო ცნობილი მოცეკვავე. დღეს ის მეოცე საუკუნის ლეგენდად, თავისუფალი პლასტიკური ცეკვის ერთ-ერთ დამფუძნებლად არის აღიარებული.

ავტოდიდაქტი დუნკანის მუშაობას მოძრაობაზე, თითოეულ ჟესტზე, საფუძვლად ედო ანტიკურ რელიეფებსა თუ ამფორებზე გამოხატული ფიგურების შესწავლა. დუნკანი მიისწრაფოდა მუსიკის ცეკვასთან დაკავშირების, ”ბუნებრივი” მოძრაობის, სულსა და ხორცს შორის ჰარმონიის დამკვიდრებისაკენ. კლასიკური ბალეტის აკრძალვის მოთხოვნა (”ის მშვენიერი ქალების სხეულს ამახინჯებსო”), თუ მიზნად ”მომავლის ცეკვის” გამოცხადება, მართალია, არც თუ იშვიათად გამხდარა ღვარძლიანი დაცინვის საგანი, მაგრამ ამერიკელ ხელოვანს არც თაყვანისმცემლები აკლდა: მათ შორის იყვნენ ფრანგი მწერალი და რეჟისორი ჟან კოქტო, გერმანიის იმპერატორ ვილჰელმ მესამის ოჯახის წევრები; რუსი მწერალი მაქსიმ გორკი აღტაცებული იყო დუნკანის ”ნიჭით აღსავსე თვალებით”.

პირველი დიდი წარმატება დუნკანს 1900 წელს პარიზის მსოფლიო გამოფენაზე გამოსვლამ მოუტანა: ამ პერიოდში მოცეკვავის სოლო ნომერი, ფაქტობრივად, უცნობი იყო. მაგრამ პარიზში, ხოლო მოგვიანებით გერმანიაში დუნკანმა ფურორი მოახდინა: ტოგას მიმსგავსებულ ტანისამომში გამოწყობილი, ფეხშიშველი მოცეკვავის ქორეოგრაფია ბუნებრივ, უბრალო მოძრაობებს ეფუძნებოდა - სიარულს, სირბილს, ხტუნვას. მისი სპონტანურობა, მართალია, ბევრს აფიქრებინებდა, რომ ყველაფერი იმპროვიზაციის შედეგი იყო, მაგრამ, სინამვდილეში დუნკანს სტრუქტურულად გააზრებული კომპოზიციები ჰქონდა მომზადებული, მას ზუსტი წარმოდგენა ჰქონდა მუსიკაზე, სივრცეზე, მაყურებელზე. აისედორა დუნკანის ცეკვა, სამწუხაროდ, კინოფირზე აღბეჭდილი არ შემოგვრჩა, მაგრამ არსებობს ფოტოსურათები და არსებობს ლეგენდა, რომ ამერიკელი ხელოვანი იმპროვიზაციის განუმეორებელი ნიჭით იყო დაჯილდოვებული, რომ დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენდა მისი როკვა ბეთჰოვენის, შუბერტის, შოპენის, ვაგნერის მუსიკაზე. რა გასაკვირია, დუნკანის დამსახურებად ითვლება ის, რომ კლასიკურ ბალეტში არა მარტო ბალეტისათვის შექმნილი მუსიკის გამოყენებას შეუდგნენ.

1904-1907 წლებში დუნკანი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საბერძნეთში, გერმანიასა და რუსეთში ცხოვრობდა, აარსებდა საცეკვაო სასწავლებლებს, თანამშრომლობდა თეატრის წამყვან მოღვაწეებთან, ამსხვრევდა ცეკვის ტრადიციულ ფორმებს და ... საზოგადოებრივ ნორმებს. აისედორა დუნკანის პირადი ცხოვრება ხომ, იმ პერიოდში, უბრალოდ სკანდალური იყო: მას ორი შვილი ჰყავდა სხვადასხვა მამაკაცისაგან, რომელთაგან არც ერთთან არ შეუღლებულა, ვინაიდან ქორწინებას იმთავითვე სრულიად მიუღებლად მიიჩნევდა.

მაგრამ გამონაკლისი ამ უჩვეულო ქალმაც დაუშვა: დუნკანი 43 წლის ასაკში დაქორწინდა მამაკაცზე, რომელიც მასზე 17 წლით უმცროსი იყო – ეს გახლდათ დიდი რუსი პოეტი სერგეი ესენინი. სახელგანთქმული წყვილის ურთიერთობამ სულ წელიწადნახევარი გასტანა და სულ რამდენიმე წელიწადში ორივეს სიცოცხლე ტრაგიკულად დასრულდა: 1925 წელს სერგეი იესენინმა თავი მოიკლა. ხოლო იასედორა დუნკანი 1927 წლის 14 სექტემბერს ნიცაში, ავტოავარიაში დაიღუპა.

დარჩა მისი ურიცხვი ფოტოსურათი, ორი თეორიული ნაშრომი და ზეგავლენა, რომელიც არა მარტო თანამედროვე ცეკვას, არამედ ხელოვნების ყველა დარგს, საზოგადოებას და კულტურულ ნორმებს დაეტყო. აისედორა დუნკანს სჯეროდა, რომ მოვა დრო, როცა ცეკვა ისევ აღზევდება საღვთო ხელოვნებად, როგორც ანტიკურ საბერძნეთში იყო – ”ვინაიდან ხელოვნება, თუ მას რელიგიასთან კავშირი არა აქვს, მხოლოდ ვაჭრობა, მხოლო გასაღების ობიექტია”.
XS
SM
MD
LG