Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა განაპირობებს რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას საქართველოს მიმართ


თამარ ჩიქოვანი, გიორგი კაკაბაძე, თბილისი რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები განაგრძობენ ინფორმაციულ შეტევას საქართველოს წინააღმდეგ. მაგალითად, ორიოდე დღის წინ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა განაცხადა,

რომ ბოევიკები, რომლებიც საქართველოს აფარებენ თავს, უფრო დიდ საფრთხეს უქმნიან რუსეთს, ვიდრე მსოფლიოს - ერაყში მიმდინარე პროცესები. ამასობაში კი რუსეთის ჟურნალისტები ცდილობენ იმის გარკვევას, თუ სინამდვილეში რა უდევს საფუძვლად რუსეთის აგრესიულ დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ.
ამ თემას ეძღვნება 24 სექტემბრის “ნეზავისიმაია გაზეტას” წერილი.

“ნეზავისიმაია გაზეტას” მიმომხილველის ვლადიმირ მუხინის თქმით, რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი ივანოვის აშშ-ში ვიზიტის მთავარი შედეგი არის ის, რომ მოსკოვმა ოფიციალურად დაუდასტურა ვაშინგტონს თავისი პოზიცია საქართველოს ტერიტორიის შესაძლო დაბომბვასთან დაკავშირებით.
მინისტრის განცხადებების განხილვის შემდეგ ავტორს თითქმის აღარ ეეჭვება, რომ მოსკოვი დაბომბავს კიდეც საქართველოს ტერიტორიას, ხოლო თავის მოქმედებებს არც გაეროს შეუთანხმებს და არც აშშ-ს თუ სხვა ქვეყნებს.

ავტორი წერს:

“ეს მეტად უცნაურად გამოიყურება, ვინაიდან ომი ჩეჩნეთში 1994 წლიდან გრძელდება, რუსეთი კი ტერორისტთა ბაზებისთვის პრევენტიული დარტყმების მიყენებას მხოლოდ ახლა აპირებს. ბევრმა დამკვირვებელმა აღნიშნული ფაქტი დაუკავშირა აშშ-ის განზრახვას, ერაყისთვის მიეყენებინა ანალოგიური დარტყმები: ანუ რუსეთსაც მოუნდა, ზესახელმწიფოდ იგრძნოს თავი”.

ავტორი დასაშვებად მიიჩნევს ამ მოსაზრებას, მაგრამ უფრო რეალურად ესახება სხვა ვერსია, რომელიც, მისი თქმით, “გასაგებს ხდის რუსეთის ხელმძღვანელობის ამბიციურ მისწრაფებებს”.

წერილის მიხედვით, სამხედრო-დიპლომატიური წყაროები არ გამორიცხავენ, რომ საქართველოში “წესრიგის დამყარება” მოსკოვმა ჯერ კიდევ აპრილში გადაწყვიტა, როცა დღის წესრიგში დადგა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოების ფორსირების საკითხი.

საყოველთაოდ ცნობილია, - წერს ავტორი, – რომ სახელმწიფო პოლიტიკას ეკონომიკური ინტერესები განსაზღვრავს. “ამ თვალსაზრისიდან გამომდინარე შეიძლება აიხსნას, მაგალითად, ის გარემოება, რომ აპრილის შემდეგ მოსკოვი გააქტიურდა ყაზახეთის მიმართ, რომელიც ერთხანს ოცნებობდა თავისი ნავთობის ტრანზიტზე საქართველოსა და თურქეთის გავლით. მაგრამ მოსკოვმა ყაზახეთის ნეიტრალიზება მოახდინა მას შემდეგ, რაც ხელმოწერილ იქნა შესაბამისი შეთანხმება კასპიის ჩრდილოეთში მდებარე ნავთობის საბადოების ერთობლივი დამუშავების შესახებ. და მთელი ეს ნავთობი რუსეთზე გაივლის ნოვოროსიისკამდე გაყვანილი მილსადენის საშუალებით”.

შემდეგ წერილში აღნიშნულია, რომ რუსეთსა და ყაზახეთს გამიზნული აქვთ მოპოვებული ნავთობის ტრანსპორტირება ირანისა და სპარსეთის ყურის მიმართულებით, ბაქო-თბილისი –ჯეიჰანის ნავთობსადენის საპირისპიროდ. იმედოვნებდნენ, რომ ამ პროექტს აზერბაიჯანიც მიუერთდებოდა, მაგრამ მან უპირატესობა ამერიკულ ვარიანტს მიანიჭა. და აი, 18 სექტმბერს წმინდა სიმბოლურად დაიწყო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობა, სინამდვილეში კი, მილსადენის გაყვანა 2003 წლის თებერვალ-მარტში დაიწყება.

ავტორის აზრით, “ძნელი სათქმელია, თუ რა მოხდება მანამდე. მაგრამ არ შეიძლება იმის გამორიცხვა, რომ რუსეთი განახორცილებს თავის მუქარას საქართველოს ტერიტორიის დაბომბვის შესახებ. ტერორიზმთან ბრძოლა კარგი საბაბია იმ ტერიტორიის გასაკონტროლებლად, სადაც ბოევიკები იქნენ შემჩნეული”.

“ნაზავისიმაია გაზეტა” მიიჩნევს, რომ რუსეთი მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობაში არეულობის შეტანას, ქართული საზოგადოების გათიშვასა და ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის რეალური წინაპირობების შექმნას.

ავტორი არც იმას გამორიცხავს, რომ “ერაყთან ომის დაწყება ბაქო-თბილისი –ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის დაწყებას დაემთხვას” და, როგორც ის ამბობს, “შესაძლოა, სწორედ ამ დროისთვის მიაღწიოს აპოგეას რუსეთის ომმა ჩეჩენი ტერორისტების წინააღმდეგ საქართველოს ტერიტორიაზე”.
XS
SM
MD
LG