Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კულტურა, განათლება და სპორტი – ერთად?


გასულ კვირას სახელმწიფო კანცელარიიდან კიდევ ერთმა ინფორმაციამ გაჟონა: აღმოჩნდა, რომ მთავრობამ მოამზადა დოკუმენტი, რომელიც კულტურისა და განათლების სამინისტროს,

აგრეთვე, სპორტის დეპარტამენტის ერთ სტრუქტურაში გაერთიანებას ითვალისწინებს. ჩემი აზრით, ამ პროექტით ხელისუფლება, ფაქტობრივად, აღიარებს, რომ უძლურია გადაარჩინოს ეროვნული კულტურა.

ედუარდ შევარდნაძის ლოზუნგს “გადავარჩინოთ კულტურა და კულტურა გადაგვარჩენს ჩვენ” საქართველოში დღეს აღარავინ იხსენებს; ახლა უკვე იმაზეა ლაპარაკი, რომ დახურვის საშიშროება ემუქრება ოპერისა და ბალეტის თეატრს, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან წელიწადში მილიონ 190 ათასი ლარი ეკუთვნის( დასავლეთში ასეთი თანხა, როგორც წესი, ორი სპექტაკლის დადგმას სჭირდება), რომ ხელისუფლებამ სრულიად შეუწყვიტა დახმარება ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს “საჩუქარი”, რომელიც გასულ კვირას “შემოკლებული ფორმით” გაიხსნა – წლევანდელ ფესტივალზე მხოლოდ მოსკოვის მოზარდ მაყურებელთა თეატრის დასის ჩამოყვანა მოხერხდა, ისიც, მოსკოვის მთავრობის ფულით. სწორედ “საჩუქრის” გახსნის დღეს “გაახმოვანა” თბილისის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა დავით ოქიტაშვილმა კულტურისა და განათლების სამინისტროების გაერთიანების პროექტი. როგორც წესი, სამინისტროების გაერთიანება ბიუროკრატული აპარატის შემცირებას გულისხმობს, ამიტომ რომელიმე სხვა სამინისტროს გაუქმებაზე რომ ყოფილიყო ლაპარაკი, საზოგადოება შეიძლებოდა სულაც არ დაინტერესებულიყო მთავრობის პროექტით. მაგრამ კულტურის სამინისტროს დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, საერთოდ, ქართული კულტურის დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით (და აქ იგულისხმება არა მარტო ფესტივალები, თეატრები, აქ იგულისხმება ეროვნული კულტურის მატერიალური ძეგლებიც), კულტურის სამინისტროს გაერთიანება სხვა სტრუქტურებთან მნიშვნელოვნად დააზარალებს ქართულ ხელოვნებას. დავით ოქიტაშვილი უფრო შორს მიდის, - მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა განაცხადა: “როგორც კი ეს პროექტი განხორციელდება, ჩათვალეთ, რომ აღარც “საჩუქარი” ჩატარდება და აღარც კულტურა იარსებებს”. თუმცა, პროექტის განხორციელების შემთხვევაში, სანამ “კულტურა აღარ იარსებებს”, ხელისუფლებას მოუწევს პასუხი გასცეს ეროვნული კულტურის იმ მოღვაწეებს, რომლებიც, ასე თუ ისე, მხარს უჭერენ მას... და თუ “მას” არა, საქართველოს პრეზიდენტს მაინც. არ არის გამორიცხული მოვლენები შემდეგი სცენარით განვითარდეს – პროექტი “გახმაურდეს” (როგორც ვხედავთ, ეს, ნაწილობრივ, უკვე მოხდა კიდეც), შემდეგ კი საქმეში ჩაერიოს ედუარდ შევარდნაძე, პროექტი დაიწუნოს და ისევ გაგვახსენოს თავისი ლოზუნგი “კულტურის გადარჩენის შესახებ”, რაც საქართველოს შემოქმედებით ინტელიგენციას კიდევ ერთხელ განუმტკიცებს აზრს, რომ “პრეზიდენტი ეროვნული კულტურის მოამაგეა.”
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG