Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის გაერთიანების დღე საქართველოში


დავით პაიჭაძე,თბილისი 3 ოქტომბერი გერმანიის გაერთიანების დღეა. 1990 წლის შემდეგ გერმანელები ამ თარიღს დღესასწაულად მიიჩნევენ. საქართველოშიც მუდამ აღნიშნავდნენ ამ დღეს,

ხოლო ოფიციალურ წრეებსა თუ მედიას არასოდეს ავიწყდებოდათ, ხაზი გაესვათ ედუარდ შევარდნაძის წვლილისათვის გერმანიის გაერთიანებაში. ჩვენი სიუჟეტიც 3 ოქტომბერს ეხმიანება, როგორც გერმანიის გაერთიანების დღეს, და მოკლედ შეგახსენებთ, რა მიმართულებით ვითარდებოდა დამოუკიდებელი საქართველოსა და გაერთიანებული გერმანიის ურთიერთობები.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დამოუკიდებელი საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობები სათავეს იღებს 1992 წლის გაზაფხულზე, როცა თბილისს ეწვია გერმანიის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი ჰანს-დიტრიხ გენშერი. ძნელი სათქმელია, რას წარმოადგენდა მაშინ საქართველო – ყოფილ რესპუბლიკას, ქვეყანას, თუ სახელმწიფოს, მაგრამ მას ჰყავდა საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე, მოსკოვიდან ახლად დაბრუნებული ედუარდ შევარდნაძე, რომლის ფაქტორი წლების მანძილზე მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავდა გერმანიის მხრიდან საქართველოს დახმარებას. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან (ბალტიისპირეთის ჩაუთვლელად) არც ერთს არ მიუღია პროცენტულად იმ მოცულობის დახმარება გერმანიიდან, რამდენიც საქართველომ მიიღო. საბჭოთა პერიოდთან შედარებით, გაცილებით ინტენსიური გახდა კონტაქტები განათლების სფეროში, უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, მეტმა ახალგაზრდამ შეძლო სასწავლებლად გერმანიაში გამგზავრება. ამ თვალსაზრისით, უნდა აღინიშნოს გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურისა და საქართველოს განათლების სამინისტროს თანამშრომლობა. საერთოდაც, ცნობილი ფაქტია, რომ ქართველები ევროპაში საცხოვრებლად და სამუშაოდ (ლეგალურად და არალეგალურად) ყველაზე ხშირად გერმანიას ირჩევენ. ბოლო 5-6 წლის მანძილზე, უწინარესად, თბილისი და შემდეგ დანარჩენი საქართველო გაივსო, ძირითადად, გერმანიიდან ჩამოყვანილი ნახმარი ავტომანქანებით. 1994 წელს ამოქმედდა გოეთეს ინსტიტუტი - გერმანული კულტურის ინსტიტუტი თბილისში.

რაც შეეხება ეკონომიკურ ურთიერთობებს, ჯერჯერობით მსხვილი ინვესტორი გერმანიიდან საქართველოში არ შემოსულა. ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციებს მცირე და საშუალო გერმანული საწარმოები ახორციელებენ. მომდევნო ორ წელიწადში საქართველომ გერმანიისგან 25 მილიონი ევროს ფინანსური დახმარება უნდა მიიღოს. ამას ემატება პროექტები ტექნიკური თანაშრომლობის სფეროში, მიწისძვრით დაზარალებულთა დახმარება, რაც 9 მილიონამდე ევროს შეადგენს. უაღრესად ფასეულია ის შემწეობა, რაც გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებამ აღმოუჩინა სამართლისა და სასამართლო რეფორმის საკითხებში. ამ საზოგადოების დახმარებით მომზადდა 15-მდე მნიშვნელოვანი კანონი და კანონპროექტი, მათ შორის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მისივე დახმარებით გამოიცა ამ კოდექსის კომენტარები. სულ 1992 წლიდან საქართველოსთვის გერმანიის მიერ გაწეული დახმარება 200 მილიონ ევროს შეადგენს.

საქართველო-გერმანიის ურთიერთობათა შესახებ აზრის გამოთქმა ვთხოვე გერმანისტს, მწერალსა და მთარგმნელს, კავკასიური სახლის დამფუძნებელს ნაირა გელაშვილს, რომელიც 10 წლის წინ ამ ურთიერთობათა სათავეებთან იდგა. ის ფიქრობს, რომ საქართველოს პრეზიდენტი, შესაძლოა, მეტსაც მოელოდა გერმანიისაგან, მაგრამ [ნაირა გელაშვილის ხმა]: “ასჯერ ამაზე მეტი დახმარებაც რომ ყოფილიყო, შედეგი ან იგივე იქნებოდა, ან უარესი. მე იმ ღირებულებათა სისტემაში ვტრიალებ, რომელთა მიხედვით, შინაგან ფაქტორს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ, რომ საგარეო პოლიტიკა შიდა პოლიტიკაზე ნაკლებ მნიშვნელოვანია. სწორედ ამ შიდა პოლიტიკის აგება ვერ მოხერხდა, რის გამოც მხოლოდ პრეზიდენტს არ ვაკისრებ პასუხისმგებლობას: პრობლემა გაცილებით რთული და ღრმაა და ის ერთი პიროვნებით ვერ აიხსნება; არის პრობლემა ხალხისა, რომელსაც დღესდღეობით ნამდვილად არ შეუძლია იყოს ნაცია და სახელმწიფო ცნობიერების მატარებელი ერი”.
XS
SM
MD
LG