Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალი თბილისთან ურთიერთობას გაურბის და ანტიკრიმინალურ ოპერაციას იწყებს


თბილისის გადაწყვეტილებამ, სპეციალურ ზომებს მიმართოს „სამხრეთ ოსეთის“ ყოფილი ავტონომიური ოლქის მიმდებარე ტერიტორიაზე კრიმინალური მდგომარეობის გამოსასწორებლად,

ცხინვალის სეპარატისტული ხელისუფლების შეშფოთება გამოიწვია. მიუხედავად საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებისა, რომ ცხინვალის რეგიონში ქართველი პოლიციელების შეყვანა არ იგეგმება, თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ მაინც, დაზღვევის მიზნით, თავად დაიწყო ანტიკრიმინალური ოპერაცია.

ყოფილი „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი“ წლების მანძილზე კრიმინალური სამყაროს თავშესაფრადაა ქცეული. ამას ადგილობრივი ქართული მოსახლეობის შევიწროებაც ემატება და ბუნებრივიცაა, რომ ცხინვალის რეგიონი პანკისის ხეობის შემდეგ პირველი აღმოჩნდა იმ რიგში, სადაც ცენტრალურმა ხელისუფლებამ წესრიგი უნდა დაამყაროს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მართლაც, დაგეგმა ანტიკრიმინალური ღონისძიებები, თუმცა არა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში, არამედ მის მიმდებარე ტერიტორიაზე. ოფიციალური თბილისის ინტერესებში ნაკლებად შედის, ანტიკრიმინალური ოპერაციის საფარქვეშ, ცხინვალის რეგიონში კვლავ შეიარაღებული დაპირისპირების გაჩაღება. ქართულ-ოსური კონფლიქტის საკითხებში პრეზიდენტ შევარდნაძის წარმომადგენელმა ირაკლი მაჭავარიანმა ჩემთან საუბარში განაცხადა, რომ თბილისისთვის პრიორიტეტს თანამშრომლობა წარმოადგენს:
[მაჭავარიანის ხმა] „ჩვენ შეიძლება რაღაც ზეგავლენა მოვახდინოთ და, მართლაც, დესტაბილიზაციის მიმართულებით ვიმოქმედოთ, ჩვენ შეიძლება ისე გავაკეთოთ, რომ, ვთქვათ, დავამხოთ არსებული ხელისუფლება იქ, მაგრამ ვინ მოვა მათ მაგივრად, ამას ჩვენ ვერ განვსაზღვრავთ, - უფრო მეტად სხვები განსაზღვრავენ. ჰოდა, იმ სხვების მოყვანილი ხელმძღვანელი შეიძლება ახლანდელზე უარესიც აღმოჩნდეს. უფრო ადვილია ითანამშრომლო ნებისმიერთან, თუნდაც ეშმაკი იყოს.“

თუმცა თავად ცხინვალის სეპარატისტული ხელისუფლების ლიდერი ედუარდ კოკოითი საქართველოს პრეზიდენტთან ურთიერთობის კატეგორიული წინააღმდეგია. საინფორმაციო სააგენტო პრაიმ-ნიუსისათვის მიცემულ ინტერვიუში კოკოითმა განაცხადა: ,,შევარდნაძესთან არანაირი კონტაქტი არაა და არც იქნება.”

კოკოითმა ამ პოზიციის მიზეზად ის დაასახელა, რომ საქართველოს სახელმწიფოს ხელმძღვანელი 1989-1992 წლების შეიარაღებული კონფლიქტისას ,,ოსი ხალხის გენოციდშია დამნაშავე“. როგორც ჩანს, ცხინვალის სეპარატისტული ხელისუფლების ლიდერმა ეს განცხადება ძალაუფლების დაკარგვის შესაძლებლობით შეშინებულმა გააკეთა. ამ შეშფოთებითაა განპირობებული კოკოითის შემდეგი ნაბიჯიც. იგი პირადად ჩაუდგა სათავეში „სამხრეთ ოსეთის“ უღიარებელ რესპუბლიკაში ამ დღეებში დაწყებულ მასშტაბურ ანტიკრიმინალურ ოპერაციას. კოკოითის ამ გადაწყვეტილების კომენტირება შიდა ქართლში ჩვენს კორესპონდენტს გოგა აფციაურს ვთხოვე.

[გოგა აფციაურის ხმა] „შიში იმდენად დიდია იმისი, რომ შეიძლება იქ ქართული დანაყოფები შევიდეს, რომ თავად დაიწყო ანტიკრიმინალური ოპერაციის განხორციელება. შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული შედეგი არსებობს, ამ მხრივ, შიდა ქართლში, რადგან დღე არ გავიდოდა 1 კვირის წინ ისე, რომ კრიმინალური ბანდები არ გადმოსულიყვნენ ქართულ სოფლებში, ქართულ ტერიტორიაზე არ დაეყაჩაღებიათ ვინმე ან მანქანა არ გაეტაცათ და ცხინვალის მიმართულებით არ წაეღოთ. ბოლო კვირაა, ასეთი მძიმე დანაშაული არ მომხდარა.“[სტილი დაცულია]

ოფიციალური ცხინვალის მიერ ანტიკრიმინალური ღონისძიებების წამოწყებას მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელი ირაკლი მაჭავარიანიც, თუმცა ვერ გაუგია კოკოითის ის განცხადება, რომელშიც უღიარებელი რესპუბლიკის პრეზიდენტი შევარდნაძესთან დიალოგის წინააღმდეგ გამოდის. მაჭავარიანს მხოლოდ დიალოგით მიაჩნია შესაძლებლად ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარება, ძალისმიერ მეთოდებს გამორიცხავს და ცხინვალის ოსური მოსახლეობის ეკონომიკური ბერკეტებით შემორიგების მომხრეა. ამ პრობლემით დაინტერესებული კიდევ ერთი მხარე, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ცნობს და თბილისთან მეგობრობას ცდილობს. როგორც ჩანს, ჯერჯერობით ცხინვალში ასეთ რეალობას ვერ აცნობიერებენ ან არადიპლომატიური საჯარო განცხადებებით ზურგს უკან მდგომი ძალების გულის მონადირებას ცდილობენ.
XS
SM
MD
LG