Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა იცვლება სამხედრო გაწვევიდან სამხედრო გაწვევამდე?


საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა

გასული კვირა ორი მნიშვნელოვანი სამხედრო მოვლენით აღნიშნა: ედუარდ შევარდნაძემ პირადი სტუმრობით 60 წლის იუბილე მიულოცა სამხედრო მრეწველობის გიგანტს - თბილავიამშენის კოლექტივს - და გამოსცა განკარგულება შეიარაღებული ძალების რიგებში საშემოდგომო გაწვევის შესახებ, რომელიც 21 ოქტომბრიდან აიღებს სტარტს. თუმცა, თუ ავიამშენებელთა 60 წლიანი ღვაწლი საზეიმო ვითარებაში - მადლობის სიტყვებით, ორდენების ჩამორიგებით, უამრავი საგაზეთო და სატელევიზიო პუბლიკაციით - აღინიშნა, არმიის რიგებში 10 ათასი ჭაბუკის გაწვევა საქართველოში არაფრით გამორჩეული მოვლენა არ არის და იგი არავის აღელვებს, გარდა პოტენციურ ჯარისკაცთა მშობლების და ახლობლებისა, რომელთათვისაც კომისარიატის მოხელის გამოჩენა მხოლოდ უარყოფით ემოციებს იწვევს.


სამხედრო გაწვევის საშემოდგომო კამპანიის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი განკარგულების ტექსტი წინამორბედთა ასლს წარმოადგენს. მასში შეცვლილია მხოლოდ ვადები და გასაწვევი კონტინგენტის საერთო რაოდენობა, რომელიც, შარშანდელთან შედარებით, აშკარად, გაზრდილია და მთელი სამხედრო ძალებისთვის 10 724 ჯარისკაცს შეადგენს.

იმ ფონზე, როცა საქართველოს ხელისუფლება სამხედრო ძალების რიცხოვნების შემცირებაზე საუბრობს, რიგითი შემადგენლობის მატება, აშკარად, გაუგებრობას იწვევს. თუმცა თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ გეგმის გაზრდა გამოწვეულია იმით, რომ სამხედრო ხელმძღვანელობამ ვადიანი სამხედრო სამსახურიდან ერთბაშად რამდენიმე ნაკადი უნდა დაითხოვოს. სამხედრო ძალები ხომ დღეს საინტერესო სიმბიოზს წარმოადგენს - აქ შეხვდებით ჯარისკაცებს, რომელთაგან ზოგი უკვე წელიწადნახევარია ემსახურება ქვეყანას, და არიან ისეთებიც, ვისაც ბედმა გაუღიმა და არმიის რიგებში უმაღლესი სასწავლებლის შემდეგ მოხვდნენ, რის გამოც ყაზარმას ერთი წლის შემდეგ ტოვებენ.

თუმცა ბედის რჩეულად საქართველოში მიაჩნიათ არა ის, ვინც სამხედრო სამსახურში იმყოფება, მწირი ჯარისკაცული ულუფით იკვებება და ძირითად დროს უსაგნოდ ხარჯავს, არამედ ის, ვინც მოახერხებს თავიდან აიცილოს კონსტიტუციური ვალდებულება. ამას კი გავლენიანი ნაცნობობის წყალობით, სტუდენტური ჯავშნის, ყალბი სამედიცინო მოწმობის აღებითა თუ კომისარიატის მუშაკების პირდაპირი მოქრთამვის გზით ახალწვეულთა უმრავლესობა ახერხებს.

თანაც, სიყალბის ეს ანატომია მოკლე ხანში კონსპირაციის ისეთ დონეზე იქნა აყვანილი, რომ ათი წლის განმავლობაში თანამდებობის ბოროტად გამოყენებისთვის მხილებული არ ყოფილა კომისარიატის არც ერთი მუშაკი. რაკი კონსტიტუციური მოვალეობით ვაჭრობას ვერაფერი მოუხერხა, საქართველოს ხელისუფლებამ კომისარიატის ორგანოებში ფეხმოკიდებული ყიდვა-გაყიდვის ლეგალიზება გადაწყვიტა.

მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს საქართველოს პრეზიდენტმა ცვლილება შეიტანა გაწვევის შესახებ არსებულ ორგანულ კანონში და ოფიციალურად დააკანონა გამოსასყიდი როგორც გადავადების, ისე სამხედრო ვალდებულებიდან მთლიანად გათავისუფლების მსურველთათვის. როგორც ამბობენ, კანონპროექტის შექმნაში მონაწილეობას ღებულობდნენ კომისარიატის ძველი და ახალი თაობის წარმომადგენლები, რომელთა მდიდარი გამოცდილება ძალზე გამოადგათ კანონის ავტორებს ოპტიმალური ტარიფის დადგენაში. საბოლოოდ, გაწვევის გადავადება 200, ხოლო სამხედრო სამსახურიდან ერთჯერადად გათავისუფლება - 2000 ლარით განისაზღვრა.

აღსანიშნავია, რომ განმარტებით ბარათში, რომელმაც კანონპროექტისადმი პარლამენტართა საბოლოო მხარდაჭერა უზრუნველყო, ნათქვამი იყო, რომ გადავადების შედეგად ამოღებული თანხა თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტს ყოველწლიურად, საშუალოდ, 16-18 მილიონ ლარს შემატებდა. თუმცა სამხედროთა პროგნოზი მიახლოებითაც არ გამართლდა.

თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, წინა საგაზაფხულო გაწვევის დროს გადავადების უფლებით 600 წვევამდელმა ისარგებლა, ეროვნულ ბანკში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე მათ მიერ ჩარიცხულმა თანხამ კი მხოლოდ 120 ათასი ლარი შეადგინა. თანაც, სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დაცვის დარგში საქართველოს სახალხო დამცველის თანაშემწის ნოდარ ეფრემიძის თქმით, ჯერ კიდევ საკმაოდ ბუნდოვანია, თუ როგორ განაწილდა და რას მოხმარდა აღნიშნული თანხა.

[ნოდარ ეფრემიძის ხმა] "კარგი იქნება, თუ ეს თანხები ჯარისკაცების, ასე ვთქვათ, პირადი ნივთების შეძენას და ყაზარმების კეთილმოწყობას მოხმარდება. რა თქმა უნდა, ეს კარგი იქნება. თუმცა არის უამრავი საფუძველი, რომ ასე არ ვიფიქრო."

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ის ახალწვეულები, რომლებიც აღმსარებლობითი მოტივით უარს ამბობენ იარაღით ხელში სამხედრო სამსახურის გავლაზე, კვლავაც ვერ ისარგებლებენ კონსტიტუციური უფლებით და სახელმწიფოს მიმართ არსებულ ვალს ვერ მოიხდიან ალტერნატიულ შრომით დაწესებულებებში. თუმცა ამით ეს კონტინგენტი თავს უწინდებურად დაჩაგრულად ნამდვილად ვეღარ იგრძნობს, რადგან სახელმწიფომ მათ მიმართ ერთგვარი მორატორიუმი გამოაცხადა - კომისარიატის მუშაკებს აეკრძალათ რომელიმე რელიგიის მიმდევარი ძალით გაიწვიონ ჯარში. თანაც, ასეთი ვაკუუმით კანონსა და რეალობას შორის საკმაოდ ოსტატურად სარგებლობენ გამწვევი კომისიის წევრები, რომლებმაც რელიგიური მოტივით რესურსის ჩამოწერის კიდევ ერთ შესანიშნავ მეთოდს მიაგნეს.

ჯერჯერობით ხელისუფლებამ ვერაფერი მოუხერხა სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო კომერციულ სასწავლებლების სამხედრო კათედრებს, რომელთა აუდიტორიებში გაბნეული დაახლოებით 20 ათასკაციანი მრევლი, სწავლის პერიოდში ასევე სარგებლობს გადავადების ექსკლუზიური უფლებით.

და, რაც მთავარია, წინა გაწვევის შემდეგ არავითარი რევოლუციური გარდატეხა არ მომხდარა არმიის მიმართ საზოგადოებისა და სახელმწიფოს მიდგომაში.

სამწუხაროდ, მომავალ სამხედრო მოსამსახურეებს, რომელთა გაწვევა, პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, ახალი წლის წინა დღეს, 30 დეკემბერს, უნდა დასრულდეს, ტრაპეზის მხრივაც კი ვერავითარ სიურპრიზს ვერ მოუწყობს სამხედრო ხელმძღვანელობა. წლევანდელ საბიუჯეტო წელსაც თავდაცვის სამინისტრო ფინანსისტი კოლეგებისაგან სრულად ვერ მიიღებს გეგმით გათვალისწინებულ თანხებს, რის გამოც გაზაფხულამდე შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობას დედაწულიანად მკაცრ დიეტაზე გადასვლა მოუწევს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG