Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად რეალურია ერაყის მიმართ ვაშინგტონის პოზიციის შეცვლა?


ანდრო ეული, პრაღა ორშაბათს, 21 ოქტომბერს, თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ მზად არის, განიარაღების უკანასკნელი შანსი მისცეს ერაყს.

მისი თქმით, სადამ ჰუსეინი, შესაძლოა, კვლავაც დარჩეს ერაყის ხელისუფლების სათავეში, თუ განუხრელად შეასრულებს გაეროს ყველა რეზოლუციას. თუმცა, როგორც მიმოხილველები აღნიშნავენ, ბუშის შერბილებული კილო, უბრალოდ, დიპლომატური მანევრია განსხვავებულ პოზიციაზე მდგომი მოკავშირეების მისამხრობად, რათა გაეროს უშიშროების საბჭომ ერაყის მიმართ ახალი რეზოლუცია მოიწონოს.

მას შემდეგ, რაც კონგრესმა 1998 წელს ”ერაყის განთავისუფლების აქტი” მიიღო, ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტულ მიზნად რჩება ბაღდადში რეჟიმის შეცვლა, ანუ ყოველმხრივი მხარდაჭერა სადამ ჰუსეინის დამხობისკენ მიმართული ძალისხმევისა, რათა ერაყში დემოკრატიული მთავრობა შეიქმნას.

იმ დროს, როცა გაეროს უშიშროების საბჭო, ერაყის განიარაღების მიზნით, ვაშინგტონის მიერ მომზადებული ახალი რეზოლუციის პროექტს განიხილავდა, ჯორჯ ბუშმა თეთრ სახლში პრესკონფერენცია გამართა. პრეზიდენტმა ეჭვი გამოთქვა, რომ სადამ ჰუსეინი ოდესმე შეიცვლება. ბუშმა აღნიშნა ამასთანავე, რომ თუ ბაღდადი მის განიარაღებასთან დაკავშირებით გაეროს ყველა რეზოლუციას შეასრულებს, თავად ეს ფაქტი გახდება იმის დასტური, რომ ერაყში რეჟიმი შეიცვალაო.

უშიშროების საბჭოს ორი მუდმივი წევრი – რუსეთი და საფრანგეთი – წინ აღუდგა ვაშინგტონის მიერ ადრე მომზადებული რეზოლუციის პროექტს, რომელიც სამხედრო ძალის გამოყენებას ითვალისწინებდა ბაღდადის წინააღმდეგ, თუ ეს უკანასკნელი განუხრელად არ შეასრულებდა ერაყში ჩასული განიარაღების საერთაშორისო კომისიის ყველა მოთხოვნას.

ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში, ვაშინგტონში დაფუძნებული კვლევითი ცენტრის, კატოს ინსტიტუტის თანამშრომელმა ტედ გელენ კარპენტერმა თქვა, რომ ბუშის ახლებური, შერბილებული კილო მხოლოდ ”ტაქტიკური ხრიკია”, რათა უშიშროების საბჭომ ახალი რეზოლუცია მიიღოს ერაყის მიმართ, ხოლო რაც შეეხება ძალის გამოყენებას, აშშ-ის პრეზიდენტს ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ ეს მაინც მოხდება:

[ტედ გელენ კარპენტერის ხმა] ”ბუში ღრმად არის დარწმუნებული, რომ სადამ ჰუსეინი ბოლომდე არ შეასრულებს გაეროს ექსპერტთა მოთხოვნებს და, ამდენად, სამხედრო ძალის გამოყენება ყველა შემთხვევაში გახდება საჭირო. ბუში, უბრალოდ, ცდილობს, გაცილებით უფრო საზრიან პოლიტიკოსად მოგვაჩვენოს თავი, ვიდრე ეს მის კრიტიკოსებს, განსაკუთრებით კი ევროპელებს, ჰგონიათ”.

ხოლო მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფესორის, რაიმონდ ტანტერის აზრით, ვინაიდან საფრანგეთი და რუსეთი წინააღმდეგი არიან ერაყში რეჟიმის შეცვლისა, ბუშის გუნდმა გადაწყვიტა, ერაყის განიარაღებაზე მაინც დაიყოლიოს უშიშროების საბჭოს ეს ორი მუდმივი წევრი. ამერიკის პოზიცია შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შეიცვალაო – დასძინა რაიმონდ ტანტერმა.

კიდევ ერთმა პოლიტიკურმა მიმომხილველმა, ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის პროფესორმა კენ ალარდმა ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ სიტყვიერ განცხადებებზე მეტად მისთვის ის არის საინტერესო, რას საქმიანობს თეთრი სახლის ადმინისტრაცია. ალარდმა გაიხსენა, რომ 3 ოქტომბერს პრეზიდენტმა ბუშმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც ერაყის ოპოზიციის 5000-კაციანი შენაერთის საბრძოლო მომზადებას ითვალისწინებს. გარდა ამისა, სპარსეთის ყურის ქვეყნებში ვაშინგტონმა სამხედრო ნაწილები და აღჭურვილობა გაიგზავნა. გასულ კვირაში, ევროპიდან ქუვეითში ჩაიტანეს ”აპალაჩის” კლასის საბრძოლო შვეულმფრენები. სწორედ ამ შვეუმფრენებიდან გაკეთდა პირველი გასროლა 1991 იანვარში, რამაც ერაყის 2 რადარული სადგური გამოიყვანა მწყობრიდან და მწვანე შუქი მისცა მრავალეროვანი კოალიციის ავიაციას ერაყის საჰაერო სივრცეში.
XS
SM
MD
LG