Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ დატოვა თანამდებობა მშენებლობისა და ურბანიზაციის მინისტრმა


23 ოქტომბრის მთავრობის სხდომა მთავრობის რამდენიმე წევრისთვის მძიმე აღმოჩნდა. მასზე, თბილისში გაჩაღებული უკანონო მშენებლობების გამო, პასუხი მოეთხოვათ:

მშენებლობისა და ურბანიზაციის მინისტრს მერაბ ჩხენკელს, ქონების მართვის მინისტრს სოლომონ პავლიაშვილსა და თბილისის მერს ვანო ზოდელავას. ჩამოთვლილი სამი პირიდან ერთს, მერაბ ჩხენკელს, უკვე მოუხდა თანამდებობის დატოვება, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა სოლომონ პავლიაშვილის მინისტრობის საკითხი, ვანო ზოდელავას კი სასტიკი გაფრთხილება მიეცა. პრეზიდენტმა მას დაავალა აღკვეთოს უკანონო მშენებლობა და, ამ თვალსაზრისით, უმოკლეს ვადაში დაამყაროს ქალაქში წესრიგი. ეს ყველაფერი მას შემდეგ მოხდა, რაც თბილისი უკვე გახდა უკანონო მშენებელობების მსხვერპლი . მის დამახინჯებულ იერს პრეზიდენტის გაცხარება ვეღარ უშველის.

იმ ნაგებობების ჩამოთვლა, რომლებმაც თბილისის იერი შეცვალა და დაამახინჯა, ძალიან შორს წაგვიყვანს. ასევე დიდ დროს წაიღებს საუბარი იმაზე, ბოლო წლებში როგორ განადგურდა ქალაქის მწვანე საფარი, მშენებლობის ბუმმა რამდენი სკვერი შეიწირა და ასე შემდეგ. ეს პროცესი ყველას თვალწინ მიდიოდა. მას ხელისუფლება დინჯად ადევნებდა თვალს. მაშინ, როცა ცალკეული პირები თბილისის დამახინჯებას აპროტესტებდნენ, ხელისუფლების პირველი პირები თბილისის აღმშენებლობაზე საუბრობდნენ,იმ “აღმშენებლობაზე”, რომელმაც ძველი თბილისი მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გარეშე დატოვა. სწორედ ძველი თბილისისადმი, როგორც ისტორიული ძეგლისადმი, ხელისუფლების გულგრილობამ და თბილისის ისტორიულ უბნებში წამოჭიმულმა მრავალსართულიანმა ნაგებობებმა განაპირობა ის, რომ ძველი თბილისი იუნესკოს მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიის მიღმა დარჩა. თბილისი, განსაკუთრებით კი ძველი თბილისი, მშენებლობის მსხვერპლად იქცა, თუმცა მშენებლობას, რომელიც თბილისის ძველ უბნებში მიმდინარეობდა, კულტურის მინისტრის სესილი გოგიბერიძის თქმით, ყველა შემთხვევაში სათანადო ნებართვა ახლდა - არ მოეპოვებოდა მხოლოდ ძეგლთა დაცვის სამსახურის რეკომენდაციები. ასეთი მშენებლობა დღესაც მიმდინარეობს. მის მიმართ შემგუებლური პოზიცია კი პრეზიდენტმა დათმო ძალიან გვიან - მხოლოდ მას შემდეგ, რაც 23 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე კულტურის მინისტრისა და ლიტერატურის მუზეუმის დირექტორის იზა ორჯონიკიძის გამოსვლები მოისმინა. ორივემ უკანონო მშენებლობებით თბილისში შექმნილ კატასტროფულ მდგომარეობაზე ისაუბრა. დასახელებულ იქნა კონკრეტული ფაქტები, მაგალითად, 9 აპრილის ბაღში, რომელიც დაახლოებით 2 საუკუნეს ითვლის, 9 სართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში, სპორტულ-გასართობი კომპლექსის მშენებლობის მცდელობა. ამ და სხვა ფაქტების გამო ჯოხი მშენებლობისა და ურბანიზაციის მინისტრ მერაბ ჩხენკელზე გადატყდა.

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] “მე ძალიან მიჭირს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ, ალბათ, მერაბ ჩხენკელს მოუწევს დაწეროს განცხადება და წავიდეს თანამდებობიდან. ვიმეორებ, კარგი არქიტექტორია, პატიოსანი კაცია, ბრწყინვალე მამის შვილია, მაგრამ დარგს ხელმძღვანელი არ ჰყავს, დარგს პატრონი არ ჰყავს. “

პრეზიდენტის ამ განცხადების შემდეგ მერაბ ჩხენკელს ისღა დარჩენოდა ეთქვა, რომ თანამდებობიდან წასვლისთვის მზადაა.
უკანონო მშენებლობებზე პასუხისმგებელი სხვა პირები კი, კერძოდ, ქონების მართვის მინისტრი სოლომონ პავლიაშვილი და თბილისის მერი ვანო ზოდელავა თანამდებობებზე დატოვეს. თუმცა პრეზიდენტი და სახელმწიფო მინისტრი მოიფიქრებენ, არის თუ არა საჭირო ქონების მართვის სამინისტროს არსებობა ანდა - პავლიაშვილი, როგორც ამ სამინისტროს ხელმძღვანელი. რაც შეეხება ზოდელავას, მას დაევალა 4 თვეში მოაგვაროს მიმდინარე მშენებლობებით თბილისში შექმნილი ვითარება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი საკითხიც გადაწყდება. ასეთია 23 ოქტომბრის მთავრობის სხდომის შედეგები, თუმცა ეს ყველაფერი უნებართვო მშენებლობების შედეგებს ვეღარ გამოასწორებს.
XS
SM
MD
LG