Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო პრემიების კანდიდატები


ამ დღეებში ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის სახელმწიფო პრემიების კომიტეტმა 2002 წლის სახელმწიფო პრემიებზე წარდგენილი მხატვრული ნაწარმოებების სია გამოაქვეყნა.

კენჭის საყრელად წელს 23 ნომინანტია დაშვებული, თუმცა წლის ბოლოს კანდიდატების რიცხვი შეიძლება განახევრდეს კიდეც.

“საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის სახელმწიფო პრემიების კომიტეტი” – ასე ჰქვია ორგანიზაციას, რომელიც საქართველოში ყოველწლიურად ასახელებს საუკეთესო მხატვრულ ნაწარმოებებს. უფრო სწორად, კანდიდატებს ასახელებენ შემოქმედებითი ორგანიზაციები, პრეზიდენტთან არსებული კომიტეტი კი ჯერ საუკეთესოებს გადაარჩევს ხოლმე, მერე კი კენჭს უყრის გამარჯვებულებს. 11 ოქტომბერს კომიტეტის სხდომა, რომელსაც ნომინანტები უნდა გამოევლინა, პირველად ჩატარდა მურმან ლებანიძის გარეშე, რომელიც წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა სახელმწიფო პრემიების ჟიურის. თუმცა კომიტეტი, როგორც ჩანს, არ აპირებს უღალატოს იმ ტრადიციას, რომელიც ბოლო დროს დამკვიდრდა – აქ უპირატესობა კვლავ ლიტერატურას ენიჭება. უფრო მეტიც, ნომინანტების სიაში წელს კიდევ უფრო გაიზარდა მწერალთა საერთო ეროვნული კავშირის მიერ წარდგენილ კანდიდატთა რიცხვი (23 ნომინანტიდან 9 მწერალთა კავშირმა წარმოადგინა - დამოუკიდებლად, სხვა ორგანიზაციასთან ერთად, ან კავშირის გაზეთის, “ლიტერატურული საქართველოს,” სახელით). სახელმწიფო პრემიების კომიტეტის ასეთი გადაწყვეტილება ქმნის ილუზიას, რომ 2002 წლის ქართულ კულტურაში ყველაზე მნიშვნელოვან გამარჯვებებს მწერლებმა მიაღწიეს. წარმოდგენილმა სიამ შეიძლება ისიც გვაფიქრებინოს, რომ საქართველოში წელს არაფერი აუშენებიათ, რადგან ჟიურიმ, რომელსაც “ლიტერატურის, ხელოვნების და არქიტექტურის კომიტეტი” ჰქვია, ცარიელი დატოვა გრაფა “ნომინანტი არქიტექტურის დარგში”. სამაგიეროდ, კანდიდატთა შორის ბევრია კინემატოგრაფისტი – ერთდროულად სამი მხატვრული ფილმია დასახელებული: “ნუცას სკოლა”, “ხვეული კიბე”, “ანთიმოზ ივერიელი.” სამივე კანდიდატი კინემატოგრაფისტთა კავშირმა წარმოადგინა. ქართველ კინორეჟისორებს სხვა ფილმი არ გადაუღიათ, თორემ, შესაძლოა, ეს სია კიდევ უფრო გაზრდილიყო. ნომინაციაში “რადიო-ტელევიზიის დარგში” ვერ ვხედავთ დამოუკიდებელი ტელევიზიების პროდუქციას, სიაში არ გვხვდება კერძო გამომცემლობებში დაბეჭდილი წიგნები, რაც დღეს არავის უკვირს – სახელმწიფო პრემიების მოსაპოვებლად ხომ, როგორც წესი, ის ნაწარმოებები სახელდება, რომელიც არ იწვევს ხელისუფლების გაღიზიანებას. კომიტეტი ხომ “პრეზიდენტთან არსებულია”. საქართველოში კი ცოტაა ორგანიზაცია, რომელიც სახელწოდებით ამართლებს თავის შინაარსს; როგორც წესი, სახელმწიფო პრემიების ლაურეატი ხდება ის, ვინც მეტნაკლებად აკმაყოფილებს ხელისუფლების გემოვნებას და მოთხოვნილებას.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG