Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შუა აზიის სამი რესპუბლიკა საზღვრების დემარკაციის პრობლემის გადაჭრას ცდილობს


სახელმწიფო საზღვრების დემარკაცია შუა აზიაში მწვავე საკითხად რჩება. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ამ რეგიონის ხუთმა ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკამ ვერ შეძლო საზღვრებზე შეთანხმება,

რითაც მზარდ დაპირისპირებას ჩაუყარა საფუძველი. განსაკუთრებით დაძაბული ვითარებაა ფერგანის დაბლობში, სადაც 1924 წელს ბოლშევიკების მიერ შემთხვევით გავლებული უზბეკეთის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საზღვრები გადის. დღეს გესაუბრებით იმის შესახებ, თუ როგორ ზეგავლენას ახდენს საზღვრის სკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებები დაბლობის ათმილიონიან მოსახლეობაზე.

ოფიციალურ დონეზე შუა აზიის ქვეყნებს შორის სახელმწიფო საზღვრების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებები, შეიძლება ითქვას, ჩიხში მოექცა.

თითქმის 12 წელია, რაც შუა აზიის ქვეყნების მთავრობები საზღვრების დემარკაციაზე საუბრობენ. მაგრამ დღეისთვის მხოლოდ ყაზახეთმა და უზბეკეთმა შეძლეს კომპრომისის მიღწევა, როდესაც გასულ თვეში ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლითაც დასრულდა საერთო საზღვრის 2440-კილომეტრიანი ზონის დემარკაცია. რეგიონში საზღვრის საკითხზე მიმდინარე არც ერთი სხვა მოლაპარაკება ახლოსაც არ მისულა დასასრულთან.

ამ ხნის განმავლობაში წამოიჭრა ახალი საკითხებიც: ტაშკენტში 1999 წელს მომხდარი აფეთქებებისა და 1999 და 2000 წლებში უზბეკეთის ისლამური მოძრაობის მიერ განხორციელებული თავდასხმების შემდეგ, უზბეკეთმა პირველმა დაკეტა საზღვარი და სავიზო რეჟიმი შემოიღო. თუმცა, შუა აზიაში საზღვრების პრობლემის ფესვებს მაინც წარსულისკენ მივყავართ. შუა აზიის საზღვრები 1924 წელს, იოსებ სტალინის მითითებით გაივლო, რის შედეგადაც მივიღეთ შენელებული მოქმედების ნაღმი, რომელიც აუცილებლად აფეთქდება, თუკი რომელიმე მხარეს მოთმინების ფიალა აევსო.

"რადიო თავისუფლების" ავღანური სამსახურის ხელმძღვანელი ანდრეს ილვესი აცხადებს, რომ რეგიონში საზღვრის საკითხზე მშვიდობიანი მოლაპარაკების ჩაშლით შუა აზიის ლიდერები ფაქტიურად გაითამაშებენ სცენარს, რომელიც 80 წლის წინათ ბოლშევიკებმა დაწერეს და რაც "დაყავი და იბატონეს" პრინციპს ეფუძნებოდა.

[ანდრეს ილვესის ხმა] "ფაქტობრივად, ეს სტალინის ბოლო "გაცინებაა". ამით იმის თქმა მინდა, რომ ის, რაც დღეს ხდება, ზუსტად ასახავს მის მაშინდელ ხრაზვებს. სხვა მიზეზი საზღვრების ამგვარად გავლებას არ გააჩნია. რა თქმა უნდა, არსებობს საზღვრები, რომლებიც სიტუაციას სრულებით არ ცვლის. მაგალითისთვის შეხედეთ აფრიკას და სხვა ადგილებსაც, სადაც ყველაფერი უცვლელად დარჩა. იმისათვის, რომ მშვიდობა შეინარჩუნო, რაღაცებს ხელუხლებლად ტოვებ და ზოგჯერ ეს ყოველგვარ აზრს მოკლებულია."

საკითხის სერიოზულობის ნათელსაყოფად იმის შეხსენებაც კმარა, რომ ფერგანის დაბლობზე ათი მილიონ 500 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს, რაც შუა აზიის მოსახლეობის ერთ მეხუთედს, ცალ-ცალკე თუ ავიღებთ: ყირგიზეთის მოსახლეობის ნახევარს, უზბეკეთის მოსახლეობის - 27 პროცენტს და ტაჯიკეთის მოსახლეობის ერთ მესამედს შეადგენს.

ბესი ბრაუნი, რომელიც დამოუკიდებელი ექსპერტი გახლავთ შუა აზიის საკითხებში, მიიჩნევს, რომ ბევრი შუააზიელისთვის საზღვრების საკითხი საერთოდ არ იქნებოდა აქტუალური, რომ არ არსებობდეს ვიზებისა და თავისუფლად გადაადგილების პრობლემა.

[ბესი ბრაუნის ხმა] "ეს არ არის პრობლემა ეროვნებათა შორის. ისინი საუკუნეებია ერთად ცხოვრობენ. ეს არის სახელმწიფოს პრობლემა, რომელიც ხელოვნურად შეიქმნა და ძალიან განსხვავდება უზბეკეთში არსებული სიტუაციისგან. უზბეკეთში ყველაფერი ემყარება შიშს, რომ ტაჯიკები უზბეკეთის ისლამური მოძრაობის წევრთა ტაშკენტის ასაფეთქებლად შეშვებას, ან ყირგიზები ვერ შეძლებენ ამ ხალხის შეჩერებას, სხვა საქმეა, საფუძვლიანია თუ არა ეს შიში. მაგრამ ეს სრულიად განსხვავებული საკითხია."

ექსპერტი ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში – სვეტლანა გაპაროვა, რომელიც ყირგიზეთში გაეროს უზენაესი კომისრის წარმომადგენლობასთან თანამშრომლობს, აცხადებს, რომ ისტორიულად ფერგანის დაბლობზე მყოფ მოსახლეობას არ უფიქრია სახელმწიფო საზღვრის საკითხზე. შედეგად რეგიონის მთავრობების მცდელობამ დააწესონ და გააკონტროლონ სახელმწიფო საზღვრები საგუშაგოებისა და საბაჟოების საშუალებით, მოსახლეობის დიდ ნაწილში უკმაყოფილების ზრდა გამოიწვია, რადგან ხალხს არ ესმის რატომ გახდა სკოლები, საავადმყოფოები და სხვა დაწესებულებები, რომლებითაც რეგიონის მოსახლეობა სარგებლობდა, მიუწვდომელი ერთი ან მეორე ნაწილისთვის. ექსპერტის აზრით, საზღვრების დაწესება მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობაზეც აისახება და მაგალითად ბამბის მოსავლის აღების სეზონი მოჰყავს:

[გაპაროვას ხმა] "ახლა ბამბის სეზონი დაიწყო და ჯერ კიდევ მიმდინარეობს სოფლის მეორნეობის სხვა კულტურების მოსავლის აღება. ხალხს უზბეკეთში სურს, რომ მოსავალი ყირგიზეთში წაიღოს, რადგან უზბეკური სუმის კურსი გაცილებით დაბალია, ვიდრე ყირგიზული სომისა. ამდენად, უზბეკეთის ტერიტორიაზე პროდუქციის გაყიდვა ამ ხალხისთვის მომგებიანი არ არის. საზღვრების ხელოვნურმა ჩაკეტვამ სამხრეთი ყირგიზეთის ბაზრებზე სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია. წელს, მაგალითად, ჩვენთან ყველაფერი ძალიან გაძვირდა მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ოლქის ტერიტორიაზეც მოგვყავს მოსავალი და პროდუქცია უზბეკეთიდანაც შემოაქვთ, მაგრამ ადრე უზბეკეთის საზღვრისპირა ზონაში მცხოვრებ მოსახლეობას მთელი თავიანთი პროდუქცია ყირგიზეთში შემოჰქონდა. ახლა მათ ვაჭრობაში დაბრკოლებები ექმნებათ და ისინი იძულებული არიან, მაღალი საბაჟო გადასახადი გადაიხადონ."

ბესი ბრაუნიცა და სვეტლანა გაპაროვაც ფიქრობენ, რომ ფერგანის დაბლობის ზონაში სახელმწიფო საზღვრების გადასინჯვის საკითხის მოგვარება მხოლოდ მის განხილვაში მოსახლეობის აქტიური ჩართვით იქნება შესაძლებელი, რადგან მოსახლეობის მხარდაჭერის გარეშე მთავრობის არც ერთ გადაწყვეტილებას განხორციელება არ უწერია.

"რადიო თავისუფლების" ავღანური სამსახურის ხელმძღვანელი ანდრეს ილვესი ფერგანის შემთხვევაში შესაძლებლად მიიჩნევს შეერთებული შტატებისა და მექსიკის მთავრობების გამოცდილების გამოყენებას, რომლებმაც ერთობლივი საზღვრის მონაკვეთზე არსებული პრობლემა გაიოლებული მიმოსვლის ზონების შექმნით გადაწყვიტეს.

დასაშვებია, თუ არა ფერგანის დაბლობში თავისუფალი მიმოსვლის ზონის შექმნა, უზბეკეთის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის შეთანხმების საქმეა. არსებითია ის, რომ 80 წლის წინანდელი კიდევ ერთი ბოლშევიკური ჩანაფიქრი სისრულეში არ მოვიდეს და ფერგანის დაბლობში საზღვრების დემარკაციის საკითხი მოლაპარაკებების გზით გადაწყდეს.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG