Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფინანსთა სამინისტრო გადასახადების გამარტივების ინიციატივით გამოდის


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოს საგადასახადო სისტემამ რამდენჯერმე განიცადა ცვლილება, თუმცა ფისკალური კანონმდებლობა მაინც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. გარდა მძიმე საგადასახადო წნეხისა,

საკანონმდებლო ბაზა მეტისმეტად რთულია, ადმინისტრირების თვალსაზრისით, რაც აისახება კიდეც სახელმწიფო ბიუჯეტზე. საგადასახადო სისტემის დახვეწასთან დაკავშირებით არსებობს რამდენიმე პროექტი, რომელთაგან ერთ-ერთი ფინანსთა სამინისტროშია შემუშავებული.

მას შემდეგ, რაც საგადასახადო კოდექსი იქნა მიღებული, მასში იმდენი ცვლილება შევიდა, რომ თავდაპირველი ვარიანტიდან, ფაქტობრივად, აღარაფერი დარჩა. მიუხედავად ამ პერმანენტული ცვლილებისა, კოდექსი, თავად სპეციალისტების განმარტებით, ურთულეს ეკლექტიკურ დოკუმენტს წარმოადგენს, რომლის წაკითხვა, მეწარმეებს კი არა, თავად ფისკალური ორგანოების თანამშრომლებსაც უჭირთ. სწორედ ამიტომ ქართული ბიზნესის მიმართ საგადასახადო სამსახურები თავიანთი შეხედულებისამებრ, და ხშირად არცთუ უანგაროდ, იყენებენ ამ კანონს.

საგადასახადო კანონმდებლობის უსუსურობაზე საუბარი საქართველოში საკმაოდ პოპულარულია. ამ ბაზის გამარტივებასა და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებაზე მუშაობს რამდენიმე - როგორც სამთავრობო, ისე დამოუკიდებელ ექსპერტთა - ჯგუფი. მომზადებულია კოდექსის ალტერნატიული ვარიანტები, თუმცა ჯერჯერობით არც ერთ მათგანს არ ეღირსა დღის სინათლე. სამაგიეროდ, ბევრია არსებულ კოდექსში შესატან ცვლილებათა რეალიზაციის მოთხოვნა.

რამდენიმე დღის წინ კი ფინანსთა სამინისტრო გამოვიდა ინიციატივით გააუქმონ ექვსი გადასახადი. ცოტა ხანში პარლამენტში შევა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც საგადასახადო კოდექსში მორიგ ცვლილებებსა და დამატებებს ითვალისწინებს. გასაუქმებელი გადასახადების სიაში შედის: საკურორტო გადასახადები, სასტუმროს, რეკლამის, ადგილობრივი სიმბოლიკის გამოყენებაზე, საწვავი მასალების რეალიზაციაზე, სარეკლამო აბრების განთავსებასა და მიწისქვეშა კომუნიკაციების ექსპლოატაციაზე გადასახადები. აღნიშნული გადასახადები საკმაოდ ეფექტურად მუშაობს დასავლეთში, სადაც სისტემაც მოწესრიგებულია, საგადამხდელო კულტურაც არსებობს და ფისკალური სტრუქტურებიც, შედარებით, მეტი პატიოსნებით გამოირჩევიან. ჩვენთან ამ ტიპის გადასახადებს, ფაქტობრივად, სიმბოლური მნიშვნელობა აქვს და ბიუჯეტშიც უმნიშვნელო თანხები შედის. შესაბამისად, მათ გაუქმებაში, შესაძლოა, მართლაც, იყოს ლოგიკა.

ამას გარდა, ფინანსთა სამინისტროს ინიციატივა ეხება რამდენიმე გადასახადის გამარტივებას, კერძოდ, დღგ-ს, ქონებაზე გადასახადის და აქციზებისა.

ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელთა განმარტებით, ცვლილებების შეტანა, პირველ რიგში, მიზნად ისახავს კანონმდებლობის გამარტივებას. უქმდება ის გადასახადები, რომლებიც მცირე ფისკალურ ეფექტს იძლევა და ხასიათდება ადმინისტრირების სირთულით. ფინანსთა სამინისტროში იმედოვნებენ, რომ ცვლილებებს მხარს დაუჭერენ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოშიც.
XS
SM
MD
LG