Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

1 ნოემბრის “დილის გაზეთის” აზრით, მოსკოვში განხორციელებულმა ტერაქტმა რუსულ ისტებლიშმენტში


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 1 ნოემბრის “დილის გაზეთის” აზრით, მოსკოვში განხორციელებულმა ტერაქტმა რუსულ ისტებლიშმენტში საბოლოოდ დაამკვიდრა სრულიად ახალი “ლიბერალურ-შოვინისტური” პარადიგმა,

რომელსაც ვლადიმირ პუტინი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდანვე ავითარებს. ამ პარადიგმის უმთავრესი შემადგენელია “ორმაგი მორალი” აფხაზეთისა და ჩეჩნეთის მიმართ და აგრესიული “კავკასიური პოლიტიკა”. გაზეთი წერს, რომ პუტინის დოქტრინა კავკასიისა და საქართველოს მიმართ სულ უფრო მკაფიოდ იკვეთება – კერძოდ, ლაპარაკი ზედმეტია რუსეთის წასვლაზე ამ რეგიონიდან, ვინაიდან კავკასია რუსეთის “გეოპოლიტიკური მზის წნულშია” და აქედან წასვლა რუსული სახელმწიფოსთვის კატასტროფის ტოლფასი იქნებოდა. “დილის გაზეთი” წერს:


“რუსეთისთვის კავკასიაში სწორედ საქართველოში დარჩენაა საკვანძო საკითხი. ძნელი სავარაუდოა, რომ რუსეთი უდიდესი საერთაშორისო ძალისხმევისა და ზემოქმედების გარეშე შეასრულებს სტამბოლის შეთანხმებას და გაიყვანს ბაზებს ახალქალაქი-ბათუმიდან. ეს კი არა, მათ თბილისიდან შტაბის გატანაც კი არ სურთ, რომელიც, ფაქტობრივად, კიდევ ერთი ბაზაა, თანაც უცხო ქვეყნის დედაქალაქში.
ვიდრე რუსული ბაზები საქართველოში იმყოფება, როგორი განაცხადიც არ უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ ნატოს პრაღის სამიტზე, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი, უბრალოდ, ვერ მიიღებს დადებით გადაწყვეტილებას ჩვენ მიმართ, ვიდრე ქვეყნის ტერიტორიაზე იდგება თუნდაც ერთი არანატოსწევრი სახელმწიფოს ჯარისკაცი. იმასაც ვერ ვიტყვით, თითქოს საქართველოს ხელისუფლება საერთოდ არ ცდილობს რუსეთის ბაზების გატანას. მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ რუსეთს განზრახული აქვს, ათეულობით წლის განმავლობაში გაჭიმოს მოლაპარაკებები იმის შესახებ, თუ შემდგომ რამდენი წელი დასჭირდება ჯარების გაყვანას. ბოლოს კი, როცა საქმე საქმეზე მიდგება, ჯარებს მოსახლეობა “არ გაუშვებს” – ეს ტექნოლოგია გუდაუთაში უკვე დამუშავებულია.
სხვაგვარად თუ ვიტყვით, რუსეთს სურს საქართველოში სტატუს-კვოს შენარჩუნება, რათა არ დაუშვას ალტერნატიულ გეოპოლიტიკურ ძალთა მომძლავრება რეგიონში. მოსკოვში შესანიშნავად ხვდებიან, რომ 100 ან თუნდაც 200 ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორი წონასწორობას ვერ შეცვლის. სხვა საქმე იქნებოდა, რუსული ბაზები რომ არ იყოს ქვეყანაში. მეორე ბერკეტია “გაყინული კონფლიქტები”. ამ კონფლიქტების “გალღობას” რუსეთი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში განახორციელებს. მანამდე “გაყინულ” მდგომარეობაში მათი ყოფნით კრემლი თავისთვის სასარგებლო რეალობას აფიქსირებს. ნატოს წესდებაში სიტყვასიტყვით წერია, რომ წევრობის კანდიდატად შეიძლება ჩაითვალოს ის ქვეყანა, რომელსაც არა აქვს სასაზღვრო და შიდა კონფლიქტები. ჩეჩნეთის მონაკვეთზე მუდმივი დაძაბულობაც ამ მიზანს ემსახურება. აფხაზეთისა და ცხინვალის კონფლიქტებს რუსეთი შემდგომაც “დააკონსერვებს”. არც მათ დამოუკიდებლობას ცნობს, მაგრამ არც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რეალურ აღდგენას დაუშვებს. კრემლი ყველანაირად შეეცდება მუდმივ აქცენტირებას იმ გარემოებაზე, რომ ეს ტერიტორიები თბილისს არ ემორჩილება. არ არის გამორიცხული სპეცსამსახურთა პროვოკაციები ნავთობ-გაზსადენების წინააღმდეგაც. ასეთია პუტინის “კავკასიური სტრატეგია”, რომელიც აღარასოდეს შეიცვლება.”




“რუსეთი განტევების ვაცს ეძებს,” – წერს 1-7 ნოემბრის გაზეთი “ახალი ეპოქა”, რომლის თქმითაც, საქართველოს ხელისუფლების მცდელობის მიუხედავად, კრემლი კვლავ განაგრძობს აგრესიულ პოლიტიკას ოფიციალური თბილისის წინააღმდეგ. “ნორდ-ოსტის” “წარმატებული” ოპერაციის შემდეგ რუსეთის ხელმძღვანელობა ისე გაერთო, რომ რეალობას ვეღარ აღიქვამს. საქართველოზე ძალადობას კი, უპირველესად, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე დაკავებული 13 მებრძოლიდან დარჩენილი რვის ექსტრადიციის მოთხოვნის სახე აქვს. გაზეთი წერს:


“მოსკოვის ტრაგედიის შემდეგ პუტინ-შევარდნაძის გასაიდუმლოებული სატელეფონო საუბრის თემამ “სამართლებრივ პაექრობაში” გადაინაცვლა. ეჭვი, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ქართველ კოლეგას სწორედ 8 პატიმრის ექსტრადიცია მოსთხოვა, ფაქტობრივად, გამართლდა. საქართველოს გენერალურმა პროკურორმა საგანგებო ბრიფინგი მოიწვია და იმის მტკიცება დასჭირდა, რომ საქართველო არ აპირებს მოსკოვისთვის ჩეჩნების გადაცემას.
ნიშანდობლივია ისიც, რომ რუსეთის პრეზიდენმა თავის განცხადებაში ძალოვან უწყებებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, გაააქტიურონ ანტიტერორისტული მოქმედება მთელს პოსტაბჭოთა სივრცეში. პუტინს კონკრეტულად საქართველო არ დაუსახელებია, თუმცა ეს “ხარვეზი” შეავსეს რუსეთის სათათბიროს დეპუტატებმა. რუსი პარლამენტარები მოწონებით შეხვდნენ პრეზიდენტის განცხადებას და ძალოვნებს ანტიტერორისტული თავგანწირვისთვის, არც მეტი, არც ნაკლები, საქართველოში არსებული სამხედრო ბაზების გამოყენებაზე მიანიშნეს.
როგორც ჩანს, ახლო მომავალში კვლავ დადგება დღის წესრიგში კრემლის ძველი, საქართველოს ხელისუფლებისგან ერთხელ უკვე სამართლიანად უარყოფილი, მოთხოვნა – “ჩეჩნეთის პრობლემის მოგვარებისთვის” საქართველოში განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზების ჯარისკაცთა “დასაქმების” შესახებ.
ფაქტია, საქართველოს რუსი სამხედროების საჯირითო პოლიგონად გადაქცევას დასავლეთი არ დაუშვებს და კიდევ უფრო გაააქტიურებს დიპლომატიურ ზემოქმედებას მოსკოვზე, რათა რუსეთმა საქართველოდან რაც შეიძლება სწრაფად გაიყვანოს სამხედრო ბაზები, რომელთა არსებობა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე კარგა ხანია საფრთხეს უქმნის სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას.”



კიდევ ერთი თემა, რომელიც უაღრესად პოპულარული იყო გასული კვირის ქართულ პრესაში, იმპიჩმენტის საკითხი გახლავთ. 1-7 ნოემბრის გაზეთ “ახალი 7 დღის” შენიშვნით, სიტყვა იმპიჩმენტი ბოლო პერიოდში ქართველი პოლიტიკოსების უსაყვარლეს ლექსიკურ ერთეულად იქცა. გაზეთის აზრით, იმპიჩმენტომანიით შეპყრობილი ქართული პოლიტიკური ისტებლიშმენტი, პირობითად, რამდენიმე ჯგუფად შეიძლება დავყოთ:


“ ერთნი ითხოვენ სახელმწიფო მინისტრ ჯორბენაძის იმპიჩმენტს; მეორენი – პრეზიდენტ შევარდნაძის იმპიჩმენტს; დანარჩენები – ერთდროულად, პრეზიდენტისა და აჭარის ლიდერ აბაშიძის, აგრეთვე, სახელმწიფო მინისტრის იმპიჩმენტს. ექსპერტები ღიად აცხადებენ, რომ ამ ბრძოლაში უფრო მნიშვნელოვანია არა საკუთრივ დეკლარირებული მიზნები – ანუ ამა თუ იმ პოლიტიკური ფიგურის გადაყენება დაკავებული პოსტიდან, არამედ ამ ბრძოლის შეფარული, თვალით უხილავი მიზნები. უფრო კონკრეტულად: იმპიჩმენტის მოთხოვნა, რომელსაც სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები სხვადასხვა თანამდებობის პირების მისამართით აყენებენ, სინამდვილეში არის ერთგვარი იარაღი იმისთვის, რომ ამ პოლიტიკურმა ჯგუფებმა ადგილი დაიმკვიდრონ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში; ამ სივრცის სრულუფლებიანი და კონკურენტუნარიანი წევრები გახდნენ და, შესაბამისად, გამარჯვება მოიპოვონ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში.”


ამ კვირის ბოლოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ბოლოს და ბოლოს, დაამტკიცა თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგი. თუმცა ამ პროცესს მშვიდობიანად არ ჩაუვლია. “ დიდი ნაციონალური ცემა-ტყეპა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში,” “თბილისის საკრებულო მუშტი-კრივით დაიბადა”, “ ნაციონალური აყალმაყალის პერიპეტიები” – ასე გამოეხმაურა ქართული პრესა 1 ნოემბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში განვითარებულ მოვლენებს. 2 ნოემბრის გაზეთი “რეზონანსი” წერს:


“გუშინ “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებმა ყოფილი იმელის შენობა – ცესკოს შტაბბინა შტურმით აიღეს. შეიარაღებულ “ნაციონალისტებს” იმელისა და აფხაზეთის უზენაესი საბჭოს დაცვამ მედგარი წინააღმდეგობა გაუწია. ნაციონალისტების “ამომრჩეველთა ჯგუფი” (სააკაშვილის სიტყვებით) შენობას ხელჩართული ჩხუბით სართულ-სართულ იკავებდა, მეწინავე რიგებს კი მოძრაობის ლიდერები მიუძღოდნენ. თუმცა გულუბრყვილო სახეებით თვითონვე კითხულობდნენ, ეს ვინ არიან და აქ რა უნდათო...ერთი შეხედვით, სიტუაციაში გარკვევა, მართლაც, ჭირდა, მაგრამ რამდენიმე წუთში მიხეილ სააკაშვილის გამოჩენამ ყველაფერს ნათელი მოჰფინა. მისი განცხადებით, ცესკოს მათი დაჩაგვრა ჰქონია ნაბრძანები და “ამომრჩევლებიც” საკუთარი რჩეულების დასახმარებლად იყვნენ მისულნი. თუმცა იარაღის ხსენებისას ყველაფერი პროვოკატორებს დაბრალდა.”


2-4 ნოემბრის გაზეთ “ალიას”ვერსიით, ცენტრალური საარჩევნო კომისია ყოველგვარი ზეწოლის გარეშე აპირებდა თბილისის საკრებულოს შედეგების დამტკიცებას, მაგრამ ნაციონალურმა მოძრაობამ სულ სხვა მიზეზით გააჩაღა მუშტი-კრივი – სპორტის სასახლეში ტარდებოდა გაერთიანებული დემოკრატების პირველი ეროვნული კონვენტი, სადაც მეტად მნიშვნელოვანი განცხადებები გაკეთდა. სპორტის სასახლის მოვლენები აშკარად დაიჩრდილა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მომხდარი სკანდალით – თვლის გაზეთი “ალია”. 2 ნოემბრის “მთავარი გაზეთი” კი აცხადებს, რომ ზურაბ ჟვანია საპრეზიდენტოდ ემზადება. გაზეთი წერს:


“სპორტის სასახლეში გამართული ღონისძიება სრული ანშლაგით წარიმართა. რეგიონებიდან ჩამოსული ჯგუფების ლოზუნგები ერთმანეთს ზურაბ ჟვანიას მხარდაჭერაში ეჯიბრებოდნენ. ზურაბ ჟვანიას გუნდი დღეიდან იმ პოლიტიკური მიზნისკენ სვლას იწყებს, რომელიც ასე ჟღერს – “დავალაგოთ ჩვენი ქვეყანა.”
როგორც ზურაბ ჟვანია აცხადებს, სავალი გზა ურთულესი იქნება. ამ ეტაპზე აქტუალური მოწინააღმდეგე ობიექტი – შევარდნაძე და მისი ხელისუფლებაა. თუმცა რა იქნება მას შემდეგ, რაც საქართველოში პოსტშევარდნაძისტული პერიოდი შევა ძალაში – ჟვანია ამბობს, რომ მარტო ის არის “ერთადერთი, უალტერნატივო და ჭეშმარიტი”. მის მიერ გაკეთებული განცხადებაც სწორედ უკომპრომისო ბრძოლის წარმოებას გულისხმობს. ამ ბრძოლის შევარდნაძესთან მოგება, პრინციპში, ყველაზე იოლია, რადგან 2005 წელს მისი ეპოქა კონსტიტუციურად მთავრდება, ხელისუფლების მანამდე ცვლა კი თავად გაერთიანებულ დემოკრატთა გეგმაში კატეგორიულად არ თავსდება. შესაბამისად, ჟვანიას გადამწყვეტი ბრძოლა სწორედ ნაციონალურ ფრონტზე უნდა გაიმართოს.”
XS
SM
MD
LG