Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი და რუსი პოლიტოლოგების შეხვედრა თბილისში


საქართველოსა და რუსეთის ხელისუფალთა მრავალწლიანმა უნაყოფო მცდელობამ გადაეწყვიტათ ორი ქვეყნის ურთიერთობაში დაგროვილი პრობლემები, პოლიტოლოგები და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები დაარწმუნა,

რომ სანამ საკითხი პოლიტიკური ხელმძღვანელობის განსახილველად გავა, საჭიროა ფართო დიალოგის დაწყება სხვადასხვა ფოკუსჯგუფებს შორის. ქართველ და რუს პოლიტოლოგებს ამგვარი დიალოგის გამართვის საშუალება, ფრიდრიხ ებერტის ფონდის ხელშეწყობით, 8 ნოემბერს მიეცათ. თუმცა თბილისში გამართულმა პირველმა შეხვედრამ ცხადყო, რომ ურთიერთგაგების მისაღწევად მხარეებს ძალიან ბევრ სტერეოტიპზე მოუწევთ უარის თქმა.

სახელმწიფოებს შორის აბსოლუტურად ჰარმონიული ურთერთობა, ალბათ, წარმოუდგენელია, მაგრამ საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული პრობლემების ჩამონათვალი ყველაზე გამოუსწორებელ ოპტიმისტსაც კი მხოლოდ შიშს მოჰგვრის. ფაქტობრივად, არ არსებობს სფერო, სადაც ორ ქვეყანას შორის ნორმალური ურთიერთობა არსებობდეს. ასეთ ვითარებას მოსკოვის სტრატეგიულ შეფასებათა ცენტრის დირექტორი სერგეი ოზნობიშევი "ცივ მშვიდობას" უწოდებს, თუმცა მიაჩნია, რომ ამგვარი მდგომარეობიდან საუკეთესო გამოსავალს კონტაქტების აღდგენა და დიალოგის განახლება წარმოადგენს.
[სერგეი ოზნობიშევის ხმა] "ნეგატივი დაგროვდა და იგი დაგროვდა იმის გამო, რომ არ არის კონტაქტი და არ არსებობს ნორმალური დიალოგი. დღევანდელი ამ ღონისძიებით ჩვენ ვცდილობთ, დავიწყოთ ასეთი ურთიერთობა. რაც შეეხება შედეგს, ჩვენ არ ვაპირებთ რაიმე დოკუმენტის შემუშავებას, მაგრამ დიდი სურვილი გვაქვს, რომ მივაწოდოთ გარკვეული რეკომენდაციები აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებს. მეორე მხრივ კი, უნდა დავიწყოთ სერიოზული საექსპერტო მუშაობა იმ ხერგილების ასაღებად, რაც ჩვენს ურთიერთობაში წარმოიშვა."

საქართველოში მიაჩნიათ, რომ უმთავრესი დაბრკოლება, ამ თვალსაზრისით, აფხაზეთის პრობლემაა და ამიტომ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის დარეგულირება სწორედ ამ პრობლემის მოგვარებით უნდა დაიწყოს. უწინარეს ყოვლისა კი, რუსეთმა უარი უნდა თქვას ორმაგი სტანდარტის პოლიტიკაზე: შეწყვიტოს რუსეთის მოქალაქეებად აფხაზების ჩაწერა, აკრძალოს აფხაზეთის ოფიციალური წარმომადგენლობა მოსკოვში და მხარი დაუჭიროს ე.წ. დიტერ ბოდენის დოკუმენტს, რომელიც აფხაზეთის სტატუსს ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში განსაზღვრავს. თუმცა, როგორც განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრ მალხაზ კაკაბაძეს მიაჩნია, რუსეთს ჯერ კიდევ ბევრი დრო დასჭირდება იმპერიული სტრეოტიპებისგან საბოლოოდ გათავისუფლებისათვის.

[მალხაზ კაკაბაძის ხმა] "იცით, აფხაზეთი არის შედეგი იმ განწყობისა, რომელიც რუსეთ-საქართველოს შორის ჩამოყალიბდა, ვთქვათ ასე უხეშად, დამოუკიდებლობის მიღების დღიდან. ეს არის შედეგი გარკვეული აზროვნების, მე ასე ვეძახი. აზროვნებისთვის მიუღებლობა საქართველოს დამოუკიდებლობის თავად იდეისა. ამის ტრანსფორმაცია ხდება ალბათ ნელა. ეს პროცესი მიმდინარეობს." [სტილი დაცულია]

პროცესის გასაგრძელებლად რუსეთის ფედერაციის საბჭოს აპარატის წარმომადგენელმა ლარისა ვდოვიჩენკომ წამოაყენა სამხრეთ კავკასიის ქვეყნების საპარლამენტთაშორისო მუდმივმოქმედი ჯგუფის შექმნის იდეა. რუსეთის სამხედრო რეფორმების ხელშემწყობი საზოგადოებრივი ფონდის ხელმძღვანელი პაველ ზოლოტარევის აზრით კი, სანამ ახალ ჩარჩო ხელშეკრულებას მოეწერებოდეს ხელი, მანამდე მხარეებმა შეიძლება იფიქრონ ნავთობსადენის ერთობლივ დაცვაზე, რაც კარგი წინაპირობა იქნებოდა სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გასაღრმავებლად. შემხვედრ ინიციატივად პარლამენტარმა კახა ჩიტაიამ წამოაყენა შავ ზღვაზე თანამშრომლობის იდეა, რუსეთ-თურქეთ-საქართველოს მონაწილეობით. მაგრამ საქმეც ისაა, რომ ამ იდეების რეალიზებას, სურვილის გარდა, სამართლებრივი მექანიზმები და სათანადო სახელშეკრულებო ბაზა სჭირდება. მისი მიღება კი იმ ადამიანებზეა დამოკიდებული, რომელთა მიყვანას მოლაპარაკებათა მაგიდასთან, როგორც ერთმა პოლიტოლოგმა იხუმრა, ცალკე ხელშეკრულება სჭირდება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG