Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უჯარო გენერლებისა და მთავარსარდლების ქვეყანა


სამხედრო ძალებში საშემოდგომო გაწვევის პირველი თვე

კატასტროფული შედეგით მთავრდება. რაიონულმა სამხედრო კომისარიატებმა, რომლებიც ჯერ კიდევ პასუხს აგებენ სამხედრო უწყებების ცოცხალი ძალით დაკომპლექტებაზე, 10 724 წვევამდელიდან მხოლოდ 227-ის გაწვევა მოახერხეს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გაწვევის ვადა 30 დეკემბერს იწურება, გეგმის შეუსრულებლობის შემთხვევაში, რაც ეჭვს აღარ იწვევს, ქვეყანა სერიოზული საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება: საქართველოს ეყოლება ძალოვანი მინისტრები, ოქროცურვილი სამხრეებითა და ნაირ-ნაირი ჯილდოებით დამშვენებული გენერალიტეტი, მსოფლიოში უძლიერესად დაცული უმაღლესი მთავარსარდალი, მაგრამ არ ეყოლება რეგულარული სამხედრო ძალა. და რაც უფრო გააჭიანურებს ხელისუფლება პროფესიულ არმიაზე გადასვლის პროცესს, მით უფრო დიდხანს შერჩება საქართველოს უჯარო გენერლებისა და დეზერტირების ქვეყნის სახელი.

საქართველოში სამხედრო გაწვევის ორგანიზება ძალიან წააგავს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების პროცესს: მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურად ადგილი აქვს სერიოზულ კრიზისს, ხელისუფლება ცდილობს მხოლოდ ფასადური ცვლილებებით მოაგვაროს პრობლემა. ხოლო ამგვარი ნახევარზომებით თუ რა გამოდის, ყველამ იცის. წინა საგაზაფხულო გაწვევაზე სამხედრო კომისარიატებმა საერთო გეგმა მხოლოდ 67%-ით შეასრულეს, ანუ სამხედრო ძალებს დაახლოებით 1500 ჯარისკაცი დააკლეს. და ეს მაშინ, როცა საქართველოში წვევამდელთა საკმაოდ სერიოზული რეზერვი არსებობს. სამხედრო კომისარიატის ოფიციალური მონაცემით, საქართველოში ყოველწლიურად 180 ათასი წვევამდელის აღრიცხვა ხდება. მაგრამ ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს მათ ჩაბმას სამხედრო სამსახურში. ამის მიზეზი კი ყოვლად ბანალურია: არმიის არსებობის ათი წლის განმავლობაში ხელისუფლებამ სამხედრო სამსახური ვერაფრით გახადა მიმზიდველი, ნებაყოფლობით კი სამხედრო ვალდებულების შესრულება და ოჯახს წელიწადნახევრით მოწყვეტა არავის სურს.

მიმდინარე საგაზაფხულო გაწვევის კამპანია, ამ მხრივ, ყველაზე თვალსაჩინო ბარომეტრია. თუ აქამდე წვევამდელებს პირდაპირ ქუჩაში იჭერდნენ და გამწვევ პუნქტებზე ხშირად ბადრაგის თანხლებით მიჰყავდათ, ამჟამად სამხედრო კომისარიატის მუშაკები ყმაწვილებს გამწვევ პუნქტებზე ელოდებიან. ექსპერიმენტის შედეგები საგანგაშოა. 10 750 კაციხ ნაცვლად, სამხედრო სამსახურში გაწვევის სურვილი 227 ახალგაზრდამ გამოთქვა და მათაც გარკვეული მოტივაცია აქვთ: მიღებულია, რომ წვევამდელთა პირველი ნაკადით ელიტარული სამხედრო ქვედანაყოფები - თავდაცვის სამინისტროს კოჯრის ან შინაგანი ჯარების მუხროვანის ბრიგადები კომპლექტდება. პრობლემატური არც სახელმწიფო დაცვის სახელმწიფო სამსახურის მოთხოვნის დაკმაყოფილება იქნება, რადგან ის 400 ახალგაზრდა, რომლებსაც პრეზიდენტის სვლაგეზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, დედაქალაქში განლაგებული საელჩოებისა და რეზიდენციების დაცვა ევალება, ჩვეულებრივ ხელფასიან სამუშაოს ასრულებს და, თანაც, კვირაში ორ დღეს სახლში ატარებს. ასე რომ, მოტივირებულ წვევამდელთა რიცხვი გაწვევის ვადის დამთავრებამდე, შესაძლოა, 1000 კაცამდე ავიდეს. მაგრამ სად უნდა მოიძებნოს დანარჩენი 9750 კაცი? ეს შეკითხვა აქტუალურია იმდენად, რამდენადაც სამხედრო სამსახურში წვევამდელთა გაწვევა და დემობილიზება პარალელური პროცესია. ანუ, თუ არ იქნება შევსება, ისე სამხედრო სავალდებულო სამსახურგავლილი მოქალაქე სამხედრო ნაწილს ვერ დატოვებს, რადგან მაშინ საერთოდ დაუცველი დარჩება ტყვია-წამლის, ტექნიკისა და შეიარაღების საცავები. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის საორგანიზაციო-სამობილიზაციო სამმართველოს პოლკოვნიკ გელა უღრელიძის თქმით, ასეთი საშიშროება რეალურია. თუმცა სამხედრო ხელმძღვანელობა, როგორც ყოველთვის, დროებითი ღონისძიებით შეეცდება არც მწვადი დაწვას და არც შამფური.

[გელა უღრელიძის ხმა] "წელიწადნახევარი ვინც იმსახურა, იმას დაითხოვენ. იმის გაჩერების უფლება შენ კანონით არ გაქვს, მაგრამ ის ორი გაწვევის ხალხი ჩაენაცვლება მაგათ. რა თქმა უნდა, პრობლემა არის, იმიტომ რომ ჯარისკაცი აღარ იქნება. დღეს, კაი, ჩაენაცვლება ვინმე, მაგრამ მაისში ვინ ჩაენაცვლება? ვერავინ."

მაისის შემდეგ, ანუ საგაზაფხულო გაწვევაზე კი, ვითარება კიდევ უფრო არაპროგნოზირებადი იქნება. სავალდებულო სამხედრო სამსახურის კანონში ივლისის ბოლოს შესული შესწორების თანახმად, მომავალი წლის 29 იანვრიდან არმიის დაკომპლექტება მთლიანად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში მყოფ სამხედრო განყოფილებაზე გადავა, სამხედრო კომისარიატი კი მხოლოდ გასაწვევი რესურსის აღრიცხვასა და რეზერვისტთა მობილიზებაზე იქნება პასუხისმგებელი. ამიტომაცაა, რომ კომისარიატის წარმომადგენლები აღარ იწუხებენ თავს მიმდინარე გაწვევის გეგმის შესასრულებლად კარდაკარ სირბილით. ეს ხომ მათი ბოლო გაწვევაა, რის შემდეგაც ერთ დროს მრისხანე კომისარიატის სახელი დავიწყებას უნდა მიეცეს. ამ საბჭოურ სტრუქტურას არავინ დაიტირებს, იმ ადამიანების გარდა, ვინც მის დერეფნებში ძალაუფლებას და სიმდიდრეს მოუყარა თავი. მაგრამ ვინ მოდის მათ ნაცვლად? რას წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში შექმნილი ის სტრუქტურა, რომელმაც ჭაბუკების სამხედრო სამსახურში გაწვევა უნდა უზრუნველყოს? ამ შეკითხვით მივმართეთ ჯარისკაცთა და სამხედრო მოსამსახურეთა უფლებათდამცველ არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართალი და თავისუფლების" წარმომადგენელს, ირაკლი სესიაშვილს, რომელიც რამდენჯერმე შეეცადა დაედგინა, თუ რას წარმოადგენს ახალი სტრუქტურა.

[ირაკლი სესიაშვილის ხმა]" ვერანაირი პასუხი ვერ მივიღე, თუ უშუალოდ ვინ იქნება ამ საქმის სათავეში, ვინ განახორციელებს უშუალოდ, რა შტატი იქნება, რა ფუნქციებითა და, ასე ვთქვათ, ამოცანებით იქნება დაკავებული. და ეს თუ დღეს გარკვეული არ არის, ეს ნიშნავს იმას, რომ 2003 წლის პირველი იანვრიდან ეს სისტემა, უბრალოდ, ვერ გადავა ადგილობრივი მმართველობის ორგანოებზე."

ასეთ შემთხვევაში სრულიად ბუნებრივად იბადება კითხვა, არსებობს თუ არა გამოსავალი ამგვარი მოჯადოებული წრიდან. უფრო სწორად, ეს შეკითხვა ზუსტად იმდენი ხანია არსებობს, რამდენ წელსაც ითვლის საქართველოს არმია, და მასზე პასუხიც ცნობილია. ეს არის სამხედრო საქმის პროფესიად ქცევა, ნაცვლად ვალდებულებისა, და სამხედრო ბიუჯეტის განაწილება არა ყველაზე, არამედ მხოლოდ იმ ადამიანებზე, ვინც თავის ცხოვრებას სამხედრო საქმეს დაუკავშირებს. მაგრამ რაკი ეს გამოსავალი საქართველოს ხელისუფლებას საკუთარმა მწარე გამოცდილებამ ვერ დაანახვა, მაშინ ამას დაცარიელებული ყაზარმები დაანახვებს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG