Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას მოითხოვენ ინვალიდები საქართველოში და რას ჰპირდება მათ ხელისუფლება


დავით პაიჭაძე, თბილისი დემოკრატია, თავისუფლება, საზოგადოების ჰუმანურობა მრავალი პარამეტრით იზომება და ერთი მათგანია სახელმწიფოსა და მოქალაქეთა დამოკიდებულება სხვადასხვა უნარშეზღუდული ადამიანების მიმართ.

ხუთშაბათს, 14 ნოემბერს, საქართველოში მცხოვრებ ასეულობით უნარშეზღუდულ ადამიანს საშუალება მიეცა, შეკრებილიყო და საზოგადოებისა თუ ხელისუფლებისათვის თავისი პრობლემები დაენახვებინა: ფილარმონიის დარბაზში გაიმართა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (ინვალიდთა) და ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციების ფორუმი, დევიზით “21-ე საუკუნე ყველასათვის”. ფორუმს საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებიც ესწრებოდნენ. შეზღუდული შესაძლებლობის მოქალაქენი, უწინარესად, მათგან მოელოდნენ მხარდაჭერასა და შემწეობას.

ფილარმონიაში გამართულ ფორუმზე არაერთხელ თქვეს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანებს სხვათა თანაგრძნობა და სიბრალული კი არა, ქმედითი დახმარება სჭირდებათ, რამაც ხელი უნდა შეუწყოს მათ სრულფასოვან ინტეგრაციას დანარჩენი საზოგადოების ცხოვრებაში. ამის მიუხედავად, ძნელი იყო სწორედ თანაგრძნობისა და გულისტკივილის შეკავება უამრავი ინვალიდის – მოხუცის, ახალგაზრდისა თუ ბავშვის - ხილვისას. მართალია, თანამედროვე პოლიტკორექტული ენა კრძალავს ტერმინ “ინვალიდის” გამოყენებას, მაგრამ ფორუმზე ეს სიტყვა მაინც ხშირად ისმოდა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა, შეიძლება ითქვას, დაინდეს ხელისუფლების წარმომადგენლები, როცა აღწერეს წლების მანძილზე განხორციელებული სახელმწიფო პოლიტიკა ინვალიდთა მიმართ და, შეფასების სახით, განაცხადეს, რომ სახელმწიფო ვერ ახერხებს მათ რეაბილიტაციას, საზოგადოებაში ინტეგრაციას და, არსებითად, შუა გზაზე უღალატა მოქალაქეებს. შეზღუდული შესაძლებლობის მოქალაქეთა კორექტულ და კრიტიკულ გამოსვლებს დაემატა ფორუმის რეზოლუცია, რომლითაც საქართველოს პარლამენტის წევრმა გოგა კოხრეიძემ ინვალიდთა ძირითადი სათქმელი და მოთხოვნა გამოხატა [კოხრეიძის ხმა]: “შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დისკრიმინაცია დაუშვებელია და უნდა ისჯებოდეს კანონით. ამასთან დაკავშირებით, შესაბამისმა სახელმწიფო სტრუქტურებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ორი თვის განმავლობაში მოამზადონ წინადადებები არსებულ კანონმდებლობაში ცვლილებების შესატანად. სახელმწიფო ბიუჯეტის შევსების ღონისძიებათა გაუმჯობესების მიზნით, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ერთი თვის ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება წარმოდგენილი აღრიცხვიანობის პროგრამის ამოქმედებისა და ცხოვრებაში გატარების შესახებ. იმასთან დაკავშირებით, რომ 2003 წელი გაეროს მიერ გამოცხადებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის წლად, ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, გამოსცეს შესაბამისი ბრძანებულება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის ღონისძიებების შემდგომი გაუმჯობესების შესახებ”.

გოგა კოხრეიძემ და მისმა ძმამ დავითმა წარმოადგინეს შეზღუდული შესაძლებლობის პირთა დასაქმების პროექტი, რომლის განხორციელებაც, ავტორთა რწმუნებით, შემოსავალს მისცემს ინვალიდებსაც და სახელმწიფოსაც, ხელს შეუწყობს აღრიცხვიანობის მოწესრიგებას და ინვალიდთა სრულფასოვან საზოგადოებრივ შრომასა და ცხოვრებას. ეს ყველაფერი წარმოადგენდა გამოწვევას საქართველოს ხელისუფლების ფორუმზე დამსწრე უმაღლესი თანამდებობის პირთათვის, რომელთაც უნდა ეპასუხათ თანამოქალაქეთა წუხილისათვის: პარლამენტის თავმჯდომარე მათ დაჰპირდა კანონმდებლობის გაუმჯობესებას, სახელმწიფო მინისტრი - მრავალი მიზნობრივი პროგრამის განხორციელებას. ხოლო პრეზიდენტმა შევარდნაძემ რამდენჯერმე განაცხადა, რომ ყურადღებით უსმენდა გამომსვლელებს, გადაუჭრელ პრობლემებს ვერ ხედავს და შეზღუდული შესაძლებლობის პირებს უახლოეს მომავალში შეხვედრა აღუთქვა. უფრო კონკრეტული იყო სახელმწიფო მინისტრი, რომლის დაპირებათა შესრულებას ამიერიდან სხვადასხვა უნარშეზღუდული ათეულ ათასობით ადამიანი მიადევნებს გულისყურს.
XS
SM
MD
LG