Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ფერადი ქალაქი” ნაცრისფერ თბილისში


დღეს თბილისში უჩვეულო აქცია დასრულდება. “ფერადი ქალაქი” ჰქვია ეგრეთ წოდებულ “გრაფიტის”, რომელსაც გია ბუღაძე და მისი კოლეგები ნოემბრის დასაწყისიდან ჩიქოვანის ქუჩაზე,

სამასმეტრიან საყრდენ კედელზე, ხატავდნენ.

პავლე ფლორენსკი ხატწერას კედლის გაცოცხლებას ადარებდა და ამტკიცებდა, რომ კედელი სამყაროს ონტოლოგიური ურყეობის სიმბოლოა. ნებისმიერი სიბრტყე, რომელიც რაიმე ნიშნითაა გაცოცხლებული, პოტენციური ენერგეტიკული გარემოს ასოციაციას ქმნის – არის საზღვარი ხილულსა და უხილავს შორის. თავის დროზე სწორედ ასეთ ენერგეტიკულ ხატს დაემსგავსა ბერლინის კედელი, რომელიც დასავლეთის მხრიდან “გრაფიტით” შეამკეს, მათ შორის, ქართული წარწერითაც “ძირს იმპერია!”... იმპერია დაემხო, ბერლინის კედელი დაინგრა, კედლის ფერად-ფერადი ნამსხვრევები კი ჩვეულებრივ სუვენირებად იქცა. მას შემდეგ უკვე დიდი დრო გავიდა და ახალი კედელი აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში, საბედნიეროდ, აღარ აუშენებიათ.

მხატვრები - გია ბუღაძე, ნიკო და მამუკა ცეცხლაძეები, თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტები - ამტკიცებენ, რომ თბილისში, ჩიქოვანის ქუჩაზე, სამასმეტრიანი საყრდენი კედელი დღეს ყველაზე გრძელია ევროპაში. ამ კედელს ვერავინ დაანგრევს, რადგან საყრდენია, მაგრამ მოხატვას, გაფორმებას, წარწერებს (თუ გნებავთ, უცენზურო წარწერებსაც) კედელი ადვილად ექვემდებარება. ჩიქოვანის ქუჩის კედლის მოხატვის იდეა, როგორც გაირკვა, თავად მშენებლებს დაბადებიათ... და, აბა, ვის უნდა განეხორციელებინა ეს მისია, თუ არა გია ბუღაძეს, რომლისთვისაც “კედელი” კარგა ხანია “სურათად”, თუ გნებავთ, “ხატად” იქცა. თავიდან შეიქმნა ესკიზი “ფერადი ქალაქის” გამოსახულებით, რომელიც კედელზე უნდა გადატანილიყო, მაგრამ მოხატვის პროცესში იმდენი ხალხი ჩაერთო, მათ შორის, იმდენი ბავშვი, რომ ესკიზიდან აღარაფერი დარჩა, გარდა სიჭრელისა. მეტიც, “კედლის ქალაქი” კიდევ უფრო ჭრელი, უფრო ფერადოვანი აღმოჩნა, ვიდრე ის, რომელიც ესკიზზე იყო გამოხატული.

სიბრტყის ამგვარი გაცოცხლება, როგორც წესი, სამყაროს ახსნის, მის იდუმალებაში გარკვევის სურვილს გამოხატავს ხოლმე. ნიშანდობლივია, რომ პირველად, როცა ჩვენი მხატვრები ფუნჯებითა და საღებავებით ჩიქოვანის ქუჩის კედელს შეესივნენ, ყოველი მათგანი ერთსა და იმავეს ამბობდა: ჯერ არ ვიცი, რა გამოვაო... დღეს უკვე შეგვიძლია ვნახოთ, რა გამოვიდა ამ “კოლექტიური შემოქმედებიდან” – “გამოვიდა” არა სამასმეტრიანი კედელი-საზღვარი, არამედ უზარმაზარი ფანჯარა, რომელმაც ნაცრისფერ ქალაქს ფერადი სამყარო დაანახვა. რეალურად ასეთი სამყარო არ არსებობს, მაგრამ თუკი მას ხედავენ, თუკი მასზე ოცნებობენ, ჯერ კიდევ რჩება შანსი, რომ თბილისმა თავისი ადრინდელი სახე დაიბრუნოს – ისევ მხიარულ ქალაქად გადაიქცეს.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG