Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

14 ნოემბერს ქართული პოეზიის მოყვარულებმა მურმან ლებანიძის


14 ნოემბერს ქართული პოეზიის მოყვარულებმა მურმან ლებანიძის

დაბადების 80 წლისთავი აღნიშნეს. თანამედროვე ქართული პოეზიის კლასიკოსს თავის იუბილემდე სულ რამდენიმე თვე არ დასცალდა. იგი წელს, აგვისტოში, გარდაიცვალა. “ლექსი - სამეფო ხილი და რჩეულთა საზრდოაო,” – უთქვამს ერთხელ პოეტს. მაგრამ ლექსსაც გააჩნია, ალბათ. მურმან ლებანიძის ლექსებზე საქართველოში თაობები გაიზარდა. მურმან ლებანიძის იუბილეს ეძღვნება ჩვენი ყოველკვირეული პროგრამა “ოქროს საუკუნე”.

მრავალფეროვნება, პოეტურ სახეთა მრავალგვარობა, განსხვავებული ჟანრების თავისუფალი ფლობა... მურმან ლებანიძის შემოქმედების ოპონენტებიც კი აღიარებენ: ეს იყო პოეტი, რომელიც არასდროს მეორდებოდა, ყოველთვის ეძებდა და რადიკალური პოეტური სახეების მიმართ ერთგულებას არ ღალატობდა; ეს იყო პოეტი, რომელმაც ქალაქური და ხალხური პოეზიის შეთავსება სცადა; ეს იყო პოეტი, რომელიც არასდროს შეზღუდულა ეროვნული კულტურის ტრადიციებით – სპარსულ ლირიკას მიმართავდა, იაპონურსაც, ინგლისურ პოეზიასაც, გალაკტიონს ეტრფოდა და არც დაუმალავს, რომ სწორედ გალაკტიონი იყო მისი მამა პოეზიაში.

“უმამო თაობა”. ასე შეარქვეს რუსმა კულტუროლოგებმა თაობას, რომელსაც მურმან ლებანიძეც ეკუთვნოდა - თაობას, რომელმაც მშობლები სტალინური რეპრესიების ეპოქაში დაკარგა; თაობას, რომელიც ომში იბრძოდა; თაობას, რომელსაც ხშირად სახლიც კი არ ჰქონია. ამ თვალსაზრისით, საინტერესოა მურმან ლებანიძის ერთი ნაკლებად პოპულარული, 1948 წელს დაწერილი ლექსი, რომელსაც “სტუდენტობა” ჰქვია.

“სტუდენტობა, სინათლისკენ,
ბეწვის ხიდი – სტუდენტობა,
უფრო ხშირად უმამობა,
უფრო ხშირად უდედობა:
სათოხრიდან წამოსული
გლეხის ბიჭი, გლეხის გულით,
და სამადლოდ ვინმე კეთილ
ნათესავთან შეხიზნული...”

“მე გავიზარდე თბილისში, გოგოლის ქუჩაზე, დალაქისა და გრიმიორის, შუა აზიის თეატრებში ნამსახური, ავსტრიის ფრონტზე დაჭრილი, უბრალო მშრომელი ადამიანის ოჯახში,” – წერდა მურმან ლებანიძე. მამამისს, ციმბირში ნამუშევარ დალაქს ოპერა ჰყვარებია, განსაკუთრებით ფალიაშვილი. შვილსაც ამიტომ დაარქვა მურმანი. მურმან ლებანიძე იმასაც იგონებდა, რომ მამამისს რაჭასთან კავშირი არასდროს გაუწყვეტია და მამამისის დამსახურებაა, ასე რომ უყვარდა მას სოფელი. ქალაქსა და სოფელს შორის ყოფნა, მერე კი დასავლეთ-აღმოსავლეთის კლასიკური ალტერნატივის “შერიგების” ცდა პოეზიაში – ეს ყველაფერი დაუსრულებელი პროცესია, იმდენად შრომატევადი, იმდენი განცდით აღსავსე, რომ ავტორს, უბრალოდ, დრო აღარ რჩებოდა სენტიმენტებისა და დეკორატიული სამკაულებისთვის, რომელსაც ასე უხვად იყენებენ ხოლმე მურმან ლებანიძის თაობის პოეტები. მკითხველს შეიძლება მოსწონდეს ან არ მოსწონდეს მურმან ლებანიძის ლექსები, შეიძლება მისი ზოგიერთი ლექსის პოეტური წყობა სადავოდ მიაჩნდეს, ხოლო გვიანდელ ნაწარმოებებში სახეთა სწორხაზოვნებამ გააღიზიანოს, მაგრამ პათეტიკურობასა და სენტიმენტალიზმს მას ვერავინ დააბრალებს. “პოეტი, რომელიც თავის სახლს, თავის ფესვებს ეძებს, შემოქმედებით პროცესშიც გზას მიუყვება, – წერდა პიერ-პაოლო პაზოლინი. – იგი არასდროს შექმნის განყენებულ და მკვდარ სახეებს, რადგანაც სულ ფიქრობს და სულ მოძრაობს”.

“მე ძალიან დიდხანს ვსწავლობდი ცხოვრებას და ამიტომ გულწრფელობა დიდხანს შევინარჩუნე. ახლა რომ ვაკვირდები, ოც წლამდე და თვით ომიდან დაბრუნებულმა ჯერ კიდევ არ ვიცოდი თურმე, ვინ ვიყავი მე, რა მინდოდა და რისთვის ვიყავი მოსული ქვეყნად,” – იგონებდა მურმან ლებანიძე და ასკვნიდა: “მე არ მქონია არავითარი მსოფლმხედველობაო”. მაგრამ პოეტი აქ მხოლოდ თავის სიჭაბუკეს არ გულისხმობდა. ძიება ყოველთვის მისი სტიქია იყო – მაშინაც, როცა უკვე ჩამოყალიბდა როგორც პოეტი, როცა თავის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ლექსში ახალგაზრდობას მიმართავდა: ნუ დაადგებით – გაკვალულ ხნულებს! / ნუ დააცხრებით – ცხოვრებას იოლსო; მაშინ, როცა 50 წლის შესრულდა და საიუბილეოდ თავის თავს მიმართა ასე: “დავიღალეო, არ მითხრა, მურმან, სულ ბრძოლა გენება!/ მაგ/ ბრძოლაშია/ მშვენება!”, და მაშინაც, როცა ჯერ კიდევ ნაკლებად იცნობდნენ როგორც პოეტს, თუნდაც იმავე ლექსში “სტუდენტობა”. “უფრო ხშირად უმამობა, უფრო ხშირად უდედობა,” – წერდა 26 წლის ომგამოვლილი მურმან ლებანიძე და, რა თქმა უნდა, აქ მამის, იმავე ჭეშმარიტების, ძიების პროცესს გულისხმობდა. თაობათა შორის გადებულ ხიდზე - თუნდაც “ბეწვის ხიდზე” - გადასვლის სურვილი მას ყოველთვის ჰქონდა. მაშინაც კი, როცა წერდა: მე მივდივარ, ახლა შენი ჯერიაო.

“მამაჩემი დიდხანს ამრეზით უცქერდა პოეზიით ჩემს გატაცებას. მამა არ იყო უწიგნური კაცი. მე მაოცებდა მამის განწყობილება და მანერვიულებდა. მაშინ ჩემთვის ძნელი იყო მივმხდარიყავ მამის ფიქრს. ოცდახუთი წლის შემდეგ მსგავს მდგომარეობაში მე თვით აღმოვჩნდი, ვერც მე გავიმეტე ჩემი პირმშო და, ფერწერით გატაცებულს, გულისტკივილით დავუწერე: “გიჟის ხალათი გერჩიოს, თოლიგე, მხატვრის და მგოსნის ხალათს! საყვარელ ქალის ღალატი – შვიდფერა მუზის ღალატს.”

ამ სიტყვებში კარგად ჩანს პასუხისმგებლობის გრძნობა, რომელიც პოეზიის მიმართ მურმან ლებანიძეს არასოდეს დაუკარგავს. მკაცრი მამის სახე, ასე ხშირად რომ გვხვდება მასთან, არა ავტორიტარული დიქტატორის, არამედ პოეზიის კარიბჭესთან მდგარი დარაჯის მეტაფორაცაა. რობერტ ბერნსში, კიპლინგში შეყვარებული პოეტი ცდილობს დაიცვას მაღალი პოეზია შარლატანი რომანტიკოსებისგან. ამიტომაც აქტიურად შემოაქვს სასაუბრო მეტყველება და თავის საუკეთესო ლექსებში ცდილობს მიაგნოს რიტმს, რომელიც ამა თუ იმ სიტყვას “ახლო ხედით” გამოყოფს, გაამძაფრებს. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ზოგჯერ თავად ავტორსაც აეჭვებს ზოგიერთი სახე, სიყალბის ეშინია, მაგრამ ამ ფრაზას თუ სიტყვას ისეთ კონტექსტს მოუძებნის ხოლმე, რომ ზეაწეული მაშინვე ყოფითად იქცევა ან, პირიქით, ყოფითი – რომანტიკულად. ლებანიძის საუკეთესო ლექსებში პოეტური ფრაზა ისეა შედგენილი, ისეთი რიტმი აქვს, რომ მას სხვადასხვანაირად ვერც წაიკითხავს კაცი. პოეტური ფრაზა – “ისმინება” და არა მარტო იკითხება. რა თქმა უნდა, ეს, პირველ რიგში, გალაკტიონის გავლენაა. იგი თაყვანს სცემს მას და, ამავე დროს, “პოეზიის გუშაგის” როლს მემკვიდრეობით სწორედ გალაკტიონისგან იღებს. ამ რიტმით საუბრობს იგი გალაკტიონზე. აქაც ცდილობს “დაამიწოს” პოეზიის პათეტიკა იუმორით და თავად პოეტურ ფრაზასთან დისტანციით [ხმა: მურმან ლებანიძე კითხულობს გალაკტიონს]

გალაკტიონისადმი მიძღვნილ მურმან ლებანიძის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ლექსში “ლექსის მწერალი ხშირდება” პოეტმა მისთვის დამახასიათებელი ირონიით “გალექსა” ქართველი მწერლების დისკუსია პოეზიის თემაზე. “რამდენი რამე სჭირდება პოეტს?” – კითხულობს მურმან ლებანიძე და კონსტანტინე გამსახურდიას პასუხს იხსენებს, ირაკლი აბაშიძის, გოგლა ლეონიძის, სხვათა რეპლიკებსაც.. მაგრამ ამთავრებს გალაკტიონით - “ნიჭი, ძამია, ნიჭი”. მურმან ლებანიძისთვის ეს ფრაზა ძალიან ბევრს იტევს: ტკივილსაც, გარჯასაც, იღბალსაც, “ვრცელ გზაშარასაც”, მწიგნობრობასაც... ამდენს პოეტი ვერ მოერევა. მაგრამ მან კარგად იცის, რომ სწორედ “ვერმორევაშია” შემოქმედის ბედნიერება. და სწორედ ასე იხსენებს გალაკტიონს [ ხმა: მურმან ლებანიძე კითხულობს გალაკტიონს]

“ჩემი მასწავლებლები იყვნენ: ჯერ ლადო ასათიანი და ტიციანი, შემდეგ ბერნსი და კიპლინგი, ბოლოს გალაკტიონი, – აღნიშნა ერთხელ მურმან ლებანიძემ. – იქნებ მათი პოეზიის კვალი არც აჩნდეს ჩემს ნაწერებს, მაგრამ ნასალდათარმა თვითონ იცის, ვინც იყო მისი პოეზიის ასისთავი.”
ასეა. მურმან ლებანიძე – “ნასალდათარი თაობის” პოეტია. მაგრამ საქართველოში მისი ლექსები იმიტომ უყვარდათ სწორედ, რომ, მრავალი სხვა პოეტისგან განსხვავებით, ამ “სალდათმა” თავისთვის საუკეთესო ასისთავები შეარჩია. კომუნისტური პარტიის წევრიც იყო, მრავალი ორდენის ლაურეატიც, მაინცდამაინც არც ხელისუფლებას ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ “ასისთავი” ერთი ჰყავდა – პოეზია.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG