Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა როლი შეიძლება შეასრულოს ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანების დაჩქარებაში


ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ერთგვარ საკანონმდებლო ორგანოს წარმოადგენს - იქ იღებენ განცხადებებს და რეზოლუციებს,

რომლებიც ასამბლეის წევრ სახელმწიფოებს გარკვეულ ქმედებებს უკარნახებს.
საქართველო ამ ორგანიზაციის ასოცირებული წევრია, ისევე როგორც უკრაინა, იუგოსლავია და აზერბაიჯანი. ამ ოთხმა სახელმწიფომ ჩამოაყალიბა ჯგუფი, რომელმაც ამ ქვეყნების ნატოში ინტეგრირებისთვის უნდა იმოქმედოს. ეს მოხდა სტამბოლში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე, სადაც საქართველოს დელეგაციას ერთადერთი პირი, დეპუტატი გიორგი ბარამიძე, წარმოადგენდა. ჩვენთან საუბრისას მან თქვა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის სტამბოლში შექმნილ ჯგუფს სერიოზული როლის შესრულება შეუძლია.

მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა მხარი დაუჭირა აზერბაიჯანის გადაწყვეტილებას ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში აზერბაიჯანელი სამხედროების ჩართვის თაობაზე და რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ, შესაძლებელია, აზერბაიჯანის ტერიტორია იქნეს გამოყენებული ერაყის წინააღმდეგ, რუსეთის პრესა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში აზერბაიჯანის გაწევრიანების რეალურ პერსპექტივაზე ალაპარაკდა. მართლაც, ბოლო პერიოდში ბაქო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების აქტიურ სურვილს ამჟღავნეს და ნატოც ისწრაფვის აზერბაიჯანთან ურთიერთობის გაღრმავებისაკენ.

ამ რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ასოცირებული წევრიც გახდა და გადაწყვიტა, ნატოში გაწევრიანების მიზნისკენ საქართველოსთან, უკრაინასა და იუგლოსლავიასთან შეთანხმებულად იმოქმედოს. სტამბოლში გამართულ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე ამ ოთხი სახელმწიფოს დელეგაციებმა შექმენს ჯგუფი, რომელიც ასამბლეის ჩარჩოებში ურთიერთშეთანხმებულ პოზიციას დაიკავებს. ჯგუფის წევრები, როგორც კონკურენტები, საკუთარ უპირატესობას ხაზს არ გაუსვამენ და ამით ერთმანეთს ხელს არ შეუშლიან ნატოში გაწევრიანდნენ. როგორც ჩანს, ეს ოთხი ქვეყანა აღიარებს, რომ ნატოში გასაწევრიანებლად თანაბარი შესაძლებლობები აქვთ, ისევე როგორც აღიარებს ამას მაკედონია, ალბანეთი და ხორვატია, რომლებმაც კოორდინირებული მოქმედება ცალკე ჯგუფის ფარგლებში გადაწყვიტეს. ისინი, როგორც შუა ევროპის ქვეყნები, მიიჩნევენ, რომ ნატოს გაფართოების შემდგომ ჯერზე მათ მეტი შანსი ექნებათ. საკუთარ შანსს ოპტიმიზმით უყურებენ პირველი ჯგუფის სუბიექტებიც, თუმცა, გიორგი ბარამიძის თქმით, გააჩნია, რას გააკეთებენ ამ ქვეყნების მთავრობები ნატოს სტანდარტებთან მისაახლოებლად. გიორგი ბარამიძემ ჩვენთან საუბრისას ხსენებული ორი ჯგუფის გაერთიანებაც არ გამორიცხა.

[გიორგი ბარამიძის ხმა] “ის ფაქტი, რომ ზემოხსენებულმა ოთხმა სახელმწიფომაც გადაწყვიტა კოორდინირებული მოქმედება, ძალიან მნიშვნელოვანია. ვიმედოვნებთ, რომ შემდგომში მოხერხდება ამ ორი ჯგუფის გაერთიანება კოორდინირებული მოქმედების მიზნით, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება, თუ მოვახერხებთ ანალოგიური იმპულსი მივცეთ ჩვენს აღმასრულებელ ხელისუფლებებს, რათა მათაც დაიწყონ ეს პროცესი. გახსოვთ, შეიქმნა ვილნიუსის ათეული და ამ ათეულიდან შვიდი უკვე მოწვეულია ნატოში გასაწევრიანებლად. ამ თვალსაზრისით, ის, რაც სტამბლოში მოხდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი. მიგვაჩნია, რომ პარლამენტარების ინიციატივა მეტად სასარგებლო იქნება ჩვენი ქვეყნების ნატოში გასაწევრიანებლად. “

საქართველომ ნატოში გაწევრიანებისთვის ოფიციალური განაცხადი უკვე გააკეთა. ეს, თავისთავად, ბევრს ნიშნავს, მაგრამ მთავარია, რა გაკეთდება სიტყვისა და საქმის ერთმანეთთან მისაახლოებლად. საქართველოს ხელისუფლების გონივრული მოქმედების შემთხვევაში, საქართველოს ნატოში გაწევრიანების შანსმა მეტი დამაჯერებლობა უნდა შეიძინოს, მით უფრო, რომ, როგორც გიორგი ბარამიძე ამბობს, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მდივნის განცხადებებმა ის დაარწმუნა, რომ ნატოსთვის სამომავლო პარტნიორი კავკასიაც უნდა იყოს.
XS
SM
MD
LG