Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასული კვირა თბილისში იყო უმძიმესი, კრიმინალური თვალსაზრისით.


ეკა წამალაშვილი და დავით პაიჭაძე, თბილისი გასული კვირა თბილისში იყო უმძიმესი, კრიმინალური თვალსაზრისით.

თბილისის ცენტრში მომხდარმა საზარელმა მკვლელობამ კიდევ ერთხელ წამოსწია წინ თბილისის, როგორც განგსტერების ქალაქის, თემა. მკვლელობა მოხდა თბილისის ნომერ მეხუთე საგამოძიებო იზოლატორშიც, რუსთავში მძევლად აიყვანეს პოლიციელები. ყველაფერმა ამან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ საქართველოში დამნაშავეთა სამყარო ძლიერია. როცა, მართლაც, ასეა და როცა ქვეყანაში კვლავ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა, ახალგაზრდების დიდი ნაწილი კი დაუსაქმებელია, არსებობს საშიშროება იმისა, რომ ბევრმა მათგანმა მომავალი დამნაშავეთა სამყაროში ეძებოს. ჩვენს დღევანდელ გადაცემაში შევეცდებით გავაანალიზოთ, რატომ და რამდენად მძლავრობს ჩვენს ქვეყანაში მენტალიტეტი, რომელიც გასულ საუკუნეში ჩამოყალიბდა და რომლის ავანგარდშიც წმინდა რუსული და საბჭოთა პროდუქტი - ეგრეთ წოდებული “კანონიერი ქურდების” ინსტიტუტი იყო. საბჭოთა კავშირი დაინგრა, ეს ინსტიტუტი კი არ დანგრეულა. შავი სამყაროს ავტორიტეტები დღესაც ბევრ რამეს წყვეტენ და საზოგადოების ნაწილისთვის ისევ მიმზიდველები რჩებიან. ამ პრობლემის ახსნას ჩვენი გადაცემის დღევანდელი სტუმარი ფსიქოლოგი გაგა ნიჟარაძე შეეცდება. მას დავით პაიჭაძე ესაუბრა, მანამდე კი, მცირე ექსკურსი ქართული კრიმინალური სამყაროს წარსულსა და დღევანდელობაში.



გასული საუკუნის დასაწყისში, მაშინ, როცა დასავლეთში “სიცილიური კლანი” იკიდებდა ფეხს, საბჭოთა კავშირის დამნაშავეთა სამყაროს ელიტა ეგრეთ წოდებული “კანონიერი ქურდების” ინსტიტუტს აყალიბებდა. საბჭოთა სივრცესა და დანარჩენ სამყაროს შორის არსებული რკინის კედელი დამნაშავეთა სამყაროსაც სხვადასხვა მიმართულებით ავითარებდა. დასავლელ “ნათლიმამებსა” და საბჭოთა “კანონიერ ქურდებს” შორის განსხვავება ნამდვილად არსებობდა. “კანონიერი ქურდები”, რომლებმაც საბჭოთა ეპოქის დამნაშავეთა სამყაროში რევოლუციამდელ რუსეთში არსებული ტრადიციები შეიტანეს, სოციალიზმის პირობებში ასოციალური ცხოვრების დემონსტრირებას ახდენდნენ. ისინი საკუთარი კოდექსის მიხედვით ცხოვრობდნენ. რა თქმა უნდა, არ მუშაობდნენ, არ ეკიდებოდნენ ოჯახს, ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს ციხეში ატარებდნენ. სერიოზულ გადაწყვეტილებებს ინტერნაციონალურ შეკრებებზე იღებდნენ.ქურდული წესები მათ კატეგორიულად უკრძალავდა სამართალდამცველ ორგანოებთან კავშირს და ასე შემდეგ.


პატიმრობაში მყოფი “კანონიერი ქურდები” მთლიანდ აკონტროლებდნენ საბჭოთა საპატიმროებს, ციხის გარეთ მყოფნი კი - დამნაშავეთა დაჯგუფებებს. გასული საუკუნის შუა წლებში მათი რიცხვი ათასს აღწევდა. სხვადასხვა მონაცემებით, ეს სტატისტიკა დღესაც შენარჩუნებულია, თანაც, მეტად საინტერესო პროცენტული თანაფარდობით. ირკვევა, რომ პოსტსაბჭოთა სივრცის “კანონიერი ქურდების” 33,1 პროცენტს რუსები შეადგენენ, 31, 6 - ს ქართველები, 8, 2 პროცენტს სომხები, 5,2 – ს აზერბაიჯანელები, დანარჩენს კი უკრაინელები, უზბეკები, ყაზახები, აფხაზები და სხვები წარმოადგენენ. მოყვანილ სტატისტიკაში ქართველთა მაღალი წილი ჩვენი კულტურული თავისებურებებით აიხსნება. ფსიქოლოგ გაგა ნიჟარაძის აზრით, პოსტსაბჭოთა სივრცის დამნაშავეთა სამყაროში ქართველ ავტორიტეტთა სიჭარბე არის შედეგი იმისა, რომ ქართული კულტურა მხარს უჭერს პიროვნებათა შორის ურთიერთობაში ინდივიდუალურ კომპეტენტურობას, რომ ურთიერთობის ქართული ტრადიცია არის “კარგი” ნიადაგი ასეთ კომპეტენტურთა გამოსაკვეთად.

[გაგა ნიჟარაძოს ხმა] “ რაც შეეხება კრიმინალიტეტს, აქ საქმის გარჩევაში დომინანტობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ამ მხრივ, კულტურული ფონი უწყობს ქართველებს ხელს, მაგარამ რატომ - ამ მიმართულებით? ესეც ჩვენი კულტურული თავისებურებაა. გვინდა ვიცხოვროთ არცთუ ისე ცუდად და ვიმუშაოთ ნაკლებად. შავი გზა ამის საშუალებას გაძლევს და, გარდა ამისა, თავნებობის კულტი არსებობს აქ. გინდა გააკეთო ის, რაც გინდა.”

გაგა ნიჟარაძის ნათქვამიდან გამომდინარე, ცხადი ხდება, რატომ გახდა ქართველებისთვის ასე მისაღები ის, რაც, ერთი შეხედვით, უცხო უნდა ყოფილიყო. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, “კანონიერი ქურდების” ინსტიტუტი რუსულ მოვლენად მიიჩნევა. იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ იყო და არის ქართველებისთვის იოლი დამნაშავეთა სამყაროს იერარქიის მწვერვალთან მიახლოება, რუსი ექსპერტების აზრიც ზემოთ გამოთქმულის ანალოგიურია. მათი მინიშნებით, მაშინ, როცა ციხე “კანონიერი ქურდების” სახლი უნდა ყოფილიყო, ქართველ “კანონიერ ქურდს” შეეძლო ქრთამის გადახდით პატიმრობიდან თავის დაძვრენა ისე, რომ კოლეგებს შორის ავტორიტეტი არ შერყეოდა.

საქართველოდან გასულმა ეგრეთ წოდებულმა “კანონიერებმა” რუსეთის მსხვილ ქალაქებში პოზიციები 70 წლებიდან განიმტკიცეს. უკვე პოსტსაბჭოთა პერიოდში მათ საბაზრო ეკონომიკასაც აუღეს ალღო. ქართველი კრიმინალი ავტორიტეტების დაინტერესების სფერო ახლა უკვე ბიზნესი და ფინანსური აფიორები გახდა. საერთო ჯამში, შეიძლება იმის თქმა, რომ ახალმა ეპოქამ, გარკვეულწილად, უკვე წაშალა ის განსხვავება, რომელიც საბჭოთა პერიოდის “კანონიერ ქურდებსა” და დასავლელ მაფიოზებს შორის არსებობდა. რუსეთის საინფორმაციო საშუალებების მონაცემებს თუ დავუჯერებთ, ამ რამდენიმე წლის წინ რუსეთის დედაქალაქს ორმოცდაათამდე “კანონიერი ქურდი” აკონტროლებდა და აქედან 40 -ზე მეტი საქართველოდან იყო. მათ შორის - 10 თბილისელი, 16 ქუთაისელი და 16 სოხუმელი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საიდუმლოდ ინახავს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენი “კანონიერი ქურდი” მოქმედებს საქართველოში, თუმცა საიდუმლო არავისთვის არ არის ის, რომ ისინი ძველებურად აკონტროლებენ ვითარებას საქართველოს ციხეებშიც და ციხის გარეთაც და რომ ზოგიერთი მათგანის ასპარეზი კარგა ხანია პოსტსაბჭოთა სივრცეს გასცდა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG