Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის საკრებულოს მუშაობა შეიძლება შეჩერდეს


დავით პაიჭაძე, თბილისი ვინც თვალს ადევნებდა თბილისის საკრებულოს ამოქმედების პერიპეტიებს, უთუოდ ეხსომება, რით დაიწყო ქალაქის საკანონმდებლო ორგანომ საქმიანობა: მან არ სცნო ლეიბორისტების პარტიული სიით

საკრებულოში გასული სამი დეპუტატის უფლებამოსილება. ამ სამ დეპუტატს ყოფილი პარლამენტარი ავთანდილ ტყებუჩავა თავკაცობდა და არჩევნების წინასწარი შედეგის შეტყობიდან ისინი მალევე გაემიჯნენ ლეიბორისტებს. ეს გამიჯვნა შალვა ნათელაშვილმა მათ არ აპატია: უფლებამოსილების არცნობა იყო ორი გამარჯვებული ძალის – ლეიბორისტებისა და ნაციონალური მოძრაობის გაუხმაურებელი გარიგების შედეგი, რითაც მიხეილ საააკაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევისას გაინაღდა ლეიბორისტთა ლიდერის თანამოაზრეთა მხარდაჭერა. ახლა ავთანდილ ტყებუჩავა თბილისის საოლქო სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს, რამაც შეიძლება შეაჩეროს კიდეც თბილისის საკრებულოს მუშაობა.

ავთანდილ ტყებუჩავა, ორ სხვა ყოფილ ლეიბორისტთან - ჯუმბერ შენგელიასა და ზაზა ბეგაშვილთან ერთად, თავს დაზარალებულად მიიჩნევს და თბილისის საკრებულოს უჩივის. მისი მიზანი, როგორც თავად აცხადებს, დეპუტატის უკანონოდ შეწყვეტილი უფლებამოსილების აღდგენაა. შეწყვეტის მოკლე ისტორია კი ასეთია: ამა წლის 1 ნოემბერს ცენტრალური საარჩვენო კომისიის გადაწყვეტილების – შემაჯამებელი ოქმის – თანახმად, 2 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ლეიბორისტულმა პარტიამ მოიპოვა თბილისელ ამომრჩეველთა ხმების 24,98%, რაც ნიშნავდა საკრებულოში 15 დეპუტატის გაყვანას. ამავე დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ჯუმბერ ლომინაძე იღებს 28 ოქტომბრით დათარიღებულ წერილს, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარის შალვა ნათელაშვილის ხელმოწერით, რომელიც, სააარჩევნო კოდექსის მე-100 და 120-ე მუხლების ძალით, ითხოვს ხსენებული სამი პიროვნების - წერილის მიხედვით, დეპუტატობის კანდიდატების - რეგისტრაციის გაუქმებას. ავთანდილ ტყებუჩავა ირწმუნება, რომ, იმავე საარჩევნო კოდექსის 121-ე მუხლის საფუძველზე, ასეთი მოთხოვნის წარდგენის ვადა ჯერ კიდევ არჩევნებამდე, 2002 წლის 31 მაისს, ამოიწურა. მეორეც, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არც უნდა მიეღო და განეხილა ეს წერილი, მან კი აიღო და საკრებულოს პირველ შემადგენლობას გადაუგზავნა. საკრებულოში შეიქმნა ხმის დამთვლელი კომისია, სამანდატო კომისია. ავთანდილ ტყებუჩავას თქმით კი [ტყებუჩავას ხმა], “სამანდატო კომისიის კომპეტენციაში ეს არ შედის. ნათელაშვილის წერილში ლაპარაკია დეპუტატობის კანდიდატებისთვის რეგისტრაციის გაუქმებაზე. დეპუტატობის კანდიდატების რეგისტრაციის გაუქმება კი ჩვენ არ გვეხებოდა იმიტომ, რომ ჩვენ უკვე არჩეულები ვიყავით, დაგვამტკიცა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დეპუტატებად”.

ავთანდილ ტყებუჩავა აცხადებს, რომ საკრებულო ცენტრალური საარჩევნო კომისიის ფუნქციებში შეიჭრა. არჩეული ხალხისთვის დეპუტატობაზე უარის თქმა საკრებულოს მხოლოდ მაშინ შეეძლო, თუ ცენტრალური საარჩევნო კომისია წარდგებოდა საკანონმდებლო ორგანოს წინაშე ასეთი შუამდგომლობით. ეს კი არ მომხდარა.

შემდეგ რა იყო – ყველას ახსოვს: საკრებულო ხმათა უმრავლესობით აჩერებს ტყებუჩავას, შენგელიასა და ბეგაშვილის უფლებამოსილებას და ირჩევს თავმჯდომარეს. სხვათა შორის, მიხეილ სააკაშვილი მალე საჯაროდ გაემიჯნა სამი ექს-ლეიბორისტისთვის დეპუტატის მანდატის ჩამორთმევის პროცედურას და განაცხადა, თუ აქ უკანონობაა, ნათელაშვილს მე მხარს ვერ დავუჭერო. მაგრამ ეს შეიძლება მხოლოდ ტაქტიკურ განცხადებად ჩაითვალოს, მით უმეტეს, ამის შემდეგ აღარაფერი შეცვლილა.

თბილისის საოლქო სასამართლოში სარჩელის შეტანას, შეიძლება, არც მოჰყვეს საკრებულოს მოქმედების შეჩერება, მაგრამ მოსარჩლეთა გამარჯვება და მათთვის სადეპუტატო უფლებამოსილების აღდგენა უფრო გაამყიფებს (თუ სულ არ დაარღვევს) საკრებულოში ძალთა დღეს არსებულ ბალანსს.
XS
SM
MD
LG