Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტში სახელმწიფო ბიუჯეტის ირგვლივ ”ვაჭრობის სეზონი” გრძელდება


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი წლის ბოლოს საბიუჯეტო ციებ-ცხელება საქართველოში თავის ჩვეულ ფაზაში შედის. ფინანსთა სამინისტროს მიერ ხელახლა გადამუშავებული პროექტი კიდევ ერთხელ ”გაიცხრილება”

საპარლამენტო კულუარებში და საბიუჯეტო ვაჭრობაზე ”პოლიტიკური კონიუნქტურის” ჩამოყალიბების შემდეგ უკვე ”ხალხის რჩეულთა” სამსჯავროზე გამოვა. კულუარული გარიგებები და საჭირო რაოდენობის ხმებისათვის ვაჭრობის გარდა, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ყველა ვარიანტში განიცდის კორექტირებას, რასაც არც საფინანსო უწყება უარყოფს.

ბიუჯეტი, ტრადიციისამებრ, გაზრდის მიმართულებით შეიცვლება. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ბიუჯეტის გაზრდა დაკავშირებულია უახლოეს ხანში ორი სპეცფონდის – სახელმწიფო სამედიცინო სადაზღვევო კომპანიისა და სოცუზრუნველყოფის ერთიანი ფონდის - გაერთიანებაზე, რომლის პროექტიც უკვე მომზადებულია. ამას გარდა, დამატებით შემოსავლებს ელიან საგარეო დაფინანსებისგან. კერძოდ, მთავრობა იმედოვნებს, რომ 2003 წელს მიიღებს ნიდერლანდების მთავრობისგან კიდევ ერთ გრანტს, ასევე, წელს დაგეგმილ იმ გახმაურებულ გრანტს ევროკავშირისაგან, რომელიც, ცნობილი მიზეზების გამო, არ გამოუყვიათ საქართველოსთვის.

გასულ კვირაში მთავრობამ ბიუჯეტის პროექტის ”ზონდირება” მაჟორიტარ დეპუტატთა საკოორდინაციო საბჭოზე მოახდინა. ეს შეხვედრა, სხვა დებატებისაგან განსხვავებით, შედარებით მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. პარლამენტის სესიაზე კანონპროექტის გატანის წინ რეგიონალური დეპუტატების გადმობირება ნაცადი ხრიკია, რომელსაც მთავრობა დროდადრო მიმართავს ხოლმე. სხვათა შორის, მაჟორიტარებთან კულუარული გარიგებები არ გახლავთ წმინდა ქართული მოვლენა და იგი აპრობირებული ლობისტური მეთოდია, მაგრამ ჩვენთან მსგავს ”გადაბირებებს”, რის შედეგადაც მთავრობა ხმებს, მაჟორიტარები კი მომატებულ ტრანსფერებს იღებენ, ეძლევა პოლიტიკური კორუფციის სჭხე. სავარაუდოა, რომ ბიუჯეტის კორექტირების ერთ-ერთი მიზეზი ”რეგიონალების” გულის მოგებაც არის.

მაჟორიტარებისაგან განსხვავებით, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე საბიუჯეტო განხილვები გაცილებით ცხარე გამოდგა. ნებისმიერ ქვეყანაში ნებისმიერი ძალისმიერი სამინისტრო ყოველთვის მოითხოვს იმაზე მეტს, რასაც საბოლოო ჯამში იღებს, მაგრამ ქართული ძალოვანების შემთხვევაში ის თანხები, რომელიც მათ 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით ერგებათ, მართლაც, მიზერულია და არათუ სერიოზული თავდაცვითი პროგრამების დასაფინანსებლად, ელემენტარულად, ჯარისკაცების გამოკვებისა და სამოსის შეძენისათვის არ არის საკმარისი. და ეს მაშინ, როდესაც ქვეყანა ჩრდილოატლანტიკურ ბლოკში გაწევრიანების ამბიციებს აღარ მალავს.

მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი, კანონმდებლობის თანახმად, პარლამენტმა 2003 წლის 1 იანვრამდე უნდა დაამტკიცოს. მანამდე კი საბიუჯეტო ციებ-ცხელებას მიმდინარე წლის საბიუჯეტო პარამეტრებში არსებული გარღვევაც ამძაფრებს.

ხელისუფლება თავს იწონებს იმით, რომ გასულ წელთან შედარებით ”საბიუჯეტო ხვრელი” მნიშვნელოვნად შეავიწროვა და 2002 წლის 10 თვეში ”გარღვევა” სულ რაღაც 90 მილიონი ლარია. ამასთან, მთავრობა დღემდე ჯიუტად ირწმუნება, რომ სეკვესტრის აუცილებლობა არ არსებობს. თუ აქამდე ფინანსთა სამინისტროს ევროკავშირისაგან და სხვა დონორებისაგან მისაღები საგარეო დახმარების იმედი ჰქონდა და მათ თამამ განცხადებებსაც ეს პერსპექტივა კვებავდა, წლის ბოლოს უკვე ცხადი ხდება, რომ ამ დახმარების მიღების რეალურობა მიზერულია, შესაბამისად, ბიუჯეტის კორექტირება გარდაუვალი ხდება.

ჯერ კიდევ არ არის ცნობილი ნოემბრის თვის შესრულების დაზუსტებული მონაცემები, რომელმაც ”გარღვევა,” შესაძლოა, კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადოს. თვის ბოლო ორ დღეში ბიუჯეტის შესრულებისა და გადასახადების არარიტმულად ამოღების ტრადიცია საფინანსო უწყების დღევანდელ ხელმძღვანელს მემკვიდრეობით ერგო. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მონაცემებით, საბიუჯეტო თვის დახურვამდე ერთი კვირით ადრე სახელმწიფო ბიუჯეტის გეგმა 50 მილიონი ლარით იყო გარღვეული. საგადასახადო მოსაკრებლების მობილიზების კუთხით კი გეგმა მხოლოდ 43 პროცენტით იყო შესრულებული. თვის ბოლო რიცხვებში გეგმის ფორსირებული შესრულების მიუხედავად, დეფიციტის ლიკვიდაცია, ფაქტობრივად, არარეალური ამოცანაა, რასაც მთავრობა უნდა შეეგუოს.

თუ მთავრობა ოპტიმიზმს ინარჩუნებს, პარლამენტში სეკვესტრის აუცილებლობაში ეჭვი უკვე აღარავის ეპარება. შემოსავლებისა და გადასახადების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით სალარიძე ფიქრობს, რომ სეკვესტრი გარდაუვალია და ის ბიუჯეტის კორექტირებას 80-100 მილიონი ლარის ფარგლებში ვარაუდობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ოდენობის თანხები მოაკლდება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს. ასეთ შემთხვევაში ხელისუფლებას განსასაზღვრი ექნება პრიორიტეტები, თუ ვის და რა ოდენობით შეუმციროს დაფინანსება.
XS
SM
MD
LG