Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა არის არჩევნების მთავარი ნაკლი


დავით პაიჭაძე, თბილისი საქართველოს პარლამენტის ოთხი მაჟორიტარი დეპუტატის გამოსავლენად გასულ შაბათს გამართულმა არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაანახვა საზოგადოებას ყველა ის ნაკლი,

რაც საარჩევნო პროცესს ახლავს საქართველოში. ვინაიდან ამ არჩევნებს დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა არ ჰქონია, ნაკლზე მსჯელობაც უფრო მშვიდად შეიძლება. ამ თემაზე ვესაუბრე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს გია ზესაშვილსა და “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელ დირექტორს ზურაბ ჭიაბერაშვილს.

30 ნოემბერს გამართული არჩევნები ოთხ საარჩევნო ოლქში შედგა, მაგრამ, როგორც ცნობილია, ორგან უშედეგოდ დასრულდა: დეპუტატების არჩევას ამომრჩეველთა ხმები არ ეყო. ასეთი ვითარების ერთ მიზეზს, კარგა ხანია, ასახელებენ: ხელისუფლება იმდენად ცუდად ეკიდება არჩევნების გამართვას, რომ მოქალაქეებს თანდათან უკარგავს ნდობას მის მიმართ. მაგრამ გასულ შაბათს გამოიკვეთა კიდევ ერთი, ტექნიკური, მიზეზი. როგორც საზოგადოება “სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელმა დირექტორმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განმიცხადა [ჭიაბერაშვილის ხმა]: “ტექნიკურ მხარეს თუ დავაკვირდებით, საბურთალოზე შეიძლება არჩევნები შემდგარიყო, რომ არა დაუზუსტებელი სიები: ძირითადი სიები იყო ხელოვნურად გაბერილი, მათში შეტანილი იყო უამრავი არარსებული სახელი ან გარდაცვლილი ადამიანების სახელები, ხოლო ნამდვილი ამომრჩევლები სიიდან ამოყრილები იყვნენ”.

ზურაბ ჭიაბერაშვილი ასეთი ვითარებისათვის პასუხისმგებლობას აკისრებს საარჩევნო კომისიებს – როგორც ცენტრალურს, ისე საოლქოსა და საუბნოს. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კი სხვაგვარად ფიქრობენ. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გია ზესაშვილი ამბობს, რომ საოლქო საარჩევნო კომისია ადგენს ამომრჩეველთა სიებს, საუბნომ უნდა გადაამოწმოს ისინი, მაგრამ აქ თავს იჩენს სერიოზული საკანონმდებლო ხარვეზი [ზესაშვილის ხმა]: “კანონის შესაბამისად, შსს მთლიან სიებს გადასცემს საოლქო საარჩევნო კომისიებს, თუმცა მექანიზმები, საოლქო და საუბნო კომისიათა უფლებები (მაგალითად, შეუძლიათ თუ არა, ამოიღონ ან ჩასვან სიებში ხალხი, რეალური მაცხოვრებლები) – კანონში გაწერილი არ არის”. გია ზესაშვილის თქმით, არჩევნების წინ კომისიებს დრო არ ჰყოფნით, შეაჯერონ პოლიციისა და იუსტიციის სამინისტროს მონაცემები ცოცხალი და გარდაცვლილი მოქალაქეების შესახებ და მიღებული შედეგი შეუდარონ საცხოვრებელი ადგილების მიხედვით შედგენილ სიებს.

მოკლედ, არჩევნების ნორმალურად, სამართლიანად ჩატარებას კანონმდებლობის შეცვლა სჭირდება. ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, მართალია, არა აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება, მაგრამ მას არავინ უკრძალავს, გამოვიდეს ცვლილებათა იდეით და როგორც პოლიტიკოსების, ისე საზოგადოების განხილვის საგნად აქციოს ის. მეორეც, “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ სიათა გაუმართაობის საკითხი ორგანიზაციამ ამა წლის 2 ივნისის არჩევნების დროს წამოჭრა, ხოლო 30 ნოემბრის არჩევნებისათვის [ჭიაბერაშვილის ხმა]: “სამართლიანმა არჩევნებმა” მოახერხა სიების გადამოწმება აბაშაში, სამტრედიასა და რუსთავში. საბურთალოზე ეს ვერ მოხერხდა თვითონ ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და მისი ქვესტრუქტურების – საოლქო და საუბნო კომისიების გაუმართავი მუშაობის გამო. დავსვათ კითხვა: 6 თვის განმავლობაში ნუთუ შეუძლებელი იყო ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გაეკეთებინა, ვთქვათ, საბურთალოზე ის, რაც “სამართლიანმა არჩევნებმა” არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე მოახერხა რუსთავში, აბაშასა და სამტრედიაში”?

ასეა თუ ისე, ორივე მხარე თანხმდება, რომ საარჩევნო პროცესში ბევრი რამ კანონის შეცვლით უნდა გაუმჯობესდეს. მიღებული აზრით, პოლიტიკურ პარტიათა მნიშვნელოვან ნაწილს - მათ შორის, უწინარესად, სახელისუფლო ჯგუფებს - ხელს აძლევდა მოუქნელი კანონი შედეგების გასაყალბებლად. რამდენად შეინარჩუნებენ პარტიები ასეთ დამოკიდებულებას საარჩევნო კანონმდებლობისადმი? გია ზესაშვილის აზრით [ზესაშვილის ხმა]: “მე დარწმუნებული ვარ, ამომრჩეველთა ნორმალური სიები უკვე ყველას სჭირდება. მე მგონი, საქართველოში დადგა დრო, კარგად ჩატარდეს არჩევნები. არჩევნების კარგად ჩატარება კი, ამომრჩეველთა ასეთი სიების გარეშე, შეუძლებელია”.

ამ აზრს ზურაბ ჭიაბერაშვილი დასძენს, რომ საარჩევნო ქაოსი პარტიებს, ალბათ, უბიძგებს, რაიმე იღონონ წესრიგის მისაღწევად. ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები” საპარლამენტო არჩევნებამდე პოლიტიკურ ძალებთან ინტენსიურ თანამშრომლობას აპირებს საკანონმდებლო ცვლილებათა შემუშავებისა და განხორციელებისათვის.
XS
SM
MD
LG