Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენერგეტიკულმა კრიზმა თავად ენერგოსისტემის შიდა კრიზისი გამოიწვია


საქართველოს მთავრობამ კორპორაცია „AES-ს" ჯერ თელასი, შემდეგ კი საქართველოს ელექტროსისტემის ლამის ნახევარი თითქმის უფასოდ იმ იმედით გადასცა,

რომ კორუმპირებულ და დაქუცმაცებულ ელექტროსისტემაში დასავლური კაპიტალით დასავლურ წესრიგს დაამყარებდა. „AES თელასმა" ეს იმედი ვერ გაამართლა. ამას თან დაერთო სხვა ენერგეტიკული პრობლემებიც, რომლებიც სერიოზული კრიზისის წინაპირობებს ქმნის.

[მიტინგის ხმა] „არ შეიძლება, რომ ერთი და იგივე კომპანიაში ვიღაცას ჰქონდეს, თანამშრომელთა უმეტესობას ჰქონდეს ხელფასი ძალიან მცირე და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შორის, რომლებიც მხოლოდ ყავის სმით არიან დაკავებულნი და კომპიუტერზე თამაშით, ჰქონდეთ დიდი ხელფასები. ამას ბოლო უნდა მოეღოს..." [სტილი დაცულია]

ასეთი მოწოდებები გაისმოდა 5 დეკემბერს „AES თელასის" ცენტრალური ოფისის წინ კომპანიის თანამშრომელთა პროფკავშირის მიერ გამართულ მიტინგზე. პროფკავშირის ლიდერებმა რამდენიმე დღიანი შიმშილობით თელასის ხელმძღვანელის იგნასიო ირიბარენისაგან მოკლევადიანი ხელშეკრულებების გაუქმებისა და ხელფასების მომატების დაპირებას მიაღწიეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროფკავშირი საყოველთაო გაფიცვით იმუქრებოდა, რაც კიდევ უფრო გაართულებდა „AES თელასის" ისედაც მძიმე ფინანსურ მდგომარეობას.

„AES თელასის" წარმომადგენლები ჟურნალისტებთან ამ თემაზე საუბარს გაურბიან. ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენელმა ნინო ასათიანმა კი ჩემთან სატელეფონო ინტერვიუში აღნიშნა:

[ნინო ასათიანის ხმა] „ელემენტარულად, არანაირ ვალდებულებას არ ასრულებენ, საერთოდ ფულს აღარ რიცხავენ არსად. რაც მოითხოვეს, ჰო ყველაფერი გაუკეთა მთავრობამ. აკრედიტივი გაუხსნა გაზისთვის. ეხლა, ამ მომენტში, ბანკიდან გადარიცხეს ფული, მერე ეროვნული ბანკი ჩაუდგა გარანტად ამაში, მაინც არ რთავენ ამ მეცხრე ბლოკს."[სტილი დაცულია]

„AES-ის" შვილობილი კომპანიების ასეთი საქციელი, ჯაჭვური რეაქციის სახით, სხვა ენერგოკომპანიების გაჩერებასაც იწვევს. ამის გამო 4 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ მთავრობის სხდომაზე „AES თელასის" მიმართ საყვედური გამოთქვა და აღნიშნა, რომ კომპანიის ინვესტორის AES კორპორაციის ფინანსური პრობლემები საქართველოს არ უნდა ეხებოდეს.

აქამდე პრეზიდენტი AES-ის ლობისტის ფუნქციას ასრულებდა და საკუთარი პასუხისმგებლობით კორპორაციის ყველაზე მძიმე მოთხოვნებიც კი დააკმაყოფილა. ახლა შევარდნაძე სანაცვლოს ითხოვს, რადგან ენერგეტიკული პრობლემები, სოციალური კრიზისის სახით, ხელისუფლებას უკან შემობრუნებით ემუქრება.

რადიო "თავისუფლების" ზუგდიდელი კორესპონდენტი ლაშა ბერულავა იტყობინება, რომ სამეგრელოში უკვე ერთ კვირაზე მეტია საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, ელექტროენერგიის მიწოდების მოთხოვნით.

[ლაშა ბერულავას ხმა] „მისი მონაწილეები აცხადებენ, რომ მიიღებენ ისეთ გადამჭრელ ზომებს, როგორიცაა რკინიგზის გადაკეტვა, სამხარეო ადმინისტრაციის პიკეტირება და ეს ყველაფერი ხდება საბურავების დაწვის თანხლებით და მსგავსი ფორმებით."[სტილი დაცულია]


ამ სიტუაციაში ხელისუფლებას თელასზე უფრო დიდი განტევების ვაცის პოვნა ესაჭიროება. საამისოდ კი დატუქსვას შეჩვეული სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი დავით მირცხულავა აირჩიეს.

5 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში ენერგეტიკული კრიზისის გამომწვევი მიზეზების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა ირაკლი ჩუბინიშვილმა უამრავი კორუფციული ფაქტი გამოამზეურა. დავით მირცხულავა ჯერჯერობით თავის მართლებას ასე ახერხებს:

[მირცხულავას ხმა] „ელემენტარულად, სამინისტროს მიმართ აბსოლუტურად ტენდენციურია, იმიტომ რომ იყენებს 2000 წლის კონტროლის პალატის დასკვნას[მე მინისტრი გავხდი 1999 წლის დეკემბერში]. ჩვენ ვიცით თითოეული ცენტი, ყველა კრედიტი სად იყო გამოყენებული და როგორ გამოიყენეს. გამოქვეყნებული გვაქვს ჩვენ ეს."

ნაკლებად სავარაუდოა ამ თავის მართლებამ ენერგოსისტემას უშველოს, მას მენეჯმენტის შეცვლა და გაუმჯობესება ესაჭიროება. როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ საქართველოს ხელისუფლებაში სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმების საკითხი განიხილება.
XS
SM
MD
LG