Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

464-ე გამოშვება.


წამყვანი: მარიამ ჭიაურელი, პრაღა 464-ე გამოშვება.

წამყვანი:
ძვირფასო რადიომსმენელებო, დღევანდელ გადაცემას, როგორც ყოველთვის მეათე სტუდიაში განვაგრძობთ და შემდეგ თემებს შემოგთავაზებთ: მზად არის თუ არა საქართველო ზამთრისათვის? ირღვევა თუ არა ადამიანის იმუნოდეფიციტური ვირუსით დაავადებულთა უფლებები საქართველოში? რა არის მექა კოლა? შევეხებით აგრეთვე ჩრდილოვანი ეკონომიკისა და კორუფციის ურთიერთკავშირის ზოგიერთ ასპექტს. დაბოლოს, გიამბობთ არქეოლოგიურ გათხრებზე კახეთში. პრაღაში მიკროფონთან მარიამ ჭიაურელია.
[მუსიკა]

მზად არის თუ არა საქართველო ზამთრისთვის?
დავით პაიჭაძე, თბილისი

წამყვანი:
ორიოდე კვირის წინ საქართველოს პრეზიდენტმა საჯაროდ განაცხადა, რომ ქვეყანა ზამთრისათვის, ბოლო წლებთან შედარებით, ყველაზე კარგად არის მომზადებული. სჯერათ თუ არა საქართველოს მოქალაქეებს პრეზიდენტის მტკიცებისა და რამდენად ატყობენ თავიანთ ქვეყანას კარგ მომზადებას ზამთრის შესახვედრად? დავით პაიჭაძე შეეცადა, მიეღო ამ კითხვის პასუხები.

[ამბროსი, 60 წლის]: “თითქმის არ არის, აბსულუტურად არ არის ქვეყანა მომზადებული ზამთრისათვის. ეს ელექტროენერგია, რა ვიცი, ცოტა კი გამოსწორდა, მაგრამ ძალიან გართულებული იყო. [კითხვა]: თქვენ თვითონ კმაყოფილი ხართ იმით, რაც გაქვთ? [პასუხი]: ერთი-ორი დღეა, რაც მოწესრიგდა. თუ ასე გაგრძელდა, კი ბატონო, მადლობელი ვიქნები, მაგრამ... შარშანდელი ზამთარი კარგად იყო, მაგრამ წელს ასეთი პირი არ უჩანს. დღეისათვის, ჯერჯერობით არა ვართ კმაყოფილი”. 60 წლის ამბროსი აზარაშვილი მოქალაქეთა იმ კატეგორიას ეკუთვნის, სახელისუფლო პარტია და პრეზიდენტი ამ ორიოდე წლის წინ თვითდასაქმებულებს რომ უწოდებდნენ. ჩემი დაკვირვებით, შუახნისა და უფრო ასაკოვანი მოქალაქენი უფრო იტოვებენ ზამთრის ნორმალურად გადატანის იმედს, ვიდრე ახალგაზრდები, თუმცა, გამონაკლისიც არის.

63 წლის ბერტა ერთ-ერთი კერძო ფირმის ჯიხურში მუშაობს და დღეში 9 საათის მანძილზე ქუჩის სიცივისგან მხოლოდ მინა და ლითონის თხელი ფირფიტები იცავს [ბერტა, 63 წლის]: “დენი არ გვაქვს, მე მგონი, გრაფიკით მოდის ჩემთან. კვირა დღეს საერთოდ არ იყო, მთელი დღის განმავლობაში. გაზი მე საერთოდ არ მაქვს; ჩვენი სახლი ელექტროქურებზეა და მე არ მქონდა შესაძლებლობა, გაზი გამეყვანა. [ჟურნალისტის კითხვა]: აქ როგორ არის საქმე, თქვენს სამუშაო ადგილას? [პასუხი]: საერთოდ არა მაქვს დენი. [კითხვა]: და ატყობთ, რომ ეს თქვენს ჯანმრთელობაზე მოქმედებს? [პასუხი]: კი, როგორ არა; რა თქმა უნდა, მოქმედებს”.


39 წლის არტურს მცირე ბიზნესი აქვს. პრეზიდენტის მტკიცების საპასუხოდ ის ამბობს [არტური, 39 წლის]: “მე ვთვლი, რომ ზამთარს მოუმზადებელი ვხვდებით: ყველანაირად პრობლემებია: შუქი არა გვაქვს, გათბობაც არ არის ხანდახან, ზოგიერთ უბანში – გაზს ვგულისხმობ. მე ვცხოვრობ დიღომში და ეს პრობლემა, პრინციპში, ჯერჯერობით არ მაწუხებს. მე მგონი, ახლა ისეთი პერიოდი დადგა, რომ ადამიანმა თვითონ უნდა იზრუნოს თავის თავზე. მთავრობის იმედი, როგორც მე ვიცი, ბევრს არა აქვს”.

25 წლის თამარს ზამთრისათვის მზაობაში დაეჭვების საფუძველს გასული ათწლეულის ფუჭი გამოცდილება აძლევს [თამარი, 25 წლის]: “რამდენადაც უკვე მე-13 წელი იწყება, რაც ქვეყანამ ელექტროენერგიის პრობლემა ვერ მოაგვარა – არა მგონია. ამ ბოლო 3-4 წლის განმავლობაში შეხება მაქვს ხოლმე ე.წ. “ესენგეს” სხვა ქვეყნებთან და პირდაპირ სამარცხვინოა; თუ 3-4 წლის წინ სომხეთში თითქმის იგივე სიტუაცია იყო, რაც ჩვენთან, და ვიცინოდით იმაზე, თუ როგორ აბამდნენ ტროლეიბუსის ხაზებიდან სადენებს და მაღალი ძაბვის გამო როგორ ანაწილებდნენ მიღებულ დენს ათ ქურაზე – დღეს ყველგან გაუმჯობესდა ვითარება. როგორ შეიძლება საღამოს ქალაქში დენი არ იყოს – ამას ვერ იგებენ ვერც ერთ სხვა რესპუბლიკაში”.

26 წლის გია ქალაქის ერთ-ერთ სამსახურში მუშაობს. პრეზიდენტის სიტყვების მასაც არ სჯერა [გია, 26 წლის]: “მე მგონი, არ არის მართალი. შუქი ჩვენ არ გვაქვს, ხელფასს ჩვენ არ გვირიგებენ თავის დროზე... გაუმჯობესებული არაფერი არ არის. [კითხვა]: სადაც თქვენ ცხოვრობთ, იქ რა ვითარებაა? [პასუხი]: სოფელ დიღომში?! არაფერი პირობა არ გვაქვს ზამთრისთვის”.

[ისმის ირაკლი ჩარკვიანის “ზამთარია”]


წამყვანი:
თბილისის მოსახლეთა პასუხები შეკითხვაზე, მზად არის თუ არა საქართველო ზამთრისათვის, დავით პაიჭაძემ გაგაცნოთ. ნუგეშად არ გამოგვადგება, მაგრამ მაინც უნდა ითქვას, რომ წლევანდელი ზამთრისათვის მოუმზადებელი შეერთებული შტატებიც კი აღმოჩნდა! იქ დიდთოვლობამ ამ დღეებში 1,5 მილიონი ადამიანი დატოვა ელექტროენერგიის გარეშე, რაც, საქართველოსაგან განსხვავებით, ცხადია, გამონაკლისია. აი, პრობლემა კი, რომელზეც ახლა ვისაუბრებთ მსოფლიოს ყველა ქვეყანას, მათ შორის შეერთებულ შტატებსაც და საქართველოსაც ერთნაირად ეხება.
[მუსიკა]

ირღვევა თუ არა ადამიანის იმუნოდეფიციტური ვირუსით დაავადებულთა უფლებები საქართველოში?
თამარ ჩიქოვანი, თბილისი

წამყვანი:
1 დეკემბერს შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნა. ამ დაავადების სტატისტიკური მონაცემები კვლავ შემაშფოთებელია – მსოფლიოს მასშტაბით ინფიცირებულია 68 მილიონი ადამიანი, გარდაიცვალა 24 მილიონზე მეტი. ყოველდღიურად მსოფლიოში აღირიცხება ინფიცირების 8 500 ახალი შემთხვევა. 2002 წელს შიდსის საწინააღმდეგო მსოფლიო კამპანია მიმართულია შიდსთან ასოცირებული შიშის, სირცხვილის, უმეცრებისა და უსამართლობის წინააღმდეგ. ირღვევა თუ არა ადამიანის იმუნოდეფიციტური ვირუსით დაავადებულთა უფლებები საქართველოში? ამ საკითხით თამარ ჩიქოვანი დაინტერესდა.

თამარ ჩიქოვანი:
ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებულია აივ ინფექციის – შიდსის 361 შემთხვევა, თუმცა, სავარაუდოდ, ინფიცირებულთა რიცხვი გაცილებით დიდია და 1500 აღემატება. სამწუხარო ტენდენციად უნდა ჩაითვალოს დაავადებულთა ასაკის გაახალგაზრდავება – უკვე რამდენიმე შემთხვევაა აღრიცხული, როცა ინფიცირებულის ასაკი 20 წელია. ოფიციალური ცნობებით, დაავადებულთა 70 პროცენტი ინტრავენტული ნარკომანია, თუმცა შეინიშნება იმ კატეგორიის ადამიანთა რიცხვიც, ვინც სექსუალური კონტაქტით ავადდება.

საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი “თანადგომა” ერთ-ერთია საქართველოში მოქმედ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას შორის, რომელიც აივ ინფიცირებულებთან მუშაობს. კითხვაზე, რა ფსიქოლოგიურ დახმარებას საჭიროებს ადამიანი, რომელსაც ეს დაავადება უდგინდება,“თანადგომის” წევრი ნინო წერეთელი მიპასუხებს: [ნინო წერეთლის ხმა] “ ძალიან მძიმე რამ არის ეს დიაგნოზი, მაგრამ არის გზები, რომ ამ ადამიანებმა, ჯერ ერთი, გარკვეულწილად, თავი დაიმშვიდონ და გააგრძელონ ამით ცხოვრება იმიტომ, რომ, პირველი, რაც უნდა გააცნობიეროს ამ ადამიანმა, არის ის, რომ ამით ცხოვრება არ თავდება. ეს არ ნიშნავს, რომ ხვალ მე მოვკვდები – ეს დიაგნოზი ამას არ ნიშნავს.”

“თანადგომის” კიდევ ერთი წევრის, ფსიქოლოგ ხათუნა ხაჟომიას განმარტებით, უმძიმესი ფსიქოლოგიური სტრესის მიუხედავად, აივ –ინფიცირებულმა უნდა გაითავისოს, რომ მისი ცხოვრება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად პასუხისმგებლობით მოეკიდება ის “ახალ მდგომარეობას.” სწორი რეჟიმისა და სწორი მკურნალობის პირობებში, ინფიცირებულები წლების განმავლობაში ცხოვრობენ. ბევრი მათგანი – მეტ-ნაკლებად სისლხსავსე ცხოვრებით, ოღონდ ჯერჯერობით - მხოლოდ უცხოეთში. საქართველოში ჯერჯერობით აივ ინფიცირებულების მიმართ კვლავ იგრძნობა შიში, ხანდახან აგრესიაც კი, რაც უფრო მეტად საზოგადოების არაინფორმირებულობით უნდა იყოს გამოწვეული. ყველაზე ხშირად ირღვევა აივ-ინფიცირებულების უფლება სამედიცინო მომსახურების მიღებაზე. მართალია, საქართველოს კანონმდებლობით, აივ ინფიცირებულისთვის სამედიცინო მომსახურებაზე უარის თქმა კანონით ისჯება, ისევე როგორც მეორე პირისთვის დაავადების გადაცემა, რეალობა სხვაგვარია. ნინო წერეთლის თქმით:
[ ნინო წერეთლის ხმა] “ თვითონ მათგან რაც ვიცი, იმას ვამბობ: ძალიან ხშირად არა აქვთ საშუალება, მიიღონ კვალიფიციური სამედიცინო დახმარება, რადგან თუ ადამიანი მიდის ექიმთან და სჭირდება, ვთქვათ, კბილის ამოღება, მას არა აქვს უფლება, დამალოს თავისი სტატუსი. მეორე მხრივ, რომ არ დამალოს, ექიმი აღარ მოემსახურება. ეს არის მათთვის პრობლემა, რადგან აივ-ინფიცირებულ ადამიანს ძალიან ბევრი გვერდითი პრობლემები უჩნდება ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ შიდსის ცენტრს აქვს ასეთი მომსახურება და ჰყავს ექიმები, ვინც ემსახურება ინფიცირებულებს, რა ქნან მათ, ვინც არ ცხოვრობენ თბილისში და ასეთი ნელ-ნელა ბევრი ხდება? რა ქნან იმ ადამიანებმა, თუ კბილის პრობლემები აქვთ? ვეღარ მიდიან კბილის ექიმთან. თუ მიდიან – ძალიან უჭირთ გახსნან თავისი სტატუსი. ერთი ექიმისთვის თქმა იმის ტოლფასია, რომ ყველა გაიგებს. ეს მათთვის ტრაგედიაა.”[სტილი დაცულია]

თუმცა, როგორც ჩანს, გარკვეული ცვლილებები თავად ინფიცირებულთა თვითშეგნებაშიც ხდება: რამდენიმე დღის წინათ “თანადგომის” ხელშეწყობით დაფუძნდა არასამთავრობო ორგანიზაცია “ საქართველოს პოზიტიურთა ჯგუფი”, რომელიც აივ-ინფიცირებულებს აერთიანებთ. ჯერჯერობით ორგანიზაციის წევრები მაინცდამაინც არ აქტიურობენ, მაგრამ, იმედია, სულ მალე საკუთარი უფლებების დაცვას ისწავლიან.

თამარ ჩიქოვანი რადიო “თავისუფლებისათვის”, პრაღა
[მუსიკა]

ჩრდილოვანი ეკონომიკისა და კორუფციის ურთიერთკავშირის ზოგიერთი ასპექტი
გიორგი კაკაბაძე, პრაღა

წამყვანი:
შიდსთან შედარება, შეიძლება, გადაჭარბებული იყოს, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ კორუფცია საქართველოს ქრონიკულ სნეულებად ექცა... არადა, რამდენად კარგად აქვს გაცნობიერებული ხელისუფლებას ქვეყანაში მართლაც რომ გამეფებული კორუფციისა და ჩრდილოვანი ეკონომიკის ურთიერთკავშირი და მისი შემცირების აუცილებლობა? ან რა დამოკიდებულებას ავლენს ხელისუფლება ეკონომიკური გაძლიერებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის პრობლებისადმი? და საერთოდ, რამდენად რეალურია დღევანდელ პირობებში სახელმწიფო მოხელის კეთილსინდისიერი მუშაობა? ამ საკითხებზე, რომელთაც არაერთხელ შევხებივართ, დღეს გიორგი კაკაბაძე ისაუბრებს.

გიორგი კაკაბაძე:
უკვე რამდენიმე წელია, ქართველი და საზღვარგარეთელი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ე.წ. გარდამავალ პერიოდში ჩრდილოვან ეკონომიკასა და კორუფცას შორის არსებული ურთიერთკავშირი პოზიტიურ როლსაც ასრულებს ქვეყნის ცხოვრებაში, რადგან მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს შემოსავლებით უზრუნველყოფს.

ეკონომიკური ექსპერტის, თამაზ აქუბარდიას თქმით, [აქუბარდიას ხმა] “დღეს კორუფციას საკმაოდ დიდ ნაწილში სოციალური ფუნქციაც აკისრია იმიტომ, რომ 14 ლარიანი ელფასის მქონე ადამიანი ცოცხალი ვერ უნდა იყოს. არადა, ის ცოხცალია. თუ მას სხვა არავითარი შემოსავალი არა აქვს, შეუძლებელია, რომ 14 ლარზე იარსებოს. მე ამასაც კორუფციას ვუწოდებ,- არალეგალურ შემოსავალს, მაგრამ არალეგალური შემოსავლბი ჩვენი უღარიბესი მოსახლეობის ნაწილისთვის გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა”

“საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის” ბიულეტენის 73-ე ნომერში ეკონომიკური ექსპერტი დავით უბილავა ჩრდილოვანი ეკონომიკის ზოგიერთ დადებით და უარყოფით შედეგებზე საუბრობს. დადებითად მიჩნეულია კრიზისულ პერიოდში მოსახლეობის გარკვული ნაწილის სამუშაო ადგილებით უზრუნველყოფა, ამ სექტორში დასაქმებულთა შემოსავლების ზრდა და გადასახადების გდაუხდელობის ხარჯზე წარმოებული პროდუქციის თვითღირებულების შემცირება.

უარყოფითი შედეგები კი ის არის, რომ ჩრდილოვან სექტორში სამუშაო პირობები არადამაკმაყოფილებელია, საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულთა და პენსიონერთა შემოსავლები მცირდება, ხოლო გადასახადების გადაუხდელობის გამო ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლები და, შესაბამისად, მისი ხარჯვითი ნაწილი მცირდება.
დავით უბილავა წერს, რომ ჩრდილოვანი ეკონომიკისგან განსხვავებით, კორუფცია, - იგულისხმება მაკრო და არა მიკრო-კორუფცია, - ცალსახად უარყოფითად უნდა შეფასდეს. ზოგადი განმარტებით, -ამბობს იგი,- კორუფცია არის საჯარო ხელისუფლების ბოროტად გამოყენება პირადი ან ჯგუფური გამორჩენის მიზნით.

საინტერესოა, თამაზ აქუბარდიას თვალსაზრისი, რომლის მიხედვით, განვითარებულ ქვეყნებში სახელმწიფო მოხელის კორუმპირებულობა, ფაქტობრივად, გამონაკლისს წარმოადგენს. რაც შეეხება პოსტსაბჭოთა საქართველოს, ექსპერტი ამბობს: [აქუბარდიას ხმა] “მინისტრს, რომელსაც 160 ლარი აქვს ხელფასი, არ შეიძლება მოსთხოვო დღე და ღამე ქვეყნის ინტერესებზე ზრუნვა. ეს აბსურდია, ეს არც ერთ ქვეანაში არ ყოფილა და არც იქნება. და ის, ვინც ამას ახერხებს, ნორმალურად არ მიმაჩნია, - ან ცოლ-შვილი არ უნდა ჰყავდეს ან ასკეტი უნა იყოს და ასკეტების ადგილი სამინისტროში, მე მგონი, არ არის. ამიტომ, თუ ის ნორმალური ადამიანია და ოჯახი ჰყავს, ვერ იცხოვრებს 160 ლარით”.

კითხვა: “ბატონო თამაზ, გამოდის, რომ თქვენ ამართლებთ უკანონო შემოსავლებს?”

თამაზ აქუბარდიას პასუხი: “არა, მე ფაქტის კონსტატაციას ვახდენ”.

თამაზ აქუბარდიას თქმით, რასაკვირველია, მხოლოდ სახელმწიფო მოხელეთა ხელფასების ზრდით, ქვეყანაში კოუფციის მასშტაბები არ შემცირდება და ვერც ქვეყანა გაძლიერდება ეკონომიკურად, - გასაგებია, რომ ამისთვის კომპლექსური ღონისძიებების გატარებაა საჭირო, - დასძენს იგი.

სწორედ ამ სკითხებს ეძღვნება დავით უბილავას ზემოაღნიშნული წერილი, სადაც, კერძოდ, ნათქვამია, რომ, მართალია, ხელფასების ზრდა სახელმწიფის მხრიდან დამატებით დანახარჯებს მოითხოვს, მაგრამ ამასთან იგი საშემოსავლო, სოციალური, თუ სხვა გადასახადების სახით დამატებითი შემოსავლის წინაპირობას ქმნის.

ამ სტატიის შესახებ უფრო ვრცლად საუბარი შორს წაგვიყვანდა. თუმცა, იმაზე, თუ რა დამოკიდებულებას ავლენს საქართველოს ხელისუფლება აღნიშნული პრობლემატიკის მიმართ, საკმარისია, თუნდაც, კიდევ ერთ ფრაგმენტს გავეცნოთ. დავით უბილავას თქმით, საერთო ჯამში, საგადასახადო სისტემამ უნდა უზრუნველყოს არა კორუფციისა და ჩრდილოვანი ეკონომიკის სტიმულირება, როგორც ეს დღეს ხდება, არამედ პირიქით, მის ანტისტიმულს უნდა წარმოადგენდეს, რაც, პირველ რიგში, ერთმანეთთან შესაბამისობში მოყვანილი, გონივრულად განსაზღვრული განაკვეთებით უნდა დარეგულირდეს.

გიორგი კაკაბაძე რადიო”თავისუფლებისათვის”, პრაღა
[მუსიკა]

რა არის “Mecca Cola”?
მარიამ ჭიაურელი, პრაღა

წამყვანი:
მსოფლიოში ანტიამერიკული განწყობის მომძლავრება, რომელსაც დღევანდელ გადაცემაში უკვე შევეხეთ, როგორც ჩანს, მხედველობიდან არ გამორჩენია ტაუფიკ მათლუთის. მათლუთი წარმოშობით ტუნისელი, საფრანგეთში მცხოვრები ბიზნესმენია და, რახან ბიზნესის მიმდევარი კაცის წარმატება დიდწილად არის დამოკიდებული კლიენტების განწყობისა თუ შეხედულებების გათვალისწინებაზე, მანაც არ დააყოვნა და... “Mecca Cola” გამოიგონა.

“Mecca Cola” რომ ჟღერადობით ერთ მეტად ცნობილი გამაგრილებელი სასმელის სახელწოდებას გვაგონებს, ცხადია, შემთხვევითი არ არის! არანაკლებ აშკარაა გარეგნული მსგავსება: “Mecca Cola”- ის ბოთლის იარლიყის ფერებადაც წითელი და თეთრი აურჩევიათ, ოღონდ წარწერა ჰორიზონტალურად კი არა ვერტიკალურად არის გავლებული და ასოების მოყვანილობაც არაორაზროვან ასოციაციას იწვევს. და მაინც, თვალი არც დიდ სიახლეზე უნდა დავხუჭოთ: “Mecca Cola”- ში გადახდილი ფულის 10 პროცენტი, პალესტინელების დამხმარე საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადაერიცხება. ასე რომ ყოველგვარი “კოლის” სმა ერთგვარ პოლიტიკურ აქტად იქცა – ყოველ შემთხვევაში, საფრანგეთში. შესაბამისად: “დალიე შეგნებულად – და არა იდიოტივითო”, მოგვიწოდებს “Mecca Cola”- ის ლოგო.

მათლუთი არ მალავს, რომ უჩვეულო ბიზნეს-იდეა “Zam-Zam Cola”-ის ეკონომიკურმა წარმატებამ ჩაუსახა: დიახ, არსებობს “Zam-Zam Cola”, რომელმაც ირანი და ახლო აღმოსავლეთი დაიპყრო – ანუ, სწორედ ის ქვეყნები, სადაც აშშ-ის იმიჯი საკმაოდ შელახულია. ერთი მაგალითი: საუდის არაბეთსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში გასულ შემოდგომაზე “Zam-Zam Cola”-ის 10 მილიონი ბოთლი გაიყიდა! თუმცა, მათლუთი ირწმუნება, რომ მისი “Mecca Cola”გაცილებით მეტია, ვიდრე ეკონომიკური წარმატების შანსი: [მათლუთის ხმა] “ჩვენ ამერიკის პოლიტიკის წინააღმდეგი ვართ. ეს თავიდანვე გარკვევით ითქვა. სულ არ გვენაღვლება, რას იფიქრებს ამერიკის მთავრობა. ჩვენ არ ვეთანხმებით მის საგარეო პოლიტიკას, ამერიკულ იმპერიალიზმს. ამას ჩვენ ძალიან ნათლად და აქტიურად გამოვხატავთ, და ყველა, ვინც თუნდაც ერთ ბოთლ მექა-კოლას ყიდულობს, ანხორციელებს პროტესტის აქტს ამერიკის პოლიტიკის, აგრეთვე სიონიზმის ბოროტმოქმედებების წინააღმდეგ”.

როგორც ჩვენმა პარიზელმა კორესპონდენტმა, სარა მარტინმა შეიტყო, მათლუთს დრო არ დაუკარგავს: მას წლეულს, ზაფხულში დაებადა “Mecca Cola”- ის იდეა, აგვისტოში უკვე გაფორმებაზე მუშაობა დაიწყო, ხოლო ოქტომბერში, ანუ ისლამური დღესასწაულის, რამადანის დაწყებამდე, ყველაფერი მზად იყო სასმელის გასაყიდად. დღეს ძნელი სათქმელია, რამდენი ფრანგი გამოამჟღავნებს “პოლიტიკურად კორექტული” სასმელით გაგრილების სურვილს, მაგრამ აშკარაა საფრანგეთის მკვიდრთა შორის მუსლიმანების დაინტერესება – მათი რიცხვი კი 5 მილიონს აღწევს!

“Mecca Cola”- ის ავტორისა არ იყოს, ამრი აბდულაზიზიც ბიზნესმენია. ის მაღაზიებს სურსათით ამარაგებს და უკვე შესყიდული აქვს ახალი სასმელის დიდი პარტია. ოღონდ მის სარდაფში არც კოკა კოლის ნაკლებობა შეიმჩნევა. [ამრი აბდულაზიზის ხმა] “კოკა კოლასთან კონკურენცია, ცოტა არ იყოს, არასერიოზული საქმეა, მაგრამ შესაძლებელია ბაზრის მცირე ნაწილის დაპყრობა. რატომაც არა? მარტო იმის თქმა შემიძლია, რომ ახალი პროდუქტისათვის, რომელიც ეს ესაა ბაზარზე გამოდის, ფასი მეძვირება”.

რაც შეეხება ფასს: ერთი ბოთლი “Mecca Cola” 1 ევრო და 50 ცენტი ღირს, მაშინ როცა კოკა კოლას პარიზის მაღაზიებში 1 ევროდ და 20 ცენტად იყიდით.

იქნებ ამის გამოც, სახელგანთქმულ “Coca Cola”-ს არ აშინებს ახალი კონკურენტი. “კომპანიას არაფერი აღელვებს - “Mecca Cola” ხომ ამერიკის პოლიტიკის და არა “Coca Cola”-ის წინააღმდეგ არის მიმართულიო”, – განაცხადა პარიზში “კოკა კოლა ენტერპრაიზის” პრესმდივანმა, რითაც საქმისადმი ჭეშმარიტად, პროფესიონალური დამოკიდებულება გამოამჟღავნა.

ამასობაში კი “მექა კოლა” მსოფლიოს დაპყრობას ცდილობს: გაყიდულია 700 000 ბოთლი, “მექა კოლას” იხილავთ არა მარტო საფრანგეთში, არამედ ბრიტანეთში, ბელგიაში, გერმანიაში. მიღებულია შეკვეთები ავსტრალიიდან, კანადიდან, ბანგლადეშიდან, ვიეტნამიდანაც კი!

ტავფიკ მათლუთის ეს იდეოლოგიურ-ეკონომიკური წარმატება თავში არ ავარდნია: [მათლუთის ხმა] “მე ვარ მოქალაქე. ხოლო მოქალაქე შეგნებულად უნდა ცხოვრობდეს, უნდა მონაწილეობდეს საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ პროცესებში. ნამდვილი მოქალაქე აქტიური უნდა იყოს. ნამდვილი მოქალაქე სხვის გადაწყვეტილებებს არ ელოდება. მან უნდა იაქტიუროს, ის უნდა მონაწილეობდეს გადაწყვეტილებების მიღებაში”.

[მუსიკა]
როგორიც უნდა იყოს ანტიამერიკული სასმელისა და მისი ავტორისადმი დამოკიდებულება, ერთ რამეში მათლუთი ცამდე მართალია: “მოქალაქე შეგნებულად უნდა ცხოვრობდეს, უნდა მონაწილეობდეს საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ პროცესებში. ნამდვილი მოქალაქე აქტიური უნდა იყოს” – ამაში “Mecca Cola”-ის შემოქმედს ამერიკელებიც დაეთანხმებიან.
[მუსიკა]

არქეოლოგიური გათხრები კახეთში

ბიძინა რამიშვილი, პრაღა

წამყვანი:
ახლახან ვენიდან დაგვირეკა საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ჩეხეთის რესპუბლიკაში, გია არსენიშვილმა და მოგვიყვა სამეცნიერო კონფერენციის შესახებ, რომელზეც კახეთში მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების ანგარიშით გამოვიდა ცნობილი გერმანელი არქეოლოგი, ჰალეს უნივერსიტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ანდრეას ფურტვენგლერი. მოხსენებამ დიდი ინტერესი გამოიწვია არა მხოლოდ სამეცნიერო წრეებში. ჩვენც გადავწყვიტეთ კიდევ ერთხელ შეგვეხსენებინა ჩვენი რადიომსმენელისთვის შირაქის ველზე მიმდინარე ამ გათხრების შესახებ, რომლის განხორციელებაში ძალზე დიდი წვლილი მიუძღვის გერმანელ მეცნიერს. ბიძინა რამიშვილს მოუსმინეთ.

ბიძინა რამიშვილი:
კახეთის ექსპედიციის მუშაობას მრავალწლიანი ისტორია აქვს. აქ ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში წარმატებით აწარმოებდა გათხრებს არქეოლოგ კიაზო ფიცხელაურის ჯგუფი. პრობლემები გაჩნდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ პერიოდში, როცა დანგრეულ ქვეყანაში დიდ სირთულედ იქცა მეცნიერების დაფინანსება. ანდრეას ფურტვენგლერმა საქართველოს ისტორიის უკანასკნელი ათწლეულის ყველაზე მძიმე პერიოდში, 1993 წელს გადაწყვიტა მხარში ამოდგომოდა თავის ქართველ კოლეგებს, რომლებთანაც მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებდა ჯერ კიდევ თბილისის დაძმობილებულ ქალაქ საარბრიუკენში მუშაობის პერიოდიდან.

კახეთში ფართო მასშტაბის კვლევას მან 1995 წელს მოჰკიდა ხელი, როცა ალაზნის ველზე, წნორის მახლობლად ჩატარებულმა გათხრებმა უნიკალური მასალა გამოამზეურა. აღმოჩნდა, რომ არქეოლოგებს საქმე ჰქონდათ აქემენიდური ირანის პერიოდის ნაგებობასთან, რომლის მსგავსი საქართველოში მანამდე არ ყოფილა აღმოჩენილი. ქართველი კოლეგები თავიდან არც უჯერებდნენ თურმე გერმანელ მეცნიერს და მიაჩნდათ, რომ საქმე ელინისტურ, ანუ უფრო გვიანდელი პერიოდის მასალასთან უნდა ჰქონოდათ.

[ფურტვენგლერის ხმა] "მხოლოდ მოგვიანებით, როცა თავად კომპლექსი ვნახეთ და სამშენებლო ტექნიკას გავეცანით, რაც სრულიად უცხოა საქართვეოსთვის – კერძოდ, ესაა ე.წ. 35 სანტიმეტრის სიგრძის გამომშრალი აგური, რომელიც ტიპიურია აქემენიდების პერიოდისთვის და რომელიც საქართველოში სხვაგან არსად არ მოიპოვება – დავრწმუნდით, რომ იქ ემუშავათ უცხო მშენებლებს, რომელთაც შუა ველზე აღემართათ სასახლე აღმოსავლურ სტილში. სავარაუდოა, რომ აქ განაგებდნენ არა უცხოელები, არამედ ქართველები, რომლებიც ირანის დიდი მეფის სამსახურში იყვნენ. ასეთი სტილი მოდა იყო V-IV საუკუნეებში ჩვენს წელთაღრიცხვამდე და არა ელინისტურ პერიოდში, როცა უკვე ალექსანდრე მაკედონელთან და მის მემკვიდრეებთან გვაქვს საქმე".

ამის შემდეგ არქეოლოგები დაინტერესდნენ იმით, თუ რა უსწრებდა წინ აი ამ, სპარსელების გავლენის ქვეშ მყოფ, კულტურას. ექსპედიციამ ალაზნის ველიდან შირაქში გადაინაცვლა. იქაც აღმოჩნდა აქემენიდების პერიოდის ძეგლი, მაგრამ, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე არქეოლოგიაში, მოულოდნელად წააწყდნენ უფრო ადრინდელ ფენას, რომელშიც აღმოჩნდა ადგილობრივი, ქართველური ტომების დასახლებები, თანაც ქალაქური ტიპის, რაც ამ რეგიონისა და ამ პერიოდისთვის იშვიათობაა.

მაგრამ მკვლევართა ყურადღება იმან მიიქცია, რომ ეს დასახლება გადამწვარი იყო და, როგორც ამას აღმოჩენილი იარაღის ნაშთები მოწმობს, კიმერიელების შემოსევის შედეგად განადგურებულა.

[ფურტვენგლერის ხმა] "განსაკუთრებით საინტერესო იყო ის, რომ ეს დასახლება განადგურებულ იქნა ე.წ. ევრაზიის ცხენოსანი მომთაბარეების, კიმერიელების მიერ, რომლებიც ჩრდილოეთიდან მოსულან. კიმერიელები შიშის ზარს სცემდნენ მთელს ახლო აღმოსავლეთს, მაგრამ აქამდე შეუძლებელი იყო მათი ლაშქრობების ზუსტად დათარიღება. ჩვენ კი ბრწყინვალე დათარიღების საშუალება მოგვეცა. ისტორიული თვალსაზრისით ეს ფენომენური აღმოჩენა იყო".

შირაქის ექსპედიციის წარმატებას სამი ძირითადი ასპექტი აქვს. ერთია დათარიღება – ეს ადგილობრივი ქართველური დასახლებები VIII-VII საუკუნეებით თარიღდება. მეორე მხრივ, ბოლოს და ბოლოს აღმოჩნდა ძლიერი განადგურების მკაფიო კვალი, რაც მძლავრ შემოსევებს მოწმობს. დაბოლოს, გამოირკვა შემოსევის მიზეზიც. სპეციალური ანალიზის მეშვეობით დადგინდა, რომ იმ პერიოდისთვის ტემპერატურა ნორმალურზე ბევრად უფრო მაღალი იყო, ანუ მომთაბარეები გვალვების გამო იძულებული იყვნენ ახალი საძოვრები ეძებნათ თავიანთი საქონლისთვის.

აქვე უნდა ვახსენო კიდევ ერთი აღმოჩენა, რომელიც კახეთის ექსპედიციამ გააკეთა შარშან. წითელი წყაროს რაიონში, ტახტიფერდას გორაზე, გაითხარა შუა ბრინჯაოს ხანის ნასახლარი. თუ რა მნიშვნელობის ძეგლთან გვაქვს საქმე, ამაზე მოუსმინეთ ექსპედიციის მონაწილეს, არქეოლოგ იოლონ გაგოშიძეს, რომელსაც ტელეფონით დავუკავშირდით პრაღიდან.

[გაგოშიძის ხმა] იხ. აუდიოვერსია.

კახეთის არქეოლოგიური ექსპედიცია და მასთან ერთად ანდრეას ფურტვენგლერი სამომავლოდაც აპირებენ მუშაობის გაგრძელებას ამ რეგიონში. ვნახოთ, რას მოგვიტანს მათი თანამშრომლობა. თავად ანდრეას ფურტვენგლერი ოპტიმიზმით არის აღსავსე.

[ფურტვენგლერის ხმა] "ჩვენი კონტაქტების, ჩვენი სამეცნიერო კონტაქტების გამო, – მაგალითად, შესანიშნავი თანამშრომლობა გვაქვს კიაზო ფიცხელაურთან და სხვებთან – ამ კონტაქტების გამო საერთოდ არ ვაპირებთ სადმე წასვლას. მაგრამ მომავალი გვიჩვენებს, როგორ განვითარდება მოვლენები. არსებობს სხვა რაიონებიც, მაგალითად, თრიალეთი, რომელიც ჯერ არასაკმარისად არის შესწავლილი. მართალია, ჩემი ქართველი კოლეგები, როგორც, მაგალითად, ბატონი ნარიმანიშვილი, ძალიან აქტიურად მუშაობენ, მაგრამ არა აქვთ საკმარისი ფინანსური სახსრები. ეს არის დიდი პრობლემა ქართული არქეოლოგიისა და, საბოლოოდ, მეცნიერთა ახალგაზრდა თაობისთვის – არასაკმარისი ფინანსური სახსრები".

დაბოლოს კიდევ ერთი საკითხი. პროფესორი ფურტვენგლერი გახლავთ მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი დირიჟორის, ვილჰელმ ფურტვენგლერის ვაჟი. ჩვენთან საუბარში მან პირობა მოგვცა, რომ მამამისის შესახებაც მოგვიყვება ერთ-ერთ გადაცემაში.
[მუსიკა]

წამყვანი:
ეს იყო ყოველკვირეული რადიოჟურნალი “მეათე სტუდია”, რომელიც პრაღაში მოამზადეს ბიძინა რამიშვილმა და მარიამ ჭიაურელმა. რადიო “თავისუფლების” თბილისის ბიუროში ხმის რეჟისორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე. გემშვიდობებით 1954 წლის ჩანაწერით: ნაწყვეტით ბეთჰოვენის მე-6 სიმფონიიდან. დირიჟორის პულტთანა დგას ვილჰელმ ფურტვენგლერი.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG