Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული კინო “ოსკარის” გარეშე დარჩება


1999 წლიდან ქართველ კინორეჟისორებს ამერიკის კინოაკადემიის პრემიის მოპოვების შანსი გაუჩნდათ. 3 წლის განმავლობაში ქართულ სურათებს საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინანტებს შორის მოიხსენიებდნენ.

მაგრამ მომავალ წელს “ოსკარით” დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალზე ქართულ კინოს აღარავინ ახსენებს. ჩვენმა კინემატოგრაფისტებმა ამჯერად შესარჩევ კონკურსშიც კი ვერ მიიღეს მონაწილეობა.

წელს ამერიკის კინოაკადემიამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კინემატოგრაფისტებს ნოემბრის ბოლომდე მისცა ვადა; ეროვნულ კინოორგანიზაციებს სწორედ ნოემბრის ბოლომდე უნდა წარედგინათ ფილმი, რომელსაც ამერიკელი კინოაკადემიკოსები ჩართავდნენ “ოსკარის” კონკურსში “საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი”. საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირმა ჯერ კიდევ თვენახევრის წინ მიიღო ამერიკის კინოაკადემიის ოფიციალური წერილი, რომელსაც კინოაკადემიის აღმასრულებელი დირექტორი ბრუს დევისი აწერს ხელს: ქართველ კინორეჟისორებს შეერთებული შტატების კინოაკადემია კონკურსის პირველ ტურში მონაწილეობას სთავაზობდა. ასეთი წერილი თბილისში არავის გაჰკვირვებია: ქართველი რეჟისორის ფილმი ხომ ერთხელ უკვე მოხვდა “ოსკარის” ფინალურ ტურში – ნანა ჯორჯაძის სურათს “შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი” სულ ცოტა აკლდა “ოსკარამდე”. მას შემდეგ ქართველ კინემატოგრაფისტებს კინოაკადემიის კონკურსი არ გამოუტოვებიათ. გასულ წელს, მაგალითად, ზაზა ურუშაძის ფილმი “აქ, ჩემთან” კონკურსის მეორე ტურში მოხვდა. მაგრამ წელს ქართულ კინოში ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა. შეიძლება ითქვას, რომ 2002 წელი ქართული კინოსთვის ყველაზე წარუმატებელი აღმოჩნდა. საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის მდივანმა არჩილ შუბაშვილმა რადიო “თავისუფლებასთან” საუბარში განაცხადა, რომ ჩვენი კინემატოგრაფისტები ბრუს დევისის წერილს ვერ უპასუხებდნენ; და არამარტო იმიტომ, რომ წლის განმავლობაში საქართველოში არ გადაღებულა “ოსკარის” ღირსი სრულმეტრაჟიანი ფილმი. ამ წერილში ქართველ კინემატოგრაფისტებს ამერიკელებისთვის უნდა აეხსნათ, რომ თბილისში მხოლოდ წლის ბოლოს გახდა შესაძლებელი იმ ფილმების დასრულება, რომლის გადაღება ჯერ კიდევ 5, 7 წლის წინ დაიწყო. არ არის გამორიცხული, რომ, თუნდაც მომავალ წელს, რომელიმე ეს ფილმი ამერიკის კინოაკადემიის პრემიის ღირსი გახდეს. მაგრამ ამ შემთხვევაში კინემატოგრაფისტებს გაუჭირდებათ მიუთითონ ფილმის გადაღების თარიღი. ნამდვილად საეჭვოა, ამერიკელმა კინოაკადემიკოსებმა დააფასონ ფილმი, რომლის გადაღება 7 წლის წინ დაიწყო – ე.ი. რომლის გადაღების დროს ასაკი მოემატათ მსახიობებს, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ამ ფილმების პრობლემატიკაც შეიძლებოდა მოძველებულიყო. ერთი რამ კი ნამდვილად საგულისხმოა და რაღაც ახალი: საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირი ქართული კინოს რეპუტაციას უფრთხილდება და “ოსკარით” დაჯილდოების 75-ე ცერემონიალს, უბრალოდ, “არ იმჩნევს.”
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG