Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთ-საქართველოს განახლებული სამხედრო მოლაპარაკების ძველი დღის წესრიგი


ზუსტად ერთწლიანი პაუზის შემდეგ, 11 დეკემბერს, საქართველოსა და რუსეთს შორის განახლდა მოლაპარაკება დარჩენილი ორი ბაზის გატანის ვადებისა და შემდგომი ფუნქციონირების შესახებ.

პირველი დღის შედეგებით ცნობილი ხდება, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში მხარეთა პოზიციებს არსებითი ცვლილებები არ განუცდია. დარჩენილი ორი ბაზის გასაყვანად რუსეთი თერთმეტწლიან ვადას ითხოვს, საქართველო კი ამ პროცედურისთვის 3 წელსაც საკმარისად მიიჩნევს და იმედი აქვს, რომ საკუთარი არგუმენტებითა და საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლით სასურველ შედეგს მიაღწევს.

ძნელი სათქმელია, თუ რა პრინციპით ხელმძღვანელობდა დელეგაციის დაკომპლექტებისას რუსეთის ხელისუფლება, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის საკითხზე განახლებულ მნიშვნელოვან მოლაპარაკებაზე თბილისში რუსეთის ფედერაციის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს დაბალი რანგის თანამშრომლებისგან შემდგარი ჯგუფი ჩამოვიდა. თავად დელეგაციას კი ხელმძღვანელობს საქართველოში დისლოცირებული რუსეთის ჯარების დაჯგუფების სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ნიკოლაი ზოლოტოვი, რომელმაც დროის უქონლობა მოიმიზეზა და შეხვედრის დაწყებამდე პრესასთან ლაპარაკს თავი აარიდა.

[ნიკოლაი ზოლოტოვის ხმა] "დრო არ მაქვს, დრო არ მაქვს. მერე, მერე."

მიუხედავად ამისა, საქართველოს მხარე განახლებული შეხვედრისთვის საგულდაგულოდ მოემზადა და, როგორც რადიო “თავისუფლებასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველოს უფროსმა გიორგი მანჯგალაძემ განაცხადა, სტუმრებს კვლავ საკითხთა სამი ბლოკისგან შემდგარი ძველი დღის წესრიგი შესთავაზა.

[გიორგი მანჯგალაძის ხმა] "პირველი - ეს ბათუმისა და ახალქალაქის გატანის ვადები, საგარეჯოს საინჟინრო მასალების საწყობის გატანის ვადები და ცალკეული ობიექტების გადმოცემის ვადები."

როგორც ირკვევა, საქართველო მზად არის შუამდგომლობით მიმართოს დონორ ქვეყნებს, რათა ისინი ფინანსურად დაეხმარონ რუსეთის ხელმძღვანელობას ბაზების კუთვნილებაში არსებული ტექნიკის ტრანსპორტირებასა და რუსეთის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის შესაბამისი ობიექტების მშენებლობაში, ოღონდ, იმ აუცილებელი პირობის გათვალისწინებით, რომ ბაზების გატანის პროცესი მხოლოდ სამ წელს გაგრძელდება. გარდა ამისა, საქართველოს დელეგაცია პირველად წამოჭრის საკითხს სამხედრო ბაზის მიერ მიწათსარგებლობისა და საიჯარო გადასახადების გადახდის შესახებ. ძნელი სათქმელია, თუ როგორ მიიღებს საქართველოს წინადადებას რუსეთის ხელისუფლება, რომელიც ბაზების გასატანად კვლავინდებურად 11 წლიან ვადას ითხოვს. თუმცა, როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხედრო დეპარტამენტის ხელმძღვანელი რეზო ბეშიძე აცხადებს, საქართველოს მოთხოვნებს, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების გარდა, მხარს ნატოში შემავალი ქვეყნებიც უჭერენ.

[რეზო ბეშიძის ხმა] "სამიტის დეკლარაციის მეთხუთმეტე პუნქტში ნატო მოუწოდებს რუსეთის მხარეს, რათა შეასრულოს ვალდებულებები, რომლებიც მან აიღო სტამბულში ეუთოს სამიტის დროს. სულ ახლახან პორტოში, 7 რიცხვში, ნატოს სახელით, ჰოლანდიამ გააკეთა ანალოგიური განცხადება."

ასეა თუ ისე, ექსპერტთა დონეზე გამართული კონსულტაციები თბილისში 11 დეკემბრის საღამოს დამთავრდა. მასზე მიღწეული შეთანხმებით, რუსეთი მზად არის უახლოეს ხანებში დაიწყოს საგარეჯოს საინჟინრო მასალების საწყობისა და კოჯრის კავშირგაბმულობის ცალკეული ნაწილის გატანის პროცესი. დანარჩენ საკითხებზე კი მოლაპარაკება გაგრძელდება თებერვალში სახელმწიფო დელეგაციების დონეზე.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG