Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

465-ე გამოშვება.


წამყვანი: ბიძინა რამიშვილი, პრაღა 465-ე გამოშვება.

ბიძინა რამიშვილი:
ძვირფასო რადიომსმენელებო. გთავაზობთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგ, 465-ე გამოშვებას. დღეს გავიხსნებთ 11 წლის წინათ ბელოვეჟის ხელშეკრულების ხელმოწერის ფაქტს; მოგითხრობთ საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მოღვაწეობა; გადაცემის ბოლოს ლიტერატურაზე გვექნება საუბარი. ჯერ შემოგთავაზებთ სიუჟეტს ქართულ ლიტერატურაში ჰარი პოტერის შესახებ. შემდეგ მოგითხრობთ გამოჩენილი ავსტრიელი მწერლის, პეტერ ჰანდკეს შესახებ, რომელსაც ამ დღეებში 60 წელი შეუსრულდა და ესპანელ პოეტზე, რაფაელ ალბერტიზე, მისი 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით; დაბოლოს შეგიძლიათ მოისმინოთ საინტერესო ლიტერატურული ამბების კალეიდოსკოპი.
პრაღაში პროგრამას უძღვება ბიძინა რამიშვილი.

11 წლის წინათ საბჭოთა კავშირმა არსებობა შეწყვიტა

ბიძინა რამიშვილი:
11 წლის წინათ, 1991 წლის 8 დეკემბერს ბელოვეჟის ხელშეკრულების ხელმოწერით რუსეთის, უკრაინისა და ბელორუსიის პრეზიდენტებმა წერტილი დაუსვეს საბჭოთა კავშირის არსებობას. 8 დეკემბერს კრემლის სპასის კოშკურიდან ჩამოხსნეს საბჭოთა დროშა და დამოუკიდებელი რუსეთის დროას ააფრიალეს. თუმცა, 11 წლის წინანდელი მოვლენები მაშინ საქართველოში, გარკვეულწილად, შეუმჩნეველი დარჩა – დეკემბრის დასაწყისში პოლიტიკური მოვლენები ისე დუღდა რუსთაველის პროსპექტზე, რომ საბჭოთა კავშირის დაშლას რაიმე განსაკუთრებული რეაქცია არ გამოუწვევია. როგორ აღიქვეს საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლა – ამ თემის შესახებ თამარ ჩიქოვანი გესაუბრებათ.

თამარ ჩიქოვანი:
მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის ნგრევის პროგნოზს დასავლელი პოლიტოლოგები და ექსპერტები გამუდმებით აკეთებდნენ, შეიძლება ითქვას, რომ საბჭოთა კავშირის დაშლას დასავლეთიც და თავად საბჭოატ კავშირის სუბიექტთა უმრავლესობაც მოუმზადებელი შეხვდა. საბჭოთა რესპუბლიკების სუვერენიტეტთა პარადის მოუხედავად, საბჭოთა ხელისუფლება მდგომარეობის შენარჩუნებას ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების მიღებით ცდილობდა. საბჭოთა კავშირის შენარჩუნების საკითხის გასარკვევად ჩატარებულმა რეფერენდუმმა კრახი განიცადა – მაგალითად, საქართველომ საერთოდ უარი განაცხადა საკავშირო რეფერენდუმში მონაწილეობაზე. თუმცა, იმის თქმა, რომ კრემლში მიმდინარე მოვლენები არანაირ გგავლენას არ ახდენდა დამოუკიდებლობა გამოცხადებულ ქვეყნებში, გულუბრყვილობა იქნებოდა. მაშინდელი ერთერთი ოპოზიციური პარტიის წევრი ივლიანე ხაინდრავა ასე იხსენებს 11 წლისწინანდელ განწყობას:

[ივლიანე ხაინდრავას ხმა] “ 90-იანების დასაწყისში ერთგვარი გამოჯვნა მოხდა შიდა პროცესებსა და კავშირის მასშტაბით მიმდინარე პროცესებს შორის. ჩვენ აქ საქართველოში იმდენად დაკავებულები ვიყავით იმით, რაც ხდებოდა ამ ქვეყანაში 0 ვთქვათ, 90 წლის საპარლამენტო არჩევნები, რეფერენდუმი, ადგილობრივი არჩევნები – მთლად გამოსული საბჭოთა კავშირიდან თუ არა, ყოველ შემთხვევაში, შიდა საქმეებში ძალიან დიდი ავტონომიური განცხა რომ გვქონდა - ფაქტია.”

1990 წლის უზენაესი საბჭოს წევრი ნუგზარ მოლოდინაშვილი აღიარებს, რომ 11 წლის წინათ ხელისუფლება იმდენად მწვავე კრიზისში იყო ჩართული, რომ ბოლომდე ვერ გაიაზრა ბელოვეჟის ხელშეკრულების მნიშვნელობა. მისივე განმარტებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებმა – განსაკუთრებით, გკჩპ-მ, კრემლს დაუდასტურა, რომ საქართველო და ბალტიის ქვეყნები განახლებულ საბჭოთა კავშირში აღარ შევიდოდნენ.

[ნუგზარ მოლოდინაშვილის ხმა] “ 9 აპრილის შემდეგ და გარკვეული უგუნური ქმედებების შემდეგ, რაც იმპერიამ ჩაიდინა ამ ქვეყანაში, ძალიან ჩქარა წავიდა პროცესები და საქართველო ჩახტა იმ კალათაში, რომელშიც არ მოიაზრებოდა. “სამი კალათის” პრინციპი იყო, როგორ უნდა მომხდარიყო ამ სოციალისტური მონსტრის დემონტაჟი.”

იგი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ აუცილებელი არ იყო მაშინდელი საქართველოსთვის დამახასიათებელი რადიკალიზმი, რამაც ქვეყანას უამრავი პრობლემა შეუქმნა, რადგან საბჭოთა კავშირის ისედაც დაიშლებოდა.

[ნუგზარ მოლოდინაშვილის ხმა] “ მე ვერც ჩქარ ტემპს და ვერც სუსტ ტემპს დავარქმევ, მიმაჩნია, რომ ორგანული პროცესი იყო სრულიად ობიექტური, რომელიც დიდწილად სუბიექტების გარეშე მიდიოდა.”

ივლიანე ხაინდრავა კი თვლის, რომ ბევრი შეცდომისა და მსხვერპლის აცილება შესაძლებელი იყო, უბრალოდ, მაშინ ჩვენ – ხელისუფლებაც და საზოგადოებაც, დროის მოთხოვნების სიმაღლეზე ვერ აღმოვჩნდით. ამავე დროს:

[ივლიანე ხაინდრავას ხმა] “ მაგრამ, მეორე მხრივ, მე ვერც იმ მოსაზრებას დავეთანხმები, რომ აგერ თურქმენეთს თითი არ გაუნძრევია და მიიღო დამოუკიდებლობა. როგორი დამოუკიდებლობა მიიღო, ჩვენ ამას ვხედავთ, მაინც იმ წლებში საფუძველი ჩაეყარა პოლიტიკურ პლურალიზმს, პრესის დამოუკიდებლობას, ვისწავლეთ ჩვენი უფლებების დაცვა და, გარკვეულწილად, ამ კაპიტალით დღემდე მოვედით.”

კიდევ ერთი მოგონება – ნუგზარ მოლოდინაშვილის თქმით, 21 დეკემბერს ალმა-ატაში გამართულ საბჭოთა რესპუბლიკების წარმომადეგნელთა შეხვედრაზე მაშინდელი უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ნემო ბურჭულაძემ ხელი არ მოაწერა ახალი გაერთიანების შექმნის დეკლარაციას. 22 დეკემბერს რუსთაველზე პირველი ტყვია გავარდა. ივლიანე ხაინდრავას მოგონებით კი, საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს ცნობა, 24 დეკემბრიდან დაიწყო, როცა რუსთაველზე უკვე კანანადა ისმოდა.

თამარ ჩიქოვანი, რადიო თავისუფლებისთვის, პრაღა

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მოღვაწეობა

ბიძინა რამიშვილი:
წელიწადნახევარმა განვლო არასამთავრობო ორგანიზაციის - საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მოღვაწეობის დაწყებიდან. ფონდი არის ახლებური ტიპის დაწესებულება, რომელიც ჩატარებული კვლევითი სამუშაოების საფუძველზე შეიმუშავებს რეკომენდაციებს გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის, ხელს უწყობს გადაწყვეტილების მიღების პროცესს და ამ ინფორმაციას სამთავრობო სტრუქტურებს აწვდის.

ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ ამ ორგანიზაციის საქმიანობა უკავშირდება ქვეყნის სტრატეგიული კურსის განვითარებას და საქართველოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების შემუშავებას. ფონდის მოღვაწეობის შესახებ გიორგი კაკაბაძე გესაუბრებათ.

გიორგი კაკაბაძე:
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი ამზადებს ახალგაზრდა ანალიტიკოსებს, რომლებიც, ძირითადად, მუშაობენ სამთავრობო დაწესებულებებში, აგრეთვე არსამთავრობო ორგანიზაციებსა და მასმედიაში. ფონდის პრეზიდენტი, ალექსანდრე რონდელი ამბობს: [რონდელის ხმა] “ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პროდუქტი, რომლითაც ჩვენ ძალიან ვამაყობთ იმიტომ, რომ მათ ათთვიანი კურსი გაიარეს ეკონომიკაში, საერთაშორისო უსაფრთხოებაში, საერთაშორისო ურთიერთობებში, კვლევის მეთოდებში და ეროვნულ უსაფრთხოებაში“.

შარშან მომზადდა 15 ახლგაზრდა ანლიტიკოსი, წელს კი 18 მსმენელი დადის ლექციებზე. ორივე შემთხვევაში მათი შერჩევა დაახლოებით 100-კაციანი კონტინგენტიდან მოხდა. ლექციებს ატარებენ ცნობილი ამერიკული კვლევითი ცენტრის “რენდის” ექსპერტები და ქართველი ექსპერტები.

ფონდის მოღვაწეობის კიდევ ერთი მიმართულება უკავშირდება სტატიების სისტემატურ გამოქვეყნებას საქართველოსა და საზღვარგარეთის პერიოდაკასა და სხვადასხვა გამოცემებში.

ალექსანდრე რონდელის თქმით, [რონდელის ხმა] “გარდა ამისა, ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ ჩამოსულ ექსპერტებთან, ვცდილობთ, რომ დავეხმაროთ მათ, კონსულტაციებს ვუტარებთ, ვეხმარებით კონტაქტების დამყარებაში იმიტომ, რომ მნიშვნელოვანია, რა შეხედულებით წავლენ აქედან“.

ფონდის მუშაობის კიდევ ერთ სფეროსთან დაკავშირებით, წამყვანი ეკონომიკური ექსპერტი, ლადო პაპავა ამბობს: [პაპავას ხმა] “ჩვენი ფონდის ერთ-ერთი მიმართულება არის კვლევა ეკონომიკის სფეროში. ჩვენი მიზანია, შევისწავლოთ ის სტრატეგიული მიმართულებები, რომლებსაც ესოდენ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს ეკონომიკისთვის და, ბუნებრივია, რომ ეს საერთაშორისო ურთიერთობების კონტექსტშია განხილული“.

საქართველოს სტრატეგიის და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ძირითადი პარტნიორია ამერიკული კცვლევითი ცენტრი “რენდი”. ფონდმა დაიწყო თანამშრომლობა კანადის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან, რომლის დაკვეთით უკვე შეასრულა პროექტი სამხრეთი კავკასიის ქვეყნების სახელმწიფო მართვასთან დაკავშირებით.

ფონდის წამყვანი პოლიტიკური ექსპერტი არჩილ გეგეშიძე აღნიშნავს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ფონდის პარტნიორად იკვეთება შვეიცარიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო და ჟენევის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი, [გეგეშიძის ხმა] “რომლებმაც უკვე მოახდინეს აპრობაცია ჩვენთან, - კონკრეტული პროექტი დაიწყო: ჩვენს ბაზაზე მზადდებიან სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური უწყებების ახალგაზრდა დიპლომატები”.

ამდენად, ფონდის მოღვაწეობამ უცხოეთშიც ჰპოვა აღიარება – მის თანამშრომლებს საღვარგარეთ იწვევენ, რაც, გასაგები მიზეზების გამო, ძირითადად, მასპინძლების ინიციატივით და დაფინანსებით ხდება. ასეთი მივლინებები ემსახურება უცხოელი კოლეგებისთვის საქართველოს წარდგენას და სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენების გაშუქებას. მაგალითად, ამ ცოტა ხნის წინ ალექსანდრე რონდელმა წაიკითხა მოხსენება რომის კლუბის წლიურ სხდომაზე, - მან შავი ზღვის და კასპიის ზღვის რეგიონების თავისებურებებზე ისაუბრა. ვენაში, ავსტრიის დიპლომატიურ აკადემიასა და აღმოსავლეთი ევროპის ინსტიტუტში წაკითხული ორი მოსხენება, შესაბამისად, მიეძღვნა საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს და სამხრეთი კავკასიის უსაფრთხოების პრობლემებს.

ნოემბერში იაპონიის “სასაკავას მშვიდობის ფონდმა” ქართველი და აზერბაიჯანელი ექსპერტებისთვის გამართა შემეცნებითი ხასიათის შეკრება, რომელსაც არჩილ გეგეშიძე და ლადო პაპავა დაესწრნენ.

ფონდის ექსპერტები გაეცნენ იმ მექანიზმებს, რომელთა საშუალებით შესაძლებელია იაპონიის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების დახვეწა.

საერთოდ, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდს, თავის პროფესიულ საქმიანობასთან ერთად, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობაში.

გიორგი კაკაბაძე, რადიო თავისუფლებისთვის, თბილისი.

ჰარი პოტერი ქართულ ენაზე

ბიძინა რამიშვილი:
გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, დღეს მსოფლიო საბავშვო და არა მხოლოდ საბავშვო ლიტერატურაში ერთი ყველაზე პოპულარული პერსონაჟი ჰარი პოტერია. წლეულს, ადრე გაზაფხულზე ჩვენ ვესაუბრეთ პირველი წიგნის, “ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვის” ქართულად მთარგმნელს, მანანა ანთაძეს. იმხანად წიგნისა გამოცემა არ მოხერხდა. ახლა კი ცნობილია, რომ ის უკვე იბეჭდება და 26 დეკემბერს გამოვა. ამ დღეს უნდა გაიმართოს ჰარი პოტერის მეორე წიგნის მიხედვით გადაღებული ფილმის “ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახის” საპრემიერო ჩვენება თბილისში. დავით პაიჭაძე ჰარი პოტერის ქართულად გამომცემელს ბაკურ სულაკაურს, რომლისგანაც არაერთ საგულისხმო დეტალს შეიტყობთ წიგნის შესახებ.

იხ. აუდიოვერსია.

ბიძინა რამიშვილი:
გამომცემელ ბაკურ სულაკაურს დავით პაიჭაძე ესაუბრებოდა. თქვენ უსმენთ რადიო თავისუფლებას პრაღიდან.


დათო კაკაბაძე
ბიძინა რამიშვილი:
ჩვენი შემდეგი სიუჟეტი ეძღვნება გამოჩენილ ავსტრიელ მწერალს, პეტერ ჰანდკეს, რომელსაც ამ დღეებში 60 წელი შეუსრულდა. მის შესახებ მასალა დავით კაკაბაძემ მოამზადა.


დავით კაკაბაძე:
პეტერ ჰანდკე თანამედროვე ავსტრიული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია. ჰანდკე 26 წლისაც არ იყო, როცა მისი სახელი მეხივით გავარდა გერმანულენოვან სამყაროში: 1968 წელს ახალგაზრდა მწერალმა გამოაქვეყნა მეამბოხე სულისკვეთებით გამსჭვალული პიესა პუბლიკის ლანძღვა, რომელიც მას შემდეგ მსოფლიოს მრავალ ენაზე ითარგმნა და ასევე მრავალ თეატრში დაიდგა. საერთოდ, მეამბოხეობა პეტერ ჰანდკეს სამწერლო თუ ადამიანური პორტრეტის მთავარი შტრიხია: თანამედროვე საზოგადოების კრიტიკა მისი ნაწარმოებების მუდმივი თანმხლებია.

ჰანდკე-მთხრობელი უმეტესწილად დათრგუნულ, სამყაროსგან გაწბილებულ ადამიანად წარმოგვიდგება. სულ ერთია, რაზე გვიამბობს ავტორი: ავსტრიის გრიფენ-ალტენმარკტის პროვინციაში გატარებულ ბავშვობაზე თუ კათოლიკური სკოლა-ინტერნატის წლებზე, სამწერლო ასპარეზზე გადადგმულ პირველ ნაბიჯებზე თუ მსოფლიო აღიარებით გამოწვეულ სიხარულზე: მის ნაწერს მუდამ თან სდევს ერთგვარი მელოდრამატული კილო თუ ინტონაცია, და ისევ და ისევ – იმ საზოგადოების კრიტიკა, რომელშიც ცხოვრება უწევს.

დღეს ჰანდკე ისეთი პოპულარული აღარ არის, როგორიც თუნდაც ამ ათიოდე წლის წინათ იყო. მწერალმა, თუ შეიძლება ითქვას, აშკარად დაკარგა ქულები, როცა 90-იანი წლების ბალკანეთის კონფლიქტში თითქმის მთელი მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ გაილაშქრა და მკვახე სიტყვებით დაგმო ნატოს საჰაერო იერიშები სერბიის წინააღმდეგ. ლიტერატურის კრიტიკოსებმა როგორც ავსტრიასა და გერმანიაში, ისე საფრანგეთში, სადაც ჰანდკე ათ წელიწადზე მეტია, ცხოვრობს, მწერალს მიკერძოებულობა და სერბების ბრმა თაყვანისცემა დასწამეს. თუმცა, პეტერ ჰანდკეს პოზიცია არ შეუცვლია…

ჰანდკეს ბოლოდროინდელი ნაწარმოებების სუსტ მხარედ კრიტიკოსები იმას მიიჩნვენ, რომ მწერალი თითქოს ლიტერატურისა და პოლიტიკის შერწყმას, შეუღლებას ცდილობს. მისი ბოლო, სქელტანიანი რომანის გმირი შეიძლება ჩაითვალოს გაწბილებას განასახიერებად იმის გამო, რომ დღევანდელი სამყარო მყარად ადგას გადაგვარების გზას და რომ იდეალების მსხვრევას ვეღარაფერი შეაჩერებს. „ეს სამყარო ნაგავიაო„ - უთხრა ამას წინათ პეტერ ჰანდკემ ერთ ჟურნალისტს.

1978 წელს პეტერ ჰანდკემ საქართველოში იმოგზაურა. მისი ერთ-ერთი მასპინძელი იყო გერმანისტიკის პროფესორი ნოდარ კაკაბაძე.

[ნოდარ კაკაბაძის ხმა] იხ. აუდიოვერსია.

ბიძინა რამიშვილი:
პეტერ ჰანდკეს შესახებ პროფესორ ნოდარ კაკაბაძეს დავით კაკაბაძე ესაუბრებოდა.

[მუსიკა]

რაფაელ ალბერტი – 100

ბიძინა რამიშვილი:
როგორც დაგპირდით, მწერლობაზე საუბარს ამით არ დავამავრებთ. ამ დღეებში სიტყვის კიდევ ერთი გამოჩენილი ოსტატის, ესპანელი პოეტისა და დრამატურგის, რაფაელ ალბერტის დაბადების დღეს ზეიმობენ.

ალბერტი ე.წ. "1927 წლის თაობის" უკანაკნელი დიდი წარმომადგენელი იყო. გარდა გარსია ლორკასა და ვისენტე აელიხანდრესა, მის უახლოეს წრეს განეკუთვნებოდნენ კინორეჟისორი ლუის ბუნუელი, მხატვრები პაბლო პიკასო და სალვადორ დალი. 1931 წელს იგი კომუნისტურ პარტიაში შევიდა და ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს სახალხო ფრონტის მხარეზე იბრძოდა გენერალ ფრანკოს ჯარების წინააღმდეგ. ამ პერიოდის სისასტიკესა და დასამარებულ იმედებზე წერს იგი თავის კრებულში "პოეტი ქუჩაში".

1929 წელს გამოსულმა მისმა ლექსების კრებულმა "ანგელოზების შესახებ" ერთდროულად განცვიფრება და აღფრთოვანება გამოიწვია. ბევრს უჭირდა დაჯერება, რომ სულ რაღაც 26 წლის პოეტს სიცოცხლისმოყვარე ანდალუზიიდან ასეთი პირქუში ხილვები შეიძლება ჰქონოდა შიშისა და საკუთარ თავში დაეჭვების შესახებ.

სამოქალაქო ომის შემდეგ ალბერტიმ 38 წელი გაატარა პარიზში, ბუენოს აირესსა და რომში. მხოლოდ ფრანკოს დიქტატურის დასასრულის შემდეგ უკან. "შეკრული მუშტით წავედი და გაშლილი ხელებით ვბრუნდები იმის ნიშნად, რომ ყველა ესპანელთან თანხმობაში მინდა ვიყოო", თქვა შინდაბრუნებისას.

რაფაელ ალბერტის შესახებ მოუსმინეთ ესპანური ლიტერატურის სპეციალისტს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ ლია ლორიას:

[ლორიას ხმა]

ქალბატონ ლიას ვკთიხე, თუ ვინ ეგულება ამ უაღრესად საინტერესო ესპანელი პოეტის მთარგმნელად საქართველოში.

[ლორიას ხმა]

ეს გახლდათ ესპანური ლიტერატურის სპეციალისტი, პროფესორი ლია ლორია, რომელსაც ტელეფონით დავუკავშირდი პრაღიდან. ბოდიშს გიხდით ცუდი სატელეფონო კავშირისთვის.

დაბოლოს, რაფაელ ალბერტი 1999 წელს გარდაიცვალა თითქმის 97 წლის ასაკში. "თუკი ჩემი ხმა მიწაზე დადუმდეს, ზღვასთან მიიტანეთ და ნაპირზე დატოვეთო”, დაწერა ერთხელ. ოკეანეში შეყვარებულ პოეტს შეუსრულეს ლექსად ნათქვამი ეს ანდერძი. მისი ფერფლი კადიზის ყურეში მოაბნიეს.

[მუსიკა]

ბიძინა რამიშვილი:
ლიტერატურაზე საუბარს ახლა მარიამ ჭიაურელი განაგრძობს, რომელმაც “საინტერესო სალიტერატურო ამბების კალეიდოსკოპი” მოამზადა

ხუთშაბათს ლიტერატურის მოყვარულები მადრიდიდან გავრცელებულმა ცნობამ განაცვიფრა: ესპანეთში ყველაზე პრესტიჟული, რასაკვირველია, “სერვანტესის სახელობის პრემია”, მიენიჭა ხოსე ხიმენეს ლოსანოს - უცხოეთში თითქმის სრულიად უცნობ მწერალს! ის კი არა, ლოსანოს ნაწარმოებებს (მათ შორის რომანს “შემოდგომის ამბავი”, აგრეთვე მოთხრობებსა და ლექსებს) სამშობლოშიც ლიტერატურის მოყვარულთა მხოლოდ ვიწრო წრეში იცნობენ... მაგრამ ახლა დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ 72 წლის მწერლისადმი ინტერესი მკვეთრად იმატებს – სერვანტესის სახელობის პრემიას, რომელთან ერთადაც ლაურეატი ფულადი ჯილდოს სახით 90 000 ევროს მიიღებს, მნიშვნელობით ხშირად ადარებენ ნობელის პრემიას.

რაც შეეხება ნობელის პრემიას, ის ლიტერატურის დარგში წლეულს, როგორც ცნობილია, უნგრელ იმრე კერტესს მიენიჭა – სხვათა შორის, პირველ უნგრელს ნობელის პრემიის ისტორიაში. კერტესს, რომელიც პრაქტიკულად ერთადერთ თემაზე, ოსვენციმის ტრაგედიაზე წერს, ეს უაღრესად პრესტიჟული პრემია 10 დეკემბერს სტოკჰოლმის საკონცერტო დარბაზში გამართულ საზეიმო ცერემონიაზე გადაეცა. მას და ნობელის პრემიის ლაურეტებს ფიზიკის, ქიმიის, მედიცინისა და ეკონომიკის დარგებში, საპატიო სიგელები და ნობელის ოქროს მედლები დაურიგა შვეციის მეფემ კარლ გუსტავმა. ცხადია, არ დავიწყებიათ არც ფულადი ჯილდო, რომელიც წლეულს, დაახლოებით, მილიონ დოლარს შეადგენდა.

ნობელის პრემიის ლაურეატ ალბერ კამიუს ტრაგიკული სიკვდილიდან თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ საფრანგეთს მისი ნაწარმოებების ერთგვარი რენესანსი მოედო. რადიკალიზმის მოძულე, თვითკრიტიკული ჰუმანისტის შეხედულებები, როგორც მისი ნაწარმოებების ახალთახალი გამოცემები, საგაზეთო სტატიები თუ რადიოპროგრამები ცხადჰყოფს, ბევრს იზიდავს 11 სექტემბრის ტრაგედიის შემდგომ გამეფებული უნდობლობისა და ძალადობის ფონზე. რომანების “უცნობის”, “შავი ჭირის” ავტორის მოსაზრებები ადამიანის ღირსების ხელშეუხებლობის შესახებ, გაუმაძღრობის, ამპარტავნობის, დაუნდობლობის, დოგმატიზმის წინააღმდეგ მიმართული მძაფრი კრიტიკა - აქტუალურად ჟღერს ტერორიზმის აღზევების პირქუშ ეპოქაში. “ვერაფერი გაამართლებს უდნაშაულო ადამიანების დახოცვასო”, ჯიუტად იმეორებდა კამიუ მაშინ, როცა ალჟირში ომი მძვინვარებდა და ასეთი სიტყვების წარმოთქმა ორივე დაპირისპირებული მხარის გადამტერებას ნიშნავდა. თუნდაც ახლო აღმოსავლეთის, ან ჩეჩნეთის კონფლიქტები ცხადჰყოფს, რომ ამ მხრივ დღემდე არაფერი შეცვლილა.

[მუსიკა]

ბიძინა რამიშვილი:
თქვენ მოისმინეთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგი გამოშვება, რომელიც პრაღაში მოამზადეს მარიამ ჭიაურელმა, დავით კაკაბაძემ და ბიძინა რამიშვილმა. გადაცემას უძღვებოდა ბიძინა რამიშვილი. თბილისის ბიუროში ხმის რეჟისორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე. მომავალ პარასკევამდე.
XS
SM
MD
LG