Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ იტანჯებიან აფხაზეთიდან ლტოლვილები კუთვნილი დახმარების მიღებისას


კუთვნილი ფულადი დახმარების მოლოდინში აფხაზეთიდან დევნილი რეზო კიკორიას ტრაგიკული დაღუპვის ფაქტმა საქართველოს ხელისუფლებაც კი შეაწუხა. 13 დეკემბერს სახელმწიფო კანცელარიაში

გაიმართა თათბირი, რომელზეც საყვედური, ძირითადად, დევნილთა დახმარების გამანაწილებელი „საფოსტო ბანკის“ მიმართ გამოთქვეს. ყოველთვიურად აფხაზეთიდან დევნილთა ფულადი დახმარება 3 მილიონი ლარის ფარგლებში მერყეობს და მისი გაცემა ქართული საბანკო სისტემისთვის დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, ლტოლვილების ნაწილს აუტანელი ტანჯვის ფასად უწევს კუთვნილი თანხის მიღება, ნაწილი კი ამას სულაც ვერ ახერხებს.

საბანკო სისტემის პრინციპი მოგებას ეფუძნება და ამ პრინციპზე დაფუძნებული ურთიერთობა ორივე მხარისთვის - ბანკისთვისაც და მისი კლიენტისთვისაც - სასიამოვნო და სასარგებლოა. სამწუხაროდ, სიდუხჭირის უკიდურეს ზღვარზე მყოფი აფხაზეთიდან დევნილების დიდი ნაწილი საბანკო ბიზნესის სიკეთით ვერ სარგებლობს, ამის საშუალებას მათი მატერიალური მდგომარეობა ნამდვილად არ იძლევა, თუმცა პირიქით უნდა იყოს: რაკი სახელმწიფო ფულადი დახმარების გაცემა საბანკო სისტემის მეშვეობით ხორციელდება, ლტოლვილებს ბანკთან აუცილებელი ურთიერთობა სარგებელს უნდა აძლევდეს.

[ელგუჯა გულედანის ხმა] „ რაც კიკორიას შეემთხვა, ეს არ არის გამონაკლისი. საერთოდ, დევნილების მიერ შემწეობების აღება არის, ფაქტობრივად, წამების დღე და ხალხი მიჰყავთ სასოწარკვეთამდე. ჯერ ეს 14 ლარი რა არის? ზოგან 12-ია, ზოგან 11-ია. შეიძლება ამ შემთხვევამ პატარა შვება მისცეს დევნილებს. სამწუხაროდ, კიკორია დაიღუპა და შეიძლება კონტროლზე აიყვანონ, მაგრამ იანვრიდან ეს გაგრძელდება ისევ იმ ფორმით, როგორც აქამდე იყო.“

აფხაზეთიდან დევნილი ელგუჯა გულედანის ამ სიტყვების დასტურია ის, რომ 13 დეკემბერს საქართველოს ლტოლვილების ფულადი დახმარების გამანაწილებელი „საფოსტო ბანკის“ წარმომადგენელი, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილესთან ერთად, სახელმწიფო მინისტრის მოადგილე აკაკი ზოიძესთან მიიწვიეს. ხელისუფლება მხოლოდ ახლა დაინტერესდა, თუ რატომ გასცემს “საფოსტო ბანკი” ლტოლვილთა თანხებს მხოლოდ 10 დღის მანძილზე. ბანკის წარმომადგენელმა მარინა ხომერიკმა თავი შემდეგი სიტყვებით გაიმართლა:

[ხომერიკის ხმა] „თუ სხვა შეძლებს ამის გაკეთებას, კი, ბატონო. კონტროლის პალატა 6 თვეში ერთხელ შემოდის, ეროვნული ყოველ თვეში გვაწუხებს და... ძალიან ვწუხვარ, რომ ის პიროვნება გარდაიცვალა და შეიძლება ის პიროვნება პურის რიგშიც გარდაცვლილიყო.“ [სტილი დაცლია]

როგორც ჩანს, „საფოსტო ბანკის“ წარმომადგენელმა არ იცის, რომ საქართველოში პურის რიგები კარგახანია აღარ არის და არც საბანკო დაწესებულებებთან დგას ხალხი კუთვნილი ფულის მოლოდინში. რიგები მხოლოდ „საფოსტო ბანკის“ პრაქტიკაა.

თუ ლტოლვილმა დანიშნულ 10 დღეში ვერ მოასწრო და ვერ აიღო კუთვნილი თანხა, ეს ფული ბანკში იყინება და მისი მიღება მხოლოდ 1 თვის შემდეგ შეიძლება. ელგუჯა გულედანის ინფორმაციით, 20 ათასამდე დევნილს საერთოდაც არ მიუღია კუთვნილი შემწეობა, რადგან ისინი ძველ საბჭოთა პასპორტებს ფლობენ, თუმცა, პრეზიდენტ შევარდნაძის ბრძანებულებით, ძველი პასპორტები 2003 წლამდე მოქმედებს. ცხადია, ბანკი ამ გაყინული რესურსით ხეირიან სარგებელს იღებს, ლტოლვილთა თანხას კი1 თეთრიც არ ემატება. არადა, თითქმის ყველა ქართულ ბანკს უვადო საანაბრო ანგარიშის მომსახურება აქვს და მისი კლიენტები ყოველთვიურად 6 პროცენტამდე მოგებას იღებენ.
თანაც, თანხის მიღება ნებისმიერ დროს შეიძლება და 10 დღიან ვადასაც არავინ აწესებს. თუ რატომ იქცევა სხვაგვარად „საფოსტო ბანკი,“ მარინა ხომერიკის სიტყვებიდან შეიტყობთ.
[ხომერიკის ხმა] „ასე გვაქვს ხელშეკრულებაში ჩადებული.“

„საფოსტო ბანკი“ დევნილთა თანხების გამანაწილებლად ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ ტენდერის მეშვეობით შეარჩია. ის, რაც ბანკსა და სამინისტროს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში ჩაიდო, ჩემთან სატელეფონო ინტერვიუში სულ სხვაგვარად განმარტა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილემ გაიოზ ნოზაძემ.

[გაიოზ ნოზაძის ხმა] “ჩვენ ხელშეკრულებაში გვიწერია, რომ ანაბარიზაცია უნდა მოახდინოს მათმა ბანკმა და კეთილი ინებონ, რომ ეს თანხები მოხვდეს რომელიმე ბანკში, თუნდაც მათთან, ვინც არ მიიღებს ამ პერიოდში, რომ რა დროსაც არ უნდა დაჭირდეს, მივიდეს და მისთვის კუთვნილი თანხა აიღოს.“[სტილი დაცულია]

თავის დროზე ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ „საფოსტო ბანკი“ მომსახურების დაბალი ტარიფის გამო შეარჩია, მაგრამ იაფი პროდუქცია ყოველთვის როდია ხარისხიანი. თან ასეთი სიიაფე გაცილებით ძვირი უჯდება როგორც ლტოლვილთა შემწეობის დამფინანსებელ სახელმწიფო ბიუჯეტს, ასევე - თავად დევნილებს. ახლა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ახალი ტენდერი აქვს გამოცხადებული, თუმცა, თუ პრიორიტეტი კვლავ სიიაფე იქნება, ძნელი სავარაუდოა, აფხაზეთიდან დევნილებმა 14 ლარიანი დახმარების მიღება ადამიანურად შეძლონ.
XS
SM
MD
LG