Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი, რომელსაც გიტარის თანხლებით სიმღერა და პრეფერანსის თამაში უყვარს


თამარ ჩიქოვანი, თბილისი პრეზიდენტ შევარდნაძეს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ საქართველო-უკრაინას შორის განსაკუთრებული ურთიერთობაა ჩამოყალიბებული. მაგალითად, უკრაინა ერთადერთი სახელმწიფოა დსთ-ს მასშტაბით,

ვისთანაც საქართველოს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ. გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა დსთ-ს სამიტებზე საქართველოს წინადადების მხარდაჭერით ადასტურებს, რომ ამ ორი სახელმწიფოს პარტნიორობას ხანგძლივი პერსპექტივა აქვს. თუმცა, პრეზიდენტ შევარდნაძის მსგავსად, კუჩმას პრეზიდენტობის შესახებ უკრაინაში დიამეტრულად განსხვავებული აზრი არსებობს. თუ ერთნი ფიქრობენ, რომ კუჩმამ შეძლო რუსეთის გავლენის სფეროდან ქვეყნის გამოყვანა, მეორენი უკრაინის პრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვენ. ვინ არის პრეზიდენტი კუჩმა, რომელსაც, სკანდალების თვალსაზრისით, ბევრი პრეზიდენტი ვერ დაუდებს ტოლს?

ლეონიდ კუჩმას თბილისში ვიზიტი უკრაინაში განვითარებულ მორიგ სკანდალს დაემთხვა: 18 დეკემბერს ვითარება იმდენად დაიძაბა უკრაინის რადაში, რომ სპიკერი იძულებული გახდა, სხდომა შეეწყვიტა. ამჯერად ოპოზიცია უკრაინის ეროვნული ბანკის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებას აპროტესტებდა.
უკრაინის პრეზიდენტს რთული ურთიერთობა აქვს ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოსთან. უკრაინის რადაში დეპუტატთა მიერ მუშტი-კრივის გამართვა ჩვეულებრივ საქმედ იქცა. პარლამენტში წარმოდგენილი ოპოზიცია პერიოდულად სათავეში უდგება პრეზიდენტ კუჩმას იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას.
არადა, 1990 წელს, როცა ლეონიდ კუჩმა დნეპროპეტროვსკის საარჩევნო ოლქიდან რადის დეპუტატი გახდა, იგი განსაკუთრებული აქტიურობით არ გამოირჩეოდა, თუმცა, როგორც ამბობენ, საჯარო გამოსვლების ნაცვლად, იგი საკმაოდ ოსტატურად მუშაობდა კულუარებში, სადაც ე.წ. დირექტორების ინტერესებს ლობირებდა. თავად ლეონიდ კუჩმაც დიდ პოლიტიკაში მისვლამდე დირექტორი გახლდათ – იგი მსოფლიოში უდიდესი რაკეტსამშენებლო კონცერნის “მანქანათმშენებელი ქარხნის” გენერალური დირექტორი იყო. 1992 წელს, უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტის კრავჩუკის რეკომენდაციით, რადამ ლეონიდ კუჩმა უკრაინის პრემიერ-მინისტრად დაამტკიცა. მაშინ საკმაოდ პიკანტური რამ გაირკვა – რომ დამოუკიდებელი უკრაინის პრემიერმა უკრაინული ენა არ იცოდა. კუჩმამ რადას მშობლიური ენის შესწავლის პირობა მისცა, რაც შეასრულა კიდეც: 1994 წელს, როცა პირველად წამოაყენა თვისი კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებზე, ის უკრაინული ენის აუცილებელი ცოდნის პირობას აკმაყოფილებდა. 1999 წელს ლეონიდ კუჩმამ კიდევ ერთხელ გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებზე – მისი პრეზიდენტობის ვადა 2004 წელს ამოიწურება, თუ მანამდე ოპოზიცია თავისას არ მიაღწევს და კუჩმას გადადგომის აქციას ბოლომდე არ მიიყვანს. 2002 წლის 15 ოქტომბერს კიევის საქალაქო სააპელაციო სასამართლომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა უკრაინის პრეზიდენტის წინააღმდეგ. მას სისხლის სამართლის კოდექსის 11 მუხლით ედება ბრალი: საზოგადო მოღვაწის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა, უკანონო მოსმენები, შვილად აყვანის საიდუმლოების დარღვევა და ა.შ. როგორც ცნობილია, ლეონიდ კუჩმას მისი დაცვის ყოფილი წევრი ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის მკვლელობის ორგანიზებაში სდებს ბრალს. პრეზიდენტ კუჩმასთან დაკავშირებულმა კიდევ ერთმა სკანდალმა შეიძინა საერთაშორისო რეზონანსი, როცა ამ ბოლო დროს აშშ-მა და ბრიტანეთმა წამოიწყო გამოძიება, ხომ არ მიჰყიდა უკრაინამ ირანს სარადარო სისტემა, მიუხედავად საერთაშორისო აკრძალვისა. თავად კუჩმა ამას კატეგორიულად უარყოფს.
კიდევ ერთი საინტერესო დამთხვევა: ერთ-ერთი უკრაინელი ნათელმხილველის წინასწარმეტყველებით, უკრაინის შემდეგი პრეზიდენტი ქალი იქნება. ასეთი “წინასწარმეტყველება” საქართველოს მომავალი პრეზიდენტის სქესობრივი კუთვნილების თაობაზე ჩვენშიც საკმაოდ პოპულარულია. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტის გატაცებას – მისი აღიარებით, მას პრეფერანსის თამაში უყვარს, ყველაზე მეტად კი მიზერის – სულაც არ შეიძლება იმის გამორიცხვა, რომ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კუჩმამ სიურპრიზი მოუმზადოს პოტენციურ მოწინააღმდეგეებს. თუ არადა, ისევ და ისევ კუჩმას თქმით, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ იგი მეტ დროს დაუთმობს თავის კიდევ ერთ გადაცებას –გიტარის თანხლებით სიმღერას. მისი განმარტებით, ყველაზე დიდი სიამოვნებით იგი ბულატ ოკუჯავას და ალექსანდრ გალიჩის სიმღერებს ასრულებს.
XS
SM
MD
LG