Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აისახება თუ არა უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი ორმხრივ სამხედრო ურთიერთობაზე?


პოლიტიკურისა და ეკონომიკურის გარდა, საქართველოსა და უკრაინას სტრატეგიული თანამშრომლობა სამხედრო სფეროშიც აკავშირებთ. წლების განმავლობაში უკრაინის გენერალური შტაბის სამხედრო

აკადემია მაღალი რანგის ქართველი ოფიცრების სამჭედლოდ იქცა. უკრაინა ასევე ერთ-ერთი მსხვილი პარტნიორია სამხედრო-ტექნიკური თანმშრომლობის კუთხით. თუმცა, ამ თვალსაზრისით, გარკვეული ფინანსური პრობლემებიც დაგროვდა და, როგორც ჩანს, მათზე ლეონიდ კუჩმასა და ედუარდ შევარდნაძის უმაღლესი დონის შეხვედრაზეც იქნება საუბარი.

მეგობარი ქვეყნების პრეზიდენტების ვიზიტი საქართველოში ყოველთვის რაღაცით გამორჩეულ მოვლენად იქცევა ხოლმე: ერთნი გრანტით ჩამოდიან, სხვები ვალების გადავადების უსტარით, ზოგიც, უბრალოდ, კეთილი დაპირებებით. ამ თვალსაზრისით, უკრაინის პრეზიდენტის ლეონიდ კუჩმას სტუმრობა, განსაკუთრებით ქართველი სამხედროებისთვის, რამდენიმე დღით ადრე იქცა ისტორიულ მოვლენად. სპეციალურად ამ თარიღისთვის 16 დეკემბერს ფოთის სამხედრო პორტში დაბრუნდა საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი "ბორტი - 102", რომელსაც უკრაინის პორტ ბალაკლავაში სამი წლის განმავლობაში არემონტებდნენ.

აღსანიშნავია, რომ ხომალდთან ერთად საქართველოში სამწლიანი განშორების შემდეგ ეკიპაჟის წევრებიც დაბრუნდნენ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ კატარღის რემონტის გაჭიანურება ძალზე ბანალური მიზეზის გამო მოხდა: საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინაში ფულის გადარიცხვას სამი წელი მოანდომა. ამავე მიზეზის გამო, უკრაინის ბალაკლავას სანაპიროზე დიდი ხანია ხავსი ეკიდება საქართველოს სამხედრო ძალების კუთვნილ მეორე კატარღას, "ბორტ 301"-ს, რომელსაც ფლოტის ოპერატიული ბრძოლისუნარიანობისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა, როგორც სტრატეგიული პარტნიორი, ცდილობს საერთაშორისოზე დაბალი ფასებით მოემსახუროს ქართველ სამხედროებს, საქართველოს მთავრობას ტექნიკის დასახსნელად მაინც გარკვეული თანხის გამოძებნა მოუწევს. ოფიციალური ინფორმაციით, აღნიშული მცურავი საშუალების გასარემონტებლად საქართველომ უკრაინელ სპეციალისტებს 250 ათასი დოლარი უნდა გადაუხადოს. თანაც, ვადის გადაცილების შემთხვევაში, ეს თანხა ყოველწლიურად მატულობს.

თავდაპირველი სწრაფი ტემპების შემდეგ ნელ-ნელა შეფერხდა თანამშრომლობა კადრების სფეროში. მას შემდეგ, რაც საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ უარი განაცხადა სასწავლო პროგრამებით ოფიცერთა გაგზავნაზე რუსეთის ფედერაციის სამხედრო სასწავლებელში, კადრების მომზადების სფეროში ძირითად პარტნიორად უკრაინის გენერალური შტაბის აკადემია იქცა. 1998 წელს ხელმოწერილი შეთანხმების შემდეგ უკრაინის უმაღლესი სამხედრო სასწავლებელი ასამდე ქართველმა ოფიცერმა დაამთავრა. მაგრამ ბანალურმა მიზეზებმა ამ მიმარულებითაც იჩინა თავი და სულ მალე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უკრაინელი კოლეგების 1 მილიონი დოლარის ვალი დაუგროვდა.

სხვა პრობლემაა უკრაინიდან ჩამოსული ოფიცრების დასაქმება. ბოლო ხანს უკრაინიდან დაბრუნებული ბევრი ოფიცრისთვის საქართველოს სამხედრო უწყებაში ადგილი არ მოინახა. რადიო “თავისუფლების" რედაქციაში გვესტუმრა უკრაინის გენერალური შტაბიდან დაბრუნებული ერთ-ერთი ინკოგნიტო ქართველი ოფიცერი, რომელიც ასევე ამაოდ ელოდება თანამდებობაზე დანიშვნას:

[ინკოგნიტო ქართველი ოფიცრის ხმა] "დამთავრებული მაქვს უმაღლესი აკადემია უკრაინის, ჩამოსული ვარ ოთხი თვეა, ოთხ თვეზე ცოტა მეტიც, და დავდივარ უმუშევარი. ჩემთვის გაუგებარია, თუ რა ხდება? ეს დანახარჯი რისთვის გაიღო თავდაცვის სამინისტრომ? შესაბამისად, რა იქნება - ვიმუშავებ, თუ არ ვიმუშავებ? ვინმემ ამიხსნას იმ დონემდე, რომ თუ ვღირვარ, ვიმუშავებ, თუ არა და, დამანებონ თავი და მივდივარ ჯარიდან, საერთოდ."

თუმცა მიღებული სამხედრო დახმარებისა და ოფიცერთა კადრების ადგილზე გამოყენება მთლიანად საქართველოს პრობლემაა და არა უკრაინის, რომელიც, სტრატეგიული პარტნიორობის ხათრით, წელს კიდევ ერთხელ გადაუვადებს საქართველოს სამხედრო ვალებს. მაგრამ მყარი ფინანსური გარანტიის გარეშე, შემდგომში აღარაფრით დათანხმდება სამხედრო პროგრამების განხორციელებაზე.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG