Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა პერსპექტივა ელის საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობას? <br>საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს


გიორგი კაკაბაძე, თბილისი რა პერსპექტივა ელის საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობას? საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თედო ჯაფარიძის მოსკოვში ვიზიტის გარდა,

ამ საკითხმა მეტი აქტუალობა შეიძინა იმასთან დაკავშირებითაც, რომ, საქართველოს ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად, 25 დეკემბერს განახლდა სარკინიგზო მიმოსვლა სოჭსა და სოხუმს შორის.

27 დეკემბრის გაზეთი “24 საათი” წერს:

“საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის მოსკოვში სამუშაო ვიზიტის მთავარი პოლიტიკური შედეგი ის არის, რომ თედო ჯაფარიძემ რუსეთის პრეზიდენტს საქართველოს პრეზიდენტის პირადი წერილი ჩაუტანა. წერილი თედო ჯაფარიძემ პირადად გადასცა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს ალექსანდრე ვოლოშინს.

მოსკოველი ექსპერტები ამ ფაქტით ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ამინდის დათბობას წინასწარმეტყველებენ. სკეპტიკურად განწყობილი პოლიტოლოგების ერთი ნაწილი კი თედო ჯაფარიძის მოსკოვში გახშირებულ ვიზიტებში მოსკოვისადმი თბილისის საბოლოო გაუცხოებას ხედავს”.

“24 საათის” ცნობით, ამ პოლიტოლოგებს საქართველოდან რუსეთის საბოლოო გამოძევების პერსპექტივა სავსებით რეალურად ესახებათ.

27 დეკემბრის “მთავარი გაზეთი” აღნიშნავს, რომ თედო ჯაფარიძის მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში მხოლოდ ერთი შეხვედრა შედგა – რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან ალექსანდრ ვოლოშინთან და, ისიც, საქართველოში რუსეთის ახლად დანიშნული ელჩის ვლადიმერ ჩხიკვიშვილის ძალისხმევით.

გაზეთის ცნობით, “ჯაფარიძის ვიზიტის დროს სოხუმში მოსკოვის მერიის დელეგაცია იმყოფებოდა. ამავე დროს აღდგა სარკინიგზო მიმოსვლა აფხაზეთსა და რუსეთს შორის”.

“მთავარი გაზეთის” თქმით, “სოჭი-სოხუმი-სოჭი სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენა, როგორც ჩანს, რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის დასაწყისია. უფრო მეტიც, ამჟამად რუსეთი მდინარე ფსოუზე ახალი საბაჟო ტერმინალის აშენებას იწყებს. რუსეთი და აფხაზეთი აქტიურად იხილავენ ფსოუზე არსებული საკონტროლო-გამშვები პუნქტის მოდერნიზაციისა და გამტარუნარიანობის გაზრდის საკითხს. უკვე შემუშავებულია ახალი საბაჟო ტერმინალის მშენებლობის პროექტი და რუსეთის მხრიდან 30 მილიონი რუბლია გამოყოფილი. ერთი სიტყვით, რჩება შთაბეჭდილება, რომ რუსეთი საქართველოს მიტაცებული ტერიტორიის – აფხაზეთის კეთილმოწყობას იწყებს”.

შემდეგ გაზეთი წერს: “არსებული სურათის ფონზე საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობები უკიდურესი დაძაბულობის ახალ ფაზაში შევიდა. თედო ჯაფარიძის ვიზიტის შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, მდგომარეობის გართულება გარდაუვალია. მოსკოვში მყოფმა ჯაფარიძემ “მთავარ გაზეთს” განუცხადა, რომ “ის შეხვედრები, რომლებიც დაგეგმილი იყო, რუსული მხარის ინიციატივით გადაიდო, თუმცა რუსული მხარე ამის მიზეზს არ ხსნის. მეტიც, სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით მას კომენტარიც კი არ გაუკეთებია”.

27 დეკემბრის გაზეთი “ახალი თაობა” იმოწმებს სააგენტო “პრაიმ-ნიუსის” ინფორმაციას, რომ “სოჭსა და სოხუმს შორის განახლებული სარკინიგზო მიმოსვლა 30 დეკემბრიდან შეწყდება და მას რეგულარული ხასიათი არ ექნება. “საქართველოს რკინიგზის” ხელმძღვანელის აკაკი ჩხაიძის განცხადებით, რუსეთის გზების მიმოსვლის მინისტრ გენადი ფადეევთან საუბრისას გაირკვა, რომ ამ უწყებაში არაფერი იცოდნენ სარკინიგზო მარშრუტის განახლების შესახებ. სამინისტრომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება სოჭსა და სოხუმს შორის სარკნიგზო მიმოსვლის შეწყვეტის თაობაზე”.

აკაკი ჩხაიძის თქმით, “ამ მონაკვეთზე მოძრაობის განახლებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებებისთვის თბილისი მზადაა, მაგრამ, ქართული მხარის პოზიციით, მოძრაობის აღდგენა დევნილთა დაბრუნების პირობებში უნდა მოხდეს”.

ამ კვირაში პრესა საუბრობდა იმ საფრთხეზე, რომელიც საქართველოს იმ შემთხვევაში დაემუქრება, თუ ევროსაბჭოს ვალდებულებებს არ შეასრულებს და “შავი ფულის” გათეთრების წინააღმდეგ კანონმდებლობას არ გაამკაცრებს.

26 დეკემბრის გაზეთი “24 საათი” აღნიშნავს, რომ “უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის შესახებ” კანონპროექტი საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების რეკომენდაციით მოამზადა.
გაზეთის თქმით, “მსოფლიო საზოგადოება აქტიურ ბრძოლას უცხადებს საერთაშორისო ტერორიზმს, რომლის არსებობას სწორედ მსგავსი ფულადი ნაკადები განაპირობებს”.

27 დეკემბრის გაზეთ “რეზონანსის” ცნობით, “იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ნაკისრ ვალდებულებებს, მათ შორის, კანონპროექტს პირველ იანვრამდე პირველი მოსმენით მაინც არ მიიღებს, იგი “შავი ფულის” ლეგალიზაციის ხელშემწყობ ქვეყნად გამოცხადდება და მის წინააღმდეგ ევროსაბჭო სანქციებს განახორცილებს. ასე, მაგალითად, სპეციალური საერთაშორისო ორგანიზაცია “ფათფ-ის” ბოლო შეხვედრაზე, რომელიც სტრასბურგში დეკემბერში ჩატარდა, წევრ ქვეყნებს მიეცა რეკომენდაციები, უკრაინისა და ნიგერიის წინააღმდეგ სანქციები დაეწესებინათ. ეს სანქციები 15 დეკემბრიდან ამოქმედდა”.

“ბიუჯეტის გარშემო ვაჭრობა გრძელდება”, “ოპოზიცია ჯორბენაძისა და ბასილიას გადაყენებას ითხოვს”, “იხსნება ბიუჯეტზე ნადირობის სეზონი”. ამ სათაურებით ეხმაურება 28 დეკემბრის პრესა პარლამენტის საგანგებო სესიის მუშაობას.

“დილის გაზეთი” წერს, რომ “პარლამენტი უკვე მეორე დღეა ბიუჯეტს იხილავს, მაგრამ დასასრულს ჯერჯერობით ბოლო არ უჩანს”.

გაზეთის თქმით,”ფინანსთა მინისტრი მირიან გოგიაშვილი კანონმდებლებს იმით ამშვიდებდა, რომ მათი შენიშვნების ძირითადი ნაწილი პროექტის მეორე მოსმენით განხილვისთვის იქნება შეძლებისდაგვარად გათვალისწინებული.

ფრაქცია “დემოკრატებმაც” ასეთივე პასუხი მიიღო საარსებო მინიმუმის 115 ლარამდე გაზრდასთან დაკავშირებით. თუმცა ამ მოთხოვნის შესრულება, უნდა ვივარაუდოთ, უპერსპექტივოა. მირიან გოგიაშვილმა ამის შესახებ უკვე განაცხადა. თუმცა ფინანსთა მინისტრი ზოგადი პასუხებით უფრო შემოიფარგლა ინფლაციის პროცესის დაწყებისა და ქვეყნის ეკონომიკის დანგრევის შესახებ”.

გაზეთი “რეზონანსი” კი გვამცნობს, რომ ეკონომისტების მოსაზრებით, დღეს არსებულ ვითარებას მხოლოდ ხელფასების გაზრდა ვერ გამოასწორებს. მაგალითად, ეკონომიკის ექს-მინისტრის ლადო პაპავას თქმით, “როდესაც მინიმალური ხელფასი 115 ლარით განისაზღვრება, მეწარმე იძულებული გახდება დიდი თანხა გადაიხადოს. ბუნებრივია, რომ გაიზრდება ჩრდილოვანი გადასახადები. ამიტომ, თუ ამ ცვლილებებს მივიღებთ, ამას უნდა მოჰყვეს შესწორებები საგადასახადო კანონმდებლობაში.”

ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯიბუტი ამბობს, რომ “დემოკრატების” ინიციატივაში “წარმოდგენილი და გაანალიზებული არ არის ის, თუ რასთან გვექნება საქმე იმ შემთხვევაში, როდესაც ხელფასებს გავზრდით და შემდეგ ვერ გადავიხდით”. ამიტომ მინისტრის მოადგილე ყველა პოლიტიკურ ჯგუფს ურჩევს, “ამ პოლიტიკურ ხაფანგში ნუ გაებმებიან”.

28 დეკემბრის “რეზონანსის” კიდევ ერთი წერილი ბიუჯეტის პროექტის განხილვას ეძღვნება. გაზეთის თქმით, “ბიუჯეტის პროექტის მხარდაჭერასთან დაკავშირებით ფრაქციათა პოზიციები ორად გაიყო. სახელისუფლებო ფრაქციები პროექტის მხარდაჭერას აპირებენ. მთავრობის ინიციატივების კრიტიკით საპარლამენტო ოპოზიცია გამოდის. პარლამენტში ბიუჯეტის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა რაოდენობა თითქმის თანაბარია.
მიუხედავად ამისა, საკანონმდებლო ორგანოში მოსული სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე მაინც კარგ ხასიათზე იყო და მინისტრებთან და სახელისუფლებო ფრაქციათა წარმომადგენლებთან ერთად პარლამენტის კულუარებში ხმამაღლა ხითხითებდა. როგორც ამბობენ, რიგგარეშე სესიაზე გამოტანილი საკითხების გარშემო “მოქალაქეთა კავშირის” ლიდერებმა ისე კარგად იმუშავეს, რომ გასაკვირი არ იქნება, თუ პარლამენტი როგორც “წყალწაღებულ” ბიუჯეტს, ისე მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებს დაამტკიცებს”.

“რეზონანსი” აღნიშნავს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებიდან ყველაზე რადიკალური და კრიტიკული ჯემალ გოგიტიძე იყო. “აღორძინება” არათუ მხარს არ უჭერს ბიუჯეტის პროექტს, არამედ ავთანდილ ჯორბენაძის, მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და თემურ ბასილიას გადაყენების ინიციატივით გამოდის”.

28 დეკემბრის “მთავარი გაზეთი” წერს, რომ ჯემალ გოგიტიძის აზრით, “სახელმწიფო ხალხზე არ ფიქრობს, რადგან უმწეოების დასახმარებლად ბიუჯეტში მხოლოდ 82 ათასი ლარია გათვალისწინებული, მაშინ, როცა პრეზიდენტის ფონდისთვის 11 მილიონი ლარი გამოყვეს. გოგიტიძე ბიუჯეტს უვარგისს უწოდებს.
“თუ გვინდა, რომ ყველა წლის ბიუჯეტი ერთმანეთს არ ჰგავდეს, თემურ ბასილია თანამდებობიდან უნდა წავიდეს”, - ასეთი გამოსავალი შესთავაზა გოგიტიძემ კოლეგებს და პირობა დადო, რომ ბიუჯეტის პროექტს მხარს დაუჭერს, თუ მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში სახელმწიფო მინისტრი და ეკონომიკური გუნდი გადადგება”.

“მთავარი გაზეთის” წერილის დასასრულს ნათქვამია, რომ “საქართველოს პარლამენტი საგანგებო რეჟიმში შაბათ-კვირასაც იმუშავებს. ნინო ბურჯანაძემ პარლამენტართა სრული მობილიზაცია გამოაცხადა. გაზაფხულამდე, სანამ არემარეს გვირილები დაამშვენებს, მოსახლეობას თოვლის ფიფქებზეც შეუძლია იმკითხაოს: გვექნება ბიუჯეტი, არ გვექნება...”
XS
SM
MD
LG