Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთიდან დევნილები ენგურის ხიდთან საპროტესტო აქციას აგრძელებენ და აფხაზეთიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანას ითხოვენ


აფხაზეთიდან დევნილთა ერთი ნაწილი შობის დღესასწაულს ენგურის ხიდთან შეხვდა. იქ მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეები დევნილთა დელეგაციებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან ელოდებიან.

ენგურის ხიდთან შეკრებილები სოჭი-სოხუმის სარკინიგზო ხაზის ამოქმედებას, აგრეთვე, აფხაზეთის მოსახლეობაში რუსეთის პასპორტების გავრცელებას აპროტესტებენ და საქართველოს ხელისუფლებას სთხოვენ არ გაუგრძელდეს მანდატი აფხაზეთში დისლოცირებულ რუსეთის სამშვიდობო ძალებს. დევნილთა საპროტესტო აქციას თანაუგრძნობენ პარტიზანებიც. აფხაზეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე ისინი მოქმედების გააქტიურებით იმუქრებიან.

ძნელია დაზუსტებით ითქვას, ენგურის ხიდთან დევნილთა მერამდენე საპროტესტო აქცია იმართება. აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობო ძალების შეყვანის შემდეგ ენგურის ხიდის მიმდებარე ტერიტორია აფხაზეთიდან დევნილთა საპროტესტო გამოსვლების ადგილად იქცა და, როგორც წესი, ამ აქციების ძირითადი მოთხოვნა აფხაზეთიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანაა. ასეა ახლაც. ენგურის ხიდთან შეკრებილი ადამიანები( ჩვენი ზუგდიდელი კორესპონდენტის ლაშა ბერულავას ცნობით, ისინი დევნილთა დელეგაციებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ელიან) მთელი კატეგორიულობით ითხოვენ არ გაუგრძელდეს მანდატი აფხაზეთში დისლოცირებულ სამშვიდობო ძალებს. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ენგურის ხიდი გადაკეტეს. ამ ხიდით ახლა მხოლოდ ქვეითად მოსიარულეები სარგებლობენ. სოჭი-სოხუმის სარკინიგზო ხაზის ამოქმედებამ მღელვარება პარტიზანებშიც გამოიწვია. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება ამ ფაქტზე სათანადო რეაგირებას არ მოახდენს, ისინი პარტიზანული მოძრაობის გააქტიურებით იმუქრებიან. რაც შეეხება ხელისუფლების წარმომადგენლებს, სოჭი-სოხუმის სარკინიგზო ხაზის გახსნასთან დაკავშირებით პირველი რეაქცია მათ უკვე გამოხატეს.

როგორც ცნობილია, სარკინიგზო ხაზის ამოქმედება წინააღმდეგობაში მოდის აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმისთვის ეკონომიკური ბლოკადის გამოცხადების გადაწყვეტილებასთან, რომელიც ძალაში კარგა ხნის წინ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ლიდერთა შეთანხმებით შევიდა და, მიუხედავად იმისა, რომ თანამეგობრობის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას აფხაზეთისადმი რუსეთის დამოკიდებულება არ შეუცვლია, რუსეთსა და აფხაზეთს შორის სარკინიგზო ხაზის ამოქმედებას ედუარდ შევარდნაძის განსაკუთრებით მწვავე რეაქცია მოჰყვა. მან თქვა, რომ თუ სოჭსა და სოხუმს შორის სარკინიგზო მიმოსვლა არ შეჩერდება, საქართველოში დისლოცირებულ რუსეთის სამხედრო კონტინგენტს ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილება აეკრძალება. სარკინიგზო ხაზის ამოქმედება დაგმო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემაც, განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრმა კი დადო პირობა, რომ მომხდარის საერთაშორისო დონეზე გაპროტესტებას საქართველო შობის დღესასწაულის შემდეგ შეუდგება. მაინც ნაკლებად სავარაუდოა, აფხაზეთის პრობლემისადმი რუსეთის მზარდ დესტრუქციულ დამოკიდებულებას პრეზიდენტმა ისეთი გადაწყვეტილების მიღებით უპასუხოს, რომელსაც მისგან, აფხაზეთიდან დევნილების გარდა, საქართველოს პარლამენტიც ითხოვს. აფხაზეთში მოქმედი რუსეთის სამშვიდობო ძალების სხვა ძალებით ჩანაცვლების საკითხი ჯერაც ბუნდოვანია. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ვითარება ისევ სოხუმის სეპარატისტული რეჟიმისა და აფხაზეთში დისლოცირებული სამშვიდობო ძალების წისქვილზე ასხამს წყალს. ასეა თუ ისე, საქართველოს ხელისუფლება კარგად ნაცად და უვარგის გზაზე უარს მაინც არ ამბობს და აფხაზეთის პრობლემის მოგვარებას უწინდებურად რუსეთის დახმარებით ცდილობს. 9 იანვარს სოხუმში აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგების საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის პირად წარმომადგენელს ვალერი ლოშჩინინს ელიან. სააგენტო “ინტერპრესის” ინფორმაციით, ამ ვიზიტის ფარგლებში მხარეები აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხებს განიხილავენ და, პარალელურად, რუსეთსა და აფხაზეთს შორის ურთიერთობის განმტკიცებაზეც იმსჯელებენ.
XS
SM
MD
LG