Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი მუდმივი ეკონომიკური პრობლემების ფონზე საქართველოში მონეტარული პოლიტიკა ბოლო 7-8 წლის განმავლობაში შესაშური სტაბილურობით გამოირჩევა და ბოლო პერიოდის ლამის ერთ-ერთ

პოზიტიურ მოვლენად რჩება. როგორი იქნება ქვეყნის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა მიმდინარე წელს?

ხელისუფლებაც და დამოუკიდებელი ექსპერტებიც გასული წლის პოზიტიურ მოვლენებს შორის უპირატესად ქვეყნის ფულად-საკრედიტო პოლიტიკას და ეროვნული ვალუტის სტაბილურობას აღიარებენ. მონეტარული პოლიტიკა ლამის ერთადერთი მიმართულებაა, რომლის მიმართაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, როგორც წესი, შენიშვნები არ გააჩნიათ.

გასული წლის ბოლოს, საბიუჯეტო ვნებების ფონზე, საზოგადოების ყურადღების მიღმა დარჩა საქართველოს პარლამენტის დადგენილება, რომელიც 2003 წლის განმავლობაში ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს.

ამ დოკუმენტის თანახმად, საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების პრიორიტეტების გათვალისწინებით, საქართველოს 2003 წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს საფუძვლად უნდა დაედოს წლიური ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 5%-ის ფარგლებში.

ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად ეროვნული ბანკი გააგრძელებს ზომიერად მკაცრ პოლიტიკას, რაც, ეკონომიკის ზრდისა და ფულზე მოთხოვნის გათვალისწინებით, ფულის არაინფლაციურ მიწოდებას გულისხმობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ზედმეტი ფული ბაზარზე არ მოხვდება. ამასთან, ფართო ფულის ფარდობა მშპ-სთან 0,5 პროცენტული პუნქტით მაინც უნდა გაიზარდოს.

ბოლო წლების განმავლობაში, საბიუჯეტო პრობლემების ფონზე, ყოველთვის აქტუალურია ცენტრალური ბანკის მხრიდან მთავრობის დაკრედიტების მოცულობა. ეს მოცულობა მიმდინარე წელს სავალუტო ფონდთან შეთანხმებული ლიმიტების ფარგლებში იქნება, იმის გათვალიწინებით, რომ მთავრობის წმინდა დავალიანების ზრდა არ აღემატებოდეს 40 მლნ ლარს.

2003 წელს სავალუტო პოლიტიკის პრიორიტეტებად უნდა განისაზღვროს დოლარიზაციის მასშტაბების შემცირება და ქვეყნის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობა. ეროვნული ვალუტის მიმართ მოსახლეობისა და ეკონომიკური სუბიექტების ნდობის გაზრდის მიზნით მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმის ფარგლებში უნდა შენარჩუნდეს ლარის კურსის რყევის ვიწრო დიაპაზონი და შეივსოს ქვეყნის საერთაშორისო სავალუტო რეზერვი. საქართველოს ეროვნული ბანკის ინტერვენციები ლარის რეალური გაცვლითი კურსის დინამიკის გათვალისწინებით განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილება უცხოურ ვალუტაზე ნაკლები იქნება, ვიდრე მისი მიწოდება. ამასთან, საკურსო პოლიტიკა მკვეთრად არ უნდა ზღუდავდეს იმპორტს, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ფასების საგრძნობი მატება.

2003 წლის ბოლოსათვის საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ უნდა შეადგინოს არანაკლებ 2 თვის იმპორტის ეკვივალენტი.

საბანკო სისტემის ლიკვიდურობის ოპტიმალურად მართვისა და ეროვნული ვალუტის, როგორც გადახდისა და ინვესტირების საშუალების, მოქმედების არეალის გასაფართოებლად ათვისებული უნდა იქნეს ლარში დენომინირებული ახალი ფინანსური ინსტრუმენტები, უკვე არსებული კი ეფექტიანად უნდა იქნეს გამოყენებული, რაც კომერციული ბანკებისაგან, საბანკო სისტემაში ჭარბი ლიკვიდურობის სტერილიზაციისათვის, ერთდღიანი დეპოზიტების მიღებასაც გულისხმობს.

გარდა ამისა, უნდა დაიხვეწოს საბანკო სერვისი, დასრულდეს რეალურ დროში ანგარიშსწორების სისტემის დანერგვა, შემუშავდეს დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ძირითადი პრინციპები, რათა მოსახლეობის ნდობა საბანკო სექტორის მიმართ კიდევ უფრო ამაღლდეს.

პარლამენტის მიერ მიღებული დოკუმენტი ასევე გულისხმობს ფულის „გათეთრების“ წინააღმდეგ საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის მიერ შემუშავებული მექანიზმების ამოქმედებას.
XS
SM
MD
LG