Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანატრელი ბუნებრივი აირი ჩვენთან ავარიული მილებით მოდის


ბუნებრივი აირის მოწოდების სრული შეწყვეტა და კვლავ განახლება საკმაოდ დიდ რისკთან არის დაკავშირებული, მით უმეტეს, მწყობრიდან გამოსული მილსადენების შემთხვევაში.

ექსპერტები ამ საკითხზე ადრე უფრო ხმამაღლა და გაბედულად საუბრობდნენ, მაგრამ ამ ბოლო დროს გაზმა ისე მალ-მალე დაიწყო წასვლა-მოსვლა, რომ რისკზე საუბარს, თითქოს, აზრიც კი დაეკარგა. მიუხედავად ამისა, ეს პრობლემა სიმძიმეს არ კარგავს.

თუკი თბილისის მაგალითით ვიმსჯელებთ, ვითარება, ამ მხრივ, მართლაც რომ, მძიმეა და, როდესაც ასეთი ავარიული მდგომარეობაა დედაქალაქში, საქართველოს რეგიონებზე, აბა, რაღა უნდა ითქვას. “თბილგაზის” ხელმძღვანელობას სხვადასხვა დროს არაერთხელ განუცხადებია, რომ თბილისი, ძველი და ჟანგიანი მილსადენების გამო, აფეთქების მუდმივი საფრთხის წინაშე დგას. ეს ყოველდღიური საფრთხე კიდევ უფრო იზრდება მაშინ, როდესაც მილსადენებს სხვადასხვა მიზეზით წასული და კვლავაც დაბრუნებული გაზი ხელახლა იკავებს. ყველას შესანიშნავად მოეხსენება, რომ ახლა დედაქალაქში სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს და ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს. “თბილგაზის” გენერალური დირექტორის ინფორმაციით, 31 იანვრისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება უკვე მთელ თბილისს განუახლდება.

მუნიციპალური საწარმო მომხმარებლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ურჩევს, რომ უყურადღებოდ არ დატოვონ მილებიდან გაზის გაჟონვის, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო ფაქტებიც კი. ამით მოსახლეობა თავიდან აიშორებს იმ პრობლემებს, რომლებიც მიწისზედა მილებთან არის დაკავშირებული, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერაფერს გაუგებს მიწისქვეშა მილებს. როგორც ექსპერტები ამბობენ, ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში აბსოლუტურად უყურადღებოდ მიტოვებული მიწისქვეშა ქსელი გაცილებით უარეს მდგომარეობაშია. სააქციო საზოგადოება “თბილგაზი” ამ პრობლემის საკუთარი სახსრებით აღმოფხვრაზე არც კი ოცნებობს და ამიტომ სერიოზულ ინვესტორებს უკვე დიდი ხანია ეძებს. ერთი სიტყვით, ვის არ შეაძლიეს, მაგრამ ვალებით დამძიმებული და მწყობრიდან გამოსული საწარმოს ყიდვის რეალური სურვილი არავინ გამოამჟღავნა.

ბოლო 4 წლის განმავლობაში მეხუთედ გამოცხადებული ტენდერის პირობებში საუბარია საწარმოს აქციათა პაკეტის 10-წლიანი მართვის უფლებით გადაცემაზე. დედაქალაქის მერიაში მიიჩნევენ, რომ ეს ვარიანტი, წესით, გაცილებით მომხიბვლელი უნდა იყოს ინვესტორისთვის. ქონების მართვის სამმართველოს უფროსს იური მაისაშვილს იმედი აქვს, რომ განცხადების მიღების ვადის ამოწურვამდე (ანუ 2003 წლის 28 თებერვლამდე) ჰორიზონტზე მსურველები აუცილებლად გამოჩნდებიან და ეს იმის გამო მოხდება, რომ :

(იური მაისაშვილის ხმა) “მართვის უფლებით გადაცემა იმ დოზით სერიოზულ პასუხისმგებლობას არ გულისხმობს, რაც, ვთქვათ, პრივატიზების შემთხვევაშია”.

მართალია, “თბილგაზის” მომავალ მმართველს დედაქალაქის მთავრობა დახმარებას ბევრ რამეში ჰპირდება, მაგრამ მას მაინც ბევრი თავსატეხი ექნება. ერთ-ერთი მთავარი პირობის მიხედვით, მუნიციპალიტეტის გარანტიებზე დაყრდნობით, მმართველმა კომპანიამ ქსელის სარეაბილიტაციო ინვესტიციები უნდა მოიზიდოს და მის სრულ უსაფრთხოებაზე იზრუნოს. მაგრამ რა თანხაა საჭირო იმისათვის, რომ თბილისი ნაღმზე აღარ იჯდეს და მშვიდად ეძინოს, ჯერჯერობით ვერ კონკრეტდება. როგორც ჩანს, ეს მომავალმა მმართველმა უნდა დააზუსტოს. იმედია, დაზუსტების პროცესში მას “თბილგაზის” მართვის სურვილი არ გაუქრება, თუკი ასეთი მსურველი საერთოდ გამოჩნდა.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG