Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საშობაო დღესასწაული ერთი თვის წინ დასრულდა


საშობაო დღესასწაული ერთი თვის წინ დასრულდა,

მაგრამ რუსული მედია კვლავაც აჯამებს გასული წლის შედეგებს. რუსებმა უკვე დაასახელეს წლის პოლიტიკოსები, სპორტსმენები, საუკეთესო ფილმები და სპექტაკლები. ახლახან გაზეთმა "კულტურამ" შეაჯამა კონკურსი, რომელსაც "წლის გასტროლიორი" უნდა გამოევლინა. მოსკოველმა თეატრმცოდნეებმა საუკეთესო კოლექტივად რუსთაველის თეატრი დაასახელეს. ამ გამოკითხვის შედეგებმა საქართველოში ბევრი გააკვირვა. თბილისში იციან, რომ გასულ წელს რუსეთის დედაქალაქს მსოფლიოს არაერთი სახელგანთქმული თეატრალური კოლექტივი ესტუმრა. და თუ "კავკასიური ცარცის წრის" განახლებული დადგმის წარმატებას ქართველთა უმრავლესობა აქამდე უფრო მეტად "ნოსტალგიით" ხსნიდა, წლის საუკეთესო წარმოდგენებად სტურუას "კაცია-ადამიანის", "მეთორმეტე ღამისა" და "ჰამლეტის" აღიარება, მართლაც, მოულოდნელი იყო. თბილისში სამივე სპექტაკლის პრემიერას საკმაოდ არაერთგვაროვანი შეფასება ჰქონდა. მოსკოვის პრესამ კი "მოსსავეტის თეატრში" გასული წლის გაზაფხულზე წარმოდგენილ რუსთაველელთა ამ სპექტაკლებს "წლის სენსაცია" უწოდა. რუს კრიტიკოსებს განსაკუთრებით "ჰამლეტი" მოეწონათ, გაზეთ "კულტურას" თეატრალური მიმომხილველის აზრით, სპექტაკლი "დაკარგულ კავშირებზე", რომელიც ბევრად უფრო საინტერესოა, ვიდრე თეატრ "სატირიკონში" ორი წლის წინ დადგმული სტურუას "ჰამლეტი’. "ამ დღესასწაულის მოწყობას, - აღნიშნულია გაზეთ "კულტურაში," - ხელი არ შეუშალა არც სინქრონულმა თარგმანმა, არც სავიზო რეჟიმმა და არც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის გაუარესებამ".

რობერტ სტურუას მოსკოვში ყოველთვის აფასებდნენ. მაგრამ "დაკარგული კავშირების" თემაზე დადგმულმა წარმოდგენამ, ეტყობა, განსაკუთრებით "აღაგზნო" რუსი თეატრალები, რომელთა უმრავლესობა აქამდე საქართველოს ლამის "მეორე სამშობლოდ" აღიქვამდა. ხშირად ხდება ასე: ადამიანი მხატვრულ ნაწარმოებში იმას ხედავს, რაც თავად აწუხებს. უნდა ვივარაუდოთ, რომ რუსთაველელთა დასახელება "საუკეთესო გასტროლიორებად" რუსი თეატრალების გაცნობიერებულ თუ გაუცნობიერებელ ვნებებსაც გამოხატავს. ასეთმა აღიარებამ იქნებ კვლავ ჩაიყვანოს სტურუა მოსკოვში და რაიმე მოუხერხოს რუს თეატრალებს, რომელთაც მაყურებელი არ აკლდებათ, მაგრამ, მიუხედავად ხელისუფლების ყურადღებისა, ბოლო დროს მნიშვნელოვან წარმატებებს ვეღარ აღწევენ.

აი, თემურ ჩხეიძე კი უკვე გაემართა სანქტ-პეტერბურგში ლერმონტოვის "მასკარადზე" სამუშაოდ. ისე წავიდა, რომ არ დაესწრო მარჯანიშვილის თეატრში დადგმულ თავის "პილატეს" პრემიერას, თუმცა გაიარა ლოცვა-კურთხევის რიტუალი, რომელიც მარჯანიშვილის თეატრში საქართველოს საპატრიარქომ მოაწყო: ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ჩხეიძეს ბულგაკოვის "ოსტატი და მარგარიტას" ინსცენირების დადგმის უფლება მისცა. ეს ამბავი ეროვნულმა მასმედიამ ჯერ კიდევ წარმოდგენის პრემიერამდე გაავრცელა, ამიტომ პრემიერაზე მაყურებელმა უკვე იცოდა, რომ "პილატე", ასე ვთქვათ, "ნებადართული სპექტაკლია", რომ ბულგაკოვის ნაწარმოების ჩხეიძისეულ ვერსიაში არაფერია მკრეხელური, ე.ი. ავტორებს "საშიშროება" არავის მხრიდან არ ემუქრებათ.

არადა, "საშიშროების" ეს გრძნობა, დამთრგუნველი გარემო, რომელიც 37 წლის რეპრესიების ასოციაციას ქმნის, მთელი ამ წარმოდგენის სახეა. ასეთია იური გეგეშიძის ასკეტური დეკორაციები - შავი კედლებითა და ორი ანტიკური ქანდაკებით, მკაცრია კოსტიუმები და, რაც მთავარია, უაღრესად მკაცრია წარმოდგენის რეჟისორული გადაწყვეტა: ერთი-ორი, არცთუ ისე გამართლებული, "ჯგუფური პანტომიმის" გარდა, ჩხეიძის სპექტაკლში საერთოდ არ არის სანახაობა, რომელიც ასე ძალიან უყვარს თბილისელ მაყურებელს თუნდაც იმავე სტურუას წარმოდგენებში. ალბათ, ამიტომაცაა, რომ მარჯანიშვილელთა ახალ სპექტაკლს უკვე შეარქვეს "ლიტერატურული თეატრი", "რადიოდადგმა" და თემურ ჩხეიძის ახალი ნამუშევარი იმ კრიტიკოსებმაც კი დაიწუნეს, რომლებიც აქამდე მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებად მიაჩნდათ. არსებითად, ამ კრიტიკოსებს რეჟისორის გამართლებაც შეეძლოთ, - შეეძლოთ ეთქვათ, რომ, სტურუას წარმოდგენებისგან განსხვავებით, "პილატე", პირველ რიგში, "მსახიობების სპექტაკლია", რომ ესაა "მინიმალიზმი", მაქსიმალურად გამარტივებული მიზანსცენებით, მსახიობის სასარგებლოდ. მაგრამ თეატრმცოდნეებმა არც მსახიობები აქეს. განსაკუთრებით მოხვდა იეშუა ჰანოცრის როლის შემსრულებელ ზაზა იაკაშვილს. გაზეთ "ახალი ეპოქის" თეატრალურმა მიმომხილველმა მის როლს "უფერული და გაუგებარი" უწოდა. არადა, ჩემი აზრით, სწორედ იეშუას "უფერულობაში" იკითხება მთელი ამ წარმოდგენის დედააზრი. თემურ ჩხეიძის იეშუა იმდენად მოკლებულია სიმძიმეს, იმდენად "არაფსიქოლოგიური" ან, შეიძლება ითქვას, "ანტიფსიქოლოგიურია", რომ პირადად მე გამიჩნდა კითხვა - იყო კი იგი, საერთოდ? თუ იეშუა მხოლოდ ხილვაა, სინათლის სხივია, დაკარგული სინდისია, რომელიც, ალექსანდრე მენის სიტყვებით რომ ვთქვათ, "მოევლინა ადამიანს, რომელსაც ხელი ჰქონდა დაბანილი"? იმ ადამიანს, რომლის როლს ჩხეიძის სპექტაკლში ოთარ მეღვინეთ-უხუცესი ასრულებს
[ჩართვა. ფრაგმენტი სპექტაკლიდან]

მსახიობებზე გადატანილმა სიმძიმემ თემურ ჩხეიძეს უთუოდ გაურთულა ამოცანა. ის, რომ ამ რეჟისორს ძალიან უყვარს არტისტები და ყოველთვის ენდობა მათ, საყოველთაოდ ცნობილია, თუმცა სამი მსახიობის - ოთარ მეღვინეთ-უხუცესის, ზაზა იაკაშვილისა და ნოდარ მგალობლიშვილის გარდა (იგი კაიფას ასახიერებს), არტისტებს თითქოს მაინცდამაინც არ ესმით, რას თამაშობენ. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ჩვენი მსახიობები, უბრალოდ, გადაეჩვივნენ სპექტაკლებს, რომელშიც არ ცეკვავენ, მიმიკისა და ჟესტის ხაზგასმას არ მიმართავენ, არ ყვირიან... რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით მეღვინეთ-უხუცესზე. იგი იყო "დათა თუთაშხია", იყო ოტელო, ლირი, მაგრამ არასდროს უთამაშია პათოლოგიურად მშიშარა კაცი, რომელსაც ბედმა არგუნა ერქვას "პროკურატორი". მას დიდი ხანია არ უთამაშია ასეთ ნიუანსებზე, თანაც სპექტაკლში, რომელშიც პარტნიორები, ფაქტობრივად, არა ჰყავს, რომელშიც მაყურებელი უნდა დაარწმუნოს, რომ ხილვის სახით მოვლენილმა ახალგაზრდა კაცმა, თეთრ სამოსში, "კეთილო კაცოო", ასე რომ მიმართავდა, მთლიანად თავგზა აუბნია.

[ჩართვა. ფრაგმენტი სპექტაკლიდან]

თემურ ჩხეიძის ახალ სპექტაკლზე არ მოგეწყინებათ და ბულგაკოვის "პილატეს" "რადიოდადგმად" აღარ აღიქვამთ, ერთ კითხვას თუ დაუსვამთ თქვენს თავს: "რატომ მოინდომა დღეს რეჟისორმა ბულგაკოვის "ოსტატი და მარგარიტას" დადგმა და, რაც მთავარია, რატომ თქვა უარი სანახაობრივად უფრო მომგებიან, უფრო ეფექტურ ვოლანდის, ოსტატის, მარგარიტას ხაზზე და რატომ აირჩია მხოლოდ პილატეს თემა, ანუ თემა "პათოლოგიური შიშისა".
საყოველთაოდ ცნობილია, რომ თემურ ჩხეიძეს ძალიან უყვარს დოსტოევსკი, კერძოდ, დიდი რუსი მწერლის შემოქმედების ერთი მოტივი: ადამიანს ყოველთვის აქვს უნარი გაამართლოს თავისი დანაშაული. კატასტროფა კი იწყება მაშინ, როცა "კეთილისა და ბოროტის" მიღმა არსებობა ცხოვრების ნორმა ხდება... ე.ი. დაიტანჯება ის და მოეკითხება იმას, ვინც ხვდება, ვისაც ესმის, რომ დანაშაულს სჩადის, ვისაც "თეთრებში" გამოწყობილი სული გამოეცხადება, მაგრამ მაინც ძველებურად გააგრძელებს ცხოვრებას. ეს თემა ჩხეიძის "პილატეშიც" წარმოჩნდა, - სპექტაკლში, რომლის დასადგმელად საპატრიარქოს ლოცვა-კურთხევა გახდა საჭირო, სპექტაკლში, სადაც იუდეის მღვდელმთავარი იოსებ კაიფა პილატესგან სწორედ "თეთრებში" მოვლენილი ჰანოცრის, როგორც განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანის, დასჯას მოითხოვს, სპექტაკლში, რომელიც თავიდან ბოლომდე გაჟღენთილია რეპრესიების, დასმენის, ძალადობის ატმოსფეროთი. ვინ იცის, იქნებ "პილატე" ავტორის აღსარებაცაა - იმ ხელოვანის წუხილი, რომელიც სპექტაკლის დასადგმელად, უბრალოდ, იძულებულია "დაეკითხოს" იოსებ კაიფასა და საიდუმლო სამსახურის უფროსის, აფრანიუსის, დღევანდელ ქართველ პროტოტიპებს. არ არის გამორიცხული, რომ მე ვცდებოდე კიდეც - მხატვრულ ნაწარმოებში ხომ ხშირად იმას აღიქვამენ, რაც თავად აწუხებთ.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG