Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას გულისხმობს საარჩევნო კანონმდებლობის მზადება


დავით პაიჭაძე, თბილისი 9 თვეზე ნაკლებ ხანში საქართველოში საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას ჩვენში ორი წელია ცდილობენ, მაგრამ ჯერჯერობით - უშედეგოდ.

ჩანს, წლევანდელი არჩევნებისთვის ეს მოხერხდება. ოღონდ რა შეიცვლება, ახლა ძნელი სათქმელია. ცვლილებებს ესწრაფვის როგორც ხელისუფლება (ამ შემთხვევაში მას განასახიერებს სახელმწიფო მინისტრი და პრეზიდენტის მხარდამჭერი ფრაქციები პარლამენტში), ისე ოპოზიციურ პარტიათა დიდი ნაწილი. საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლა სამოქალაქო სექტორის დიდი ხნის სურვილიცაა. როგორ შეესაბამება რეფორმისაკენ სამი მიმართულებით მოძრაობა ერთმანეთს?

ბოლო წლების საარჩევნო პრაქტიკამ აჩვენა, რა არის მთავარი დაბრკოლება არჩევნების დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარებისათვის. ეგზომ გავრცელებული "ბიულეტენების ჩაყრა" სინამდვილეში არ წარმოადგენს შედეგთა გაყალბების ძირითად ფაქტორს, ისევე როგორც საარჩევნო კომისიათა თვითნებობა - შედეგების შეჯამებისას. ცხადია, ეს მოვლენებიც პრობლემაა, მაგრამ არა ძირითადი. მთავარი სირთულე ამომრჩეველთა დაუზუსტებელი და იმთავითვე გაყალბებული სიებია, რაც ქმნის კიდეც ნოყიერ ნიადაგს ე.წ. "კარუსელის" დასატრიალებლად. "კარუსელი" გულისხმობს ერთი და იმავე ადამიანების ყოფნას რამდენიმე საარჩევნო უბნის სიაში და, შესაბამისად, არჩევნების დღეს მათ გამუდმებულ მოძრაობას უბნიდან უბანში ხმის მისაცემად. პარალელურად, უამრავი მოქალაქე თავის თავს საერთოდ ვერავითარ სიაში ვერ პოულობს.

ამდენად, საკითხი, რომლის გადაჭრაზეც უნდა შეთანხმდნენ საარჩევნო სუბიექტები და საზოგადოება, სიების დაზუსტება და "კარუსელების" მოსპობაა. სადავო საკითხია ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტებაც. ხელისუფლება ჯერჯერობით უფრო მეორე პრობლემაზე აკეთებს აქცენტს, ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები - პირველზე. სამოქალაქო სექტორის წევრებს მიაჩნიათ, რომ სიათა დასაზუსტებლად მუშაობა ამთავითვე უნდა დაიწყოს, რადგან დაგვიანების შემთხვევაში აზრი არ ექნება სხვა რიგის რეფორმას. ხელისუფლება არ ჩქარობს. ცნობილია მხოლოდ, რომ სიების წარმოდგენა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა. ოპოზიციურ პარტიათა წინადადებებში, რომლებიც მალე საკანონმდებლო ინიციატივად იქცევა, დიდი ყურადღება ეთმობა ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის დაცულობას. სახელისუფლებო ფრაქციები კი ამუშავებენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედგენის ვარიანტებს. ცნობილია, რომ პირველი ვარიანტი კომისიის პროფესიული ნიშნით ფორმირებას ითვალისწინებს : მის 7-9 წევრს უზენაესი სასამართლო დანიშნავს. მეორე ვარიანტის მიხედვით, 3 წევრს პრეზიდენტი დანიშნავს, სამს - პარლამენტი, სამს - უზენაესი სასამართლო და თითო-თითოს - აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოები. ცსკ-ს ფორმირების მესამე ვარიანტის თანახმად, კომისიის 2-2 წევრს პრეზიდენტი, პარლამენტი და უზენაესი სასამართლო ნიშნავს, თითო-თითოს - ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლობები და ბოლო საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიები. ოპოზიციურ პარტიებს სურთ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში იხილონ იმ პოლიტიკურ ორგანიზაციათა წარმომადგენლები, რომელთაც ბოლო ორ არჩევნებში გადალახეს საარჩევნო ბარიერი. ამ მიდგომას არასამთავრობო ორგანიზაციებიც იზიარებენ.

როგორც ცნობილია, პრეზიდენტთან არსებობს საკონსტიტუციო კომისია. კომისიის ბაზაზე შეიქმნა 10 თებერვალს ქვეკომისია, რომელიც, პრეზიდენტის თქმით, საარჩევნო სისტემის სრულყოფაზე იმუშავებს. თავად შევარდნაძეს მისი ფუნქცია ასე წარმოუდგენია [შევარდნაძის ხმა]: «ამ ჯგუფმა თავის თავზე უნდა აიღოს ვალდებულება, რომ კეთილსინდისიერად შეაგროვებს ყველა წინადადებას საარჩევნო კანონმდებლობის დასახვეწად, რომ არჩევნები არ უნდა გახდეს პოლიტიკური ვაჭრობის საგანი, პოლიტიკური ძალების კონფრონტაციის საფუძველი«.

აქ ერთი პრობლემაა : პრეზიდენტი ქვეკომისიას, მართალია, პასუხისმგებლობას აკისრებს, მაგრამ მას არავითარი გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია. შესაძლოა, წინადადებების შეგროვება, უბრალოდ, დროის კარგვად იქცეს, ან ავთანდილ ჯორბენაძეს შეუქმნას დემოკრატიული ანტურაჟი, რაც საეჭვოა, მოინდომონ ქვეკომისიაში მიწვეულმა ოპოზიციონერებმა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა.
XS
SM
MD
LG