Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"თბილწყალკანალმა" სადამსჯელო ღონისძიებები დაიწყო


გასული ორი დღის განმავლობაში თბილისის "წყალკანალმა", ურჩი გადამხდელების გაფრთხილების მიზნით, დედაქალაქის დაახლოებით 100 ქუჩას წყლის მიწოდება შეუზღუდა. უახლოეს რამდენიმე დღეში კი

ამოქმედდება წყლის მიწოდების ახალი რეჟიმი, რომელიც პრაქტიკულად გრაფიკის შემოღებას გულისხმობს. მიუხედავად იმისა, რომ მაღალი კომუნალური თუ სოციალური გადასახადებით შეწუხებული მოსახლეობისთვის "წყალკანალის" სანქციები მკაცრი და მიუღებელია, სადამსჯელო ღონისძიებები, როგორც ჩანს, მაინც განხორციელდება.

საყოფაცხოვრებო დისკომფორტს მიჩვეული თბილისელებისთვის სადავო არ არის, რომ უწყლობა, ზამთარშიც კი, უშუქობასა და უგაზობაზე მძიმეა. განსხვავებული აზრის არც "წყალკანალის" თანამშრომლები არიან, მაგრამ ურჩი გადამხდელების სადამსჯელო ღონისძიება მათ იძულებით ნაბიჯად მიაჩნიათ და მომხმარებელთა უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებლობას პრაქტიკულად ამგვარად გაურბიან. თუმცა, მეორე მხრივ, ისიც უნდა ითქვას, რომ თბილისელთა საგადამხდელო კულტურის დონე ძალიან დაბალია. რასაკვირველია, ვგულისხმობთ არა გაჭირვებულ, არამედ შეძლებულ და მდიდარ თბილისელებს, რომელთათვისაც ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს ელექტროენერგიისა თუ გაზის მრიცხველების გაჩერება, ჩვენების ჩამოყრა, შესაბამისად, მოხმარებული წყლის გადასახადისათვის თავის არიდება, ინკასატორებთან გარიგება და ა.შ. ამ ტიპის შეძლებულ ადამიანებს შორის არიან როგორც უჩინონი, ისე ჩინიანები, კერძოდ, პარლამენტის ახლანდელი და ყოფილი დეპუტატები.
ერთიც უნდა ითქვას, კომუნალური გადასახადების ამოღების თვალსაზრისით, გასაგები მიზეზების გამო, ელექტროენერგიისა და გაზის საფასურის ამოღება გაცილებით მაღალპროცენტიანია, ვიდრე წყლის და იგი მხოლოდ 25 პროცენტს შეადგენს. "შეიძლება თუ არა, რომ მილიონნახევრიან ქალაქს წყალი უფასოდ მიაწოდო?"- სვამენ კითხვას "წყალკანალში" და იქვე მიუთითებენ, რომ წყლის გამოთიშვა და გრაფიკის შემოღება არ შეეხებათ იმ კორპუსებსა და საცხოვრებელ სახლებს, სადაც ქსელში ჩართული 100 ოჯახიდან 10 მაინც კეთილსინდისიერად იხდის ტარიფს, რომელიც ყოველთვიურად სულზე ლარსა და 20 თეთრს შეადგენს. ამავე პრინციპით, მეორე მხრივ, ზარალდება ის 10 კეთილსინდისიერი გადამხდელიც. სამწუხაროდ, ინდივიდუალური გამორთვები თბილისის "წყალკანალის" სისტემაში დღეისათვის შეუძლებელია. მთლიანად სისტემა კი ამორტიზებული და ავარიულია და რეაბილიტაციის გარეშე საერთოდ მოიშლება.
აქვე უნდა აღინიშნოს ერთი საგულისხმო პარადოქსი: ქალაქის საკრებულომ, გასული წლის გადაწყვეტილებით, მოსახლეობას "თბილწყალკანალის" მიმართ არსებული დავალიანება 2002 წლის იანვრამდე ჩამოაწერა. საკრებულოს ამ თითქოსდა ჰუმანურმა აქტმა წლის საფასურის ამოღების მდგომარეობა, გაუმჯობესების ნაცვლად, გააუარესა, რაც, ერთი მხრივ, გაუგებრობის შედეგი იყო, მეორე მხრივ კი, გადამხდელის უპასუხისმგებლობისა: მოსახლეობის ერთმა ნაწილმა რატომღაც გადაწყვიტა, რომ დავალიანება 2002 წლის ბოლომდე ეპატია. შესაბამისად, საკრებულოს დადგენილებაში, 2002 წლის იანვრის ნაცვლად, 2001 წლის ბოლო რომ ჩაწერილიყო, შეიძლება რადიკალურად განსხვავებული სურათი მიგვეღო.
[გოჩა ჯელიას ხმა]"2002 წლის დავალიანება იყო 6 მილიონი ლარი. უკვე ამ სამი თვის ჩამოწერის შემდეგ ამ სამი თვის განმავლობაში უკვე ერთი მილიონი ლარი დაემატა."[სტილი დაცულია]
როგორც "წყალკანალის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი გოჩა ჯელია ამბობს, "თბილწყალკანალის" სადამსჯელო ღონისძიებები გაგრძელდება მანამ, სანამ მოხმარებული წყლის საფასურის ამოღების მაჩვენებელი საგრძნობლად არ გაუმჯობესდება.
XS
SM
MD
LG