Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დსთ-ს მცოცავი სამიტი საქართველოს გარეშე


გასული და მიმდინარე კვირის რუსეთის საინფორმაციო საშუალებების ყურადღების ცენტრში მოექცა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ხუთი ქვეყნის - რუსეთის, უკრაინის, ბელარუსის,

ყაზახეთისა და ტაჯიკეთის - სახელმწიფო მეთაურთა მოსკოვის სამიტი. ჟურნალისტებმა ხუთეულის შეხვედრა "მცოცავ სამიტად" მონათლეს, პოლიტიკის ექსპერტები კი დაბნეულები კითხულობენ, თუ რისთვის დასჭირდა პუტინს მისი ორგანიზება, როცა კიევში პრეზიდენტების უკანასკნელი შეხვედრიდან ერთი თვეც არ გასულა.

20 თებერვლის "ნეზავისიმაია გაზეტას" ცნობით, მოსკოვის დაუგეგმავი შეხვედრის ოფიციალური ვერსია იმდენადვეა ბრწყინვალე, რამდენადაც დაუჯერებელი: პრეზიდენტებმა გადაწყვიტეს ერთად აღენიშნათ 23 თებერვალი - "მამულის დამცველის დღე". ასეთი საფანელით შეხვედრის იდეას მხარი დაუჭირა ტაჯიკეთის პრეზიდენტმა იმომალი რახმონოვმა. რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს, "ნეზავისიმაია გაზეტას" ცნობით, პუტინი ქართველ კოლეგასთან შეხვედრას მარტის დასაწყისში გეგმავს. აზერბაიჯანის ლიდერ ჰეიდარ ალიევთან მოსალაპარაკებლად კი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ვლადიმირ რუშაილო გაემგზავრა.

თუმცა რუსი ექსპერტების დასკვნით, ექსტერნად ჩაფიქრებული სამიტის ნამდვილი მიზანი ერაყის პრობლემისადმი ერთიანი მიდგომის ფორმირება უნდა ყოფილიყო. სავარაუდოა, რომ პუტინმა მოუწოდა თანამეგობრობის ქვეყნებს, მხარი დაუჭირონ რუსეთის პოზიციას ერაყის საკითხში. ცნობილია, რომ საერთო მოწინააღმდეგე საუკეთესო გამაერთიანებელ ფაქტორს წარმოადგენს და პრეზიდენტი პუტინი შეეცდება ამ ფაქტორის გამოყენებას თანამეგობრობაზე რუსეთის გავლენის გასაძლიერებლად.

ერაყის პრობლემასთან აკავშირებს ხუთეულის შეხვედრას ანალიტიკურ ჯგუფ "მერკატორის" თავმჯდომარე დმიტრი ორეშკინი. მისი თქმით, კრემლის დაფაცურების მთავარი მიზანი ერაყის ომის ფონზე ევროპაში ნავთობისა და გაზის ტრანზიტის პრობლემას უკავშირდება. "მდგომარეობა ერაყში შეუქცევად დინამიკურობას იძენს და ამის გამო დსთ-ს ქვეყნების პოლიტიკის გარკვეული კოორდინაცია ხდება საჭირო. უკრაინისა და ბელარუსის გავლით ხდება ნავთობის ტრანსპორტირება, ყაზახეთში - მისი მოპოვება და ა.შ. მეორე მხრივ, ადგილი აქვს სპეცსამსახურთა თანამიმდევრულ და საკმაოდ მოხერხებულ საქმიანობას, რითაც ჩეჩენ სეპარატისტთა მხარდამჭერი ფინანსური და პოლიტიკური წყაროების დაწრეტვა ხდება. საზღვარგარეთ ერთიმეორის მიყოლებით იხურება "ბოევიკების" არხები, ხდება მნიშვნელოვანი ლიდერების იზოლირება, იკეტება სატრანსპორტო არტერიები. იგივე, ოღონდ უფრო მკაცრი ფორმით არის გასაკეთებელი დსთ-ს ტერიტორიაზე, ვინაიდან ნათელია, რომ საქართველოს, აზერბაიჯანის, უკრაინისა და ყაზახეთის გავლით წარმოებდა ჩეჩენ მებრძოლთა მომარაგება", ასკვნის რუსი ექსპერტი დმიტრი ორეშკინი.

თუმცა, ოფიციოზის მიხედვით, დსთ-ს ხუთეულის ლიდერთა მოსკოვური სამიტის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ინტეგრაციის გაღრმავება ე.წ. "ევრაზეს"-ის ფორმატში. 20 თებერვლის გაზეთ "კომერსანტის" ცნობით, ევრაზიის ეკონომიკური საზოგადოება 2000 წელს ხუთმა სახელმწიფომ - რუსეთმა, ბელარუსმა, ყაზახეთმა, ყირგიზეთმა და ტაჯიკეთმა - დააფუძნა. ამ გაერთიანების იდეის ავტორმა ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულტან ნაზარბაევმა მოსკოვში ახალი - "ევრაზესის" ევროკავშირის მსგავს ორგანიზაციად გარდაქმისა და ერთიანი ვალუტის შექმნის - იდეა წამოაყენა. მაგრამ ამ იდეის რეალიზებას, ქვეყნების განსხვავებული ეკონომიკური შესაძლებლობების გარდა, სხვა საერთაშორისო ვალდებულებებიც უშლის ხელს. კერძოდ, შეხვედრაზე სენსაციურად გაისმა რუსეთის ვაჭრობისა და ეკონომიკური განვითარების მინისტრის ივან მატეროვის განცხადება. "ჩვენ ყოველთვის ვლაპარაკობთ თანამეგობრობის ქვეყნებში მიმდინარე პროცესების სინქრონიზებაზე, მაგრამ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების დიფერენცირებული პირობები,კერძოდ კი, მასში რუსეთის გაწევრიანება "ევრაზეს"-ის არსებობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს," - განაცხადა რუსმა მინისტრმა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG