Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გზა სახელმწიფოს მეთაურობიდან სახელმწიფოს პრეზიდენტობამდე


ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობიდან ზუსტად ორი თვის შემდეგ - 1992 წლის 7 მარტს - საქართველოში ედუარდ შევარდნაძე დაბრუნდა. იგი ჩამოიყვანეს ადამიანებმა, რომლებიც სრულად

ფლობდნენ ძალაუფლებას, - ჩამოიყვანეს, როგორც ყველაზე გამოცდილი, ყველაზე დამსახურებული, მსოფლიოს პოლიტიკური ელიტის წევრი. და მაინც, სამი მძიმე წელიწადი აღმოჩნდა საჭირო იმისათვის, რომ ედუარდ შევარდნაძე საქართველოს პრეზიდენტი გამხდარიყო.

ედუარდ შევარდნაძის დაბრუნებიდან რამდენიმე თვის შემდეგ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. თავად შევარდნაძე კი არავის აურჩევია. მას ძალაუფლება და სახელმწიფოს მეთაურის სტატუსი ეროვნულმა კონგრესმა მიანიჭა. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა კი მხარს განდევნილ პრეზიდენტს უჭერდა. ამიტომ ედუარდ შევარდნაძეს არჩევნების მოგების არავითარი შანსი არ გააჩნდა.

სამაგიეროდ, სამი წლის შემდეგ, 1995 წელს, საპრეზიდენტო არჩევნები სახელმწიფოს მაშინდელმა მეთაურმა უპრობლემოდ მოიგო. ეს სამი წელი იყო შევარდნაძის მიერ ფორმალური ძალაუფლების რეალურ ძალაუფლებაში გადაზრდის წლები. თავად პროცესი კი მეტისმეტად ბევრი სისხლის ფონზე განვითარდა.

1992 წლიდან, იმის მაგივრად, რომ მშვიდობიანი ცხოვრება დაწყებულიყო, დაიწყო იარაღიანი ხალხის აღზევება თბილისში. ისინი ყველას და ყველაფერს ძარცვავდნენ და ერთმანეთს დაუნდობლად ხოცავდნენ. ადამიანის სიცოცხლე გაუფასურდა. ამის შემდეგ მოსახლეობის შეიარაღება დასავლეთ საქართველოში გაგრძელდა. სამოქალაქო ომი გაჩაღდა სამეგრელოში და გურიასა და იმერეთსაც მოედო. მანამდე საომარმა მოქმედებებმა აფხაზეთში გადაინაცვლა. მოგვიანებით, დასავლეთ საქართველოდან დაბრუნებული და აფხაზეთიდან გამოქცეული შეიარაღებული ადამიანები ისევ თბილისში მოგროვდნენ და დედაქალაქი სრულ ქაოსში გაეხვია. განუკითხაობამ დაისადგურა მთელ საქართველოში. ძალადობა, ძირითადად, ედუარდ შევარდნაძის დაქვემდებარებაში მყოფი, "მხედრიონის" ბაზაზე შექმნილი, მაშველთა კორპუსის წევრების მიერ ხორციელდებოდა.

შეიარაღებული ხალხი საქართველოს მთელ მოსახლეობას აწიოკებდა. შევარდნაძე კი სულ უფრო და უფრო მეტ ძალაუფლებას ითხოვდა მათ ასალაგმავად. ითხოვდა და იღებდა კიდეც. საზოგადოება არათუ გაგებით ხვდებოდა მთელი ძალაუფლების ერთი ადამიანის ხელში თავმოყრას, არამედ მოუთმენლად ელოდა ამ ძალაუფლების განხორციელებას. 1995 წლის 29 აგვისტოს ტერაქტი ედუარდ შევარდნაძემ იმ ადამიანების საბოლოოდ ჩამოსაშორებლად გამოიყენა, რომლებმაც იგი საქართველოში ჩამოიყვანეს.

ამ დროს სახელმწიფოს მეთაურის ძალაუფლება უკვე სრული და განუყოფელი იყო. საპრეზიდენტო არჩევნებს წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის - ელცინის ვიზიტი საქართველოში და შევარდნაძის მხარდაჭერა. ქვეყნის შიგნით ძალაუფლების შემცილებელი აღარავინ დარჩა, ქვეყნის გარედან დახმარებამაც არ დააყოვნა. ამით პროცესი დასრულდა.

ასე გახდა სახელმწიფოს პრეზიდენტი სახელმწიფოს ყოფილი მეთაური, რომელმაც, მართალია, აფხაზეთის ომი წააგო, მაგრამ სამოქალაქო ომი მოიგო. და, ქაოსის ფონზე, პირწმინდად მოიგო ომი ძალაუფლებისთვის. "აწმყო, შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა"... ლეიბნიცის ეს ცნობილი ფრაზა, რომელიც ილია ჭავჭავაძის იმედებს ასაზრდოებდა, მოახლოებული არჩევნების ფონზე განსაკუთრებით პესიმისტურად ჟღერს.
XS
SM
MD
LG