Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ბრიტიშ პეტროლიუმმა" საქართველოში სოციალური ინვესტიციების პროექტის განხორციელება დაიწყო


საქართველოს რეგიონების მცირეშომოსავლიანი და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს ეძლევა უპერსპექტივობის დაძლევის შანსი, რომლის მატარებელი

საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ნავთობისა და გაზის მილსადენებია. ამ ენერგეტიკული დერეფნის მშენებარე კომპანიამ „ბრიტიშ პეტროლიუმმა" დერეფნის მიმდებარე მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური და ეკოლოგიური მდგრადი განვითარების ხელშემწყობი პროექტის განხორციელება დაიწყო.

საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს არავითარი ფინანსური საშუალება არ გააჩნია, არათუ ბიზნესის წამოსაწყებად, არამედ ყოველდღიური ყოფითი პრობლემების დასაკმაყოფილებლადაც კი. საქართველოში 80 დასახლებული პუნქტის სიდუხჭირის ზღვარზე მყოფი მოსახლეობისთვის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების გადაწყვეტაში დახმარების პროგრამას „ბრიტიშ პეტროლიუმი" დააფინანსებს. პროგრამა 2005 წლამდე, ანუ მილსადენის მშენებლობის დამთავრებამდე, იმუშავებს და ენერგეტიკული დერეფნის მომიჯნავე მოსახლეობასთან კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარებას 5 მილიონ აშშ დოლარს მოახმარს.

თუ რას გულისხმობს კეთილმეზობლობის დამყარება, პროგრამის ერთ-ერთი შემსრულებლის ორგანიზაცია „ქეარ ინტერნეიშენალის" წარმომადგენლის გიორგი ღლონტისგან შეიტყობთ. მას სათემო განვითარება მოსახლეობის, ადგილობრივი მმართველობისა და სოფლის ბიზნესის თანამშრომლობით წარმოუდგენია.

[გიორგი ღლონტის ხმა] „სამივე პარტნიორი თანამშრომლობს - უზიარებენ ერთმანეთს თავიანთ პრობლემებს, თავიანთ პრიორიტეტებს, ერთად გამოიმუშავებენ მიდგომას და, ამის საფუძველზე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოსახლეობას სოფლად მიეცემა საშუალება მონაწილეობა მიიღოს რესურსების განაწილებაში, რომელიც, საბოლოოდ, მათ უნდა მოხმარდეთ, და მონაწილეობა მიიღონ იმ პრინციპული გადაწყვეტილებების მიღებაში, რაც თითოეული თემის განვითარებას ეხება."[სტილი დაცულია]

სათემო დონეზე მიღებულ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ ადგილობრივ მოსახლეობას რომელი პრობლემის დაძლევაში უფრო ესაჭიროება დახმარება, მილსადენების მშენებარე კომპანიები დააფინანსებენ და ხელსაც შეუწყობენ. უფრო კონკრეტულად კი: უზრუნველყოფენ დასახლებათა ინფრასტრუქტურის შექმნას, სკოლების, პოლიკლინიკების, გზების შეკეთებას; გასცემენ მიკროსესხებს თვითდასაქმებისა და მცირე ბიზნესის გასავითარებლად; დაეხმარებიან სოფლის მეურნეობის ეფექტურობის ამაღლებაში, მაგალითად, სარწყავი სისტემის აღდგენაში; ასევე, უზრუნველყოფენ ენერგოეფექტურობის ამაღლებასა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებელი ტრენინგების ორგანიზებას.

პროგრამა ასევე ითვალისწინებს სხვა ტიპის პროექტებსაც, რომელიც, ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად, არანაკლებად ესაჭიროება ჩვენს მოსახლეობას. ესენია: თემის მონაწილეთა შორის მშვიდობიანი სულისკვეთების შეტანა, კონფლიქტების უმტკივნეულოდ მოგვარების დანერგვა და გუნდური თანაცხოვრებისა და საქმიანობის პრინციპის დამკვიდრება.

„ბრიტიშ პეტროლიუმთან" კეთილმეზობლობის უზრუნველსაყოფად მოსახლეობას თავადაც მოუწევს რესურსების მობილიზება პროექტის ღირებულების 20 პროცენტის დასაფარად. ბრიტიშ პეტროლიუმის წარმომადგენლის მარია ეიკრიგის განცხადებით:

[მარია ეიკრიგის ხმა] „რაც შეეხება ადგილობრივი მონაწილეობის 20 პროცენტიან წილს, გამოცდილებამ აჩვენა, რომ, როცა მოსახლეობა ამა თუ იმ პროექტის განხორციელებაშია ჩართული, მისი შედეგები უფრო მდგრადია. ამიტომ, საკუთრების სულისკვეთების დამკვიდრების მიზნით, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენს პროექტებში იყოს მოსახლეობის გარკვეული მონაწილეობა."

მოსახლეობის მონაწილეობა შეიძლება იყოს როგორც ფინანსური, ასევე, ეგრეთ წოდებული ნატურალური შრომითი ან სხვა სახის რესურსებით.

ასეთ პროგრამებს „ბრიტიშ პეტროლიუმი" ახორციელებს ყველგან, სადაც კი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და სამხრეთ კავკასიის მილსადენების მშენებლობის მსგავსი პროექტები ხორციელდება. საქართველოში უკვე მიმდინარეობს სათემო განვითარების პროგრამა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტო ახორციელებს, ასე რომ, „ბრიტიშ პეტროლიუმის" კონტრაქტორებს მოსახლეობასთან მუშაობის საკმაო გამოცდილება აქვთ. მათი საქმიანობის წარმატებულობას კი ისევ მილსადენის მშენებარე კომპანიის მონიტორები შეამოწმებენ.
XS
SM
MD
LG