Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოჭში დაიწყო რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 6 მარტს, შუადღის 4 საათზე, პრეზიდენტი შევარდნაძე პრეზიდენტ პუტინთნ შესახვედრად სოჭში გაემგზავრა. როგორც ცნობილია, ეს დაუგეგმავი შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივით იმართება.

ოფიციალური ვერსიით, შეხვედრის მიზანია აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საქმეში რუსეთისა და საქართველოს პოზიციების დაახლოება. რამდენად შეძლებენ რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტები ამ მიზნის მიღწევას?

პრეზიდენტ შევარდნაძის სოჭში გამგზავრების წინ ქართველი პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული განცხადებები მოწმობს, რომ ოფიციალური თბილისი დაუგეგმავი შეხვედრიდან რაიმე განსაკუთრებულ შედეგებს არ ელის. ეს თავად პრეზიდენტმა შევარდნაძემაც აღიარა, როცა თავის ტრადიციულ ორშაბათის რადიოინტერვიუში შენიშნა, რომ რაიმე რევოლუციური შედეგები პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრისას მოსალოდნელი არ არის.
ეს ქართული მხარის მოსაზრებაა. რაც შეეხება რუსულ მხარეს, გულახდილად რომ ითქვას, პრეზიდენტ პუტინის პოზიცია ოფიციალური თბილისის მიერ გამოთქმულ პრეტენზიებთან დაკავშირებით, იქნება ეს აფხაზეთში სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა თუ აფხაზეთში მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის მიცემა - დაახლოებით, ერთი თვის წინ კიევში გამართულ დსთ-ს წევრი სახელმწიფოების პრეზიდენტების არაფორმალურ შეხვედრაზე გაირკვა. შეგახსენებთ: მაშინ პრეზიდენტმა პუტინმა ვერაფერი შემაშფოთებელი ვერ დაინახა აფხაზეთში მცხოვრებთათვის რუსეთის პასპორტების გადაცემაში, ხოლო აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა თავად საქართველოს ეკონომიკურ ინტერესებში შემავალ ფაქტად შერაცხა. ანუ ქართული მხარის განცხადება, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი არ შეწყვეტს სარკინიგზო მიმოსვლას სოხუმსა და ადლერს შორის და აფხაზეთის მოსახლეობის პასპორტიზაციას, საქართველო აღარ გაუგრძელებს მანდატს რუსეთის სამშვიდობო ნაწილებს, როგორც ჩანს, მხოლოდ მუქარად დარჩება. მეტიც - თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსეთის მხარემ საკმაოდ მოულოდნელად აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან რუსი ცისფერჩაფხუტიანების გაყვანის გეგმაზე მუშაობა დაიწყო, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სოჭის შეხვედრაზე რუსი სამხედროების ბედი აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში უკვე რუსეთის ხელში შეასრულებს თვისებური კოზირის როლს. თუ აქამდე მხოლოდ საქართველო იყენებდა დემარშისთვის აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებული რუსეთის სამშვიდობო ნაწილების საკითხს, ახლა იგივე საკითხი, შესაძლოა, რუსეთის მხარემ გამოიყენოს საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლისთვის - ყოველ შემთხვევაში, ზემოქმედებისთვის პრეზიდენტ შევარდნაძეზე, რომელიც დღემდე ფიქრობს, რომ კონფლიქტის ზონაში რუსი ცისფერჩაფხუტიანების ყოფნა გარკვეულ სტაბილურობას ქმნის აფხაზეთში. სტაბილურობა კი პრეზიდენტ შევარდნაძეს ახლა, საპარლამენტო არჩევნების წინ, განსაკუთრებით სჭირდება.
XS
SM
MD
LG