Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას გულისხმობს დევნილების "უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება აფხაზეთში"?


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 8 მარტს სოხუმიდან მოსული ინფორმაციით თუ ვიმსჯელებთ, რუსეთის მხარის ოპტიმისტური განწყობილება სოჭში მიღწეულ შეთანხმებებთან დაკავშირებით დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

მართალია, სოხუმის ხელისუფლების პოზიცია სოჭში მიღწეული შეთანხმებების თაობაზე მხოლოდ 11 მარტს გახდება ცნობილი, მაგრამ სოხუმის პირველი რეაქცია მოწმობს, რომ სამშვიდობო პროცესისთვის "ახალი იმპულსის მიცემაზე" საუბარი ნაადრევია.

8 მარტს საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ-ნიუსმა" გაავრცელა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის თანაშემწის ასტამურ ტანიას პირველი კომენტარი სოჭში რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების მიერ მიღწეულ შეთანხმებებზე. პირველ რიგში, ტანიას აზრით, აუცილებელია გალში დაბრუნებული მოსახლეობის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღწერა, რადგან ქართული მხარე არ ეთანხმება აფხაზური მხარის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც, გალში 40 ათასზე მეტი ქართველი დაბრუნდა. მეორე - იმ შემთხვევაში, თუ ქართველი პარტიზანები თავს შეიკავებენ გალის რაიონში დივერსიული ქმედებებისგან, გალის ეკონომიკური რეაბილიტაციაც დაიწყება და რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ზონის გაფართოებაზე საუბარიც მოიხსნება დღის წესრიგიდან. ასტამურ ტანიას განცხადებითვე, სოხუმი გალის რაიონში ერთობლივი ქართულ-აფხაზური ადმინისტრაციის შექმნის წინააღმდეგია, რადგან ეს გალის რაიონის სოხუმის იურისდიქციიდან გასვლის ტოლფასი იქნება.
სოხუმის პირველივე რეაქცია მეტყველებს, რომ სოჭის შეხვედრის მთავარი შეთანხმება, პირველ რიგში, გალის რაიონში დევნილების უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების შესახებ - ისევ არარეალურად გამოიყურება.
გულახდილად რომ ითქვას, რუსეთის პრესის მიერ "ახალ მიდგომად" შეფასებული პრეზიდენტ პუტინის ინიციატივა, აფხაზეთის კონფლიქტის სამშვიდობო მოწესრიგების პროცესის გამოსაცოცხლებლად ეკონომიკური საკითხების წინ წამოწევას რომ გულისხმობს, სულაც არ არის ახალი. რამდენიმე წლის წინათ ოფიციალური თბილისი სოხუმის ხელისუფლების მოსახიბლავად და დათმობებზე გამოსაწვევად მას აფხაზეთის საერთაშორისო პროექტებში ჩართვას სთავაზობდა იმ პირობით, რომ მანამდე იქ დაიწყებოდა დევნილთა ორგანიზებული და უსაფრთხო დაბრუნება. სოხუმის ხელისუფლებამ ეს შეთავაზება მაშინ უარყო. სრულიად გასაგებია, რომ, გალის რაიონში ერთობლივი ადმინისტრაციის შექმნის გარეშე, ოფიციალური თბილისი მხარს არ დაუჭერს გალის რაიონში დევნილების ორგანიზებული დაბრუნების დაწყებას. ხოლო თუ მოხდა წარმოუდგენელი და დევნილები აფხაზეთის ყველა რაიონში დაბრუნდნენ, საკმაოდ სერიოზულ სამართლებრივ კაზუსს შექმნის მომავალი არჩევნები, რადგან დღეს აფხაზეთში მცხოვრებთა დიდი ნაწილი რუსეთის მოქალაქეა. საქართველოს კონსტიტუცია კი ორმაგი მოქალაქეობის ინსტიტუტს არ ცნობს.
XS
SM
MD
LG