Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთი კვირის წინ ჩვენს ყოველკვირეულ პროგრამაში


ერთი კვირის წინ ჩვენს ყოველკვირეულ პროგრამაში

"ოქროს საუკუნე" გავიხსენეთ მიხეილ ჭიაურელის დოკუმენტური ფილმი "დიადი გამოთხოვება", რომელიც ქართველმა რეჟისორმა ზუსტად 50 წლის წინ, სტალინის გარდაცვალების შემდეგ, გადაიღო. "დიადი გამოთხოვება", როგორც ჩანს, საზღვარგარეთ არ უჩვენებიათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თავის საპროგრამო სტატიაში "სტალინის მითი საბჭოთა კინოში" ჭიაურელის ამ ფილმს აუცილებლად ახსენებდა სახელგანთქმული ფრანგი კინომცოდნე ანდრე ბაზენი. 1950 წელს გამოქვეყნებული ეს წერილი, რომელსაც "ოქროს საუკუნის" დღევანდელი გადაცემა ეძღვნება, არამარტო სტალინის სახის ინტერპრეტაციას წარმოაჩენს. ანდრე ბაზენი აქ საბჭოთა ცნობიერების ანალიზსაც ცდილობს.


1950 წელს, როცა ფრანგულმა ჟურნალმა "ესპრი" გამოაქვეყნა ანდრე ბაზენის წერილი "სტალინის მითი საბჭოთა კინოში", ჯერ კიდევ სჯეროდათ საბჭოთა ბელადის უკვდავების. ყოველ შემთხვევაში, უმრავლესობა იმაზე ნაკლებად ფიქრობდა, რომ სტალინი ოდესმე შეიძლებოდა მომკვდარიყო. სტალინის გარდაცვალების შესაძლებლობა, როგორც ჩანს, არც ფრანგ კომუნისტებს მოუვიდათ თავში. ანდრე ბაზენის სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ავტორს "იუმანიტესა" და "ლეტრ ფრანსეზის" ჟურნალისტებმა შეუტიეს, ხოლო 1972 წელს, როცა ბაზენის წიგნი "რა არის კინო?" რუსულად ითარგმნა და გამოიცა, საბჭოთა იდეოლოგებმა სასწრაფოდ ამოიღეს კრებულიდან სტალინის შესახებ დაწერილი ბაზენის სტატია... მიუხედავად იმისა, რომ ეგრეთ წოდებული "პიროვნების კულტის" შესახებ იმხანად ჯერ კიდევ შეიძლებოდა ხმამაღლა ლაპარაკი.

ეტყობა, კომუნისტები გააღიზიანა არა იმდენად სტალინის მიმართ ანდრე ბაზენის დამოკიდებულებამ, რამდენადაც სტალინის ეპოქის საბჭოთა კინოს იმ სურათმა, რომელიც დიდმა კინომცოდნემ, ფილოსოფოსმა, კულტუროლოგმა თავის წერილში დახატა. გააღიზიანა ბაზენის ირონიულმა ტონმა, რომლითაც ავტორმა მთელი საბჭოთა კულტურა დაახასიათა... კულტურა, რომელიც, ბაზენის თქმით, ხოტბას ასხამს თავის უახლეს ისტორიას და ამ ისტორიის იმ შემქმნელებს, რომელთაც ცოდვილი მიწა ჯერ არ დაუტოვებიათ. ეს კულტურა ანადგურებს ეგრეთ წოდებულ "მოღალატეთა" გამოსახულებებს, სამაგიეროდ, აბალზამებს ლენინის ცხედარს. ანდრე ბაზენი აღნიშნავს:

"ლენინის ნეშტის ბალზამირება არანაკლებ სიმბოლურია, ვიდრე სტალინის მუმიფიცირება კინოში. ეს მუმიფიკაცია ნიშნავს, რომ სტალინის დამოკიდებულებაში საბჭოთა პოლიტიკასთან არ დარჩა არაფერი შემთხვევითი, არაფერი ისეთი, რაც აღინიშნება სიტყვით "ადამიანური". ადამიანი და ისტორია - მოცემულ შემთხვევაში განვლილი ეტაპია. სტალინი თავადაა ხორცშესხმული ისტორია."

ანდრე ბაზენი ხაზგასმით შენიშნავს, რომ, ევროპელებისგან განსხვავებით, რომელთაც შეუძლიათ იამაყონ, ვთქვათ, ნაპოლეონით, როგორც ისტორიული პერსონაჟით, კომუნისტისთვის დიდი ადამიანია ის, ვინც "აქაა და ახლაა"... ყველაფერი ეს დაიწყო ლენინით და დააგვირგვინა სტალინმა. თუმცა ფილმები ლენინზე შეიქმნა მისი სიკვდილის შემდეგ, მაშინ როცა სტალინი უკვე ომის წლებში ჩნდებოდა ეკრანებზე ისტორიულ სურათებში. ანდრე ბაზენი განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას ფილმზე "სტალინგრადის ბრძოლა", რომელშიც ბრძოლის ველი, გადაღებული ზედა ხედვის წერტილიდან, ზოგადი სახით გადაიშლება ეკრანზე ისე, რომ მაყურებელს არა აქვს საშუალება იმსჯელოს სამხედრო ქვედანაყოფების გადაადგილებაზე. აზრი გასაგები ხდება მხოლოდ სტალინის ხმამაღლა ფიქრის წყალობით. ბაზენის სიტყვებით:

"ყოველივე ამის შედეგი ასეთია: ქვევით ბრძოლის აპოკალიფსური ქაოსია, ხოლო მის თავზე - უნიკალური, ყოვლისმცოდნე გონება, რომელიც აწესრიგებს ამ ფსევდოქაოსს და ერთადერთი სწორი გზით წარმართავს. ამ პოლუსებს შორის კი არაფერია... ასე გგონიათ, გენერალისიმუსის მიერ ფანქრით გავლებულ ხაზსა და ჯარისკაცის თავგანწირვას შორის პირდაპირი კავშირია."

ანდრე ბაზენი ერთ-ერთი იშვიათი დასავლელი კინემატოგრაფისტია, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მარქსიზმის მიმართ სიმპათია არ გამოუხატავს. მიუხედავად ამისა, იგი დარწმუნებულია, რომ "ზეკაცის იდეა", რომელიც სტალინური ეპოქის საბჭოთა ფილმებში მკვიდრდება, აბსოლუტურად არამარქსისტულია. მისი აზრით, სტალინის კინოგმირებსა და ტარზანს შორის ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ამ უკანასკნელისადმი მიძღვნილ სურათებს დოკუმენტური სიზუსტის პრეტენზია არა აქვს.

"ჩვენ დაუფარავად გვაგრძნობინებენ, რომ სტალინი დაჯილდოებულია ისეთი თვისებებით, რომელსაც ფსიქოლოგიური კი არა, ონტოლოგიური უნდა უწოდო; ესაა ყველაფრის ცოდნა და უცოდველობა. რუკის ან ტრაქტორის ძრავისთვის თვალის ერთი გადავლებაც საკმარისია იმისთვის, რომ მოიგოს ისტორიაში ყველაზე დიდი ბრძოლა, ან უშეცდომოდ დაადგინოს, რომ ტრაქტორის რაღაც ძრავა გაჭუჭყიანდა."

ტრაქტორის სახე მოდის მიხეილ ჭიაურელის ფილმიდან "ფიცი", რომელშიც არის ასეთი ეპიზოდი: გათენებისას თითქმის ცარიელ წითელ მოედანზე შემოდის საბჭოთა კავშირში აგებული პირველი ტრაქტორი. მანქანა ფრუტუნებს, რაღაც სითხეს უშვებს და ბოლოს ჩერდება. გამწარებული ტრაქტორისტი დაზიანებულ ადგილს ეძებს. სხვადასხვა ნაციონალობის გამვლელები, რომლებიც ერთად, როგორც ჩანს, მთელ საბჭოთა ხალხს განასახიერებენ, ტრაქტორისტს რჩევებს აძლევენ. და აი, გამოჩნდება ამხანაგი სტალინი, რომელიც თავის კოლეგებთან ერთად კრემლისკენ მიემართება. ბუხარინი იცინის, შენიშნავს, რომ უკეთესი იყო ტრაქტორი ამერიკაში ეყიდათ, რაზეც ბელადი უპასუხებს, რომ რუსეთი აუცილებლად ისწავლის საკუთარი ტრაქტორების წარმოებას. მერე მიდის ძრავასთან, თითის წვერით ეხება და მაშინვე აამუშავებს. ჯდება ტრაქტორის საჭესთან. სამჯერ შემოუვლის წითელ მოედანს, თანაც ფიქრობს, ჭვრეტს მომავალს. ორმაგი ექსპოზიციის ხერხით, ეკრანზე ჩნდება ათასობით ტრაქტორი, რომელიც საბჭოთა ველ-მინდვრებს ამუშავებს. ბაზენის აზრით:

"მდგომარეობის აბსოლუტური მდგრადობის შეგრძნება, საბჭოთა ფილმებში რომ ჩნდება, იმას ნიშნავს, რომ აქ საუბარია არა სიცოცხლეშივე ქანდაკებად ქცეული სტალინის შესაძლებელ სიკვდილზე, არამედ ისტორიის დასასრულზე, ან, ყოველ შემთხვევაში, სოციალისტურ სამყაროში მისი დიალექტიკური განვითარების დასასრულზე."

მართლაც, რა ეშველებათ საბჭოთა ადამიანებს, ბელადს რომ რამე დაუშავდეს? ბელადის უკვდავების იდეა, ანდრე ბაზენის აზრით, სტალინური ეპოქის ყველა საბჭოთა ფილმში მკვიდრდება. თავის წერილში ფრანგი კულტუროლოგი გაკვირვებასაც კი ვერ მალავს, რომ ეს ფილმები თავად სტალინის მიერ იყო "ვიზირებული". თუ ეს ფილმები ასე ძალიან მოსწონდა ბელადს, გამოდის, რომ იგი დარწმუნებული იყო თავის უკვდავებაში, ან, ყოველ შემთხვევაში, იმედი ჰქონდა, რომ ბუნებრივ სიკვდილს გადაურჩებოდა. ანდრე ბაზენი ამ თემაზე საუბარს ერიდება. თუმცა გადაკვრით აღნიშნავს, რომ მტრის, მოღალატის სახე, ასე ხშირად რომ ჩნდება სტალინური ეპოქის ფილმებში, მაყურებლის მიერ აღიქმება სტალინის შესაძლებელი, პოტენციური მკვლელის როლში. ამავე დროს, ბაზენი აღნიშნავს:

"საბჭოთა კომუნისტური "სტალინური" იდეოლოგია არც ვარაუდობს, რომ ვინმე შეიძლება "გახდეს" მოღალატე, რადგან ამ შემთხვევაში უნდა აღიარებულ იქნეს, რომ ეს პიროვნება მოღალატე არ იყო ყოველთვის და რომ მის ბიოგრაფიაში იყო მომენტი, საიდანაც ეს ღალატი დაიწყო... ბრალდებული დაბადებიდანვე უნდა ყოფილიყო მოღალატე, რომელსაც საღად ჰქონდა გააზრებული ყოველი თავისი მოქმედება."

იმხანად, როცა ეს წერილი პარიზში იწერებოდა, სტალინი ჯერ კიდევ ხშირად ჩნდებოდა ხალხში. თუმცა სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა ეგრეთ წოდებული "ექიმების საქმე", რომელმაც ეროვნებით ებრაელი ექიმები შეიწირა. მათ დაბრალდათ შეთქმულება ბელადის წინააღმდეგ, თითქოს კრემლის ექიმები, "სიონისტებისა და იმპერიალისტების აგენტები", სტალინის მოწამვლას აპირებდნენ. როგორც მოგვიანებით გამოირკვა, ანდრე ბაზენმა "ექიმების საქმის" შესახებ მხოლოდ სტალინის გარდაცვალების შემდეგ შეიტყო. მაგრამ თავის წერილში "სტალინის მითი საბჭოთა კინოში" მან იწინასწარმეტყველა: კრემლი აუცილებლად დაიწყებდა ხალხის მომზადებას იმისათვის, რომ ბელადის სიკვდილის შემთხვევაში "უცხო ძალისათვის" დაებრალებინათ ყველაფერი. მართალია, ოფიციალურად ეს არ მოხდა, ხალხში მაინც გავრცელდა ჭორი, რომ "სტალინი მოწამლეს". ერთადერთი, რამაც სტალინის უკვდავების მითი დროებით მაინც შეინარჩუნა, ბელადის მავზოლეუმში მოთავსება იყო --ლენინის გვერდით. მართალია, მოგვიანებით ხრუშჩოვმა ისინი დააშორა, "სასაფლაო" კრემლს მაინც დაუტოვეს. რუსეთის ხელისუფლებას დღემდე აქ, ფაქტობრივად, სასაფლაოზე უხდება მუშაობა. დრო აქ ისევ შეჩერებულია. აქ ისევ "უდროობაზე" ამოსდით მზე და მთვარე. აქ ისევ არ ცნობენ ისტორიას და ისევ არ სურთ ისწავლონ ისტორიისგან რამე.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG