Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ეხმარება საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატები კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში


კორუფციის წინააღმდეგ გამოცხადებულ დაუნდობელ ომს საქართველოში გამეფებული კორუფცია დღემდე არ შეუვიწროებია. ის ძველებურად მძლავრობს ყველგან და, როგორც წესი,

განსაკუთრებულ მასშტაბებს სამართალდამცავ სტრუქტურებში აღწევს, თუმცა სამართალდამცავები ეთიკისა და კორუფციასთან ბრძოლის საკითხებში მეცადინეობენ. ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროსა და სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული სემინარი სამართალდამცავებისთვის სასტუმრო თბილისში 10 მარტს გაიხსნა. ამავე დღეს ხელი მოეწერა მემორანდუმს ამერიკის უნივერსიტეტის ტრანსნაციონალური დანაშაულისა და კორუფციის ცენტრის საქართველოს ოფისსა და კონტროლის პალატას შორის. მხარეები კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. რა მიზანს ემსახურება ამერიკის შეერთებული შტატების ეს პროექტები?


სანამ იმის შესახებ მოგახსენებდეთ, თუ რა პროექტების განხორციელებით ცდილობს ამერიკის შეერთებული შტატები დაეხმაროს საქართველოს კორუფციასთან ბრძოლაში, შემოგთავაზებთ ჩანაწერს შინაგან საქმეთა მინისტრის კობა ნარჩემაშვილის ძველი გამოსვლიდან . აი, რას ამბობდა ის მაშინ, როცა მისი მინისტრად დამტკიცების საკითხი წყდებოდა:

[კობა ნარჩემაშვილის ხმა] "მინდა ჩემი გულისტკივილი გამოვთქვა იმის გამო, რომ დღეს პოლიციელის ღირსება ეჭვქვეშ დგას. აუცილებელია აღდგეს ნდობა საზოგადოებასა და პოლიციას შორის. თუკი მივდივართ სამართლებრივი სახელმწიფოს აღმშენებლობისაკენ, ჩვენ აუცილებლად გვმართებს პოლიციის სერიოზული რეფორმირება. "

პოლიციის სერიოზული რეფორმირება არ დაწყებულა - ყოველ შემთხვევაში, პოლიცია არ შეცვლილა. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი თავდაჯერებით განმარტავენ ხოლმე, რომ ამ სისტემაში დაწყებულია გარკვეული ძვრები, რომ, უცხოელი მეგობრების დახმარებით, ქართველი სამართალდამცავები ეუფლებიან მეთოდებს, რომლებსაც მათი კოლეგები დასავლეთის ქვეყნებში იყენებენ და რომ ამ პროცესის შედეგი ადრე თუ გვიან ხელშესახები გახდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ორასამდე თანამშრომელმა, მართლაც, გაიარა მომზადება ამერიკის შეერთებული შტატების სკოლებში. ამერიკელებისგან სწავლების თვალსაზრისით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება თბილისში გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენლობის გახსნას, რაც ახლო მომავალში უნდა მოხდეს. მაგრამ სწავლა არაფერია, თუ ნასწავლი საქმიანობაზე არ აისახება. სამართალდამცავ სტრუქტურებში სერიოზული ცვლილებების გატარებას სჭირდება სერიოზული ფინანსები, რისთვისაც იმედის თვალი უცხოელი მეგობრებისკენ არის მიმართული. მაგრამ, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი აღნიშნავს," დახმარება იმის მიხედვით იქნება, თუ რამდენად გამოვიჩენთ თავს და რამდენად მივიღებთ იმ ფორმებსა და მეთოდიკას, რომელსაც უცხოელი კოლეგები გვთავაზობენ." ფორმებს და მეთოდიკას ქართველ სამართალდამცავებს ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენლები ამ დღეებშიც სთავაზობენ. ეფ-ბი-აისა და სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ ოთხდღიან სემინარზე, რომელიც სასტუმრო "მერიოტში" გაიხსნა, ეთიკის საკითხებზე, კორუფციული საქმეების შესწავლასა და აგენტებთან მუშაობაზე მიდის მსჯელობა. რას შეცვლის ეს სემინარი ქართველი ძალოვანების პრაქტიკაში, ნამდვილად ძნელი სათქმელია. ისევე, როგორც ძნელი სათქმელია, რას შეცვლის საქართველოს მთავრობის საქმიანობაში რჩევები, რომლებიც მას ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტის ტრანსნაციონალური დანაშაულისა და კორუფციის ცენტრის ახლად გახსნილმა საქართველოს ოფისმა უნდა შესთავაზოს. ამ ოფისის გახსნას ანტიკორუფციული საბჭოს მდივანი კახა უგულავა სასიცოცხლო მნიშვნელობას ანიჭებს, რადგანაც მან ანალიტიკური, სამეცნიერო სამსახური უნდა გასწიოს.

[კახა უგულავას ხმა] "რაც ჩვენ გვაკლია, ეს არის სიტუაციის მეცნიერული გაანალიზება, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა თუ სხვა მიმართულებით."

სწორედ ამისთვის შეიქმნა ეს ცენტრი. მან საქართველოს ხელისუფლებას სამომავლოდ კორუფციის დაძლევის კონკრეტული რჩევები უნდა შესთავაზოს, მანამდე კი მასა და კონტროლის პალატას შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რაც კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად თანამშრომლობას გულისხმობს.
XS
SM
MD
LG