Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასული კვირის მსოფლიო პრესის ყურადღების ცენტრში, როგორც მოსალოდნელი იყო, ერაყის


გასული კვირის მსოფლიო პრესის ყურადღების ცენტრში, როგორც მოსალოდნელი იყო, ერაყის კრიზისი იდგა. მაგრამ მთავარი ადგილი დაეთმო სრულიად მოულოდნელ მოვლენას,

რომელსაც მეხის გავარდნის ეფექტი ჰქონდა - სერბიის პრემიერ-მინისტრ ზორან ჯინჯიჩის მკვლეობის ფაქტს. სწორედ ბალკანეთში მომხდარი ტრაგედიით დავიწყებთ დღევანდელ პრესის მიმოხილვას.
12 მარტის "ვაშინგტონ პოსტი" სარედაქციო სტატიაში "შემაძრწუნებელს და საშინელს" უწოდებს ჯინჯიჩის მკვლელობას. სტატიაში პატივი ეგება დაღუპული პოლიტიკოსის რეფორმატორულ საქმიანობას. საუბარია მის როლზე ჰააგის ტრიბუნალისთვის იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტის, სლობოდან მილოშევიჩის გადაცემაში. გაზეთი არ ივიწყებს არც მის ღვაწლს ეკონომიკის სტაბილიზაციისა და ჩერნოგორიასთან ახალი კავშირის შექმნის საქმეში. სტატიაში ვკითხულობთ:

დიქტორი: "ჯინჯიჩმა იცოდა, რომ სასიკვდილო რისკზე მიდიოდა. მაგრამ დემოკრატიისთვის ბრძოლის ვეტერანი ათწლეულების მანძილზე იგდებდა თავს საფრთხეში იუგოსლავიის კომუნისტი მმართველებისა და მათი მემკვიდრე ნაციონალისტების წინააღმდეგ ბრძოლაში... ახლა საკითხავი ის არის, შეძლებენ თუ არა სერბიის პოლიტიკოსები ქმედითი ზომების მიღებას რეგიონში ნაციონალისტი ბოროტმოქმედებისა და განგსტერების წინააღმდეგ. წინააღმდეგ შემთხვევაში სერბიის მძიმედ მოპოვებული წარმატება კვლავ დაიკარგება."

წამყვანი: როგორც ბრიტანეთის გაზეთ "ტაიმსის" სარედაქციო სტატიაშია ნათქვამი, ზორან ჯინჯიჩის მკვლელობა იმის საშინელი დასტურია, რომ სერბია კრიმინალიზებულ და კორუმპირებულ იქნა ყოფილი დიქტატორის, სლობოდან მილოშევიჩის რეჟიმის მიერ.

დიქტორი: "იუგოსლავიაში 1990-იანი წლების ომებში მილოშევიჩი კრიმინალებსა და განგსტერებს იყენებდა პოლიციისა და უშიშროების აპარატის გასაძლიერებლად. ამას შედეგად ის მოჰყვა, რომ 2000 წლის ბოლოსთვის უკვე შეუძლებელი გახდა მათი დაშორიშორება... ოთხშაბათს ჯინჯიჩის მკვლელობა კიდევ ერთხელ ხდის ნათელს ორგანიზებული დამნაშავეობისა და პოლიტიკის სავალალო კავშირს სერბიაში. დღეს სერბია საზღაურს იხდის იმ კულტურისთვის, რომელშიც წლების მანძილზე ბატონობდა შურისძიება და რეპრესიები, და იმ ეკონომიკისთვის, რომელმაც მთელი ერი გააღატაკა და მრავალი ადამიანი სასოწარკვეთილებაში ჩააგდო."

წამყვანი: ჯინჯიჩის მკვლელობას გერმანიის ყველა მოწინავე გაზეთი გამოეხმაურა. მიუნხენში გამომავალი "ზიუდდოიჩე ცაიტუნგი" ჯინჯიჩს ახასიათებს როგორც ძლიერ, მამაც პოლიტიკოსს, რომელსაც მრავალი მტერი ჰყავდა და რომელსაც მიზნად ჰქონდა დასახული, უკეთესი მომავლისკენ გაძღოლოდა თავის ქვეყანას. სტატიაში, რომლის ავტორია პეტერ მიუნხი, ვკითხულობთ:

დიქტორი: "ჯინჯიჩს მრავალი გეგმა ჰქონდა, მაგრამ ბევრის განხორციელება ვერ მოახერხა. მისი სიკვდილით ბოროტად შეწყდა სიზმარი, რომელიც სერბიას არეულოებების დასასრულს ჰპირდებოდა. გამოღვიძებული მსოფლიო სახიფათო ვითარებაში აღმოჩნდა - როგორც ევროპის, ისე სერბებისთვის. ზორან ჯინჯიჩის სიკვდილი კატასტროფაა."

წამყვანი: ანალიტიკური გამოცემა "ჯეინს ინტელიჯენს დაიჯესტის" თანახმად, ჯინჯიჩის გეგმები სერბი ნაციონალისტების ინტერესებს დაუპირისპირდა. როგორც ჩანს, ამან სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა მას სერბიის პოლიტიკურ გარემოში, რომელშიც ხშირია ძალადობა. სტატიის ავტორის აზრით, ნაციონალისტებთან დაპირისპირების მთავარი მიზეზი გახდა ის, რომ ჯინჯიჩი ხელს უწყობდა გამოძიებას ეთნიკური ალბანელების მასობრივ სამარხებთან დაკავშირებით.

დიქტორი: "ასეთი საბუთების მოძიება იმ ვითარებაში, როცა საყოველთაოდ გავრცელებული იყო კოსოვოში ჩადენილი სიმხეცის უარყოფა, ადრე თუ გვიან წინააღმდეგობას წააწყდებოდა. ამასთან, ჯინჯიჩის მცდელობამ, მოესპო ე.წ. პარალელური ჩრდილოვანი ეკონომიკა, რომლის დიდ ნაწილს ორგანიზებულ დამნაშავეობასთან აქვს კავშირი, პრემიერ-მინისტრი სერბიის საზოგადოების ზოგიერთ ყველაზე უფრო დაუნდობელ ელემენტებთან უშუალო დაპირისპირების გზაზე დააყენა. დღეს უმნიშვნელოვანესი კითხვაა, რამდენად შეძლებს სერბიის სუსტი დემოკრატია, გადაურჩეს ჯინჯიჩის მკვლელობის შედეგებს.

წამყვანი: როგორც ბრიტანეთის "ფაინენშლ ტაიმსი" შენიშნავს, ჯინჯიჩის მკვლელობა კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ომისშემდგომი ადგენითი სამუშაო ხშირად ხანგრძლივი და სახიფათო პროცესია. გაზეთის აზრით, ამის კარგად გაცნობიერება მართებთ შეერთებულ შტატებს და მის მოკავშირეებს, სანამ ერაყის წინააღმდეგ ომს დაიწყებდნენ.

დიქტორი: "დასავლელი ლიდერები კარგს იზამენ, თუ არ დაივიწყებენ, რა შედეგი მოაქვს მათ მიერ მიტოვებულ საქმეს, რომელიც 90-იან წლებში ბალკანეთში მათ სამხედრო ინტერვენციასთან არის დაკავშირებული. ბალკანეთის გამოცდილება მნიშვნელოვანი გაკვეთილია იმის გასათვალისწინებლად, თუ რა იქნება ახლო აღმოსავლეთში სადამ ჰუსეინის შემდგომ პერიოდში. მშვიდობის მოგებას ისეთივე პასუხისმგებლობა და მიზანსწრაფვა ესაჭიროება, როგორიც ომის მოგებას."

წამყვანი: "ფაინენშლ ტაიმსის" თანახმად, შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის მიერ ერაყის წინააღმდეგ ომის დაწყება თითქმის გადაწყვეტილი საქმეა. სტატიაში ვკითხულობთ:

დიქტორი: "ეს მომენტი ახალ ერას განსაზღვრავს. მსოფლიოს ერთადერთი ზესახელმწიფო გაანადგურებს საზიზღარ რეჟიმს, თუმცა ეს უკანასკნელი არ წარმოადგენს უპირველეს საფრთხეს. და იგი ასე მოიქცევა ერაყის მეზობლების, საკუთარ მოკავშირეთაგან უმეტესობის და მსოფლიოს ანგარიშგასაწევი ქვეყნების აზრის მიუხედავად."

წამყვანი: "მოგესალმებით ცივი ომის შემდგომის შემდგომ მსოფლიოში," ამბობს ვოლფი და შენიშნავს, რომ 11 სექტემბრის ტერაქტებით დაიწყო შეერთებული შტატების დომინირებისა და ცალმხრივი მოქმედების ახალი ეპოქა.

დიქტორი: "შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა, რომ საკუთარი უშიშროება არის უზენაესი კანონი... იგი მისდევს ანტიკურ მაქსიმას, რომლის თანახმად მტრებს შეიძლება სძულდე, მთავარია, რომ მათ შენი ეშინოდეთ. მაგრამ სიძულვილი და შეურაცხყოფა ტერორიზმს აღვივებს. შეერთებული შტატები ტერორიზმს ვეღარ დაამარცხებს სამხედრო საშუალებებით... და ვაშინგტონის ეს ახალი პოლიტიკა - ავია ეს თუ კარგი - წლების, შესაძლოა ათწლეულების მანძილზე, დაასვამს დაღს მსოფლიოს."

წამყვანი: ამ დღეებში მხოლოდ ერაყის რეჟიმის ბედი არ წყდება. საქმე ეხება გაეროს მომავალსაც. გაზეთ "ინდეპენდენტის" აზრით, შესაძლოა გაეროს ზურგი შევაქციოთ, როგორც ორგანიზაციას, რომელსაც აკლია პოლიტიკური ძალა და მორალური ავტორიტეტი. მაგრამ გაერო განასახიერებს მნიშვნელოვან მისწრაფებას, რომ მსოფლიო მართულ იყოს კანონის და არა ძალის მიერ. გაზეთში ვკითხულობთ:

დიქტორი: "შეერთებული შტატების ცალმხრივი იერიში ერაყის წინააღმდეგ შექმნიდა პრეცედენტს, რომელიც მაგალითად შეიძლება გამოიყენოს ნებისმიერმა ქვეყანამ, რომელიც მეზობლების მხრიდან რაიმე საფრთხეს გრძნობს. ამის შედეგი იქნება ის, რომ ასი წლით უკან დავიხევთ და იმ დროში აღმოვჩნდებით, როცა სწორი იყო ის, ვინც ძლიერი იყო და ამის მეტი არაფერი იყო სათქმელი."

წამყვანი: ბუნებრივია, არაბულენოვან პრესაში ერაყის კრიზისს მთავარი ადგილი უჭირავს.
ეგვიპტის "ალ-აჰრამი" შიშს გამოთქვამს, რომ სადამ ჰუსეინის წინააღმდეგ ნაჩქარევი მოქმედება ძირს გამოუთხრის არსებულ მსოფლიო წესრიგს.

დიქტორი: "გაეროს მიმართ ნებისმიერი დარღვევა ნიშნავს არსებული საერთაშორისო სისტემის დაშლას ან, უკეთეს შემთხვევაში, მის გარდაქმნას ფორმალურ სტრუქტურად, რომელიც მოკლებული იქნება მოქმედების უნარს, მთელი იმ საფრთხითურთ, რასაც უქმნის ეს მსოფლიო მშვიდობას და უშიშროებას".

წამყვანი: კიდევ ერთი არაბულენოვანი გაზეთი "ალ-ყუდს ალ-არაბი" ერაყის წინააღმდეგ ომის კონტექსტში თურქეთის პოზიციას აყენებს ეჭვქვეშ. გაზეთის აზრით, თურქეთის დემოკრატია რთული გამოცდის წინაშე დგას.

დიქტორი: "თუკი თურქეთის მთავრობა აგრესიის ბანაკს აირჩევს, ეს არაბი ხალხისთვის ზურგში ხანჯლის ჩაცემის ტოლფასი იქნება. თურქეთი აღმოჩნდებოდა იმავე როლში, რაშიც იყვნენ არაბები, როცა ისინი ოტომანების იმპერიის წინააღმდეგ იბრძოდნენ და ინგლის-საფრანგეთის ბანაკს შეუერთდნენ პირველ მსოფლო ომში. როგორც ამ მოვლენის შემდეგ ადანაშაულებდნენ თურქები არაბებს ღალატის გამო, არაბებსაც ექნებათ უფლება თურქების მხრიდან ღალატზე ილაპარაკონ, თუკი თურქეთი ერაყის წინააღმდეგ აგრესიაში მიიღებს მონაწილეობას."

წამყვანი: ამით დავამთავრებთ უცხოეთის პრესის მიმოხილვას. იგი პრაღაში მოამზადა ბიძინა რამიშვილმა. მასთან ერთად ტექსტს ოქროპირ რუხაძე კითხულობდა.
XS
SM
MD
LG