Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კოალიციის მხარეზე ბრძოლის პირველი მსურველები გამოჩნდნენ


კოალიციის ჯარების მიერ ერაყის გასათავისუფლებლად დაწყებული საბრძოლო ოპერაციის მეხუთე დღეს საქართველოს ზოგიერთმა საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა ცნობა, თითქოს საქართველოს

ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდა სადამ ჰუსეინის მხარეზე საბრძოლველად მოხალისეების შეგროვების მცდელობას. საქართველოს უშიშროების სამინისტრო ასეთ ინფორმაციას მოგონილს უწოდებს. მაგრამ საინტერესოა, არსებობს თუ არა საპირისპირო შემთხვევები.კერძოდ, არიან თუ არა საქართველოში კოალიციის მხარეზე ბრძოლის მსურველები და რამდენად არის შესაძლებელი ქართველი მოხალისეების მონაწილეობა ანტიერაყულ ფრონტებზე.

ვიცე-პოლკოვნიკ ნიკა ჯანჯღავას ჩვენი მსმენელების წინაშე წარდგენა არ სჭირდება. რადიო "თავისუფლებამ" არაერთი რეპორტაჟი მიუძღვნა ამერიკის რამდენიმე პრესტიჟული სამხედრო სასწავლებლის წარჩინებულ კურსდამთავრებულს და ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ქართველ ოფიცერს, რომელიც, თავდაცვის მინისტრთან სტრატეგიულ საკითხებში დაპირისპირების გამო, შარშან იძულებული გახდა დაეტოვებინა შეიარაღებული ძალების რიგები. ნიკა ჯანჯღავა, როგორც სამხედრო ექსპერტი, ყურადღებით ადევნებს თვალს ერაყში მიმდინარე საომარ ოპერაციებს და არ მალავს, რომ თავადაც მიიღებდა მონაწილეობას ამ ომში, ეს რომ მხოლოდ მოხალისის სურვილზე იყოს დამოკიდებული.

[ნიკა ჯანჯღავას ხმა] "თანამედროვე ომში რიგითი ჯარისკაცი, ანუ ადამიანი, რომელმაც მხოლოდ სროლა იცის და მეტი არაფერი, არავის სჭირდება. აქ შენ გჭირდება განსაკუთრებული პროფესიები, უნდა იცოდე ენა, უნდა იყო იმ სახელმწიფოს მოქალაქე. დღეს არავის არ სჭირდება დაქირავებული ჯარი. ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც აღიარებს დაქირავებულ ჯარს, როგორც სახელმწიფო სტრუქტურას, არის საფრანგეთი და მან შექმნა ცნობილი საფრანგეთის უცხოეთის ლეგიონი. მე ვიქნებოდი პირველი, ვინც წავიდოდა ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ბევრი ჩემი ამხანაგი ახლა იბრძვის ერაყის ფრონტებზე, ვისთან ერთადაც მე ვსწავლობდი, აი, ამ დიდი ხნის განმავლობაში. ბევრი არის 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიაში, მესამე მექანიზებულ დივიზიაში და ა.შ.ისინი ჩემი ამხანაგები არიან და ძალიან ველოდები, როდის მოვა ჩემამდე ინფორმაცია, როგორ არიან. ეს მოხდება, ალბათ, ომის დამთავრების შემდეგ."[სტილი დაცულია]

აღსანიშნავია, რომ ნიკა ჯანჯღავას უფრო ადრე და უფრო რეალური შესაძლებლობა ჰქონდა შესულიყო "ფრანგულ ლეგიონში," გამხდარიყო წევრი ცნობილი სამხედრო ქვედანაყოფისა, რომელიც თითქმის ყველა საერთაშორისო კონფლიქტში ღებულობდა მონაწილეობას. ჯანჯღავა იხსენებს, რომ საფრანგეთში გამწვევ პუნქტზე ყოფნის დროს, "ფრანგულ ლეგიონში", იგი ბევრი ქართველის ნაკვალევს წააწყდა. მისთვის ცნობილი გახდა ისიც, რომ რამდენიმე ქართული წარმომავლობის "ლეგიონერი" კოსოვოში ბრძოლის დროს დაიღუპა.

[ნიკა ჯანჯღავას ხმა] "იყო ასეთი პატარა "ოდისეა", საფრანგეთის უცხოეთის ლეგიონში წასვლასთან დაკავშირებული. და მე დღემდე ვნანობ, რომ ბოლომდე არ გავყევი და ნამდვილი სამხედრო სტრუქტურის რიგებში არ ვიყავი, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ორგანიზაციაა უცხოეთის საფრანგეთის ლეგიონი, ძალიან ძლიერია, უზარმაზარი მხედრული ტრადიციებით, და მე ახლა ეჭვიც არ მეპარება, რომ ბევრი უცხოელი ლეგიონერი ნატრულობს იმას, რომ ახლაც იყოს ბრძოლის ველზე და ამერიკელ და დიდ ბრიტანელ მოკავშირეებთან ერთად შეასრულოს საბრძოლო ამოცანა."

ბევრი ქართველი სამხედრო ექსპერტის მსგავსად, არც ნიკა ჯანჯღავა გამორიცხავს, რომ ქართველი ჯარისკაცები ლეგალურად აღმოჩნდნენ ერაყის ტერიტორიაზე და, როგორც კოსოვოში, მონაწილეობა მიიღონ სტაბილურობის უზრუნველმყოფი საერთაშორისო-სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG