Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ მიმდინარეობს საქართველოს უშიშროების სისტემის რეფორმა


ერაყის ომში საქართველოს პოზიციის გამო ჩვენი ხელისუფლება საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე მთელ რიგ წარმატებებს მოელის. მათ შორის უმთავრესი აქცენტი უშიშროების გარანტიების განმტკიცებასა

და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე კეთდება. ადრე ჩვენ შევეცადეთ გაგვეანალიზებინა, თუ რამდენად რეალისტურია ასეთი მოლოდინი. ამ საკითხში სიცხადეს მნიშვნელოვანწილად შეიტანს უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს საქართველოში ვიზიტის შედეგები, რის შესახებაც მინდა გესაუბროთ.

ორი კვირის შემდეგ უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს მრჩეველთა საერთაშორისო საბჭო ჩვენი ქვეყნის უშიშროების საბჭოს წარუდგენს მოხსენებას საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემის რეფორმირების პროგრესისა და არსებული მდგომარეობის შესახებ. შეფასებები ამავე საბჭოს მიერ 3 წლის წინ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად გაკეთდება. თუმცა ბევრი რამ, რაც საქართველოს უსაფრთხოების სისტემის ნატოს სტანდარტებთან მიახლოების პროცესს აფერხებს, ისედაც ცხადია. მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარის, გადამდგარი ბრიტანელი გენერლის სერ ჰარი ჯონსონის განცხადებით:
[სერ ჰარი ჯონსონის ხმა] „ჩვენ ყველა ვაცნობიერებთ, რომ პროგრესი გაცილებით ნელი ტემპით მიმდინარეობს, ვიდრე ეს იყო გათვალისწინებული."

სერ ჰარი ჯონსონის მიერ 28 მარტს გამართულ ბრიფინგზე გაკეთებული განცხადებებიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ ნატოში საქართველოს გასაწევრიანებლად მხოლოდ ალიანსის ნოემბრის სამიტზე გაკეთებული განცხადება არ კმარა. მისი თქმით, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია რეფორმების გატარება, რაც შესაბამის დაფინანსებასაც საჭიროებს.
[სერ ჰარი ჯონსონის ხმა] „ამჟამად ჩვენც ვიცით და თქვენც იცით, თუ საით მიემართება თქვენი ქვეყანა და ნებისმიერი რეფორმა, იქნება ეს უშიშროების სფეროში თუ სხვა სფეროებში, უნდა განიხილოთ სწორედ იმ კუთხით, თუ რამდენად შეესაბამება ის ევროატლანტიკურ სტანდარტთა პრინციპებს."

მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური ორიენტირები გამოკვეთილია, ქვეყნის ხელისუფლებას მაინც უჭირს გარკვეული მიმართულებით სვლა. ის ფაქტი, რომ თავდაცვის სამინისტრომ მიმდინარე წელს საჭირო თანხების მხოლოდ 46 პროცენტი მიიღო, ჯონსონს საფუძველს აძლევს ივარაუდოს, რომ თავდაცვის უწყებაში რეფორმების პროექტთა ნაწილი ვერ განხორციელდება, რაც ნატოს სტანდარტებზე გადასვლის პროცესს მნიშვნელოვნად გაართულებს. მისი თქმით, რეფორმათა მსვლელობის შეფერხებას ხშირად სხვადასხვა უწყებათა ხელმძღვანელობაში არსებული არაპროფესიონალიზმიც განაპირობებს.

ნეგატიურ ფაქტორთა არსებობის მიუხედავად, უცხოელი ექსპერტების აზრით, ძალოვანი სტრუქტურების რეფორმირებაში წინსვლა მაინც შესამჩნევია, თუმცა კი რეფორმების მნიშვნელოვანი ნაწილი უცხოური დახმარებით ხორციელდება. მაგალითისთვის ამერიკის შეერთებული შტატების ხელშეწყობით მიმდინარე „წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა" ან, თუნდაც, ქართველი სამხედროების უცხოეთში გადამზადების პროგრამები გამოდგება.

სერ ჰარი ჯონსონს საქართველოს უსაფრთხოების სისტემისთვის ასევე სასარგებლო ნაბიჯად მიაჩნია საქართველოს პარლამენტის მიერ აშშ-თან სამხედრო თანამშრომლობის ხელშეკრულების რატიფიკაცია. მისი თქმით, ეს საქართველოს სუვერენიტეტს განამტკიცებს. თავის დროზე ანალოგიური ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელდა გერმანიაში ნატოს სამხედრო ბაზების განთავსება. რეკომენდაციებს შორის, რომელსაც მრჩეველთა საერთაშორისო საბჭო საქართველოს ხელისუფლებას დაუტოვებს, უმთავრესი ადგილი ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის შექმნასა და მიღებას დაეთმობა. იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოიქცეს საქართველოს ხელისუფლება, ამ რეკომენდაციათა შესრულების შემდეგ, სერ ჰარი ჯონსონი კიდევ ერთ რჩევას იძლევა:

[სერ ჰარი ჯონსონის ხმა] „ჩვენ მიგვაჩნია, რომ მომავალი 2 წელიწადი ძალზედ მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის ყველა სფეროში. თქვენ უნდა დაუმტკიცოთ და დაუდასტუროთ ნატოს წევრ ქვეყნებს, ევროკავშირს, საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ თქვენი გადაწყვეტილება ძალიან სერიოზულია ამ რეფორმებთან დაკავშირებით."

ამ განცხადებიდანაც ნათლად ჩანს, რომ უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარე სერ ჰარი ჯონსონი საქართველოს საგარეო პოლიტიკურ წარმატებას, ერაყის ომის მიმართ საქართველოს პოზიციის ნაცვლად, ოფიციალური თბილისის სულ სხვა ნაბიჯებს უკავშირებს.
XS
SM
MD
LG