Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში თამბაქოსა და სპირტიანი სასმელების რეკლამა აიკრძალა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ანტიმონოპოლიური სამსახურის ინიციატივით "რეკლამის შესახებ კანონში" შეტანილმა ცვლილებებმა მაგარი ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ნაწარმის ტელე-რადიო რეკლამის

აკრძალვის შესახებ თავისუფალი მედიის ეკონომიკური მდგომარეობა, შესაძლოა, საგრძნობლად გააუარესოს. რას ითვალისწინებს კანონში ცვლილებები და როგორ შეიძლება ის აისახოს ქართულ სარეკლამო ბაზარზე?

ისედაც შეზღუდულ ქართულ სარეკლამო ბაზარს ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი სეგმენტი მოაკლდა: 1 აპრილიდან ძალაში შევიდა საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული შესწორება "რეკლამის შესახებ კანონში", რომელიც საქართველოს რადიოსა და ტელევიზიის საშუალებით მაგარი სპირტიანი სასმელებისა და თამბაქოს რეკლამის გავრცელებას კრძალავს.

დასავლეთში პოპულარულ ანტინიკოტინურ და ანტიალკოჰოლურ კამპანიას ქართველი კანონმდებლებიც გამოეხმაურნენ. თუმცა, განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებისგან განსხვავებით, ადგილობრივ სარეკლამო ბაზარზე ეს ცვლილებები საგრძნობ და, ამასთანავე, არცთუ პოზიტიურ კორექტივს შეიტანს.

აქამდე ამ ტიპის რეკლამა ელექტრონულ მედიაში გარკვეულ საათებში გადიოდა. დღეიდან კი თავისუფალ პრესას თავისი სარეკლამო ბიუჯეტის გარკვეული ნაწილის დათმობა მოუწევს, რაც, შესაბამისად, მათი ეკონომიკური დამოუკიდებლობის ხარისხს აკნინებს.

თამბაქოსა და მაგარი სპირტიანი სასმელების რეკლამის შეზღუდვა ჯერჯერობით არ ეხება ბეჭდვით მედიას და გარე რეკლამას, თუმცა ამ მხრივაც არის დაწესებული გარკვეული აკრძალვები. კერძოდ, დაუშვებელია ბილბორდებისა და სარეკლამო სტენდების განთავსება მოედნებზე, ხიდებსა და სასწავლო დაწესებულებების მახლობლად.

1 აპრილიდან ძალაში შესული ცვლილებები ეხება ისეთი ტიპის მაგარ სასმელებს, როგორიცაა არაყი, ვისკი და კონიაკი, ხოლო ღვინოსა და ლუდზე შეზღუდვა არ ვრცელდება. თუ მასობრივი ინფორმაციის საშუალება დაარღვევს კანონს და მაინც გაუწევს რეკლამირებას თამბაქოსა და მაგარი სპირტიანი სასმელების ნაწარმს, ანტიმონოპოლიური სამსახური მას დააჯარიმებს, ჯარიმის ოდენობა კი ამ რეკლამის შვიდმაგ ღირებულებას შეადგენს.

ქართული სარეკლამო ბაზარი, მოსახლეობის დაბალი გადახდისუნარიანობის გამო, ისედაც მკვეთრად შემცირებულია. მიუხედავად იმისა, რომ ამ ბაზარზე, დაახლოებით, 200 ფირმა და კომპანია მოღვაწეობს, მას მაინც კლების ტენდენცია ახასიათებს. მაგალითად, თუ 1998 წელს ქართული სარეკლამო ბაზრის მოცულობა 5 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრებოდა, დღეს ექსპერტები მის 3,5 მილიონამდე შემცირებას აფიქსირებენ.

ამასთან, რეკლამის შემკვეთებში, ტრადიციულად, დასავლური მსხვილი კორპორაციები ლიდერობენ, რომლებიც ადგილობრივი ბაზრისათვის მათ სათაო ოფისებში დამზადებულ რგოლებს თარგმნიან. ადგილობრივი რეკლამის შემკვეთების დიდ ნაწილს კი სწორედ თამბაქოს და სპირტიანი სასმელების მწარმოებლები შეადგენდნენ, რომლებიც ახლა იძულებულნი იქნებიან თავისი პროდუქციის მარკეტინგისთვის, ტელე-რადიო რეკლამის ნაცვლად, სხვა ფორმები ეძებონ.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ "რეკლამის შესახებ კანონში" შეტანილი ცვლილებები, პირველ რიგში, ელექტონული მედიის შემოსავლებს შეამცირებს და მათი დამოუკიდებლობის ხარისხს შეკვეცავს.
XS
SM
MD
LG